x
პარტნიორის შერჩევის ფუნდამენტური პრინციპები
imageუმეტესობა ჩვენგანი ეძებს პარტნიორს ხანგრძლივი ან ზოგჯერ ხანმოკლე ურთიერთობისთვის. მაგრამ საინტერესოა როგორ ვირჩევთ? ჩვენ ხომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასობით და ათასობით ადამიანს ვხვდებით. შესაბამისად, რთულია ამდენი კანდიდატისგან საუკეთესოს არჩევა. ფსიქოლოგია ცდილობს პასუხი გასცეს ამ შეკითხვას და მოგვაწოდოს ახსნა.


ძირითადად, ეს საკითხი განხილულია 2 თეორიის მიხედვით. პირველი, ეს არის ევოლუციური მიდგომა, რომლის თანახმადაც ჩვენთვის მიმზიდველი და სასურველია ისეთი ფიზიკური მახასიათებლები და ქცევითი ტენდენციები, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს გადარჩენას. ამასთანავე, ევოლუციური თეორიის მიხედვით, ბიოლოგიური და ანატომიური განსხვავებები ქალსა და კაცს შორის აისახება იმაში, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხა რაიმეს პარტნიორის შერჩევისას. მაგალითად, ქალს სჭირდება დახმარება და დაცვა ორსულობის დროს და ასევე ქალთა ნაყოფიერების ასაკი შეზღუდულია. შ ესაბამისად, ის მამაკაცები, რომელთან შეუძლიათ ზრუნვით უზრუნველყონ ქალები, აღიქმებიან უფრო სასურველად და ამის საპირისპიროდ, ახალგაზრდობა და ნაყოფიერება არის ის თვისებები, რაც მამაკაცთათვის მიმზიდველია. კვლევები აჩვენებს, რომ როცა საქმე ეხება ხანგრძლივ ურთიერთობებს, ქალები ყურადღებას აქცევენ სტატუსის პარამეტრის მნიშვნელობას, მაშინ როცა მამაკაცები კონცენტრირდებიან ახალგაზრდულობაზე.


მეორე მხრივ, სოციალური როლის თეორია, რომელიც შემუშავებულია ამერიკელი ფსიქოლოგის, ელის იგლის მიერ, ამბობს, რომ ბიოლოგიურზე მეტად, სოციალური პროცესები განსაზღვრავს ჩვენს სოციალურ არჩევნებს. არჩევა ხდება სწორედ იმ როლების გათვალისწინებით, რომელთაც საზოგადოებაში იკავებს ქალი და კაცი. დღესდღეობით, მოსალოდნელია, რომ უპირატესობათა გადაფასება მოხდება, იმდენად რამდენადაც, იცვლება სოციალური ნორმები. მაგალითად, თუ მომავალში უმეტესობა პოზიციებისა და მატერიალური რესურსებისა ქალების ხელში იქნება, მამაკაცთა სტატუსსა და სიმდიდრეს აღარ ექნება იმდენი მნიშვნელობა. შესაბამისად, წინა პლანზე მათი ფიზიკური გარეგნობა, ახალგაზრდობა წამოიწევს.


გასული 50 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს რომ ადგილი აქვს ფუნდამენტალურ ცვლილებებს პარტნიორის შერჩევისას. სახლის საქმეები, როგორიცაა საჭმლის მომზადება და დასუფთავება, აღარაა განხილული, როგორც მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ორივე სქესისთვის. ეს ცვლილებები მიგვითითებს, რომ კულტურას აქვს დიდი გავლენა იმ თვისებებზე, რასაც ჩვენ მიმზიდველად მივიჩნევთ.



1940-იანი წლებიდან მოყოლებული კვლევები წარმოაჩენს რამდენიმე „მიზიდულობის კანონს“, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტნიორის შერჩევაზე. ახლა განვიხილავთ თითოეულ მათგანს დაწვრილებით.


სიახლოვე და წარდგენის ეფექტი - ზოგადად, ჩვენ მოგვწონს ის, ვისთანაც გვაქვს ხშირი კონტაქტი. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ადამიანთან, მით მეტია იმის შანსი, რომ ჩვენ ის მოგვეწონება, მივიღებთ და შეგვიყვარდება კიდეც. ყველამ ვიცით, რომ ვიღაცასთან გაზრდილი ინტერაქციით ზოგჯერ იზრდება ფრუსტრაცია და აღშფოთება, თუმცა ეს ამ წესის გამონაკლისს წარმოადგენს. მარტივი წარდგენით ყოველდღიური კონტაქტის საფუძველზე, უცნობები ხდებიან ჩვენი მეგობრები და ა.შ.


