x
,,ვეფხისტყაოსნის'' პირველი ბეჭდური გამოცემა
image



ვეფხისტყაოსნის ბეჭდურ გამოცემებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. ''ვახტანგისეულ'' გამოცემას. ეს არის პოემის პირველი ბეჭდური გამოცემა, რომელიც გამოვიდა 1712 წელს, ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ სტამბაში.


ვახტანგი ის მეფე-პოეტია, რომელსაც პირველ რუსთველოლოგადაც მიიჩნევენ იმის გამო, რომ მის გამოცემას დართული ჰქონდა ვრცელი “თარგმანი'' ანუ კომენტარები, აქ ჩამოყალიბებული იყო “ვეფხისტყაოსნის'' ძირითადი საკითხები, თავად ვახტანგის მოსაზრებები და განმარტებები.სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი პოემის მეცნიერულ-კრიტიკულ ანალიზს.






ვახტანგისეული გამოცემა გამორჩეულია თავისი რედაქციული სიმოკლით, ის შეიცავს 1587 სტროფს და აქ ამბავი სრულდება ტარიელის ინდოეთში დაბრუნებით და გამეფებით, ხოლო ხელნაწერებში, სადაც არის 2200 სტროფი, მოთხრობილია გმირების შემდგომი თავგადასავალი და სიცოცხლის აღსასრულიც.

ვახტანგის გამოცემა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მან საფუძველი ჩაუყარა “ვეფხისტყაოსნის'' მოკლე რედაქციას და მისი ზეგავლენა ეტყობა პოემის შემდგომ გამოცემებს, მაგალითად:პოემის მეორე ე.წ. 1841 წლის გამოცემა, გ.ქართველიშვილის მდიდრული გამოცემა(1888) და ა.შ.


უნდა აღინიშნოს ის, რომ ვახტანგი იყო არა მარტო გამომცემელი, არამედ რედაქტორი და კომენტატორი ტექსტისა, ის ცდილობდა გაეწმინდა პოემა შემდეგდროინდელი ჩამატებებისა და დანართებისაგან, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მან ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, რადგან მის ნაშრომშიც არის გარკვეული ხარვეზები, აკლია სტროფები...


მართალია ვახტანგი თავად იყო ტექსტის რედაქტორი-შემდგენელი, კომენტატორი, მაგრამ ცნობილია, რომ მას ამ საქმეში ეხმარებოდა ვინმე მიქაელი.


საინტერესოა ვინ იყო ის?


თავფურცელზე ვკითხულობთ, რომ “პოემა გაიმართა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელის მიერ''.სიტყვა “გამართვა'' კი აქ უნდა ნიშნავდეს რედაქტორს.


ვახტანგისეული გამოცემის გარშემო არსებობდა დიდი აზრთა სხვადასხვაობა, აქ მკვლევართა აზრი ორად იყოფა: ერთნი ფიქრობდნენ, რომ ვახტანგს ჰქონდა ვრცელი რედაქციის ტექსტი, რომელიც შეისწავლა, შეამოკლა, გაცხრილა ტექსტი და ისე გამოსცა. მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ ვახტანგს ხელთ ჰქონდა პოემის რომელიმე ძველი ხელნაწერი, ის გადმოიღო უცვლელად და დაბეჭდა.


ისინი, ვინც იცავდნენ ვახტანგისეული გამოცემის კრიტიკულ ხასიათს, იყვნენ:

კ.კეკელიძე

კ.ჭიჭინაძე

თ.ბატონიშვილი

ა.შანიძე

ე.თაყაიშვილი



საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ :

დ.კარიჭაშვილი

ი.აბულაძე

ს.კაკაბაძე

პ.ინგოროყვა


დღესდღეობით დამტკიცებულია, რომ ვახტანგის გამოცემა ნამდვილად კრიტიკული ხასიათისაა, ეს კი დიდწილად აკაკი შანიძის დამსახურებაა, მან 1937 წელს აღადგინა ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი'', ის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადა ფართო საზოგადოებისთვის, ასევე მან შეადგინა ვეფხისტყაოსნის სიმფონია და ლექსიკონი.სწორედ შანიძემ დაამტკიცა, რომ ვახტანგს უნდა ჰქონოდა რომელიმე ვრცელი რედაქცია, რომელიც შეამოკლა, შეასწორა და კრიტიკულად დაადგინა ტექსტი.შანიძემ დაასკვნა, რომ ვახტანგი კომენტარებს ურთავდა ვრცელ ტექსტს, რადგან შანიძემ “თარგმანში''აღმოაჩინა ისეთი განმარტებული ადგილები, რომელიც თვითონ ვახტანგის ტექსტში არ იყო.


პოემის ამ პირველ სტამბურ ვარიანტს ჰქონდა გარკვეული დეფექტები, ტიპოგრაფიული ხარვეზები, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი წვლილი და მნიშვნელობა რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში განუზომელია.


თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ვეფხისტყაოსანი'' ქართველთა მეორე ბიბლიაა, აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხისთვის ამ პოემის პირველ ბეჭდურ გამოცემას განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება აქვს.





თათია ბუღათრიშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი


0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0