x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ღია წერილი ანსამბლ „იმედის“ წევრებს და ქორეოგრაფს - პასუხის პასუხი
image


ანსამბლ „იმედის“ მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ძალიან გამახარა, რადგან გულწრფელი რომ ვიყო, ორი დღეა სოციალურ ქსელშიც და მანამდე, ანსამბლის ხელმძღვანელის ზარით გამოთქმული პრეტენზიებიდან შინაარსი ვერ გამოვიტანე... გაუგებრად საუბრობდით, ამიტომ რაკი ჩამოყალიბებული პოზიცია წერილობით ვნახე, მადლიერი ვარ, მაგრამ არც ეს განცხადება აღმოჩნდა ყურადღებით და პასუხისმგებლობის განცდით შედგენილი... ვიდრე პასუხს გავცემდე, გეტყვით, რომ დედოფლისწყაროში მოქმედ ანსამბლ „იმედთან“ არავითარი შეხება, ან პირადი დამოკიდებულება არც მაქვს და არც მქონია. ჩემთვის სხვა ანსამბლების მსგავსად „იმედიც“ ერთერთი რიგითი კერაა. იქ მიმდინარე პროცესები კი ჟურნალისტის ყურადღების ცენტრშია, როგორც დადებითი (პიარ) აქტივობები, ისე ნებისმიერი რამ, რაც ფართო მასებს აინტერესებს. ჩვენი გადაკვეთა მხოლოდ მათ აქტივობებს უკავშირდებოდა. არაერთხელ გაშუქებულა მათი საქველმოქმედო, თუ სხვა სახის კონცერტები. ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟები, რომელიც ტელე ეთერით გადაიცემოდა იყო პოზიტიური. ხშირ შემთხვევაში აქტივობებს ვაშუქებდი ექსკლუზიურად. ანუ, ჩვენს გარდა არავის გაუშუქებია. იმედი მაქვს ანსამბლში ეს ახსოვთ. ასე რომ, ჩემი წარმოჩენა, თითქოს ამ ანსამბლის ცუდი მინდა, ან მხოლოდ უარყოფითს ვხედავ - სიცრუეა, რადგან საბოლოო ჯამში მათზე კარგი მასალები უფრო მეტი მაქვს მომზადებული, ვიდრე კრიტიკული და ორივე შემთხვევაში ავტორი მე ვარ. მათთან არც ახლა მაქვს პირადი დამოკიდებულება. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი იყო, ეს ზღვარი ორი დღის წინ თავდაპირველად ანსამბლის ხელმძღვანელმა გადალახა, შესაბამისად...


პირველი, რაც თვალში მეცა, არაპროფესიონალურად მომზადებული სიუჟეტიო ანსამბლში მიიჩნევენ. თუ სიუჟეტს ჟურნალისტიკასთან ახლოს ჩავლილი ნებისმიერი ადამიანი ნახავს, მიხვდება, რომ სიუჟეტი აგებულია ბევრ წყაროზე დაყრდნობით. ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ რადგან ვერ მიხვდით, განვმარტავ: ინფორმაცია გადამოწმებულია ყველასთან, ვინც ეთერში გასვლამდე კონტაქტზე გამოვიდა. მაშინდელ სიუჟეტში თავად ხვიჩა ზუბიაშვილის კომენტარი არ დევს. ეს კი იმიტომ, რომ ბატონი ხვიჩა მაშინ იმალებოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ტელეფონს არ პასუხობდა, მათ შორის არც საკუთარი ბავშვების ზარს პასუხობდა და არც მშობლებისას, მითუმეტეს არ პასუხობდა არც უცხო ნომრებს. სიუჟეტში მოცეკვავეები თავად ამბობენ, რომ რეკავენ, მასწავლებელი კი არ პასუხობს, ამიტომ გაურკვევლად არიან. ამიტომაც მისი პოზიცია ვერც მედიამ გაიგო, ვერც მისმა ანსამბლმა. რადგან ზუბიაშვილი საზოგადოებაში არსებულ ინტერესს არ პასუხობდა, მედია დაეყრდნო მის გუნდს, მისივე ბავშვებს. ყველა მხარემ საკუთარი სურვილით ითანამშრომლა და თავისი ნებით გააკეთა სატელევიზიო კომენტარი. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ჟურნალისტი, ძირითადად ასე ხდება. სხვა რა შენიშვნა გაქვთ, ვერ დააკონკრეტეთ.


