x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დეჟა ვუ - ჯერაც შეუსწავლელი ფსიქოლოგიური ფენომენი

image
დეჟა ვუ საკმაოდ საინტერესო და ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფსიქოლოგიური ფენომენია. თავად სიტყვა ფრანგული ენიდან წარმოდგება და უკვე ნანახს ნიშნავს. დეჟა ვუ არის შეგრძნება, განცდა, რომ სიტუაცია, რომელშიაც სუბიექტი ამჟამად იმყოფება, ადრე განცდილია. ხშირად დეჟა ვუს აღიქვამენ, როგორც მეხსიერების ანომალიას. არსებობს დეჟა ვუს პათოლოგიური ტიპი, რომელიც ეპილეფსიას სდევს თან, თუმცა არაპათოლოგიურ დეჟა ვუს ჯანმრთელი ადამიანებიც ხშირად განიცდიან. 2004 წლის კვლევის მიხედვით, ეს ფენომენი პოპულაციის ორ მესამედში ფიქსირდებოდა. თუმცა უცნაურია ის, რომ გამოვლინებები ყველაზე ხშირია ახალგაზრდებში 15-დან 25 წლამდე.

დეჟა ვუს ფენომენი საკმაოდ კომპლექსურია და მისი ახსნის მრავალი თეორია არსებობს. ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი მას განდევნილ სურვილსა და ფანტაზიას უკავშირებს. საზოგადოებაში გავრცელებული რწმენის მიხედვით კი, დეჟა ვუ წინა ცხოვრებაში განცდილი სიტუაციაა. შვეიცარიელი მკვლევარი არტურ ფანკჰაუსერი გვთავაზობს დეჟა ვუს ფრაგმენტებად დაყოფას, მისი უკეთესად შესწავლის მიზნით. მის მიხედვით, დეჟა ვუ შეიძლება დაიყოს უკვე ნანახ, უკვე განცდილ, უკვე მოსმენილ ნაწილებად.

დეჟა ვუს შესწავლა საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კია. მიუხედავად ამის, ბრიტანეთში შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც დეჟა ვუს შეგრძნების ხელოვნურად განცდის საშუალებას იძლევა. აკირა ო'კონორმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის განმავლობაშიც ცდისპირებს ეუბნებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტყვებს (საწოლი, ბალიში, ღამე, სიზმარი), მაგრამ არა მათ მაკავშირებელ სიტყვას (ძილს). გაგონილი სიტყვების ჩამოთვლისას, ცდისპირები ხშირად მიიჩნევდნენ, რომ ჩამონათვალში ძილიც იყო. მეორე მხრივ, თუ ცდისპირებს თავდაპირველად ეკითხებოდნენ, უთხრეს თუ არა მათ ძ-ზე დაწყებული სიტყვა, ისინი პასუხობდნენ არას, შემდეგ კი, როდესაც იგებდნენ სიტყვა ძილს, ისინი იაზრებდნენ, რომ ეს სიტყვა არ უნდა ყოფილიყო სიაში, მაგრამ იგი მაინც ნაცნობად ჟღერდა და სწორედ ამ გამოცდილებას აფიქსირებდნენ ისინი, როგორც დეჟა ვუს. ტვინის სკანირებისას ო'კონორმა აღმოაჩინა, რომ მოგონებებთან დაკავშირებული უბნები ტვინში არ აქტიურდებოდა დეჟა ვუს განცდისას. ო'კონორი მიიჩნევს, რომ დეჟა ვუს დროს ტვინში მიდის მოგონებათა გადასინჯვა და მანიშნებელთა გადამოწმება. ეს მშვენივრად ეწყობა იმ ფაქტს, რომ დეჟა ვუს განცდა იკლებს ხანდაზმულებში, როდესაც მეხსიერება არ მუშაობს ისე, როგორც ადრე.



0
41
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0