x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სიმბოლიზმი ევროპულ და ქართულ ლიტერატურაში

image


სიმბოლიზმი ევროპულ ლიტერატურაში სრულიად განსხვავებული, ორიგინალური იდეებითა და შეხედულებებით შემოვიდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, მისმა გამოჩენამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე, ადამიანებმა თითქმის სულ მთლად მიივიწყეს მანამდე არსებული ლიტერატურული მიმდინარეობები და მთელი კონტინენტი მისი მიმდევარი გახდა, განსაკუთრებით კი დასავლეთი ევროპა. აღნიშნული ლიტერატურული მიმდინარეობა სრულიად განსხვავდებოდა და უპირისპირდებოდა კიდეც მანამდე არსებულ მიმდინარეობებს : რეალიზმსა და ნატურალიზმს. ამ უკანასკნელთა წარმომადგენლები ორიენტირებულნი იყვნენ რეალობის აღწერაზე, არსებულის ნამდვილი სახით წარმოჩინებაზე, რაც სრულიად უცხოა სიმბოლიზმისთვის, იგი სიმბოლოებითაა გაჯერებული, რომლებიც უამრავ მნიშვნელობას ატარებენ. სიმბოლისტი პოეტებისთვის უმნიშვნელოვანესია მუსიკალურობა, მათ პოეზიაში ლექსის რიტმულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. სიმბოლიზმის მიზანდასახულებასა და არსს შესანიშნავად წარმოგვიდგენს ფრანგი პოეტი ჯან მორეასი 1886 წელს ჯურნალ „ლე ფიგარო“-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში „სიმბოლიზმის მანიფესტი“, სადაც იგი სიმბოლიზმს შემდეგნაირად განიხილავს: „განათლების, ობიექტური აღწერის, ცრუ მგრძნობელობისა და საჯარო გამოსვლების მტერი, სიმბოლისტური პოეზია ცდილობს შემოსოს იდეა მგრძნობიარე ფორმით, რომელიც, სხვათაშორის, არ იქნებოდა მისი თვითმიზანი, მაგრამ კარგად მოახერხებდა გამოეხატა იდეა და ქცეულიყო თემად, რადგანაც სიმბოლიზმის მიზანი არ არის საკუთარი თავით შემოფარგვლა!“ (ჯან მორეასი, 1886 წელი, „სიმბოლიზმის მანიფესტი“, ჟურნალი „ლე ფიგარო“ )