გასათვალისწინებელია, რომ პირველივე სიტყვებიდან საუბარი დაიწყო არა რაიმეს ცივილურად გარკვევის მიზნით, არამედ თავიდანვე ქუჩური აქცენტით, ყვირილით, ბილწსიტყვაობით და მუქარით. სწორედ ამის გამო არ გამჩენია მისთვის არაფრის ახსნის სურვილი. არც მისმენდა, რას ვპასუხობდი, თითქმის არ გაუგია. რას მედავებოდა, არც იმას აკონკრეტებდა.



აბსოლუტური ტყუილია, თოთქოს მე სადმე რაიმე განვაცხადე, რომ თურმე „ბავშვების ცოდვა დავიდე“. ჯერ ერთი, ჟურნალისტი საკუთარ მასალებზე ახსნა-განმარტებებს არავის არ აბარებს, ასე მიმაჩნია მეც. მითუმეტეს, თუ რეპორტაჟი ტელე-ეთერში გადაიცემა, ამაზე არც ბოდიშს იხდიან და ავტორები არც ვიმეს უხსნიან რა, როგორ და რატომ მომზადდა. ესაა სარედაქციო საქმიანობა, რედაქციის გადასაწყვეტი და ამას მხარეები არ წყვეტენ. მათ შორის არც ერევიან და სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა კანონით დასჯადია. ისე კი, 15 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და არ მიმაჩნია, რომ რომელიმე კრიტიკული მასალის მომზადებით ცოდვა დავიდე. არცერთი ასეთი ფაქტი არ მახსენდება. ამიტომაც არავითარი ახსნა-განმარტება, არც თავის დროზე, არ მიმიცია ანსამბლისთვის. ერთადერთი რასაც ვადასტურებ, ისაა, რომ ანსამბლიდან წამოსულ შენიშვნებს წლების წინ რეპეტიციაზე ვუპასუხე, რომ ამ სიუჟეტის უკეთესად მომზადება შეიძლებოდა და სასურველი იყო ყოფილიყო თავად მისი კომენტარი, ვისზეც გვქონდა საუბარი. ანუ, ხვიჩას კომენტარი უნდა მოგვეპოვებინა, რაც ვერ მოხერხდა ხვიჩასვე მიზეზით და არა ჟურნალისტის მიუხვედრელობით.


„ხვიჩა ზუბიაშვილის სახელისა და რეპუტაციის შელახვა სურსო“ - რამდენჯერმე ითქვა და კონკრეტული მაგალითებით გიპასუხებთ. ეს რომ მდომებოდა, ძალიან სკანდალური ბრალდებები ისმოდა დედოფლისწყაროში მაშინ, როცა მას თავს დაესხნენ და ცემეს. მაშინაც, როცა რაიონიდან რამდენჯერმე გაქრა. ყველა შემთხვევაში მე როგორც ჟურნალისტმა ბევრი ძალიან ხმაურიანი დეტალი ვიცოდი მასზე თავდასხმისა და გაუჩინარების ვერსიებზე. მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ მომხდარი მის პირად ურთიერთობებს ეხებოდა და არა მის საქმიანობას, როგორც ამას წარმოაჩენდნენ. იმასაც ამბობდნენ, თავდასხმა სიტყვიერი შეკამათების გამო მოხდაო. მაშინ ზუბიაშვილი ჟურნალისტებთან ყვებოდა, რომ ჯერ მამაკაცები დახვდნენ და ცემეს, რამდენიმე დღით ადრე კი სახლში მიადგნენ და რაიონის დატოვება მოსთხოვეს. ასე უამბო ზუბიაშვილმა მომხდარი გაზეთ „კახეთის ხმას“, თუმცა როგორც იმავე პერიოდში შსს-ში განმარტეს, ზუბიაშვილმა პოლიციასთან მომხდარი გადააკეთა. -- „პოლიციაში ამ ფაქტის შესახებ არ იყო შესული ინფორმაცია და სამართალდამცველები ხვიჩა ზუბიაშვილს თავად დაუკავშირდნენ. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და არ დაადასტურა, რომ მასზე რაიმე სახის ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა“, - განუცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ ჟურნალისტებს. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.


თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ეთიკური ჟურნალისტი ვარ, არცერთი ვერსია არც ტელე ეთერში გამიჟღერებია, არც გაზეთებში. მიუხედავად იმისა, რომ მედია ასეთ დროს ყველა ვერსიას ასახელებს, მე საჭიროდ ჩავთვალე ის ვერსიები არ გამეჟღერებინა. ამით ვამაყობ, რადგან საკუთარ თავთან ვარ მართალი, რადგან სკანდალის ცდუნებას არ ავყევი და მის გაჟღერებაზე უარი ვთქვი. მისი რეპუტაცია დავიცავი, დელიკატურ თემებს არ შევეხე. ამის შემდეგ თქვენ ამ სიუჟეტს უწოდებთ არაპროფესიონალურს, საინტერესოა რას დაარქმევდით, ყველა ის ვერსია რომ ჩამესვა.


საზოგადოება გაურკვევლობაში ჩავარდაო, ამბობთ. სერიოზული საზოგადოება არ ჩავარდება გაურკვევლობაში, რადგანაც ვიდეოში საუბარია ძველ პერიოდზე, დასახელებულია სხვა თარიღები, რომლებიც სხვა პერიოდს ასახავს, ჩასმულია ძველი ვიდეო კადრები, ძველი ინტერვიუები. ჩანს, არ მოუსმინეს, არ დაუკვირდნენ, რაც მათივე ბრალია. წინააღმდეგ შემთხვევაში მიხვდებოდით, რომ ეს იყო წლების წინ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟი რომელიც უკვე ნანახი გაქვთ და რომელიც წლების წინ რამდენჯერმე გავიდა თოქ-შოუ „დედოფლისწყაროს საათის“ ეთერში. მას შემდეგ ეს სიუჟეტი არქივში შემავალ სხვა ვიდეოებთან ერთად რამდენიმე ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული და ხელმისაწვდომი. რატომ გგონიათ, რომ ეს ვიდეო მანამდე არ იძებნებოდა, არ არსებობდა და ახლა გამოჩნდა? ის ყოველთვის იდო ინტერნეტში.


„ტელეფონი იმიტომ გაუთიშა, რომ ჩაეწერა საუბარიო“. ზოგადად ჟურნალისტი საუბარს რომ იწერს, ეს მისთვის ჩვეული მოვლენაა და აქ სიახლე არაფერია. რატომ გაგიკვირდათ, ეს უფრო მიკვირს. გავუთიშე იმიტომ, რომ მან პირველად გამოიყენა ისეთი სიტყვები, რომლებიც ცივილური საუბრისგან შორსაა. სადაც პრობლემის გასარკვევად სხვა გზას ირჩევენ და სხვა ელემენტები შემოდის, მით უფრო ძველბიჭური და ქუჩური, სადაც არ გისმენენ, იქ საუბარი ჩემთვის აზრს კარგავს. მისი გაღიზიანებით მასალის მოპოვება კი არ ვცადე, „ქორეოგრაფი“ დარეკვამდეც უკვე გაღიზიანებული იყო და სულაც არ იყო საჭირო დამატებითი ქმედება. კიდევ ბევრი ისეთი სიტყვა იკადრა, რომელსაც ვერ გავიმეორებ.


პირველივე სიტყვა, რაც ქორეოგრაფმა ყურმილის აღებისას მითხრა იყო ის, რომ თურმე მე რაღაც დავწერე. რაზეც ვუპასუხე, რომ არაფერი არ დამიწერია და ეშლებოდა. ჩანს, მას საერთოდ არ უნახავს, მე დავწერე, რეპორტაჟი დავამონტაჟე, თუ რა ფორმით, რა მიუღებელი ქმედება ჩავიდინე. მისი გაღიზიანება კი აშკარად ეყრდნობოდა სხვების მონათხრობს, რაც სამართლიანი ვერ იქნება. „ადვოკატთან დავილაპარაკებთო“ - დაიქადნა. არადა, ბედნიერი ვიქნებოდი ადვოკატს დაეწყო საკითხის თავიდანე გარკვევა, გაცილებით კომპეტენტურ კითხვებს დასვამდა და დარწმუნებული ვარ უკეთესად ახსნიდა რა უნდოდა, ისიც ეცოდინებოდა, ჟურნალისტთან როგორ ისაუბროს ისე, რომ მისი უფლებები არ შელახოს... „შენ დიპლომი ვინ მოგცაო“ - წამომაძახა. აღარ მისმენდა, ამიტომ აქ ვუპასუხებ. ტელე-რადიო ჟურნალისტის კვალიფიკაციით დიპლომი თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა მომცა და ნებისმიერ დროს შემიძლია გაჩვენოთ. აი თქვენ რამდენად შეძლებთ თქვენი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას, ეს დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და განხილვის თემაა დედოფლისწყაროში, ალბათ ამასაც აქვს საფუძველი.


