x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83628
  • ვიდეო:334424
  • სურათი:441608
ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. როგორც ოსური მხარე იუწყება, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დივერსიისათვის ემზადებოდა. მას ოსური სპეცსამსახურები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.


image

ოსური მხარისვე ცნობით, ტატუნაშვილმა მათ დაკავებისას წინააღმეგობა გაუწია, რა დროსაც კიბიდან დაგორდა. იგი სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ საათში გარდაიცვალა.


ტატუნაშვილთან ერთად, ოსურმა მხარემ კიდევ ორი ქართველი : ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოთ ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. " - ნათქვამია განცხადებაში.


აღნშნულთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს მთავრობაშიც.


"უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ცხინვალში მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.

ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ." - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.


„საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0