„პირველი სიმბოლისტური დაჯგუფება 80-იანი წლების შუახანებში შეიქმნა საფრანგეთში და 1898 წლამდე იარსება. თუმცა ლიტერატურაში მისი ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.“(ელენე ქადაგიშვილი, „სიმბოლიზმი“ ) ეს სწორედ ის დაჯგუფებაა, რომელმაც, ფაქტობრივად, ეპოქა შექმნა ლიტერატურის ისტორიაში და რომლის ლექსებიც დღესაც მოწონებას იმსახურებს, მისი გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ : შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, სტეფან მალარმე და პოლ ვერლენი. საფრანგეთიდან გავრცელდა ეს მიმდინარეობა და საკმაოდ კარგად განვითარდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რუსეთში შესანიშნავი სიმბოლისტური სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ: ალ. ბლოკი, ვ. ივანოვი და ა. ბელი. შარლ ბოდლერი ლექსში „თრობა“ თვალნათლივ წარმოგვიჩენს სიმბოლისტურ მსოფლმხედველობას - თავისუფლების, სილაღის ჟინი, გამუდმებული სიმთვრალე, რათა მოსწყდეს ამ ცხოვრებას, ჟამთა სვლასა და დროის უკუღმართობას, რომ არ გრძნობდეს ამქვეყნად არსებობის სიმძიმეს. პოეტს ერთადერთ ხსნად, სულიერი სიმშვიდისა და სიმხნევის მოსაპოვებელ უკანასკნელ საშუალებად სიმთვრალე მიუჩნევია და ეძალება კიდეც მას, თუმცა მასში ამ მდგომარეობას არამარტო ალკოჰოლი, არამედ ყოველივე ის იწვევს, რაც მას მაღალ სულიერ ფასეულობად ესახება, იქნება ეს პოეზია, სიქველე თუ სხვა რამ ამაღლებული! სიცოცხლის ამაოება სულს უხუთავს და ყოველდღიური ყოფა, წვრილმანი საზრუნავებითა და მდაბალი შეგრძნებებით ამაზრზენ დროის სვლად იქცა მისთვის, ამიტომაც სურს, არ გრძნობდეს ამ სიბინძურეს, გაბრუვდეს, თრობის მდგომარეობამ დაავიწყოს, თუ როგორი წარმავალი და ამაოა ყოველივე, რომ „ერთი დრო გძლად არ შეგრჩების, კარგი თქვა, გინა ავია!“ (დავით გურამიშვილი, „დავითიანი“, „ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, გამომცემლობა - „საქართველოს გამომცემლობა“, 2006 წელი) აღნიშნულ ლექსში თითოეული სიტყვა სიმბოლურ დათვირთვას ატარებს, რაც სიმბოლისტური მიმდინარეობისთვისაა დამახასიათებელია, ასეთია, მაგალითად- ქარი-თავისუფლების, დაუდგრომელობის, სილაღის სიმბოლო, რომლის შეჩერება შეუძლებელია, ტალღა- შეუგუებლობის, დაუმორჩილებლობის სიმბოლო, რომლის ძალასაც წინ ვერ აღუდგება ვერანაირი ამქვეყნიური ბარიერი, ვარსკვლავი- მაღალ სულიერ ფასეულობებზე მიგვითითებს, ბოდლერს სურს ამ სიმბოლოს დანახვებით მოგვიწოდოს ზეაწევისკენ, სიმდაბლისგან თავის დაღწევისა და განწმენდისკენ! ჩიტი ხომ ნამდვილი სიწმინდის, სილაღის სიმბოლოა, რომელსაც მიწიერი ბიწიერება ვერ რყვნის და დაფრინავს თავის ნებაზე, ყოველგვარ ბატონობას თავგარიდებული! ლექსი ექსპრესიული თხრობის სტილით გამოირჩევა, მისი კითხვისას გეუფლება გრძნობა, თითქოს ყველა მოქმედების თანამომაწილე ხარ და ქარს აყოლილი ნარნარად, უდარდელად დაფარფატებ, ანდა ჩიტს გაყევი და გაერიდე ამქვეყნიურ სიბინძურეს, ვარსკვლავს მიახლოებული თავს უსაფრთხოდ გრძნობ აქაურ დროის თარეშში, ხოლო მთავარ სათქმელამდე ავტორს სულ რამდენიმე სიტყვით მივყავართ: „არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი.“