მიმართვა „ბიჭო“ მეორე ზარზე გამოვიყენე, ისიც იმიტომ, რომ მანამდე მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი სიტყვები იკადრა. პირველმა დაარღვია ეთიკა და გადალახა რესპოდენტის და ჟურნალისტის ურთიერთობის ზღვარი. სხვა კონტაქტი მასთან არასოდეს მქონია, შესაბამისად, აშკარაა, რომ მას დაავიწყდა ვის ესაუბრებოდა და არც ის გახსენებია, რომ ჟურნალისტებს პრეტენზიებს ამ ფორმით არ აწვდიან. ილიას თუ მართებს უფროს რესპოდენტთან კულტურული მიმართვა, „ქორეოგრაფს“ რატომ არ მართებს ნებისმიერ უმცროს ჟურნალისტთან ეთიკურ-კულტურული საუბარი? თუ თქვენთან ეს მოთხოვნები ცალმხრივად მოქმედებს?.. ჩანაწერშიც ჩანს, რომ მხოლოდ ის უხეშობს, მხოლოდ ის იმუქრება და მხოლოდ ის გადადის შეურაცხყოფაზე. მცირე გამონაკლისების გარდა, მაქსიმალურად თავშეკავებულად ვცდილობდი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას, თუმცა საშუალება არ მომცა. ანსამბლს ვურჩევ, ნუ გამომაქვეყნებინებთ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, თორემ დარწმუნდებით, რომ ის ნამდვილად იყო არაადექვატური, რეალობას მოწყვეტილი, უკულტურო. რაც ყველაზე მთავარია, ვერ ხსნიდა, კონკრეტულად რა უნდოდა. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ნამდვილად შეგრცხვებათ, მინიმუმ წარმოდგენა შეგეცვლებათ მასზე. თუმცა, ვშიშობ, მისი ამგვარი ლექსიკა მანამდეც მოსმენილი გექნებათ.


ჟურნალისტს თავშეკავება მართებსო, ამბობთ... კიბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვის გინებას, მუქარას, ქუჩურ გარჩევებს და ღრიალს უნდა უსმინო, მითუმეტეს, თუ დაუსაბუთებელია და ვერც არგუმენტები მოჰყავს. „თვითკონტროლი გმართებთო“, ახსენეთ და ეს ალბათ ზუბიაშვილს უნდა შეახსენოთ, მე კონტროლიდან გამოსული არავის ვუნახივარ. „ქორეოგრაფი“ კი მე სატელეფონო საუბრით უკვე ვიხილე - კონტროლდაკარგული. ისე, ეს არ გამკვირვებია.


თურმე, შეურაცხმყოფელია და მუქარას შეიცავს ჩემი სიტყვები, რომელიც მოკლედ, სულ ორი სიტყვით დავწერე სოციალურ ქსელში და აღვნიშნე, რომ არ ავყვებოდი. სხვა შემთხვევაში ჟურნალისტის ნებისმიერი ფორმით შეურაცხყოფის ფაქტი განიუსდებოდა, მედიასაშუალებებში გაჟღერდებოდა და განცხადება შსს-შიც შევიდოდა. მაგრამ მე მასზე მაღლა დავდექი და სამართლებრივი შეფასება არ მივეცი მის გაუმართლებელ ქცევას. ერთადერთი, რაც ფეისბუქის პოსტში „ქორეოგრაფს“ ღიად ვაკადრე, ეს არის სიტყვა - „ხიხო“... იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ განმარტებით, ხიხო გამოუსვლელი კაცის მეტსახელია, რომელთან საუბარსაც აზრი არ აქვს. ასე წერია საარქივო განმარტებებში. საბოლოო ჯამში, მისი ქცევით გაოცებულმა მომხდარი რომ გავაანალიზე, დავრწმუნდი, რომ სხვა შეფასება არ აქვს და ეს სიტყვა ზუსტად აფასებს იმ სატელეფონო ზარებს. არადა, ჟურნალისტს რა ენაზე ესაუბრონ, ეს ტაქტიკა თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანმა ისწავლა და ამ ენით არ საუბრობენ ხოლმე. ამ ანსამბლისთვის -ჟურნალისტის ცნება და მათთან კონტაქტის ფორმები როგორც ჩანს უცხო ხილია. რაზეც, ცხადია, გული დამწყდა.


