x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჯონათან დიმის ფილმი "ფილადელფია" და სტიგმა
image
განსხვავებული, არაჩვეულებრივი, იშვიათი და შესაბამისად, აქამდე უცნობი მოვლენა, ობიექტი თუ სუბიექტი საზოგადოების მხრიდან ოდითგანვე საფრთხედ აღიქმება. ის, რაც ნორმების და სტანდარტების ჩარჩოში ვერ თავსდება, რაც უკვე არსებული კოგნიტური სქემების შეუსაბამოა, გაურკვევლობას და შიშს აღძრავს ადამიანებში. ამიტომ სოციუმი თავდაცვის, საკუთარი უსაფრთხოების გამო განსხვავებული ნიშნის სუბიექტებს რიყავს, აუფასურებს, მიმღებლობას არ უცხადებს და არ აძლევს საკუთარი სოციალური კატეგორიის წევრობის უფლებას. ერთი სიტყვით ასტიგმატიზირებს. სტიგმატიზირებულია ადამიანი, რომლის სოციალური იდენტურობა, ან გარკვეული სოციალური კატეგორიის წევრობა ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად მის ადამიანურობას - სხვების თვალში ის უფასურდება და ჩნდება ბზარი მის შესახებ წარმოდგენაში. მასტიგმატიზირებელი მხარის პერსპექტივიდან კი სტიგმატიზაცია მოიცავს სხვისთვის ადამიანური სახის დაკარგვას, მუქარას, ზიზღს და ზოგ შემთხვევაში მათ გადაქცევას სტერეოტიპულ დაცინვის ობიექტებად.

ამჯერად მინდა ყურადღება გავამახვილო ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტიგმის გამომწვევ ნიშანზე-შიდსსა და ჰომოსექსუალობაზე.

ჰომოსექსუალობა სოციუმში პირველ რიგში ნორმიდან გადახრას გულისხმობს. ის ეწინააღმდეგება ნატურალობის კანონს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისა და კავშირის შესახებ. ის რეალური, ჭეშმარიტი ემოციური და სექსუალური ურთიერთკავშირის დარღვევასთან ასოცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ 1973 წლამდე ჰომოსექსუალობა მენტალურ დარღვევადაც კი მიიჩნეოდა. მართალია დღეს ჰომოსექსუალები მენტალურად დაავადებულებად ოფიციალურად აღარ ითვლებიან, მაგრამ ხალხი მათ სტიგმატიზირებას მაინც ახდენს. აშკარად გამოხატავს მათ მიმართ ზიზღს, უარყოფას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ისინი იტანჯებიან ოჯახისგან მიუღებლობით, გარიყვით, სიმარტოვით, შევიწროვებით სამსახურსა თუ საზოგაოებაში და სწორედ ამიტომ, კვლევებმა უჩვენა, რომ ფსიქიკური დაავადებები, როგორიცაა დეპრესია, სუიციდის მცდელობები და წამალდამოკიდებულება, სწორედ ჰომოსექსუალებში ჭარბობს. ამას ემატება საზოგაოებაში ჭეშმარიტებას მოკლებული, რეალობას აცდენილი, მაგრამ ღრმადფესვგამდგარი წარმოდგენები, მოლოდინები ჰომოსექსუალების მიმართ, რომელთა გავრცელებასაც ფილმებსა და სოციალურ რეკლამებში შექმნილმა პროტოტიპებმა შეუწყეს ხელი. რაც შეეხება შიდსს, ის ოდითგანვე შეჭიდული იყო ჰომოსექსუალობასთან. მიიჩნეოდა, რომ ჰომოსექსუალობა იყო მთავარი მიზეზი ეპიდემიის გავრცელებისა. სწორედ ამიტომ, გეები ავტომატურად ამ დაავადების გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებად მიიჩნეოდნენ. საბოლოო შედეგი კი მათი საზოგადოებისგან გარიყვა და ნეგატიური დამოკიდებულება იყო. დამოკიდებულება არც დღეს შეცვლილა. ვინაიდან ლგბტ პირები კვლავ ცოდვილ, გარყვნილ, უზნეო და ანოლმალიურ პირებად მიიჩნევიან, საზოგადოება ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით შიდსი სწორედ მათი არაჯანსაღი, ანომალიური ცხოვრების წესიდან იღებს დასაბამს.

