x
რა არის ათეიზმი
მას შემდეგ, რაც მსოფლიო სამმა ძირითადმა რელიგიამ გააერთიანა, ეპოქის მიუხედავად, ძალიან მწვავედ განიხილება რწმენისა თუ ურწმუნოების საკითხი. მორწმუნე ადამიანების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი სიძლიერე რწმენაში, "ურწმუნოებს" ანუ ათეისტებს კი ძირითადად ეკითხებიან, რატომ არ სჯერათ ღმერთების. ჩემი აზრით, ეს უკანასკნელი მარადიულ დილემად ექცა კაცობრიობას. დღეს ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია ამ თემაზე, ცდილობს აირჩიოს ორ გამართლებას შორის ერთი. რა არის ათეიზმი, უბრალოდ ურწმუნოება, თუ მაღალი ინტელექტის გამოვლინება.

imageდავიწყოთ იქიდან, რომ ცნობილი მეცნიერების, ფილოსოფოსებისა თუ დიდი მოაზროვნეების უმეტესობა ათეისტი იყო. რატომ მაინცდამაინც ისინი?! სად არის განათლებაში ღმერთის ადგილი?! რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მით უფრო მეტად ეპარება ეჭვი ღმერთის არსებობაში. ყოველი ახალი აღმოჩენა მეცნიერებაში უკავშირდება კანონზომიერებას, რომლის შესწავლასაც ამაოდ ვცდილობთ. ისინი კი, ვინც ამას ცხოვრება შესწირა, "ურწმუნოებად" შეირაცხნენ. მაგალითად: ჯორდანო ბრუნო, კოპერნიკი, სოკრატე.

სამყაროს შემეცნებას მივყავართ კითხვამდე, ვინ ან რამ შექმნა ის. მეცნიერული თეორიების პარალელურად ადამიანის ცნობიერებაში იბადება აზრი - რას წარმოადგენს ადამიანი, ევოლუციის შედეგს თუ ღმერთის ქნილებას. გარდატეხა ხდება მაშინაც, როცა ბუნებრივ მოვლენებს ფიზიკურ ახსნას ვაძლევთ . ზოგადად, კანონზომიერება ამტკიცებს ზეციური ძალების არსებობას, თუმცა ამავდროულად მეცნიერებას უქვემდებარებს ყველაფერს.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ იმდენჯერ, რამდენჯერაც ღრმად მომიწია მეცნიერულ საკითხებში ჩახედვა, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: და საერთოდ, არსებობს ღმერთი? როდესაც ვიცნობდი ადამიანებს, რომელთაც მეგონა ცოდნაც ჰქონდათ და რწმენაც, უახლოეს მომავალში ვაკეთებდი დასკვნას, რომ მათი ცოდნა არაა "საკმარისი", მაგრამ უპასუხოდ მრჩებოდა კითხვა - "საკმარისი" რისთვის, იმისთვის რომ უარყოს ღმერთი?


საკითხი, რატომ გამორიცხავს განათლება და რწმენა ერთმანეთს, განხეთქილების ვაშლია ჩვენი დროის "განმანათლებლებსა" და ეკლესიას შორის. ადამიანის დაშორება რწმენისგან ეტაპობრივად ხდება, თუმცა იმდენად გაუაზრებლად, რომ ვერც ვახერხებთ ამაზე დაფიქრებას.

image"ღმერთი მოკვდა", - განაცხადა ნიცშემ და ამ ფრაზით ყველა ფილოსოფოსსა თუ მეცნიერს ათეისტის იარლიყი მიაკრა . სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი ამართლებენ "მარკას".

ამ აზრის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი მწერლები პირიქით, საოცარი აღტაცებით წერდნენ რწმენასა და ღმერთზე. თუმცა, მხატვრული ლიტერატურა მიზნად არ ისახავს სამყაროს შეცნობას, ეს მხოლოდ მისი თანმდევი მოვლენაა, რომლის ხარისხიც გაცილებით უფრო მაღალია ფილოსოფიური ნაშრომების კთხვისას. მაგალითად, რთულია კითხულობდე ნიცშეს და არ ეთანხმებოდე მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ ღმერთი "მოუწოდებს" ადამიანს იყოს სუსტი, ეკლესიაში იქმნება სასწაულის იდეა და ის სპობს ყველანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაგებას. ეს ხდება მაშინ, როცა ყოველდღიური რეალობა ჯიუტად იცავს პრინციპს: "კბილი კბილის წილ, სისხლი სისხლის წილ".

მიუხედავ ამ ყველაფრისა, მაშინ, როცა მეცნიერებასა და რწმენას შორის ბეწვის ხიდზე მივაბიჯებთ, სასწორი რწმენისკენ იხრება, წონასწორობის დაკარგვის შემთხვევაშიც კი გვირჩევნია უკანასკნელი ნაბიჯი რწმენის მხარეს გადავდგათ. ყველაზე ზუსტი მეცნიერები - ექიმებიც კი ამბობენ: როცა მედიცინა უძლურია, საქმეში ღმერთი ერევაო. დედამიწაზე არაერთი პარადოქსია, რომელსაც ახსნას ვერავინ უძებნის, რომელიც გვაფიქრებს ზებუნებრივ ძალებზე და უბრალოდ არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. საერთოდ, ის თეორიები, რომლითაც მეცნიერები ამტკიცებენ ღმერთის არარსებობას, ამავდროულად ამტკიცებს ღმერთის არსებობასაც, რადგან მეცნიერებით სავსე ჭიქის ფსკერზე მხოლოდ უფლის რწმენაღა რჩება.


2
72
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ცინცაძე
თამარ ცინცაძე
72
  
2018, 14 მარტი, 23:03
უჭკვიანესი გოგო
2018, 13 მარტი, 23:00
ათეიზმი საინტერესო და გონივრული პოზიციაა.
0 1 2