x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83650
  • ვიდეო:334440
  • სურათი:441644
სექსუალური ორიენტაცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ადამიანის სექსუალური ქცევა მრავალფეროვანია. უცნობია, თუ რა განსაზღვრავს ამ მრავალფეროვნებას, მაგრამ, სავარაუდოა, რომ მას ბიოლოგიური და სოციალური დეტერმინანტები უდევს საფუძვლად. ინდივიდის მრავალფეროვანი სექსუალური ქცევები საზოგადოებაში არსებული სოციალური წესებით კონტროლდება. მაგ: სექსუალური ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის აკრძალულია. ასევე, აკრძალულია სექსუალური ურთიერთობა მცირეწლოვან პირებთან, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები სისხლით ნათესავებს არ წარმოადგენენ. ზოგიერთი სექსუალური ქცევა, რომელიც მიუღებელი იყო წარსულში დღეს სავსებიით მისაღებია, მაგ: ანტიკურ საბერძნეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობა მისაღები იყო, ახლო წარსულში ის დაიგმო, თუმცა, დღეს, ასეთი ურთიერთობა მისაღებია (გამონაკლისს გარკვეული რელიგიური ჯგუფები წარმოადგენს).

image

სექსუალური ორიენტაცია ინდივიდის მდგრადი ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური ლტოლვაა ქალის, მამაკაცის ან ორივე სქესის მიმართ.
ქინსი და მისი კოლეგები თვლიდნენ, რომ ადამიანების მკაცრად დაყოფა ორიენტაციის მიხედვით ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად შეუძლებელია. გამოკვეთილ ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის თავსდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ მიზიდულობასა და ფანტაზიებს სხვადასხვა ხარისხით განიცდის. ისინი ჩართულნი არიან ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებში, რომლებიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კომპონენტების ნაზავს წარმოადგენს და ითავისებენ ცხოვრების ისეთ სტილს, რომელშიც ეს ელემენტები სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი.
სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, კლაინის მიხედვით სექსუალური ორიენტაცია 6 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეფასდეს:
1. სექსუალური ლტოლვა
2. სექსუალური ფანტაზიები
3. სექსუალური ქცევა
4. ემოციური უპირატესობა
5. ცხოვრების სტილი
6. თვითიდენტიფიკაცია.
imageსაინტერესოა თუ რა განსაზღვრავს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას? ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ყურადღებას სხვადასხვა ფაქტორებზე ამახვილებენ. ეს ფაქტორებია:

გენეტიკური დეტერმინანტები - რამდენიმე მკვლევარის თანახმად, მონოზიგოტური ტყუპები ჰომოსექსუალობის თვალსაზრისით უფრო ხშირად გვანან ერთმანეთს, ვიდრე დიზიგოტური ტყუპები. ეს მონაცემები ეთანხმება გენეტიკური ეტიოლოგიის მონაცემებს, მაგრამ, აგრეთვე, ასახავს იმ ფაქტს, რომ ადრეული ბავშვობისდროინდელი გარემო ბევრად უფრო მსგავსია მონოზიგოტური ტყუპების, ვიდრე დიზიგოტური ტყუპების შემთხვევაში.

დაბადების რიგითობა - უფროსი ძმის არსებობა ზრდის ჰომოსექსუალობის ალბათობას. მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ დედის იმუნური სისტემა მგრძნობიარე ხდება მამრობითი სქესის ნაყოფის (ემბრიონის) ზოგიერთი ასპექტის მიმართ (Quinsey, 2003).

ნეიროანატომიური განსხვავება - არსებობს ნაშრომები, რომლებშიც ნაცადია ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების ახსნა ჰიპოთალამუსის ზოგიერთი ბირთვის სტრუქტურის საფუძველზე (Levay, 1991).

ფსიქოლოგიური მიზეზები - თეორიები სექსუალური ორიენტაციის ფსიქოლოგიური მიზეზების შესახებ ეყრდნობა ცალკეული შემთხვევების ფსიქოანალიტიკურ გამოკვლევებს ან ჰომოსექსუალთა განსაკუთრებულად შერჩეულ ჯგუფებს. ისინი ეფუძნება მოზარდების ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, რომლებიც არ არის დასაბუთებული. ეს თეორიები, ჩვეულებრივ, ვარაუდობენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია მამაკაცებში დეტერმინირებულია ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან ცუდი ურთიერთობით (დისტანციური ურთიერთობა მამასთან ან მასთან ხანგრძლივი დაშორება; ზედმეტად მზრუნველი დედა). ასევე ითვლება, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ქალებში მომდინარეობს ადრეულ ასაკში პრობლემური ურთიერთობიდან დედასთან, რომელიც ან ინდიფერენტულია ქალიშვილის მიმართ ან უარყოფს მას (wolff, 1971). თუმცა ამ თეორიების ნაკლი ის არის, რომ მეცნიერული ფაქტებით არ არის გამყარებული.

image

სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. ამ პრობლემათა დიდი ნაწილი ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, რელიგიურ შეხედულებებს, ადამიანის პირად შეხედულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის მის სექსუალურ ორიენტაციასთან.

სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა - ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება მასთან გულახდილი საუბრით შეუძლია ფსიქოლოგს. საუბრის დროს ინდივიდს საშუალება ეძელავ დაფიქრდეს და გაერკვეს თავის განცდებსა და სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

მოზარდობის პრობლემები ახალგაზრდებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ნაწილობრივ ან უპირატესად ჰომოსექსუალები არიან, შესაძლოა არ ჰქონდეთ გააზრებული, რას ნიშნავს ჰომოსექსუალად ყოფნა არატოლერანტულ გარემოში. ზოგიერთი ასეთი ახალგაზრდა სკოლაში ბულინგის მხვერპლია. ამერიკელი სკოლის მოსწავლეების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სუიციდური განზრახვები და მცდელობები უფრო ხშირია ჰომოსექსუალ ვაჟებთან, ჰეტეროსექსუალ ვაჟებთან შედარებით.

პრობლემები მოზრდილი ასაკის ადრეულ ეტაპზე ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანებმა შეიძლება სპეციალისტებს დახმარებისთვის მიმართონ ემოციური აშლილობების გამო, რომლებიც სექსუალურ ან სოციალურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, ან მაშინ, როდესაც მათი სექსუალური ლტოლვა კონფლიქტში მოდის მათ რელიგიურ რწმენასთან ან სხვა შეხედულებებთან. ზოგი ჰომოსექსუალი ითხოვს დახმარებას მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ზოგი ჰომოსექსუალი ქალი თხოვდება და ამის შემდეგ მიმართავს სპეციალისტებს კონსულტაციისთვის (ხშირად მეუღლის თხოვნით) ჰეტეროსექსუალური აქტის დისფუნქციის გამო.

საშუალო ასაკის პრობლემები ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები, რომლებმაც ვერ დაამყარეს სტაბილური სექსუალური ურთიერთობა, მარტო რჩებიან და დეპრესიით ხდებიან შეპყრობილნი, თუ მათ არ ჰყავთ ოჯახი და ახლო მეგობრები.

სხვა პრობლემები დაკავშირებულია სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შიშთან. დღესდღეობით ეს არის შიდსის და აივ ტესტზე დადებითი შედეგის შიში. ამ პრობლემების მქონე ადამიანები საჭიროებენ შესაბამის სამედიცინო მკურნალობას და კონსულტაციას.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0