ფრაზა, რომელსაც მოვიყვან, შესანიშნავად აღწერს თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაა დღეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით-„ჩემი შვილი უარს ამბობდა საავადმყოფოში წასვლასა და მედიკამენტების მიღბაზე. ჩემი შვილი გარდაიცვალა დისკრიმინაციისა და სტიგმის შიშით“ (Patience Eshun from Ghana, who lost her daughter to an AIDS-related illness) მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მინდა განვიხილო კონკრეტული ფილმი, სადაც გამოკვეთილადაა გაშუქებული პრობლემა, რომელსაც წინარე მონაკვეთში შევეხეთ. საუბარია ჯონათან დიმის(demme) 1993 წლის ფილმზე-ფილადელფია, რომელიც ჰოლივუდური ფილმებიდან ერთერთი პირველია შიდსის, ჰომოსექსუალობისა და ჰომოფობიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მცდელობით.


image

მთავარი გმირის ენდრიუ ბეკეტის როლს ტომ ჰენკსი თამაშობს. ენდრიუ ფილადელფიის პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში მუშაობს და თავის სექსუალურ ორიენტაციას, ურთიერთობას პარტნიორთან, მიგელთან(ანტონიო ბანდერასი) და შიდსით დაავადებულის სტატუსს საგულდაგულოდ მალავს თანამშრომლებისგან. როგორც კი მისი ფიზიკური ჯანმრთელობა გაუარესებას იწყებს(დაავადება ხილული ნიშნებით ვლინდება, როგორიცაა ლაქები სახეზე, რაც სარკოლემას მიუთითებს და ეს ყოველივე შიდსის სიმპტომად ხასიათდება), ენდრიუ ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან დავალებას იღებს მმართველისგან. ის ცდილობს ლაქების დამალვის მიზნით სახლში დარჩეს და ისე შეასრულოს დავალება. დავალებას მართლაც შესანიშნავად ართმევს თავს, შუაღამეს მიდის ოფისში, ტოვებს ნაშრომს, ასევე მის ელექტრონულ ვერსიასაც და უკან ბრუნდება. მაგრამ დილით ატყობინებენ, რომ მისი შესრულებული დოკუმენტი დაიკარგა, არც კომპიუტერში იძებნება და დროის ამოწურვამდე მხოლოდ 75 წუთია დარჩენილი. ბოლო წუთში დოკუმენტი ისევე უცნაურად ჩნდება, როგორც გაქრა და ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. თუმცა მომდევნო დღეს ენდრიუს სამსახურიდან დაითხოვენ. მმართველები თავიანთ გადაწყვეტილებას ენდრიუს ბოლოდროინდელი არაკომპეტენტურობით, არაადექვატურობით, დაბნეულობით ახსნიან. ენდრიუ ხვდება, რომ რეალური მიზეზი შიდსით გამოწვეული დისკრიმინაციაა, ვინაიდან ახსენდება, რომ შუბლზე გაჩენილი ლაქა ერთერთმა მმართველმა შეამჩნია. ამიტომ გადაწყვეტს ჩივილს. ერთადერთი ადვოკატი, რომელიც მის საქმეს აიღებს, არის თავდაჯერებული ჰომოფობი ჯო მილერი(დინზელ ვაშინგტონი). საინტერესოა, გავაანალიზოთ მილერის მიერ განვლილი გზა თანხმობამდე, ვინაიდან, რეალურად ენდრიუს პირველივე ჯერზე არ დათანხმებია. როცა ენდრიუსგან მოისმინა, რომ შიდსი ქონდა, მასთან გულთბილი ხელისჩამორთმევა მაშინვე გაქრა, ხელი სასწრაფოდ გამოარიდა, შარვალზე შეიწმინდა და უკან დაიხია. ჩანს, უმალვე შიდსის გადადებასთან დაკავშირებულმა სტერეოტიპებმა იჩინეს თავი.თუ გავიხსენებთ ინფორმირების პროცესს, რაც სტერეოტიპების სტიგმად გადაქცევას უწყობს ხელს, ვიტყვით, რომ როცა სტერეოტიპები აქტივირდება ადამიანები იწყებენ ჯგუფის წევრების დახასიათებას იმ ტერმინებით, რაც ჯგუფის ზოგად სტანდარტზეა აგებული. მილერიც იმ უმრავლესობაში მოხვდა, ვინც არ იცოდა ავადმყოფობის რეალური გადადების გზები. ამის შემდეგ ის აქტიურად აკვირდებოდა ენდრიუს ყველა მოძრაობას და იმახსოვრებდა მის თითოეულ შეხებას ნივთებთან, რომელთაც შემდეგ აუცილებლად გადაყრიდა. იგივე ინფორმაციის ნაკლებობა გამოვლინდა მეუღლესთან საუბრისას, როცა მილერმა თქვა, რომ არ უნდა ეხებოდეს და მასთან ერთად სუნთქავდეს ჰაერს, ასევე უყოყმანოდ მიიღო შეხედულება, რომ შიდსი ურთერთდამოკიდებული იყო ჰომოსექსუალობასთან, გააქტიურდა მისი ჰომოფობია და ენდრიუს ვარაუდს, რომ დაავადების გამო გაათავისუფლეს, მაშინვე მისი ფანტაზიის ნაყოფი უწოდა და უარით გაისტუმრა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაშინგტონი თამაშობს „ყველას“ როლს, ვინც ჰომოფობიურ ტენდენციებს იზიარებს. ის, როგორც სხვა მრავალი, იძულებულია ხელახლა გადააფასოს თავისი ფანატიზმი და გრძნობები გეების მიმართ და გაცხრილოს წარმოდგენა სიმბოლოებისა და კარიკატურებისგან. ფილმის მიხედვით ამ ორაზროვნების გადაწყვეტაში მილერს ბიბლიოთეკაში შექმნილი სიტუაცია ეხმარება, ის გახდება მოწმე, როგორ მოითხოვს ბიბლიოთეკარი ენდრიუსგან, რომ ცალკე, იზოლირებულ ოთახში გადავიდეს და იქ იკითხოს შიდსთან დაკავშირებული ლიტერატურა, ამის გაგონებაზე სხვა მკითხველი უმალ ტოვებს სამკითველო დარბაზს. მილერი აანალიზებს, რამდენად უჭირს ენდრიუს საზოგადოებისგან გარიყვა, ახსენდება საკუთარი ადრინდელი გაჭირვება რასასა და კანის ფერთან დაკავშირებით და სძლევს თავის ჰომოფობობას.ის ენდრიუს ადვოკატობაში თანხმდება. უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი წინაპირობა- მილერის მიერ დაავადების შესწავლა-მან ექიმისგან დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო შიდსისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, რამაც ხელი შეუწყო შიშის დაძლევას.

