x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508476
როგორ გამოვხატოთ კეთილგანწყობა სხვების მიმართ?
image
კეთილგანწყობა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოიხატოს: კეთილი საქციელით, კეთილი სიტყვებით და კეთილი გრძნობებით. კეთილი გრძნობების გადაცემას ჩვენ უმეტესად ვახდენთ არავერბალური გზით - ღიმილით, მზერით ან შეხებით. კეთილი საქციელი შეიძლება გამოიხატოს რაიმე საჩუქარში ან დახმარებაში, რაიმე სასიამოვნოს გაკეთებაში, სასიამოვნო სიტყვებს კომპლიმენტებს ვუწოდებთ. ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ მისთვის უფრო ადვილია რაღაცის ჩუქება სხვისთვის, ვიდრე იმ ადამიანისთვის სასიამოვნო სიტყვების, კომპლიმენტის თქმა.

კომპლიმენტების სახით დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია, რადგან:

  • როდესაც საქმიან პარტნიორებს ვაქებთ, ჩვენ ვეხმარებით მათ იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად სხვის თვალში და ვქმნით საქმიანი კონტაქტის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ახლობლებისთვის კომპლიმენტის თქმით კი კიდევ უფრო ვამტკიცებთ ახლო ურთიერთობებს.
  • როდესაც სხვა ადამიანებს ვეუბნებით კომპლიმენტებს, ჩვენ მათაც ვასიამოვნებთ და ჩვენს თავსაც ვეხმარებით. მარკ ტვენის სიტყვებით “საკუთარი თავის გამხნევების ყველაზე კარგი გზა სხვისი გამხნევებაა“. როდესაც თქვენ პარტნიორში ღიმილს ან სასიამოვნო გაოცებას იწვევთ, თქვენ საკუთარ პრობლემებს ივიწყებთ და განწყობილებას იუმჯობესებთ.
  • რაც მეტ კომპლიმენტებს ეტყვით სხვა ადამიანებს, მით მეტი დაგიბრუნდებათ.

  • კომპლიმენტის დროს სასურველია აღნიშნოთ პიროვნების არა ის ასპექტები, რომლებიც დადებითად ახასიათებს პარტნიორს, როგორც თანამშრომელს ან მოსწავლეს, არამედ ის ასპექტები, რომლებიც მიუთითებენ მის დადებით პიროვნულ თვისებებს. თუ კონსტრუქციული შეფასება - მოწონება ადამიანის მოქმედებათა ღირებულების აღიარებაა, კომპლიმენტი პიროვნების ღირებულების აღიარებაა.

    კომპლიმენტის თქმის პროცესი რამდენი ნაბიჯისგან შედგება:


    პირველი ნაბიჯი თქვენი დადებითი დამოკიდებულების გამოხატვაა.დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა შეიძლება დაიწყოს ფრაზით: „მე მომწონს შენში...“ „მე მომწონს, როდესაც შენ... „

    მეორე ნაბიჯი დაკონკრეტებაა.დეტალურად დააკონკრეტეთ, რა მოგეწონათ; როგორც კონსტრუქული უკუკავშირისას, ისე კომპლიმენტიც უფრო ბუნებრივი და დამაჯერებელი ხდება, თუ კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. ყოველ ადამიანს სურს მოისმინოს თავის შესახებ რაიმე კონკრეტული, რადგან სწორედ კომპლიმენტის კონკრეტულობა აძლევს შესაძლებლობას იგრძნოს მისი ობიექტურობა და ბუნებრიობა. ამდენად, არა უბრალოდ - „თქვენ კარგად გამოიყურებით“, არამედ კომპლიმენტი უფრო დამაჯერებლად ჟღერს, როდესაც თქვენ ამბობთ „ახალი ვარცხნილობა ძალიან გიხდებათ და კაბაც ძალიან ეხამება თქვენს ფერებს“. ამდენად კომპლიმენტის ჩამოყალიბებისას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება მცირედ შესამჩნევ დეტალებს და თვისებებს.

    მესამე ნაბიჯი-მოახდინეთ მოწონების არგუმენტირება. ახსენით, რატომაა კარგი, ის რაც თქვენ აღნიშნეთ. თქვენი დადებითი შთაბეჭდილება შესაძლებელია მყარად არგუმენტირებული იყოს სიტვებით „რადგან, ...“. მაგალითად, „თქვენ ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ, რადგან ყოველთვის პოულობთ დროს სასიამოვნო წვრილმანებისთვის, რომლებიც მე განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს.

    მეოთხე ნაბიჯი-აქცენტი სულიერ თვისებებზე. გააკეთეთ დასკვნა პიროვნების სულიერი თვისებების შესახებ. გარეგანი თვისებებით აღფრთოვანებით ჩვენ ბევრად ნაკლებ შთაბეჭდილებას ვახდენთ, ვიდრე, როდესაც აღვნიშნავთ პიროვნების სულიერ თვისებებს:

    • "თქვენ იმდენი დრო დამითმეთ, როდესაც სულ არ იყავით ვალდებული ეს გაგეკეთებინათ. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ყურადღებიანობით."

    კომპლიმენტი სრულყოფილად ანიჭებს სიამოვნებას ადამიანს შემდეგი პირობების დაკმაყოფილებისას:

  • პარტნიორის თვალსაზრისისთვის შესაბამისობა. თუ კომპლიმენტი არ შეესაბამება იმას, რასაც აფასებს თავისთავში ადამიანი, ის ფაქტიურად შინაგანად უარიყოფა. მაგალითად, ქალიშვილმა, რომელიც თავს ქალურად და მიმზიდველად მიიჩნევს, შეიძლება არ მიიღოს კომპლიმენტი, რომელიც მის ძალასა და გამბედაობას უსვავს ხაზს.
  • კომპეტენტურობა.აქაც მნიშვნელობა აქვს კომპლიმენტის მთქმელი ადამიანის მიმართ ნდობას და რეპუტაციას კომპლიმენტის ობიექტის თვალსაზრისით.
  • კომპლიმენტში არ უნდა იყოს ორმაგი აზრი.კომპლიმენტი მხოლოდ დადებით თვისებებს უნდა ეხებოდეს. მაგალითად „როგორ გიხდება ეს კაბა! SECOND HAND-ში ხომ არ იყიდე?“
  • კომპლიმენტს არ უნდა მოსდევდეს კრიტიკა. არ უნდა გააფუჭოთ კომპლიმენტის შემდეგ შთაბეჭდილება კრიტიკით, კრიტიკა კეთილგანწყობილი რომც იყოს. მაგალითად - „ოქროს ხელები გაქვს, მაგრამ ზარმაცი ხარ.“
  • კომპლიმენტს თან არ უნდა ახლდეს ჭკუის სწავლება. კომპლიმენტი უნდა ახდენდეს რაიმე თვისების დადასტურებას და მას არ უნდა მოსდევდეს რეკომენდაციები და ამ თვისების გაუმჯობესების პრაქტიკული რჩევები.
  • რეალობასთან შესაბამისობა.კომპლიმენტში აღნიშნული დადებითი თვისება უნდა შეესაბამებოდეს რეალობას, ე.ი. უნდა იყოს საფუძვლიანი და არგუმენტირებული. არაგულწრფელი კომპლიმენტი, რომელიც აშკარად გაზვიადებას შეიცავს, აღიქმება ხელოვნურად, პირფერობისა და მლიქვნელობის განცდას იწვევს.
  • 0
    36
    შეფასება არ არის
    ავტორი:დიანა ამირეჯიბი
    დიანა ამირეჯიბი
    36
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0