ფიზიკური მიმზიდველობა - ცხოვრებისეული უპირატესობაა, რომელიც ფუნდამენტური მმნიშვნელობისაა ქორწინების საკითხებში. ძირითად შემთხვევებში, ადამიანებს არ სურთ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაატარონ არასასიამოვნო ფიზიკური გარეგნობის მქონე პირებთან. ფიზიკური მიზიდულობა, მარკეტინგის წესებთან შეგვიძლია დავაკავშიროთ. კარგი საქონელი ღირს უფრო მეტი და მყიდველი იღებს იმას რისი საშუალებაც აქვს და არა იმას, რაც უნდა. შესაბამისად, მეტად მიმზიდველი ურთიერთობს მის მსგავსთან და ა.შ


პიროვნული მახასიათებლები- კვლევების შედეგად გამოიყოფა ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც მიჩნეულია უფრო მიმზიდველად სხვებთან შედარებით . ესენია : კომპეტენცია და სითბო, მზრუნველობა. კომპეტენტურობა დაკავშირებულია ინტელექტთან და სოციალურ უნარებთან, მაშინ როცა კეთილი ხალხი სითბოსთან ასოცირდება. ეს ორი ფაქტორი თამაშობს ძირითად როლს პარტნიორის შერჩევისას.


სიახლოვე - უმეტესობა ჩვენგანი დაქორწინდება მასზე, ვინც ცხოვრობს ჩვენთან ახლოს. ძალიან მცირეა იმის ალბათობა რომ ურთიერთობა გვექნება მასთან, ვინც ტრანსატლანტიკური ფრენის მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. ურთიერთობა, რომელიც დიდი მანძილით აშორებს წყვილს, რთული შესანარჩუნებელია. უფრო ხშირად სრულდება წყვილის დაშორებით.


მსგავსება -ეჭვგარეშეა რომ ჩვენ გვიზიდავენ ის ადამიანები, ვინც ჩვენი მსგავსია.ექსტრავერტებს მოსწონთ ექსტრავერტები, განათლებულებს განათლებულები და ა.შ. ჩვენ ვამჯობინებთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისაც მსგავსი პიროვნული შტრიხები, ფასეულობები, გამოცდილებები აქვს.ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ ადვილად საკომუნიკაციონნი არიან ასეთი ტიპის ადამიანები, ამასთანავე მათ ესმით ჩვენი, იზიარებენ მსგავს კულტურას, შესაძლებელია მათი ნდობა. მეორე მიზეზი რის გამოც მსგავსნი მოგვწონს, არის ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა, ჩვენ ვფიქრობთ : ის შესანიშნავია, ესე იგი მეც შესანიშნავი ვარ. ვის არ უნდა რომ თავი გამორჩეულად კარგად იგრძნოს?


რამდენიმე წლის წინ იმ მიზნით რომ შეესწავლათ რა პრინციპის საფუძველზე ხდება მეგობრის, პარტნიორის შერჩევა, ამერიკელმა მკვლევრებმა ტოდ შეკელფორდმა, დევიდ შმიტმა და დევიდ ბასმა გაანალიზეს 9000 ზე მეტი ქალისა და მამაკაცის კითხვარები, რომლებიც მოწოდებული იქნა 37 ქვეყნიდან. ისინი იყენებდნენ ‘მთავარი კომპონენტების ანალიზს’. ეს ტექნიკა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ საფუძვლად მდებარე ფაქტორები, რაც ხელს უწყობდა ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას. მკვლევრებმა გამოყვეს 4 უნივერსალური კომპონენტი. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ქვემოთ, მნიშვნელობისდა მიხედვით.


სიყვარული სტატუსისა და რესურსის პირისპირ- პარტნიორის არჩევისას ჩვენ ხშირად ვაწარმოოებთ შინაგან მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან, რის შედეგადაც რომანტიკული სიყვარულის ღირებულება თითქოს ეწინააღმდეგება სოციალურ სტატუსსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. თუ სიყვარული ძლიერია, ჩვენ შესაძლოა გავწიროთ ჩვენი უსაფრთხოება და სტატუსი.


სტაბილურობა კარგი გარეგნობისა და ჯანმრთელობის პირისპირ- პარტნიორის არჩევისას ჩვენ შეიძლება წავიდეთ ემოციური სტაბილობის კომპრომისზე, თუ ის ფიზიკურად ძალიან მიმზიდველია, ან პირიქით, მივიღოთ ნაკლებად მიმზიდველი პარტნიორი, თუ ის ემოციურად ჯანსაღი და სტაბილურია.