ამის შემდეგ, სიუჟეტს რომ გავყვეთ, სასამართლოზე, თითოეული მმართველი თავიანთ გადაწყვეტილებას ენდრიუს გათავისუფლების შესახებ, მისი ბოლოდროინდელი არაკომპეტენტურობით ხსნის და ასევე ადანიაშაულებს მას პირფერობასა და სიცრუეში, რომ გაუფრთხილებლად შეიტანა დაავადება კომპანიაში, საფრთხეში ჩააგდო თანამშრომლები და მათ სიცოცხლეს შეუქმნა სავალალო მდგომარეობა. აქაც თავს იჩენს არასწორი და დამახინჯებული ინფორმირებულობა, რაც ხელს უწყობს მწირი ინფორმაციის გადაფარვის და შევსების მიზნით სტერეოტიპების ამოქმედებას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას და ჯონსისა(Jones, 1984) და კოლეგების მიერ გამოყოფილი მასტიგმატიზირებელი პირობების მე-6 განზომილება-საფრთხე გავიხსენო, რომელიც გულისხმობს იმ საშიშროებას, რაც მასტიგმატიზირებელი პირობების გამო შესაძლოა დაემუქროს სხვა ადამიანებს. როცა მმართველებმა გააცნობიერეს, რომ შიდსის მატარებელი პირი მათთან ერთად სუნთქავდა, ჭამდა, დადიოდა და ა.შ, არასწორი ინფორმირებულობის გამო, ჩათვალეს რომ ამგვარი სიახლოვე საფრთხის შემცველი იყო და მისი ჩამოცილება გადაწყვიტეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ხაზგასამელი. ფილმის მიხედვით, ერთერთ მთავარი მმართველს, რომელმაც შეამჩნია ენდრიუს ლაქა შუბლზე, მანამდეცჰყავდა შიდსის მატარებელი ქალბატონი მდივნის პოზიციაზე. როგორც სასამართლო პროცესის დროს ამ ქალბატონმა აღნიშნა, მართალია, მმართველი მასტან ურთერთობისას შიშისა და თავის არიდების ძლიერი ტენდენციით გამოირჩეოდა, მაგრამ სამსახურიდან არ დაუთხოვია. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქალს შიდსი სისხლის გადასხმის დროს, თავისდაუნებურად გადაედო. weiner-ის ატრიბუციებზე დაფუძნებული ემოციისა და ქცცევის მოდელის მიხედვით, სტიგმის ნეგატიურობა დამოკიდებულია სტიგმატიზირებულის პასუხისმგებლობაზე. ნაკლები პასუხისმგებლობა თანაგრძნობასა და სიმპათიასთანაც კია დაკავშირებული, ამიტომ არ გაუშვეს ნახსენები ქალბატონი სამუშაოდან, მას შიდსი გარეგანი ფაქტორების მოქმედებით გადაედო, ენდრიუს შიდსი კი ჰომოსექსუალობას დაუკავშირდა, რაც შინაგანი პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ გამოიწვია ასეთ მწვავე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. მას შეეძლო გაეკონტროლებინა საკუთარი თავი, ამიტომაც ის მსხვერპლად არ მიიჩნიეს, ქალბატონისგან განსხვავებით. აქვე ერთვება სამართლიანი სამყაროს რწმენის პრინციპიც-ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ენდრიუ იმიტომ დაავადდა შიდსით, რომ მას სამაგიერო მიეზღო თავისი უმსგავსო, უტიფარი ცხოვრების წესის და გადაგვარებული ორიენტაციის გამო. მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება და სტატუსი კი სწორედ მისივე განსხვავებული მახსიათებლების განსხვავებულობით აიხსნება.

