x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ ვმართოთ კლასი - რჩევები ახალბედა პედაგოგებს!
image

კლასის მართვის ზოგადი სტრატეგიები- ეს არის მიდგომები, რომლებიც საჭიროა მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შექმნისთვის. კლასის მართვა არის პროცესი, რომლის დროსაც, სკოლა და მასწავლებელი ქმნიან და განამტკიცებენ მოსწავლის სოციალურად მისაღებ ქცევებს, აძლიერებენ მათ მოტივაციას სწავლისადმი.


რატომ არის კლასის მართვის სტრატეგიების ცოდნა მნიშვნელოვანი:

1. აყალიბებს მოწესრიგებულ გარემოს საკლასო ოთახში და ხელს უწყობს ამ წესრიგის შენარჩუნებას;


2. ზრდის აკადემიური მიღწევის დონეს;

3. სოციალურად მისაღები ქცევების განმტკიცების გზით, მოსწავლის სოციალურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს;

4. ამცირებს ნეგატიურ ქცევებს და ზრდის საგაკვეთილო პროცესში აკადემიურ ჩართულობას;


კლასის მართვის სამი ბაზისური პრინციპი:

1. სკოლაში აქცენტირებული უნდა იყოს მაღალი მოლოდინები მოსწავლეების მიმართ. რა თქმა უნდა, მათი შესაძლებლობებისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით;

2. სისტემა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეების ინტენსიური ჩართულობის უზრუნველყოფაზე სასწავლო პროცესში;

3. სასკოლო გარემოში ნათლად იდენტიფიცირებული და განმტკიცებული უნდა იყოს მოსწავლის ქცევები, რომლებიც წარმატების მომტანია მისთვის.

პროდუქტიული სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია, შეიქმნას მოწესრიგებული სასწავლო გარემო სადაც მოსწავლეები თავს იგრძნობენ დაცულად და კომფორტულად. ამისთვის, მნიშვნელოვანია კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც შეიძლება განიხილოს 3 ზოგად კატეგორიად: პირველი კატეგორია შეეხება საკლასო გარემოს და სტრუქტურის ორგანიზებულობას, მეორე- მოსწავლეების სწავლისადმი მოტივირებას, ხოლო მესამე კატეგორია შეეხება პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას ქცევის წესების შემუშავებას, მათი დასწავლისა და განმტკიცების გზით.

როგორც გარემოს მოწყობას და სტრუქტურირებას, ასევე მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, უზრუნველყოფს სკოლა და მასწავლებელი. ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლის ოჯახის ჩართულობა.

გარემოს მოწესრიგებასთან და გაკვეთილის სტრუქტურასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:

> კლასში მაგიდები, სკამები, დაფა და სხვა სასკოლო ატრიბუტები განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ყურადღების კონცენტრირების, მასწავლებლის დანახვისა და მოსმენის თანაბარი შანსი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი მოსწავლე სად იჯდება, იღებს მასწავლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში, სასარგებლოა, მოსწავლეს მივცეთ შეზღუდული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას;

> გაკვეთილის მიმდინარეობა და სტრუქტურა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ორიენტირებული იყოს მოსწავლის წარმატებაზე და არა წარუმატებლობაზე;

> გაკვეთილის დაწყება რეკომენდირებულია ისეთი გამხსნელი აქტივობით, რომელიც ხელს შეუწყობს ყურადღების კონცენტრაციას, დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობის აღძვრას. მაგ: გონებრივი შტურმი, ან აქტივობა შემეცნებითი თამაშის ელემენტებით.

> მნიშვნელოვანია, მასწავლებელს წინასწარ, გაკვეთილის დაწყებამდე, ზედმიწევნით კარგად ჰქონდეს მომზადებული გაკვეთილის გეგმა, სასწავლო მასალა და საჭირო რესურსები. მასწავლებლის ორგანიზებულობა და მობილიზება დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა არასასურველი ქცევების შემცირებაზე.

> გაკვეთილის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირების ხანგრძლივობა. რეკომენდირებულია, პირობითად, 20 წუთიან მონაკვეთებად გაკვეთილის დაყოფა, რაც აქტივობების ცვლით და გამამხნევებელი სავარჯიშოების გამოყენებით მიიღწევა. მაგალითად, შესაძლებელია, პროცესში სკამების განლაგების ცვლილება აქტივობის მიხედვით თუ ჯგუფური აქტივობაა დაგეგმილი და ა.შ.

