x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის ისტორია
სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების სია ეტაპობრივად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში ძირეული რეფორმები წლებია არ გატარებულა, მოსწავლეთა ცხრილს ყოველწლიურად ემატება და აკლდება საგნები. დღემდე ერთ-ერთი განხილვადი თემაა რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლაში. საზოგადოების ნაწილი ითხოვს საგნის დაბრუნებას, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია.

image


რელიგიის სწავლების მომხრეები უმთავრესად მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ საკუთარი რელიგიის შესახებ. თუმცა, საგნის სწავლების დადებით შედეგზე სხვა ბევრი არგუმენტიც მეტყველებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ზოგად განათლებას და ერუდიციას, რაც ვფიქრობ, უეჭველად მოიცავს რელიგიათა ისტორიის ცოდნას. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი ანიჭებს ადამიანს შესაძლებლობას, საკუთარ აზრსა და ხედვაზე დაყრდნობით აირჩიოს ის რელიგია, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება მის ინტერესებსა და სულიერებასთან.


ჩემი აზრით, რელიგიის ისტორიის გაკვეთილები უნდა იყოს არა ფანატიკური და რადიკალური, არამედ ძალიან ზოგადი და შემეცნებითი ხასიათის. აქცენტი უნდა გაკეთდეს ტოლერანტობასა და მულტიკულტურული საზოგადოების შექმნის აუცილებლობაზე. შედეგად მივიღებთ ახალგაზრდებს, რომელთაც გააზრებული ექნებათ საკუთარი და სხვათა რელიგიების მნიშვნელობა.

ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლის მოქალაქეობრივი მრწამსის ჩამოყალიბებასაც.

ძალიან საფრთხილოა ამ საგნის მასწავლებელთა შერჩევა. აუცილებელია, შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მათ გადამზადებას, ფსიქოლოგიური მზაობის დონეს და სწავლების მეთოდს. სწორედ მენტორ-მასწავლებლებზე იქნება დამოკიდებული მოსწავლეების მიერ საგნის აღქმა და დამოკიდებულება სასწავლო მასალისადმი.


image



რაც შეეხება საწინააღმდეგო არგუმენტებს, ისინი, ჩემი აზრით, უფრო ახლოს არიან რეალობასთან. რელიგიის ისტორიის სწავლების დადებითი პრაქტიკა ნამდვილად გვაქვს აშშ-სა და ევროპის ქვეყანათა მაგალითზე, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

საქართველოს ისტორიის კურსი სკოლაში თავისთავად მოიცავს საკმაოდ ვრცელ პარაგრაფებს მსოფლიო რელიგიების შესახებ, ამიტომ მსგავსი შინაარსის გაკვეთილების ცალკე საგნად დამატება მხოლოდ სასკოლო ცხრილის გადატვირთვას გამოიწვევს.

ამ თემაზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვების ასაკი და ფსიქოლოგიური მზაობა. სკოლის ასაკში მოსწავლეები შეიძლება კარგად ვერ იაზრებდნენ რიგი საკითხების მნიშვნელობას, ამიტომ საგნის სწავლამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოადინოს მათზე.

უარყოფითი ასპექტის გათვალისწინებისას უნდა ვახსენოთ რელიგიური ფანატიზმის საფრთხეც, ასევე ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ბავშვებს შორის და სხვ.

ვფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საკითხის კარგად გააზრება, პრობლემისა და მიზნის სწორად ჩამოყალიბება, რელიგიის ისტორიის სწავლება ნამდვილად დადებით შედეგს მოიტანს მოსწავლეებისთვის. თუმცა, რეფორმების გატარებამდე აუცილებელია წინასწარი მომზადება, არსებული რეალობის შეფასება და დაფიქრება იმაზე, თუ რისი შეცვლა გვსურს.



1
36
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ცინცაძე
თამარ ცინცაძე
36
  
2018, 1 მარტი, 17:59
აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს! ოღონდ არა იმ ფორმით, როგორც ახლა ხდება. როცა მხოლოდ ერთ რელიგიას ასწავლიან. ბავშვებს წარმოდგენა უნდა შეექმნათ ყველა აღმსარებლობაზე, მათ ძირითად განმასხვავებელ და საერთო ნიშნებზე, ყველანაირი მიკერძოების გარეშე.
0 1 1