დასასრულს, ენდრიუს მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და სასამართლო პროცესის პერიოდში გადაყავთ საავადმყოფოში. ამის შემდეგ კიდვ ერთი საინტერესო პერსონაჟი ჩნდება-ბობ სიდმენი, რომელიც გამოტყდა, რომ შემჩნეული ქონდა ენდრიუს ლაქაც და ვარაუდობდა მის ავადმყოფობას, თუმცა არავისთვის უთქვამს, თვითონ ენდრიუსთვისაც კი, ის ნანობს, რომ არ მისცა შესაძლებლობა, შანსი აეხსნა, გაემხილა თავისი მდგომარეობა, რაც ძალიან დაეხმარებოდა სტრესის დაძლევაში. იმის გამოსაკვეთად, თუ რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერა უმცირესობისთვის/ დაზარალებულისთვის, მინდა მოვიყვანო შემდეგი ფრაზა: „როცა შიდსმა გაიმარჯვა, სტიგმა, დისკრიმინაცია, სირცხვილი და უნდობლობა იქვე იყო, ხოლო შიდსი დამარცხდა ნდობის, გახსნილობის, საზოგადოებისა და სოციუმის ურთერთკავშირის, ოჯახის მხარდაჭერის დამსახურებით, სოლიდარობით რომ ახალი გამოსავალი ეპოვათ“- Michel Sidibé, Executive Director of UNAIDS.

„ფილადელფიამ“ ამერიკელი ხალხი რეალური და მწვავე ტკივილით, სირცხვილით და ბნელი მხარით გააშიშვლა.


0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0