x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სვანეთი კოშკების სამფლობელო

გვიყვება ერთ-ერთი ტურისტი!!!
imageსაქართველოში სტუმრობისას
800 წლის ქვით ნაგები კოშკის თავზე ავედით, სახურავის ძელებს მაგრად მოვჭიდეთ
ხელი, წინ გადავიხარეთ და კოშკიდან გადმოვიხედეთ. დაახლოებით ოცდახუთი მეტრის სიმაღლიდან
ჩვენ წინ კოშკების სამფლობელო გადაიშალა, რომელიც დაბა მესტიაში (ზემო სვანეთის ადმინისტრაციული
ცენტრი) დიდ სივრცეში მიმოფენილიყო.

დაქანებულ ველებს ხალიჩასავით
გადაჰფენოდა მწვანე საძოვრები, რომლებსაც გარს ეკვროდა და გოროზად დაჰყურებდა თვალაუწვდენელი
დათოვლილი მთების მწვერვალები. ამ უძველესი ადგილის სილამაზით დატყვევებულებმა თავი
შუა საუკუნეების საქართველოში წარმოვიდგინეთ. სვანეთში სწორედ ამ სახელგანთქმული კოშკების
ნახვის წადილმა ჩაგვიყვანა.


რეგიონში სტუმრობა


ჩვენი მოგზაურობა მაღალმთიანი
სვანეთისკენ ზუგდიდიდან დაიწყო, რომელიც შავ ზღვასთან ახლოს მდებარეობს. დილით ცა ისეთი
მოწმენდილი იყო, რომ ჩვენს თვალსაწიერზე კარგად ჩანდა თოვლის საფარში გახვეული თეთრი
მწვერვალები. როცა მივადექით მდინარე ენგურის ხეობას, მიხვეულ-მოხვეული გზით ნელა-ნელა
გავუყევით ამ ხეობას. ამ ტყიან მხარეში მრავლად იზრდება გვიმრა, იელი, დაფნა და აურაცხელი
ვარდის ხეები ნაღებისფერი ყვავილებით.


საღამოსკენ ჩვენი ჯგუფი
სოფელ ბეჩოში ჩავიდა, საიდანაც ლამაზი პანორამა იშლება. ეს სოფელი ულამაზესი მთის,
ორთავა უშბის კალთაში მდებარეობს, რომელიც გრანიტითაა ნაგები. უშბის ფრიალო მყინვარწვერი
მთასვლელებს ისე იზიდავს, როგორც ჩრჩილს სანთლის ალი. 4 710 მეტრის სიმაღლეზე
ცადატყორცნილ უშბას „კავკასიის მატერჰორნს“ უწოდებენ.


გზად დაქანცულებსა და
მოშიებულებს ერთი ადგილობრივი მწყემსი შეგვხვდა, ვისგანაც ცხვარი ვიყიდეთ და ვახშამი
მოვამზადეთ; ცოტა ხანში კოცონს შემოვუსხედით და სტუმართმოყვარე სვანი მეგობრების წყალობით
გემრიელად შევექეცით მწვადს თონეში ახალგამომცხვარ პურთან ერთად, რასაც თითო ჭიქა საფერავიც
დავაყოლეთ.


მომდევნო დილით მესტიისკენ
მიმავალ გზას დავადექით. სწორედ მესტიაში იყო ის კოშკი, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ.
ამ კოშკიდან რომ გადმოვიხედეთ, მაშინ ვაღიარეთ, რომ სვანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი
მაღალმთიანი მხარეა. მესტიიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მთებში ჩაფლულია უშგულის
თემი. იქაური მოსახლეობა ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობს.
უშგულს „ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელს“ უწოდებენ.


ამ მაღალმთიან დასახლებამდე
მისაღწევად მივარდნილ, ვიწრო გზას ავუყევით, რომელიც ზედ მთაზე გადიოდა. გარშემო ღრმა
ხრამი იყო, რომელიც მდინარეში ეშვებოდა. როდესაც უშგულამდე მივაღწიეთ, ჩვენ წინ დაუვიწყარი
ხედი გადაიშალა. შუასაუკუნოვანი ციხე-კოშკების ირგვლივ აქა-იქ მიმოფანტული სახლები
მოჩანდა. უკანა ფონზე კი უზარმაზარი მთა შხარა იყო აღმართული. ამ მთის მწვერვალებზე
დადებული თვალისმომჭრელი თოვლის სიქათქათე და ალპური მუქი ლურჯი ცა ერთობ ლამაზი სანახავი
იყო.


