x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში 2 წლის გოგონას ლეიშმანიოზი აღმოაჩნდა

ქალაქ დედოფლისწყაროში 2 წლის გოგონას ლეიშმანიოზის ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაცია დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაგვიდასტურეს. ანალოგიური შემთხვევები დედოფლისწყაროში გასულ წლებშიც დაფიქსირდა, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დედოფლისწყაროში ინფექციის კერაა, რაც თავს ყოველწლიურად იჩენს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლეიშმანიოზი ერთერთი რთული ინფექციაა.


„მარტის პირველ რიცხვებში ლეიშმანიოზი ორი წლისა და ორი თვის გოგონას დაუდასტურდა. პაციენტის ოჯახს ჯანდაცვის ცენტრისთვის არ მუმართავს, რაკი მაღალი სიცხეები აღენიშნებოდა, თავდაპირველად გოგონა რაიონულ საავადმყოფოში, უბნის ექიმთან მიიყვანეს. თავდაპირველად ბავშვი გასინჯა პედიატრმა მანანა ბეგლარიშვილმა. კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე შემდეგ დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გაიგზავნა, სადაც ლეიშმანიოზის დიაგნოზი დაესვა. მონაცემები პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში გაიგზავნა და იქაც იგივე პასუხი იყო. ამჟამად ბავშვი მკურნალობის კურსს გადის, თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოდის და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ზოგადად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროში ლეიშმანიოზის კერაა, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს და ადამიანზე გავრცელების შემხვევები თითქმის ყოველწლიურად ფიქსირდება. გასულ წელს ისევ ქალაქ დედოფლისწყაროში 5 წლამდე ასაკის ბავშვს აღმოაჩნდა, ხოლო შარშანწინ სოფელ არბოშიკში გვქონდა ანალოგიური მდგომარეობა. ძირითადად დედოფლისწყაროს დასავლეთ მხარეს მდებარე ზონაში იჩენს თავს. ფაქტია, ინფექციის კერა გვაქვს დედოფლისწყაროში, თუმცა რა არის გამომწვევი მიზეზი, ან საიდან მოხდა ბავშვების დაინფიცირება, კონკრეტულად ამის თქმა შეუძლებელია, “ - აღნიშნა ლალი ალადაშვილმა.


როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ფილიალში აღნიშნავენ, კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. თელავში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ამ დაავადებით უფრო მეტი ბავშვია ინფიცირებული.




პრობლემას კიდევ უფრო ართულებს მაწანწალა ქუჩის ძაღლების სიმრავლე, რომელთა საკითხის გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა, ცნობილია, რომ კახეთში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება და საამისოდ მუნიციპალიტეტების ნაწილმა თანხები უკვე გამოყო.


image

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0