x
„იას უთხარით, ტურფასა...“
image

ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი და გვარი ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის, პირადი ცხოვრება კი - ცოტამ. ვაჟას 10 წლიდანვე ჰყავდა სიყვარულის ობიექტი, თუმცა არა ისეთი, როგორიც კეკე იყო მისთვის. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალისადმი სიყვარულის გრძნობა ვაჟას ლექსებში არ ჩანს. თითქოს არცა ჰქონიაო, იმდენად არ აძლევს პირად გრძნობას პოეზიაში არსებობის უფლებას.
როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში იუწყება, 10 წლისა უკვე შეყვარებული იყო, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო სიყვარული, იმდენად გაუბედავი, უსიტყვო, დამალული... ვინც უყვარდა, ზოგჯერ იმანაც კი არ იცოდა. სრცხვენოდა, დანაშაულად მიაჩნდა და სატრფოს როგორღა ეტყოდა?! ეს ყველაფერი თელავში იყო. თბილისში გადასვლის შემდეგ ვაჟას ცხოვრებაც განახლების პროცესშია და სიყვარულიც დაუკითხავად ეწვევა... თუმცა ეს სიყვარულიც პირველს ჰგავდა... სანამ იმას არ მიაგნო, ვინც მართლა უყვარდა...


"ვაჟას ქალები უყვარდაო!.. სადა სცალოდა წაწლობისა და ქალებისთვინა... რომელი მწერალია, რო ქალებზე არა სწერდეს!.. ფეთებას შაიყრიდა, ქალი რასა ქვიანო, განა ქალს არ ახსენებდა, ქვეყანაზე ლამაზიც არი და უშნოცა, თვალების ჭკვაზე უნდა იაროს კაცმაო?.. გულის ხმაზე უნდა იაროს, გულის ჭკვაზედაო, -იცოდა..!"-იხსენებს გულქან რაზიკაშვილი.
გულის ხმაზედ მოსიარულემ მართლაც იპოვა კეკე _ მისი მომავალი ცოლი.


მარტივად ცხოვრება არც ვაჟას არგუნა განგებამ და მრავალჯერ ნაცადს კვლავ მისდია. გაჭირვების ჟამს ისევ გორი ეიმედებოდა. ბედიც იქ მოსინჯა და არც ტყუილად!
ოთარშენში ცნობილი თავადის ოთარ ამილახვრის ოჯახში მიიწვიეს ვაჟა შინა მასწავლებლად. ამილახვრის შვილს გიორგის, ვისთვისაც ვაჟას უნდა ესწავლებინა, სწავლის გარდა ყველაფერი აინტერესებდა. მასწავლებლობასთან ერთად მის აღზრდასაც შეუდგა და ერთი ზამთარი გაატარა ოთარშენში ვაჟამ. გიორგის აღზრდას მეტად, ალბათ, ვეღარ შეძლებდა, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა.



ვაჟამ გაიცნო და შეუყვარდა ოთარ ამილახვრის მოახლე და მისი უკანონო შვილი, ეკატერინე ნებიერიძე (შინაურები კეკეს ეძახდნენ), რომელიც გამორჩეული იყო სააკუთარი ბუნებით. როგორც ვაჟას სჩვეოდა, ვერც მას უტყდებოდა სიყვარულში, თქმას ვერ უბედავდა. ამიტომ თავისი სიყვარულისა და მისი ცოლად თხოვნის სურვილი სხვა მოახლე ქალებს გაანდო და შუამდგომლობაც მათ სთხოვა. ვაჟას სურვილს ისინიც სიამოვნებით შეხვდნენ. საბედნიეროდ, არც კეკე აღმოჩნდა ვაჟასამდი გულგრილი. ხოლო გადამწყვეტი კი, მის არჩევანში ის იყო, რომ ვაჟა მისი უდროოდ დაღუპული ქმრის პროფესიისა აღმოჩნდა.
კეკეს თანხმობამ არ კმარა.. ახლა "კნეინას" გული უნდა მოენადირებინა ვაჟას. "კნეინას" არ სურდა მუშა-ხელის სასახლიდან გაშვება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაჟამ კატეგორიულად განაცხადა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ქალს მოიტაცებდა, "კნეინამაც" დათმო.



image

გულქან რაზიკაშვილი იხსენებს მშობლების შეუღლების ეპიზოდს:
"ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო"... - თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურ ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეუგუვდებიო.
-კიო, კიო, კიო! - დედასა. ნუ მოხვალ, ინანებო, - აი, მაგას აგონებდა კეკე-დედასა", მაგრამ ვაჟამ ჯერ კიდევ რა იცოდა, როგორი მაღალი სულის მქონე იყო მისი რჩეული. კეკე მზად იყო ვაჟასთან ერთად შეგუებოდა ყოველგვარ ყოფით პრობლემას, ოღონდ კი მასთან ერთად ეცხოვრა... ბედისგან დაჩაგრულ ქალს ვაჟას ღარიბული ცხოვრება და მთის რომანტიკით სავსე ცხოვრება ვერ გააკვირვებდა და ალბათ სიამოვნებითაც შეხვდებოდა.