საქართველოში ყველაზე
მაღალი, 5 201 მეტრის სიმაღლის მთა შხარა ბეზენგის კედლის ნაწილია. ეს კედელი
თითქმის ერთ სიმაღლეზე განლაგებული მწვერვალების 12 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზეა
გადაჭიმული, მწვერვალები კი, თავის მხრივ, დაახლოებით 1 207 კილომეტრის სიგრძის
დიდ კავკასიონის ქედს მიეკუთვნება. ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, ხასხასა ველებსა
და არაჩვეულებრივ პეიზაჟებს დაინახავ. ეს ველები მიუვალია ხალხისთვის, რა თქმა უნდა,
თუ არ ჩავთვლით თავგადასავლების მაძიებლებსა და მათ, ვისთვისაც სვანეთი მშობლიური მხარეა.


მკვიდრი მოსახლეობა


სვანები უძველესი ქართველი
ხალხია და თავიანთი ენა აქვთ. დიდი ხანია ისინი არავის აძლევენ საკუთარ თავზე ბატონობის
უფლებას. XVIII საუკუნეში ერთმა დამკვირვებელმა სვანებზე თქვა, რომ მათ „შეიქმნეს
ახლებური წარმოდგენა საზოგადოებაზე. ამ საზოგადოებაში თითოეული ადამიანის თავისუფალი
ნება ყველაფერზე მაღლა დგას“.


სვანების განსაკუთრებული
სწრაფვა თავისუფლებისკენ შეიძლება ორ მიზეზს მივაწეროთ. პირველი, ბარიერმა, რომელსაც
მაღალი მთები ქმნიდა, სვანები გარესამყაროს მოსწყვიტა და მტრის შემოსევებისგან დაიცვა.
მეორე, ციხე-კოშკების წყალობით, თითოეულ ოჯახს შეეძლო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი
ყოფილიყო. კოშკები ოჯახებს იცავდა მტრებისა და მეზობელი ხალხის შემოსევებისგან, რომლებიც
დროდადრო მტრობდნენ მათ. ციხე-კოშკებში სვანები ზვავის დროსაც აფარებდნენ თავს, რადგან
დაბალ შენობებს ხშირად თოვლი ფარავდა.


ცხოვრება კოშკში


ჩვენ ერთმა სვანურმა
ოჯახმა მიგვიწვია თავიანთი კოშკის დასათვალიერებლად, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება.
გალავნით შემოსაზღვრული ციხე-სიმაგრე ორი მთავარი ნაწილისგან შედგებოდა — კოშკისგან,
რომელსაც მურყვამს უწოდებენ და საცხოვრებელი ნაგებობისგან, ქორისგან, რომელიც ამ კოშკთან
არის დაკავშირებული. ქორის პირველ სართულზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ანთებდნენ
ცეცხლს, რომელიც გათბობისა და განათების საშუალებაც იყო. იქვე შევამჩნიეთ დიდი ხის
სავარძელი, რომელიც ეკუთვნოდა ოჯახისთავს. იგი დიდ ოჯახს უძღვებოდა. ოჯახში ერთად ცხოვრობდნენ
დედ-მამა, ვაჟები და მათი ცოლები. სახლის საქმეებს რიგრიგობით ოჯახის ქალები ასრულებდნენ.
მათ მოვალეობაში შედიოდა მარცვლეულის დაფქვა, პურის გამოცხობა, საქონლის გამოკვება
და ბუხარში შეშის შეკეთება.


ეს დიდი კოშკი ქვით იყო
ნაგები, გარედან კი იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით იყო გალესილი. იგი ოთხი სართულისგან
შედგებოდა. ამ კოშკს გვერდით მიდგმული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც სიმაღლით
მეორე სართულს უტოლდებოდა. როდესაც კოშკში სახლიდან შევედით, რამდენიმე წამი დაგვჭირდა,
სუსტ განათებას თვალი რომ შეჩვეოდა. კოშკის ქვედა სართულებს წყლის, ფქვილის, ხილის,
ყველის, ღვინისა და ხორცის შესანახად იყენებდნენ.


საგანგაშო მდგომარეობის
დროს ოჯახი კოშკის ქვედა და შუა სართულებზე იძინებდა. ბოლო სართულზე, რომელიც ფიქალის
ქვით იყო გადახურული, საბრძოლო ბაქანი იყო მოწყობილი თავისი სათოფურებით.
XIX საუკუნეში სვანეთში ჩასულმა ერთმა სტუმარმა დაწერა, რომ ვინაიდან „არ არსებობდა
არანაირი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებდა, კონფლიქტების
მოგვარებას შეიარაღებული თავდასხმების მეშვეობით ცდილობდნენ“. ასე რომ, თითოეული ოჯახი
თავდასაცავად სრულ მზადყოფნაში იყო.

2
193
4-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
193
  
2012, 26 სექტემბერი, 22:46
გაიხარე
2012, 26 სექტემბერი, 22:45
++++
0 1 2