x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
ბავშვზე ძალადობის შედეგები.რას განიცდის ბავშვი?



image

ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა, რის შედეგადაც ისინი ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად მრისხანებენ და ეს განცდა ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ.მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი კი, პირიქით, განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს .ორივე შემთხვევაში დარღვეულია კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ უფროსების და თანატოლების ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები კი გამოირჩევიან სექსუალური ურთიერთობის დეტალების ცოდნით და სექსუალური ქცევით, რაც მათი ასაკისთვის შეუფერებელია. იგი ვლინდება სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას. ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოზრდილ ასაკში თავად ხვდებიან აღვირახსნილი მოქმედების ინიციატორნი ან მოძალადეები.

ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ყველაზე ხშირი რეაქციაა დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებას, რომელიც ძალადობასთანაა დაკავშირებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას.ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ ის ცუდია. ამის გამო ასეთ ბავშვებს გარშემომყოფებთან ურთიერთობა და მათგან პატივისცემის მოპოვება უჭირთ.ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია.იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით . მსოფლიო მასშტაბით მიღებული მონაცემების შედარება გვიჩვენებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთან.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს თან სდევს სირცხვილის, ბრაზის, სასოწარკვეთის, ხშირად - სიძულვილისა და შურისძიების განცდები. ბავშვი გაორებულია : მას უყვარს თავისი მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს.ამგვარი გაორება შინაგან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, ბავშვის დაბნეულობასა და ეჭვს იწვევს. ის მუდმისი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება.

ბავშვი ძალადობასთან გამკლავებას სხვადასხვა გზით ცდილობს :

1.ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესულ, შემტევ როლს ირჩევს. ის ძალადობას მაიბაძვისა და მაგალითის ძალით სწავლობს. ყალიბდება მოძალადის როლი.აგრესორის ნიღბის უკან კი შეშინებული ბავშვი იმალება, რომელმაც ეს ნიღაბი მშობლისგან თავის დასაცავად მოირგო და შეისისხლხორცა.

2. ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს. ეს მასში ბრალეულობის და დანაშაულის განცდებს ბადებს და განამტკიცებს. ყალიბდება მსხვერპლის როლი, რაც გულისხმობს სირცხვილის გრძნობას, გაუბედაობას, ზოგჯერ საკუთარი უმწეობით და დაჩაგრულობით მანიპულირებას.

მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობას გადადის. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს : ფსიქოლოგებს, იურისტებს, ექიმებს.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0