x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80786
  • ვიდეო:333098
  • სურათი:438168
 რა მოხდებოდა 1914 წლის ზაფხულში, რომ არა  გერმანიისა და ავსტრიის ალიანსი

ოტო ფონ ბისმარკი



მას შემდეგ, რაც 1871 წელს გერმანიის იმპერია შეიქმნა „რკინის კანცლერის“ - ბისმარკის დიდი დამსახურებით, ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა. გერმანიის პროგრესი ძირითადად გამოწვეული იყო წაგებული საფრანგეთის მიერ გადახდილი 5 მილიარდი ფრანკი კონტრიბუციით, ელზასის და ლორენის დაპყრობით, უმდიდრესი ქვანახშირის საბადოებით, გერმანელი ერის შრომისმოყვარეობითა და ორგანიზებულობით. თუმცა, რომ არა ბისმარკი, ეს ყველაფერი გერმანიას არ ექნებოდა. სწორედ ამ საოცარი პროგრესით გერმანიას გაუჩნდა მსოფლიო ლიდერობის ამბიცია, რომელიც კოლონიზაციაში უნდა გამოხატულიყო, მაგრამ აქ მეტოქედ საფრანგეთი რჩებოდა, რომელსაც მხარს უჭერდნენ დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. თუმცა, ამ უკანასკნელთ ფრანგებზე არანაკლებ ადარდებდათ გერმანიის ასეთი გაძლიერება.

გერმანიას უნდოდა სხვა ქვეყნების მსგავსად კოლონიები ჰქონოდა აფრიკასა და აზიაში. აჯანყებულ ერებს გერმანია ეხმარებოდა, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბა ინგლისთან და საფრანგეთთან. თუმცა, რადგან საფრანგეთსა და გერმანიას საუკუნოვანი მტრობა ჰქონდათ ტერიტორიების გამო, საფრანგეთის ოცნება სწორედ იყო რევანში გერმანიაზე, ელზასისა და ლორენის დაბრუნება.

დიდი ბრიტანეთი გაძლიერებული გერმანიის ეკონომიკურ დასუსტებაზე ფიქრობდა. იგი გერმანიის მიერ საზღვაო ფლოტის მშენებლობის დაწყებამ შეაშფოთა და ამიტომ გადაწყვიტა კავშირის დამყარება საფრანგეთთან, რომელიც მისი მეტოქე იყო მუდმივი უთანხმოებების გამო კოლონიებთან დაკავშირებით. ზოგადად, ბრიტანეთს მსოფლიო ჰეგემონიის სტატუსის განმტკიცება და შენარჩუნება სურდა. მაშინ როდესაც გერმანიამ მას ალიანსი შესთავაზა, მან იგი ცივი უარით გაისტუმრა, იმიტომ, რომ ბრიტანეთის პოზიცია იყო ძლიერი სახელმწიფოების დაბალანსება და არა გაძლიერება.

რაც შეეხება რუსეთს, მასაც ექსპანსიური პოლიტიკის განმტკიცება სურდა. მის ინტერესებში შედიოდა ბოსფორის და დარდანელის სრუტეები და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვება. ამის გამო მან გადაიმტერა ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი. ამასთან, ამ ერთ-ერთმა „ჩამორჩენილმა“ იმპერიამ 1905 წელს საბოლოოდ წააგო ომი იაპონიასთან, ხოლო შემდგომ 1907 წელს კი შეიქმნა რუსულ-ინგლისური ანტანტა.

ავსტრია-უნგრეთს უნდოდა სერბეთის და რუმინეთის ნაწილის მიერთება, (განსაკუთრებით კი სერბეთის რადგან იგი ავსტრიის „კართაგენად“ იყო ქცეული) მას სურდა, რომ ბალკანეთი გავლენის სფეროში მოექცია. რუსეთის მხრიდან საფრთხის ასაცილებლად ადრე დაპირისპირებულ იმპერიებს - ოსმალეთს და ავსტრია-უნგრეთს საერთო მოკავშირე სჭირდებოდათ. ასე აღმოჩნდა ორივე მათგანი გერმანიასთან, რომელიც ასევე, თვითონაც ეძებდა მოკავშირეებს მტრების წინააღმდეგ.

მოკლედ, 1914 წლამდე ზოგადი ფონი იყო ასეთი: აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი „ძირგამომპალი“ რუსეთის იმპერია, დასავლეთით კი პრუსიასთან ომის შედეგად დაჩაჩანაკებული, ვადაგასული, „ანომალიური“ ავსტრია-უნგრეთის იმპერია და აქვე მდებარეობდა საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. მიუხედავად ამისა, ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ მაინც დიდი ბრიტანეთი რჩებოდა, რომელსაც დედამიწის დიდი ნაწილი ეკავა და მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდა. ყველაზე „ცხელი“ ბალკანეთი ეკუთვნოდა დასუსტებულ, “სულმღაფავ“ ოსმალეთს და სწორედ ამ რეგიონში ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის ინტერესები ეჯახებოდნენ.

ამ ქაოსის ფონზე გერმანიამ აუცილებლად ჩათვალა ალიანსებში ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სახელმწიფოსთან მას უთანხმოება და ინტერესთა შეჯახება ჰქონდა, რაც გამოიწვია ბისმარკის შემდეგ გაგრძელებულმა უნიჭო დიპლომატიამ. მას მაინც სჭირდებოდა თუნდაც მტრებიდან (თუმცა, იმ პერიოდში ყველა ერთმანეთის მტერი იყო) აერჩია უფრო არასაშიში, ან საერთო მიზნის მქონე სახელმწიფო მაინც, რომელთანაც დროებით მაინც გამონახავდა საერთო ენას და მიუხედავად იმისა, რომ მას ალიანსი სხვა ქვეყნებთან უფრო მეტად სურდა, თუნდაც ბრიტანეთთან და რუსეთთან, და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ შეიქმნა „სამთა კავშირი“ სადაც ავსტრია-უნგრეთი, გერმანია და იტალია გაერთიანდნენ რადგან ავსტრია-უნგრეთი ტერიტორიულად მეზობლად იყო, თუმცა, გერმანიისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან ექნებოდა ეს ალიანსი და განსაკუთრებით თუ ეს ქვეყანა „ანომალიური“ ავსტრია-უნგრეთი იქნებოდა.

დაბოლოს, რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდებოდა 1914 წლის ზაფხულში, ჩემი აზრით, ეს აუცილებლად მოხდებოდა, შეიძლება ზაფხულში არა, მაგრამ ზამთარში აუცილებლად, ან 1915 ან 1916-ში და ა.შ. რადგან ამგვარი, ასე ვთქვათ, „დაუკმაყოფილებელი მადის“ ქვეყნები აუცილებლად გამოძებნიდნენ რაიმე საბაბს და ვფიქრობ, ეს ომი, სამწუხაროდ, გარდაუვალი იქნებოდა.



ავტორი - ნინო ლალიაშვილი

0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლალიაშვილი
ნინო ლალიაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0