ვაჟამ და კეკემ ოჯახი შექმნეს. ფშავში, პავლე რაზიკაშვილის ოჯახში დიდი მხიარულება სუფევდა. ვაჟასა და კეკეს სიყვარულით სავსე ცხოვრებამ 17 წელს გასტანა, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ისტორიის შესაქმნელად. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი.
კეკეს პიროვნებაზე არაერთი თქმულა. მურად მთვარელიძე ამბობს, რომ „კეკე ფაქიზი ბუნების ადამიანი იყო და კარგად იცოდა თავისი ქმრის ფასი. ცოლ-ქმარი იმდენად კარგად უგებდა ერთმანეთს, რომ ფიცხი ბუნების ვაჟასთვის კეკეს ერთი დაყვავებაც საკმარისი იყო დასამშვიდებლად".
კეკეს დიდი სიყვარულით იხსენებენ მეზობლები. მასზე იტყოდნენ ხოლმე: იმდენად დაბალი ტანისა იყო, რომ მაზლები ბავშვივით ხელში აიყვანდნენ და ისე ათამაშებდნენო. გაჯავრებულ ლუკასთან გაიქცეოდა და ყელზე შემოეხვეოდა ხოლმე.
იმის შიში, რომ ბარში გაზრდილი ქალი ფშავის ცხოვრებას ვერ შეეწყობოდა, გაქარწყლდა. ვაჟას სიყვარულითა და თავისი დიადი ბუნებით დაჯილდოებულმა კეკემ ღირსეულად აუწყო ფეხი ჩარგლურ ცხოვრებას.
ვაჟას ბედნიერებამ თითქოს კულმინაციასაც მიაღწია, მაგრამ "ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?!"


1902 წლის 10 დეკემბერს კეკე ნებიერიძე გარდაიცვალა. დეკემბრის დასაწყისში ჩარგალში დიდი თოვლი მოსულა. ამ დროს ვაჟა თავის დასთანაა ყვარელში. კეკეს კი მარტოს მოუწია ოჯახური საქმეებისთვის გაძღოლა. მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმე კეკემ ველზე დარჩენილი თივის მოზიდვა ზურგით მოინდომა. კეკეს მუცელი მოსწყდა, შველით კი ვერავინ უშველა. გულქანი იხსენებს: "ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას კი თავი სიპის ქვაზე ედო...
-კეკე, კეკეე, ქალოო! - და თავი გადაუგორდა დედასა... ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული... ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.."
ვაჟა და თავისი დისწული მიხა სანადიროდ იყვნენ, როცა ამ ამბავმა ყვარელში ჩააღწია. ეს ამბავი ჯერ მიხამ გაიგო: "გავშრი, კინაღამ გული შემიწუხდა. მუხლები ამიკანკალდა და ხეს მივეყუდე. ქალი წავიდა. მე კიდევ რამდენიმე ხანი გაშეშებული ვიყავ ერთ ადგილას, შემდეგ შევტრიალდი, მიველ შველთან და ტყავება დავუწყე. ხელი მიკანკალებდა... ვაჟამ ჩემს სახეზე ამოიკითხა, რომ რაღაც არასასიამოვნო ამბავი მითხრეს..." ვაჟას ფანდური აუღია, თავისი წუხილი ლექსს გაანდო:


"იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,

..................
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე
მოსვლაში არა ყრიაო"...image



ეს ლექსი ვაჟამ თავის ცოლს მიუძღვნა, რასაც გულქანის მოგონებაც ადასტურებს, თუმცა თავად ვაჟას ეს ფაქტი არსად აღუნიშნავს.
დადარდიანებულ ვაჟას მასთან მისული მიხასთვის უთქვამს: "თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, ოჯახურ ცხოვრებას ნუ მოეკიდები, და თუ არ დაიშლი, მატერიალურად მაინც უზრუნველყავ შენი ცხოვრებაო"..