მოტივაცია

რადგან არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გამოვიყენოთ ეფექტური და გამოცდილი მეთოდები:

> მნიშვნელოვანია, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ინტერესების და გატაცებების მიმართ ყურადღების და დაინტერესების დემონსტრირებით. მაგალითად, როდესაც მოსწავლე ჩართულია სპორტის ან ხელოვნების რომელიმე დარგის შესწავლის საკითხებში, მასწავლებელმა უნდა გამოხატოს დაინტერესება ამ მიმართულებით. "როგორ ჩაიარა გუშინდელმა მატჩმა?" და ა.შ. რეკომენდირებულია, მასწავლებელმა ყოველ დღე, სულ მცირე, ერთი პოზიტიურად ფორმირებული ინფორმაცია ან ფაქტი მიაწოდოს კლასს. ეს ხელს შეუწყობს დადებითი ატმოსფეროს შექმნას.

> მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის მხარდაჭერა ისეთ სასწავლოსიტუაციებში, სადაც არსებობს წარუმატებლობის რისკი.

> მოტივაციის ზრდას ხელს უწყობს კომპეტენციის ფარგლებში თავად მოსწავლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, რომ მოსწავლე თავად აკონტროლებს საკუთარ მიღწევებს.

> იზეიმეთ მოსწავლესთან ერთად ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც გამარჯვება. პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, როდესაც იგი ერთ კონკრეტულ დღეს კარგად ასრულებს თქვენს ინსტრუქციებს და არ ავლენს დესტრუქციულ ქცევებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ამართლებს თქვენს მოლოდინებს აკადემიურ ნაწილში, უმჯობესია, წაახალისოთ ქცევის ნაწილში და აღნიშნოთ, რომ მოგწონთ მისი ქცევა.

> მასალა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისთვის. აკადემიური ტერმინების გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ სიტყვის მნიშვნელობა კარგად ესმით მოსწავლეებთ;

> ასწავლეთ მოსწავლეებს, რას ნიშნავს აქტიური მოსმენა. რა არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკებით გამოიხატება ის. მაგ: თვალებში ყურება, შეკითხვის დასმა საუბრის დასრულების დროს, თავის დაქნევა და ა.შ.

რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ კლასის მართვაში:

> თუ მოსწავლეები საუბრობენ ერთმანეთში გაკვეთილის მიმდინარეობის დროს და საკლასო ოთახში არის ხმაური მასწავლებელი არ უნდა შეეცადოს, რომ თავისი საუბრით გადაფაროს მოსწავლეების ხმა. რეკომენდირებულია, დაელოდოს რამდენიმე წამის განმავლობაში და საუბარი დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ყველა გაჩუმდება და მოსწავლეების ყურადღება იქნება მასწავლებლისკენ მოპყრობილი. თუ მასწავლებელი ატყობს, რომ ხმაური არ წყდება, რეკომენდირებულია ყურადღების საშუალებების გამოყენება. მაგ: "თუ ცემი გესმით, დაუკარით ტაში 3-ჯერ". მოსწავლეთა ყურადღების მობილიზების პირველ წამებში, მაშინვე დაიწყოს საუბარი მაგალითად ფრაზით: "დღეს ჩვენი გ ეგმა ასეთია" და ა.შ.

> საკლასო მუშაობის დროს, მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების, რისკების წინასწარმეტყველება და მათი მოგვარების გზების შემუშავება. მაგ. პროექტზე მუშაობის პროცესში საკანცელარიო მარაგის ამოწურვამ, შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაცია სხვადასხვა ჯგუფს შორის.

> მოსწავლის პრობლემურ ქცევებზე მუშაობა და მათი მოგვარების გზების შემუშავება უფრო უადვილდება მასწავლებელს იმ შემთხვევაში, თუ გაბრაზების ნაცვლად, საკითხის მოგვარებაზე იწყებს ფიქრს. ფოკუსირება გააკეთეთ ქცევაზე, დაფიქრდით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, იმაზე, თუ რატომ შეიძლება ვლინდებოდეს ესა თუ ის ქცცევა.

> მასწავლებელი უნდა იყოს პრეზენტაბელური და დამაჯერებელი. იგი კარგად უნდა ფლობდეს საკუთარი თავის ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

>მასწავლებელს თავად უნდა სჯეროდეს იმ მეთოდების წარმატების, რომლის გამოყენებასაც გეგმავს მოსწავლეებთან.






0
448
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0