x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქალები მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში
კითხულობ მიმოწერას მეოცე საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწე ქართველ ქალებს შორის, რაც მათთვის ერთადერთ ნუგეშად ქცეულიყო და გული გწყდება. რამდენი მწერალი, მეცნიერი, მოაზროვნე და პოეტი ვერ განვითარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალებად დაიბადნენ და განვითარების საშუალება არ მიეცათ.ერთი მხრივ, ჩვენში ფესვგადგმულმა პატრიარარქალიზმმა და, მეორე მხრივ, საბჭოთა რეჟიმმა ყოველგვარი გასაქანი და ასპარეზი წაართვა მოაზროვნე ქალებს, “მწერალთა კავშირმა“ ისინი არ მიიღო, რითაც მათ მარგინალიზებას შეუწყო ხელი. შესაბამისად, დღეს მათი უმრავლესობის სახელები მივიწყებულია და თანამედროვე ქართველის მეხსიერებას მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი შემორჩა.


მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა და ძალისხმევისა, თანამედროვე ცივილიზებულმა მსოფლიომ ბოლომდე ვერ შეძლო სქესობრივი უთანასწორების და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ჯერ ისევ მოვისმენთ მითებს იმის შესახებ, რომ ქალი გონერივად ჩამორჩება მამაკაცს, შესაბამისად, უფლებრივად მისი თანასწორი არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. ყოველთვის, როცა ამ აბსურდულ იდეას გვახვევენ თავს, უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსმა მანკიერმა მიდგომებმა დაგვაკარგვინა არაერთი მწერალი თუ მეცნიერი ქალი. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ძალიან პატარებს, ჯერ ისევ ბავშვებს, ხშირად ძალდატანებით ათხოვებდნენ, შემდეგ კი განათლების მიღების და განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ბაბარე ჯორჯაძე, მაგალითად, თავისი ჯვრისწერის დღეს ასე იხსენებს:

საზოგადოთ იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონაო. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო

image


“საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა, და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?“

მარიამ გარიყული ეკატერინე გაბაშვილს წერს:

„ტალახიანი წვიმები, სიცივე, სადილ-ვახშამის კეთება ჩვენებურ შუა ცეცხლზე ნოტიოიან სამზარულოში, ბოსელი თავისი საქონლებით, ბუდე წიწილები, ყოველკვირეული ოჯახის სარეცხი და ამათ გვერდით ცივ ოთახში უმაგიდოთ მწერალი ქალი, რომელსაც მხოლოდ ძილის დრო დარჩენია... ჩვენ მწერლობაში ყველას ღარიბათ მოაქვს თავი, მაგრამ ნურვინ იტყვის სიღარიბის იმ მძიმე უღელს და მის გაძლებას, რაც მე ვათრიე ყოველ განათლება-განვითარებას მოკლებულმა ქვაბების ხეხვაში, სარეცხის რეცხვაში, პოლების წმენდაში. გაუტეხელი ჩემი ტვინი მაინც ფიქრობდა და ამ მუშაობის დროს სხვადასხვა სურათებს ხატავდა, როცა მოიცლიდა და ბავშვები რომ დაიძინებდნენ, ძილის დრო მაინც მომეპარა თავისთვის და დამეწერა რამ. სურათები თავის პირველ ელფერსა კარგავდნენ, რადგან გაჩენისთანავე არ იქნენ ასახული სუფთა ქაღალდზე, მაგრამ მაინც მიღოღავდნენ წინ, მაინც ბნელით მოცულ ჩემ ცხოვრებაში. ობლათ, უმეგობროთ ძლივს ბჟუტავდა ჩემი ნიჭი ყოველ ნიჭისთვის საჭირო სამკაულს მოკლებული...“

ეკაეტერინე გაბაშვილი ნინო ტყეშელაშვილს:

„წარმოიდგინე, რომ მე ჯერაც კალამი არ ამიღია ხელში და ყოველი შენგნით მოცემული მასალები და ჩემი ნაფიქრალი და გარდატანილიც, საფუძვლიანათ არ ამინუსხავს. ახალქალაქში ოთხი ოთახი მაქვს და ოთხივე გამოტენილია ჩემი შვილებით და შვილიშვილებით. ჩემი ოთახი მუდამ ხმაურობითა და ბავშვთა ცელქობით არის აკლებული, წიგნები და საწერი მაგიდა მათ სათამაშოთ არის ქცეული... ეს, რასაკვირველია, მწერალი ქალისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მწერლობა ქართველებში ჯერ პატივცემული არ არი და მეც იმდენათ ვარ ტკბილი ბებია, რომ სხვა რიგათ ჩემი ცხოვრების მოწყობას ვერ ვახერხებ. ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქო გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს, თუ ის შენსავით მარტო ხელი არ არის და ჩემსავით შვილიშვილებით არის დატვირთული...“


image

ძალიან ამაღელვა მწერალთა კავშირის მამაკაცების ეგოისტურმა მოქცევამ... მოიგონეთ ბევრი შემთხვევები თქვენ სიცოცხლეში, როცა ქალისა და მამაკაცის ინტერესი ერთი მეორეს დაუპირისპირდებოდა, უთუოდ მამაკაცის გაიტანდა თავის უღელს და სხვებიც ამ შემთხვევაში მხარს უჭერდა როგორც უფრო ძლიერს... პროგრამის ირგვლივ არშიათაა შემოყოლებული ქალთა თანასწორობა. ეს ცბიერები. იეზუიტობაა, როცა 14 მამაკაცი აირჩიეს, ერთი ქალიც არ ახსენეს – მერმე თუ ერთი ქალი აირჩიეს, სამი კაცი მიუმატეს – ისე მამაუცხონდათ მაგათ, ცქვიტზე, ნინა ნაკაშიძეზე და მარიჯანზე მეტათ მომზადებულები იყვნენ ან მათი ოდენი შრომა მიუძღვით?- ასეთია ნინოს ერთ-ერთი წერილი ეკაერინე გაბაშვილისადმი.


თანამედროვე მსოფლიოში ჯერ ისევ მრავლად ვხვდებით ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანი გოგონების ძალადობრივად გათხოვების შემთხვევებს და ამ ფონზე ისევ ისმის კითხვა : რა საჭიროა ფემინიზმი?

0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0