კეკეს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ვაჟა მიხვდა, რომ ოჯახისა და ბავშვების მოვლას მარტო ვეღარ შეძლებდა და ახლობელთა რჩევას დაჰყვა. ბესო შანიძემ საცოლე შეურჩია _ გიორგი დიდებულიძის შვილი თამარი. გიორგი შეეცადა მთხოვნელების რამდენჯერმე უარით გასტუმრებას, მაგრამ ვაჟას ოჯახს მოთმენა აღარ შეეძლო. ბაჩანამ ბიძაშვილებთან დამალულ თამარს მიაგნო და ვაჟას გვერდით მიუსვა. ვაჟამაც მაშინ ნახა პირველად თამარი. კეკესგან განსხვავებით, თამარი უფრო ზორბა ქალი აღმოჩნდა და ვაჟასაც ეამა, რადგან მთის მკაცრ პირობებს ადვილად გაუმკლავდებოდა.

image


გიორგის მოთხოვნით, ვაჟამ ხელწერილიც დაწერა ქალის კარგად მოვლის პირობით.
თამარი იხსენებს: "როდესაც ლუკა და ბაჩანა ჩემს წამოსაყვანად მოვიდნენ, გულქანი და მარიამი ბაჩანას თავის მეუღლისთვის, მარიამისთვის, მიებარებინა.
მაღაროსკარში რომ მივედით, ბაჩანამ და ვაჟამ ბავშვებს ახარეს: შვილებო, დედა მოგიყვანეთო! ბავშვები სიხარულითა და კანკალით შემომეხვივნენ. შემრცხვა: ახალგაზრდა ვიყავი და მეთაკილა.


"ბაჩანას ცოლი მარიამი სათნო და გულკეთილი ადამიანი იყო. გვერდით მომიჯდა და ჩუმად მითხრა: გული უჩვენე, ცოდონი არიანო. მეც შემეცოდნენ ბავშვები, ვანუგეშე, მივეფერე..."- თამარი ასე ფიქრობდა. ბავშვები კი მაინც გრძნობდნენ უდედობასა და დედინაცვლის ყოლას: "ფართუკის კალთა აუწიე და შიგ შაუძვერ. ხელ გამკრა, გამაგდო გვერდზე და..."

ვაჟამ და თამარმა სიცოცხლის ბოლომდე ერთად იცხოვრეს და საერთო შვილი - ვახტანგი შეეძინათ. კონფლიქტებით სავსე ცხოვრება ჰქონდათ. გულქანის მოგონებებიდანაც ცნობილია მათი ხშირი კამათი: "იცოდიან ჩხუბი ცოლ-ქმარმა. იიი, რამდენჯერ... ერთხელ გადმაუყარა ბარგი მამამა, ის კარგა მახსონ. დაიკარგე დამშორდიო!.. ხშირად ჩხუბობდნენ იმაზე, რომ ვაჟა შრომას თავს ანებებდა და წერდა. თამარს კი ამ დროს მარტოს უხდებოდა ოჯახური ტვირთის ზიდვა. მკვლევართა გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მათ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. თამარი კეკესგან განსხვავებული, მატერიალისტი ქალი იყო და სულაც არ ესმოდა, რომ ვაჟა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა და რომ არ იყო მიწიერი პრობლემებისთვის გაჩენილი.


"ოჯახზე რომ არ ფიქრობდა და სულ ქვეყანაზე ფიქრობდა, რა მისცა ვაჟას ქვეყანამ?! მშიერ-ტიტვლები დაგვტოვა და მიწაშიც მშიერი და ტიტველი წავიდა".


ვაჟამ ცოლ-შვილს მართლად ვერაფერი დაუტოვა. თამარს ერთი ვერცხლის საყურეები ჰქონდა და ერთიც რქის ბეჭედი. ვაჟას შვილებს კი ღილებიც არ ეკერათ კაბაზე: "მამაის დასამარხავად მე ვერ წავიდოდი, შიშველ-ტიტველი ვიყავ და ვერ წავიდოდი". ვაჟა რომ გარდაიცვალა, თამარი წუხდა: "რაღა ვქნა და რა ვუყო იმის შვილებსო, პურიც უნდა, წყალიც უნდა, როგორღა შავინახო მე ესენიო... ჩემი დედინაცვალი, არა ტიროდა. ვერა ტიროიდა სირცხვილის გამო. იჯდა დაღუღული, გმინავდა და კვნესოდა." (გულქან რაზიკაშვილის მოგონებებიდან).
თამარი "ხმელი ხასიათის" ქალი იყო. ვაჟას მისთვის არც ლექსი და არც მოთხრობა არ მიუძღვნია.

თამარის ცალმხრივად შეფასება, ალბათ, არ იქნება ობიექტური, რადგან გულქანი, ყველაფრის მიუხედავად, ასეთ რამეს ამბობს: "თამარმა ცოტად თუ ბევრად დაგვზარდა, არა დაგვამახინჯა, არა დაგვაავადნა. ჩემ დედინაცვალს ვერ გადავაგდებ, ვერა!".


და მაინც, კეკე რომ არა, ნეტავ, როგორი იქნებოდა ვაჟას ცხოვრება? ნამდვილი სიყვარული მასაც ერთხელ არგუნა განგებამ...

0
1136
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომაშვილი123
ნინო ლომაშვილი123
1136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0