ქართულ ლიტერატურაში სიმბოლიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ კი 1915-16 წლებში ყალიბდება, როდესაც სრულიად ახლგაზრდა პოეტებმა დააარსეს ლიტერატურული ჯურნალი „ცისფერი ყანწები“, სადაც პაოლო იაშვილი აქვეყნებს მანიფესტს ქართული სიმბოლიზმის ჩამოყალიბებისა და მათი იდეების შესახებ სახელწოდებით „პირვლთქმა“. აღნიშნულ ნაშრომში იგი აღნიშნავს:“ ჩვენ ვადიდებთ სიტყვას ახალს, მკაცრს და ისეთ გაბედულს, როგორც მეფური ხელის გაფრენა გაგიჯებულ დირიჯორისა... ვცხოვრობთ ნათელში და სიმთვრალეში.გვწამს ყოველგვარი ორგია.ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას.უარვყოფთ წარსულს... ყოველგვარი სიმშვიდე, სიჩუმე და მთვარის შუქით განათებული მშვენიერება დავივიწყეთ ჩვენ, -მღელვარების, ხმიერობის და სიჩქარის მადიდებლებმა!“ (პაოლო იაშვილი, „პირველთქმა“, გაზეთი „ცისფერი ყანწები“, 1916 წელი.) ქართულ ლიტერატურაში ცისფერყანწელები სრულიად ახალი და ორიგინალური სიტყვით შემოვიდნენ, ისინი ფრანგი სიმბოლისტების მსგავსად, სიმთვრალეს, დროსტარებას, ხმაურსა და აქტიურ ცხოვრების წესს ეტრფოდნენ, ლექსში მათთვისაც ასევე უმთავრესი იყო მუსიკალურობა, გალაკტიონიც ხომ ხშირად სწორედ ამას ამბობდა : „მუსიკაა მთავარი, ბიძიკო, მუსიკა!“ მათ სრულიად ახალი სიტყვა თქვეს ქართულ პოეზიაში - თუ მათი წინამორბედნი, უდიდესი მწერლები ილია, აკაკი და სხვანი რეალობას აღწერდნენ, სამშობლოსა თავიანთი ერის უკეთეს მომავალზე ზრუნავდნენ, სიმბოლისტები საკუთარ გრძნობებს, საკუთარ „მე“-ს ყველაზე წინ აყენებენ, თავიანთ ძმებად აღიარებენ ფრანგ სიმბოლისტებს და მათ გზაზე დამდგარნი თრობას ეძალებიან. (პაოლო იაშვილი, „პირველთქმა“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916 წელი, ) მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და თავგამოდებისა, ქართულმა სიმბოლიზმმა ფეხი ადვილად ვერ მოიკიდა, რადგან საკმაოდ მძიმე დროს აღმოცენდა, როგორც ლიტერატურული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით - მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი, რაშიც მონაწილეობას საქართველოც იღებს, ამის გამო პოეზიაზე არავინ ფიქრობს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენლებს უარყოფს კიდეც, ქართულ ლიტერატურასაც მძიმე პერიოდი უდგას - სულ რამდენიმე წელია გასული ილიას მკვლელობიდან, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა, სულ ცოტახნის გარდაცვლილები არიან აკაკი და ვაჟა, ასეთი გენიოსების შემდეგ კი რაღა გასაკვირია, რომ ხალხს გაუჭირდა სხვათა დაფასება? დიდიხანია არაფერი დაწერილა და „ახალი არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას“ (ნიკო ლორთქიფანიძე), მოკლედ ქართული ლიტერატურა საქართველოში სიმბოლიზმის ჩამოყალიბებისას მძიმე განსაცდელში იყო ჩავარდნილი. სამწერლობო სარბიელზე გამოსულ ახალგაზრდა ქართველ სიმბოლისტებს რთული პირობები შეუხვდათ, მაგრამ მაინც, თითქმის ათი წლის განმავლობაში მათი მიმდინარეობა ერთადერთი იყო, რომელიც აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა ჯურნალ-გაზეთებში, შეიძლება ითქვას, რომ მათ ქართული პოეზია განაახლეს, ააყვავეს და სრულიად ახალ, განვითარებულ ეტაპზე გადაიყვანეს. მათმა სიმბოლისტურმა გაერთიანებამ, რომელშიც 12 წევრი შედიოდა, 1925 წლამდე იარსება. ამ პერიოდში და შემდგომაც, ტოტალიტარული რეჯიმის მხრიდან უმძიმეს ზეწოლას განიცდიდნენ, მთავრობა მოითხოვდა ხელოვანებს შეექმნათ ისეთი ნამუშევრები, როგორსაც უკარნახებდნენ და აღეწერათ არა ის, რასაც თავად ავტორები გრძნობდნენ, არამედ ის, რაც სურდა მმართველ ძალას.ამ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აღწერს აკაკი ბაქრაძე ნაშრომში „მწერლობის მოთვინიერება“ - თუ როგორ იმოქმედა ზოგიერთ შემოქმედზე ზემოაღნიშნულმა წნეხმა და, შეიძლება ითქვას, დაამახინჯა მათი შემოქმედება. სიმბოლისტთა ნაწილი ამ მოითხოვნებს დაემორჩილა და გადარჩა, ნაწილი კი რეჯიმის წინააღმდეგ წავიდა და სიკვდილით დაისაჯა, მაგალითად ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და პაოლო იაშვილი, რომელმაც დემონსტრაციულად მოიკლა თავი მწერალთა კავშირში. შეკვეთით წერასა და ცრუ მგრძნობელობას სიკვდილი არჩიეს.