განათლება, ინტელექტი ოჯახისა და ბავშვების ყოლის პირისპირ- ჩვენ ვპატიობთ პარტნიორს ვინც დაკავებულია უმაღლესი განათლების მიღებით, თუ მას არ სურს ჰყავდეს ბევრი შვილი. ასევე ვპატიობთ პარტნიორს განათლების შედარებით დაბალ დონეს, თუ ის დაინტერესებულია დიდი ოჯახის ყოლითა და შვილების გაზრდით.


სოციაბილურობა მსგავსი რელიგიის პირისპირ- პირი, რომელიც მსგავსი რელიგიისაა ხშირად აღიქმება როგორც უფრო მიმზიდველი არჩევანი, რეალურად აქვს მას სოციალური უნარები თუ არა. ამის საპირისპიროდ, ის ვისაც ეს უნარები კარგად აქვს განვითარებული, გვიზიდავს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ იზიარებს ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს.


ეს 4 ფაქტორი, დამოუკიდებლად მოქმედებს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მაგრამ პირველი 3 ფაქტორის განხილვისას, მნიშვნელოვანი განსხვავებები იქნა ნაპოვნი სქესთა შორის. ზოგადად, ქალბატონები ანიჭებენ უფრო მეტ ინტერესს სოციო-ეკონომიკურ სტატუსს, ვიდრე რომანტიკულ სიყვარულს. ასევე ემოციურ სტაბილობას, გარეგნობასთან შედარებით და ინტელექტის დონეს, ბავშვების ყოლის სურვილთან შედარებით. ეს თვისებები მამაკაცებისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია როცა ისინი ეძებენ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მეწყვილეს.ისინი აფასებენ გარეგნულ სილამაზეს, ახალგაზრდობას, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და შვილების ყოლის სურვილს.


კვლევები ცხადყოფს, რომ ქალები არიან უფრო სელექციურები და მომთხოვნები პარტნიორის შერჩევისას, ვიდრე მამაკაცები. ამის ერთი მიზეზი არის, რომ ისინი ბევრს კარგავენ ცუდი არჩევნის გაკეთებისას. ქალები არიან უფრო მოწყვლადნი, ასე რომ ისინი უნდა იყვნენ უფრო ფრთხილად. მეორე მიზეზი ქალთა ამგვარი შერჩევითობისა არის ის, რომ შთამომავლობის მოცემისას მათ უწევთ უფრო მეტის ინვესტირება და რისკზე წასვლა.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დაახლოებით ვიცით რის საფუძველზე ხდება პარტნიორის შერჩევა და პოტენციური კანდიდატების იდენტიფიცირება.თუმცა მეცნიერული პასუხი „საბოლოო შერჩევაზე“ ჯერ კიდევ არ გვაქვს. ისმის კითხვა : როგორ ვირჩევთ ერთს შესაბამისი კანდიდატების ჯგუფიდან?


ზემოხსენებული წესები როგორც ჩანს არ მიემართება ამ საბოლოო ფაზისკენ. მათ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი წესის თანახმად ჩვენ ყველაზე მეტად მოგვწონს ის, ვინც ჩვენი მსგავსია, შესაბამისად ჯგუფიდან ავარჩევთ ისეთს, ვინც ყველაზე მეტად გვგავს.თუმცა გამოკვლევებით არ დასტურდება ეს ვარაუდი. უფრო მეტიც, მკვლევრებმა დევიდ ლიკენმა და აუკ ტელეგანმა აჩვენეს 90-იან წლებში, რომ იდენტური ტყუპების ცოლები სრულიად არ ჰგვანდნენ ერთმანეთს. ეს შედეგები მიგვითითებს, რომ ბიოლოგია და საზოგადოებას მივყავართ სწორ „მაღაზიამდე“, რომელსაც აქვს „ ნივთები“, რომლებიც შეესაბამებიან ჩვენს ბიუჯეტს, გემოვნებასა და საჭიროებებს. ბიოლოგია და საზოგადოება, თავის მხრივ, არ განსაზღვრავს რა „ნივთს „ ვიყიდით ჩვენ, ამას ჩვენ თავად ვწყვეტთ.



1
27
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
27
  
2020, 5 მაისი, 15:58
გამარჯობათ,ხომ არ შეგიძლიათ გამოყენებული ლიტერატურა გამიზიაროთ?მინდა თქვენი სტატია ნაშრომში გამოვიყენო თუ გამოყენებული ლიტერატურის გაზიარება შეგიძლიათ.
0 1 1