„ჟურნალისტი ასეთი ტონითა და აგრესიით თავის დაცვას ცდილობსო, “ - ნათქვამია განცხადებაში. ამბავი არის მარტივი: ძველი ვიდეო რეპორტაჟი ხელახლა გავაზიარე. ეს ვიდეო სხვების მსგავსად ისედაც იდო როგორც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე, ისე იუთუბში, შესაბამისად ახალი არაფერი მომზადებულა. თავის დაცვა რატომ სჭირდება ჟურნალისტს, რომელმაც მასალა რამდენიმე წლის წინ მოამზადა, ის კი თავის დროზე ნანახი გქონდათ. ამჟამად, ამ დღეებში ეს მასალა არც ჩაგვისწორებია, არც ხელახლა დაგვიმუშავებია, არც ტელე ეთერში გასულა და საერთოდ არაფერი მომხდარა. რა გვაქვს თავის დასაცავი? ან სადაა ჩემი მხრიდან აგრესია?


„ადამიანი წლებია დაუღალავად და თავდაუზოგავად მუშაობს და მისგან მხოლოდ სითბოს და სიყვარულს გრძნობენ ბავშვებიო“. არ ვიცი, ეს რამდენად ასეა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი არ დაინტერესდეს და კითხვები არ დასვას. ჩვენც კითხვები დავსვით მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვალეთ. და მომავალშიც ასე ვაპირებ, თუ კითხვები გაჩნდება. როცა ქორეოგრაფი ქალაქიდან ისე იკარგება და დაანონსებული კონცერტი ისე ჩაიშლება, რომ არც კულტურის სამსახურმა იცის მიზეზი, არც ბავშვებმა, არც მშობლებმა და მითუმეტეს არც მაყურებელმა, ყველა ჟურნალისტი დაიწყებდა ამ ფაქტის გამოკვლევას. ესაა ჩვენი ვალი, მხარეს თუ ეს არ მოეწონა, ეს არ ნიშნავს რომ მედიამ თვალი დახუჭოს. ჩვენც ყველა მხარე ჩავწერეთ თავის დროზე. იქ დამახინჯებული, ან არასწორი რა იყო, არც ეს გითქვამთ, ამიტომ უსაგნო საუბარს აზრი არ აქვს. კონკრეტულ კითხვებს თუ დასვამთ გიპასუხებთ.


„მოვითხოვთ, შეგვხვდეს ჟურნალისტი და კითხვებზე გვიპასუხოსო“. სიამოვნებით შეგხვდებით. ოღონდ, თუ ღმერთი გწამთ, ჯერ მითხარით, ჩამოყალიბდით, რა თემაზე, რის გასარკვევად მიბარებთ, რა გაინტერესებთ და მზად ვარ...


„უშვერი სიტყვებისთვის სახალხოდ მოიხადოს ბოდიშიო, “ - ამას ანსამბლი ოფიციალურად რომ წერს, ცოტა უხერხულობის განცდა უნდა გქონდეთ. „კატამ თხარაო“, არ დაგემართოთ. ყველაფერს ბოლომდე რომ მივყვეთ, დადასტურდება, რომ ჩემი სიტყვები უშვერი სულაც არ არის, არც გინება არ გამომიყენებია და არც ბილწსიტყვაობას მივმართავ. ასე რომ, ვიდრე რამეს მოითხოვთ, ფრთხილად, თორემ ასევე ისიც დადასტურდება უშვერი სიტყვები ქორეოგრაფმა იხმარა, თუ მოპასუხემ და ისე არ გამოვიდეს, რომ ბოდიში იქით მოიხადოთ, რასაც ნამდვილად ველოდები.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზუბიაშვილის უფლებაა მორალური ზიანისთვის სასამართლოს მიმართოს. კარგია, ეს უფლება რომ გაგახსენდათ, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, მეორე მხარესაც აქვს ეს უფლება. იქ კი აუცილებლად გაირკვევა რამდენად სამართლიანია თქვენი უარგუმენტო პრეტენზიები. ან რანაირად შეიძლება გაგიჩნდეს ჟურნალისტის მუშაობის მიმართ შენიშვნები, თუკი მასალა არ გაქვს ნანახი და ყურმოკრულზე მსჯელობ.


ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ფრაზა: „ამ საქმეში ყველა მშობელი ღებულობს მონაწილეობას“... ასეთი მითითება გაიცა, თუ ყველა ერთ აზრზე როგორაა?... რაში მონაწილეობს ყველა მშობელი? ჯერ გაერკვნენ, რა გაღელვებთ, თუ ყველა მშობელი თვენსავით უბრალოდ ცხარობს და არ იცის რაზეა გაბრაზებული?


„ჟურნალისტი არც კი დასწრებია და არ უნახავს მისი ჩატარებული გაკვეთილებიო“. ამის აუცილებლობა არც არსებობს, რომ მის გაკვეთილებს ვესწრებოდე. თუმცა, ორ რეპეტიციას დასწრებული ვარ და ამას მოწმობს ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები. ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა და არც ის იქნება, მშობლები დავარწმუნო კომპეტენტურ ქორეოგრაფთან დაჰყავთ თუ არა მათი შვილები. ეს საკითხი არასოდეს მაინტერესებდა. არც როგორც მოქალაქეს და მითუმეტეს, არც როგორც ჟურნალისტს ეს არ მომიკვლევია. მის კომპეტენციაზე ზუბიაშვილის დიპლომი, მისი ანსამბლის უცხოეთში გასტროლების რაოდენობა, კონცერტების რიცხვი, ხარისხი და აღიარებები უნდა მეტყველებდეს. არ მესმის ქორეოგრაფია და არც ვაფასებ პროფესიულ ხარისხს. არ ვაძლევ თავს ამის უფლებას და არც აქამდე შემიფასებია - არც პირად, არც ჟურნალისტურ ნამუშევრებში. თქვენგან განსხვავებით! თქვენ ვერ ერკვევით ჟურნალისტიკაში, მაგრამ ცდილობთ შეაფასოთ ჟურნალისტური მასალა, სარედაქციო ნამუშევარი და პუნქტების დარღვევებს ისე განიხილავთ რეპორტაჟში და მის სტანდარტებთან შესაბამისობას, თითქოს ჟურნალისტიკის ანა-ბანა მაინც იცოდეთ, ან ეთიკის ქარტიის ყველა მუხლი ზეპირად გახსოვდეთ.


„მშობლების თქმით, თუ კი ისინი დარწმუნდებიან ილია მარტყოფლიშვილის სიმართლეში, თავადვე იტყვიან უარს მის მასწავლებლობაზე. ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ გვინდა ყველაფერს საბოლოო პასუხი გაეცეს და წერტილი დაესვას“. - ნათქვამია განცხადების დასასრულს. ეს თქვენი არჩევანია, არავინ არაფრის მტკიცებას არ შეეცდება, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე იქცევით და ამა თუ იმ ქორეოგრაფის მიერ დადებულ შედეგებსაც თავად აფასებთ. ჩემგან წერტილი ისედაც დასმული ჰქონდა. თქვენმა ნაქებმა ქორეოგრაფმა წამოიწყო ახალი „ომი“, თორემ ბოლო მასალა თქვენს ანსამბლზე მე ორი, ან სამი წლის წინ მაქვს მომზადებული, მას შემდეგ აღარც გამხსენებიხართ... არც თქვენ შეგიწუხებიათ თავი, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ თქვენსავე კონცერტზე მედიის დაპატიჟება რომ გაგხსენებოდათ. მედიის დასწრების გარეშე ჩატარებული ღონისძიებები როგორ უკვალოდ ქრება და რამდენად მალე მიეცემა დავიწყებას, ეს გეცოდინებათ, თუ არადა კოლეგებს კითხეთ და აგიხსნიან...

პატივისცემის გარეშე,

ილია მარტყოფლიშვილი

0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0