პაოლო იაშვილის ლექსში „ღამე კუბოში“ ნათლადაა ასახული სამყაროს სიმბოლისტური აღქმა, სიმბოლისტური განცდები, შეგრძნებები და იდეები. ვხედავთ შეშინებულ, შეშფოთებულ და ბედსშეგუებულ ლირიკულ გმირს, რომელსაც სულს უწიოკებს ღამეული სოფლის სიმშვიდე და სიჩუმე, სურს ხმაური, მოძრაობა, გამეფებული მყუდროება მის წარმოდგენასა და თვითშეგნებაში გლოვასთან და სიკვდილთან ასოცირდება. სიმბოლისტური იდეებიდან გამომდინარე მას შექმნილი ვითარების ატანა უჭირს, რადგან ეჩვენება: „თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება“. ავტორი ცდილობს წარმოგვიჩინოს ეპოქის სული - დაუნდობლობა, სისასტიკე, გახშირებული სიკვდილი და გლოვა, შავი და სიბნელე, ხალხის გაყუჩებულობა და შეგუებულობა ამ ყოველივესთან, რითიც, ფაქტობრივად, ილაშქრებს საბჭოური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. აღნიშნულ ნაწარმოებს, შესაძლოა დავუკავშიროთ, გალაკტიონის სიტყვები: „ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“. პოეტი პირველივე სტროფით გვიქმნის ზოგად სურათს იმისა, თუ რისი ატანა უწევს, რა უშფოთებს და უფორიაქებს სულიერ სამყაროს - სიკვდილი, „დაბინდება“, „მგლოვიარე დედა“ და „მკვდარი ძმები“, რაღა უნდა იყოს ამაზე დიდი ტრაგიზმის განცდა?! ამას მოჰყვება უამრავი სიმბოლო, „ცამეტი“ - უიღბლობის ნიშანი, რითიც პოეტი ასახავს ყოველგვარი მისწრაფების ჩანასახშივე განადგურებას ბედის მსახვრალი ხელის მიერ. საკუთარი თავი მომაკვდავ რაშზე მჯდომი წარმოუდგენია, რაც ასევე მიგვანიშნებს მისი სულიერი სიმტკიცის გატეხვაზე. სიმშვიდე, სიმყუდროვე და გაყუჩებულობა სიმბოლურად ასახავს ხალხის მორჩილებას, რაც აწუხებს და გულს სტკენს მას. მწერალი ყოველივეს ისე სახავს, რომ მკითხველს უჩნდება სრული განადგურების, დაღუპვის განცდა, თუმცა ბოლო სტროფი გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლესავით გაანათებს და ოპტიმისტურ განწყობას უქმნის, რომ ღვთის შეწევნით ყოველივე ცუდი ჩაივლის და ყველაფერი გამოსწორდება, სიმბოლურად გამოყვანილი სამრეკლოს ზარის მრეკავი „ღვთის დარაჯები“ ადამიანებს შიშს უფანტავენ და მომავლის რწმენას უსახავენ გულში! საანალიზო ტექსტის მთავარი მიზანდასახულებაა სიმბოლური სახეებითა და საგნებით ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველი ზემოქმედების წარმოჩენა.



ამრიგად, ევროპულ და ქართულ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა სიმბოლიზმის ჩამოყალიბებამ და შემდგომმა განვითარებამ, შეცვალა ლექსის სტილი, რეალობისა და რწმენა-წარმოდგენების ასახვა მასში, რითმას იმდენად დიდი ყურადღება აღარ ექცეოდა, რამდენადაც მუსიკალურობასა და რიტმს. სიმბოლიზმი იმდროინდელ ევროპულ თუ ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალი, განსხვავებული, ორიგინალური და დახვეწილი სტილი იყო.


image



0
1472
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
1472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0