x
image
ხატია გელბრეიტი
სერიალი, რომელიც უნდა ნახოთ!

image
მრავალსეზონიანი სერიალების ერაში, ძნელია თვალი ადევნო ყველას და არ გამოგეპაროს რამდენიმე ღირსეული, რომლის არნახვა დანაშაულიც კია. მათთვის, ვისაც “ უცნაური ამბები ‘’ (stranger things) მოსწონს, მაგრამ ცოტა ბავშვურად მიაჩნია “ბნელი ‘’(Dark) შესანიშნავი არჩევანია. ტვინის ჭყლეტის მოყვარულ არცერთ კინომანს ეს შოუ უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.

ბარან ბო ოდარის და ჯანტიე ფრიზის მიერ შექმნილი “ბნელი’’ მისტიკის, მეცნიერული ფანტასტიკის და ფენტეზის, დრამის და სატელევიზიო კრიმინალური დრამის ჟანრებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ის Netflix-ის პირველი გერმანული პროდუქტია და ამერიკის ბაზარზე ორიგინალის სახით ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გავიდა. თუმცა, ამას შოუს წარმატებაში ხელი არ შეუშლია. პირველი სეზონი 10 სერიისგან შედგება, რომელთა ქრონომეტრაჟი 44-დან 51 წუთამდე მერყეობს.

სერიალში მოქმედება გერმანიის პატარა ქალაქ ვინდენში ხდება. ერთი შეხედვით უწყინარი ადგილი სავსეა მელოდრამებით და უკვალოდ გამქრალი ბავშვებით. როცა 12 წლის მიკელ ნილსენი ვინდენის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს არსებული გამოქვაბულის მონახულების შემდეგ იკარგება, დაშოკილი მოსახლეობა წარსულიდან ანალოგიური ამბის გახსენებას იწყებს.სიუჟეტი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ოჯახის ირგვლივ ვითარდება, 2019, 1986 და 1953 წლებში იშლება.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რომლის გამოც ამ სერიალს უნდა უყუროთ :


1.სერიალი ცოტათი მოჰგავს “უცნაურ ამბებს’’, ცოტათი “ტვინ პიქსს’’-, ცოტათი “დაკარგულებს’’ და თავის მხრივ საკუთარი ინდივიდუალური სტილის უამრავ ნიშან-თვისებასაც ატარებს

image

შოუს შემქმნელებმა 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი და უნიკალური სატელევიზიო შოუ შექმნეს. “ბნელი’’ ისეთი ტიპის სერიალია, რომლის შინაარსში ჩაწვდომამდეც კი გრძნობ იმ ვიბრაციას, რომელსაც ის ასხივებს.შოუს ყურება ნაწილ-ნაწილ რთულია. “უცნაური ამბებისგან’’ განსხვავებით, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა რბილი გადახვევის საშუალებით მიუძღვის, “ბნელი’’ საკუთარი თავის ანაბარა გტოვებს გზის გასაგნებად. ის შენგან მთლიან ყურადღებას მოითხოვს და გსჯის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას.ეს ორი სერიალი ერთი და იგივე სპექტრის ორ მოპირდაპირე პოლუსს იკავებს. “უცნაური ამბების’’ მსგავსად “ბნელის’’ სიუჟეტიც უგზოუკვლოდ დაკარგულ ბავშვებზე და დამახინჯებულ სივრცით ხვრელებზეა. ორივეში მოქმედებები 1980-იან წლებს უკავშირდება. თუმცა, “ბნელი’’ დღევანდელ დღესა და 1986 წელს შორის იხლიჩება და იმ დროის ნოსტალგიის გაზიარებაზე მეტად მიმზიდველი სიუჟეტის შექმნისკენ მიისწრაფვის.

2.ის ერთ-ერთ იმ უიშვიათეს სატელევიზიო ნაწარმს წარმოადგენს , სადაც დროში მოგზაურობის ლოგიკა რკინისებურად შეიძლება მოგვეჩვენოს

  • image
დროში მოგზაურობა რომ რთული საკითხია, ეს გასაგებია.ის არალოგიკურია და იმ რეალური სამყაროს წესებს ეწინააღმდეგება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ასე, რომ დროში მოგზაურობის კარგი ისტორიისთვის წესები უნდა არსებობდეს. ფილმის შემქმნელებს შეუძლიათ დააწესონ ნებისმიერი კანონი მანამ, სანამ მას საგულდაგულოდ იცავენ - თუ დაარღვევენ, ფილმი ნაწილებად დაიშლება.ეს ის დამატებითი გამოწვევაა, რომელსაც სცენარისტები ეჯახებიან. მათ უბრალოდ კარგი ისტორიის შექმნაზე მეტი მოეთხოვებათ, რაც გაორმაგებულ შრომას მოითხოვს.

“ბნელი ‘’ ამ დავალებას თავს კარგად ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სიუჟეტი ასევე ძალიან რთულად და სწრაფად ვითარდება. შეიძლება შეგეშინდეთ კიდეც, რომ კანონები შეიძლება დაირღვეს.თუმცა, დასასრულს მიხვდებით, რომ თქვენი შიში უსაფუძვლო იყო. კითხვები, რა თქმა უნდა, დაგრჩებათ.მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათზე პასუხებს შესაძლოა მომავალი სეზონები გვთავაზობდეს. მანამდე კი თავად სცადეთ იმ პაზლის აწყობა, რომელიც შოუმ დაგიტოვათ.

3.დრამატული ურთიერთობები

  • image
გარკვეული დროის განმავლობაში, პერსონაჟი სახელად ულრიხი, მოვლენების ეპიცენტრში ექცევა.მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე მოსაწონი და შეიძლება ითქვას საშინელი პერსონაჟიც კია, მისდამი მაყურებელს გარკვეული სიმპათიებიც კი შეიძლება გაუჩნდეს.ამის მიზეზი მისი ადამიანური გრძნობებია. სწორედ ასე ექცევიან ოდარი და ფრიზი თავიანთ ყველა პერსონაჟს. “ბნელი’’-ს არცერთი გმირი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ერთ დონეზე.სწორედ ეს ხდის მათ უთვალავ ურთიერთობას და კონფლიქტს უფრო მეტად ჩამთრევს.

4.დროში მოგზაურობა-რელიგიური მეტაფორაimage

დროში მოგზაურობის სრულიად ახალი მიმართულება გამოიხატება ასევე იმაში, რომ ..ბნელი’’-ს გმირები დროზე, ისე როგორც ღმერთზე საუბრობენ, ხოლო დროში მოგზაურობას, როგორც ღმერთზე ძაუფლების მოპოვების საშუალებას ისე აღიქვამენ.

5.უბრალოდ შესანიშნავი საყურებლად image

გარდა იმისა, რომ ნამდვილად კარგი სერიალია, “ბნელი’’ ახერხებს იყოს ვიზუალურად და მუსიკალურად გამორჩეულიც. ამ მხრივ მას ადგილი “ველური დასავლეთის სამყაროს’’ (Westworld), “ჰანიბალის’’ და ახალი “ტვინ პიქსის’’ გვერდით უჭირავს.

სერიალმა პირადად ჩემგან ორი სრული დღე მოითხოვა დასამთავრებლად და შემდეგი ერთი კვირა გასააზრებლად.ხოლო მანამ, სანამ შემდეგი სეზონის ყურების პატივი მექნება, ყველა კინოგურმანს, რომელიც ახალ სერიალს ეძებს ვურჩევ წუთიც აღარ დაკარგოს და უყუროს მართლაც, რომ ბნელ “ბნელს''.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0