x
image
კატო ემხვარი
"უკანასკნელი, მესამე წერილი მამას"...

image

"ასეც თენდება: ხან მზის ნაცვლად, სული ამოგვდის -
დღე ცარიელი სხეულისთვის უფრო ახლოა -
უფრო ადვილი, რომ გავუძლოთ ტანჯვას ამოდენს
- შთამომავლობის არარსებულ სამოსახლოებს.
პირში სიჩუმე დავიგუბეთ და მალე დალპა,
ყელში გვიწვეთავს და დუმილი გვწამლავს ნელ-ნელა -
ვიცით, ვერასდროს დავიქუხებთ მომავლის ზალპად,
რადგან ჩირაღდნებს უცებ ცეცხლიც შემოებნელათ.
ჩვენი ცხოვრება უკუღმართად წვრთნიდა ანდაზებს:
ქარი დავთესეთ და მაგიერ ცხელ მზეებს ვიმკით,
თუმცა ქარიშხლებს მოველოდით მტვრის აქანდაზად,
ნაცვლად უდაბნოს აქლემებით გვესტუმრა ცირკი.
სალამი მამა, შენ მორცხვი ხარ, მანდ წოლა გიჭირს,
სასაფლაოზე გასაძლებზე მეტი ხალხია,
ახალ მეზობლებს დაუმალე ოცნების ნიჭი -
ალბათ უთქმელა ზურიკელას თუ გეძახიან.
მარტო გინდოდა და ათასთა შორის აღმოჩნდი,
მანდ, მიწისქვეშა ოთახებში ერთად რომ წევხართ -
ჩუმად ეწევი ალბათ მაქაც, შენ წილ სამოთხეს
ღერ სიგარეტში ცვლი და ჩუმად ეწევი ხესთან.
გაზაფხულია, სათხილეში ბალახებს უკვირთ,
რომ არ ახვედი, არ მოცელე - უკვირთ ბალახებს,
კვირის საგზალი არ ათრიე აღმართზე ზურგით
და დახეთქილი ხელი ბუხარს არ დაანახე.
მაშინც, სოფელში საწვიმარი გეხურა ძველი,
თევზის კონსერვით სავსე იყო ის ჩემოდანი -
და ვეღარც ვფიქრობ, ავადმყოფმა როგორ შეძელი
ამდენი თხილის მოგროვება და ჩამოტანა.
სალამი მამა. ჯერ ის თხილი არ გაყიდულა,
და რომ გავყიდო, მე არ ვიცი, იმ ფულს რა ვუყო,
რაში გავფანტო ტკივილები - ამ თხილის სულად,
თხელ ტომრებში რომ მოქცეულა შენსავით უხმოდ.
იმსიმძიმე ფულს ვერც უძალო გლახაკზე გავცემ,
თუნდაც ათასი ხელის ძალა გაუძლებს განა?
ყველაზე დიდ და უწონო ფულს დედამიწაზე -
ყველაზე დიდ და საშინელ ფულს ამქვეყნად მამა.
შენ ოცნებობდი, სხვა ქვეყნები გსურდა გენახა,
მაგრამ შენი გზა ორ ავტობუსს ვერაფრით გაცდა,
ვიღაცამ ეზო დაგისაზღვრა ცხრა ძირ ვენახად
და შენს თვალებში უსივრცობის დათესა განცდა.
და ამიტომაც, მე დღეიდან, ყველგან წავიღებ
შენს ფოტოს, სადაც სხვა ოცნებებს ითხოვს თვალები,
და გადავირბენთ უმდინარო, დაწყველილ ხიდებს
და მერე ყველა საზღვირს წყველას დავემალებით.
და ამ ფოტოთი შეგახედებ სოფლებს, ქალაქებს
ზღვებს, ღრუბლებს, ღრუბლის მოღლილ ჩრდილში მძინარ მსოფლიოს
და იმ ზღაპრებში გამოკეტილ მთებს დაგანახებ,
შენ რომ გეგონა, იგონებდი, მტვრით გაოფლილო.
განა არ ვიცი, ახლა უცებ მეტყვიან სხვები:
“თავს ნუ იტყუებ, ის ვერაფერს ვერ დაინახავს,
ვერაფერს იგრძნობს - ყველაფერი უკვალოდ ქრება
რასაც სხეული მოეხვია მიწაზე სახლად.’’
ვიცი, თუმც განცდა მე ცოდნაზე მეტი მგონია,
და ცოდნა ხანაც მე განცდაზე მგონია მდორე
და თუ სიმართლის დავამარცხებთ ფიქრში გოლიათს -
ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ.
ჰოდა, მე ახლა სხვა ცხოვრების დავანთე ცეცხლი,
ვიცი გციოდა და შენს დამზრალ ხელებს ეამათ -
შენ ცოცხალი ხარ, ამ სურათში მინდა და ცოცხლობ -
თან გამომყევი, ახალ გზებზე წავიდეთ, მამა!"

გიორგი კეკელიძე

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0