x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერები ანუ ნოსტალგია ჩვენი ბავშვობის ფილმებზე

საბჭოთა კავშირში ფილმის წარმატება, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, განისაზღვრებოდა მისი გამოსვლის პირველ წელს გაყიდული ბილეთების რაოდენობით. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საბჭოთა ფილმების კინოგაქირავების რეიტინგი. მასში წარმოდგენილია ბევრი ჩვენგანისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმები, რომლებიც ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა თავის დროზე.




image




1. საბჭოთა ფილმებს შორის აბსოლუტურ ლიდერად ითვლება ფილმი "მეოცე საუკუნის მეკობრეები", რომელიც საბჭოთა კინოგაქირავების რეკორდსმენია.



image



ფილმი 1979 წელს გადაიღო რეჟისორმა ბორის დუროვმა, ბევრი კინოკრიტიკოსი მას პირველ საბჭოთა მძაფრსიუჟეტიან ფილმს უწოდებს. ეკრანზე ფილმი გამოვიდა 1979 წლის შემოდგომაზე და ერთი წლის შემდეგ უკვე 87, 6 მილიონ კაცს ჰქონდა ნანახი.






2. მეორე ადგილზეა ვლადიმერ მენშოვის ოსკაროსანი კინოლენტა "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა".



image



1980 წელს ეს ფილმი ნახა 84, 4 მილიონმა ადამიანმა. თავდაპირველად ფილმის გამოსვლას ბევრი კრიტიკოსი საკმაოდ ცივად შეხვდა - მათ არ მოეწონათ ეს საკმაოდ იაფფასიანი მელოდრამა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილმმა "ოსკარი" და მაყურებლების დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა, კრიტიკოსების და საბჭოთა კინემატოგრაფიის ხელმძღვანელების დამოკიდებულებაც კარდინალურად შეიცვალა.






3. მესამე ადგილზე ყველასათვის კარგად ცნობილი კომედია "ბრილიანტის ხელია". ეს ექსცენტრული კომედია 1968 წელს გადაიღო რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ. 1969 წელს ფილმი 76, 7 მილიონმა კაცმა ნახა.



image



ცენზურას ფილმში არ მოეწონა მეძავების სცენები, მთავარი გმირის სასმელისადმი სიყვარული, საბაჟოს მოხელეების გულგრილი დამოკიდებულება საქმისადმი...მოკლედ ფილმის ბევრ კადრს ამოჭრა ემუქრებოდა. ამიტომ გაიდაიმ ეშმაკობა იხმარა: ფილმის ბოლოს მან დაამატა შინაარსით აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი ბირთვული აფეთქება და კომისიას განუცხადა, რომ თანახმა იყო ნებისმიერი კადრის ამოჭრაზე, აფეთქების კადრის გარდა. მისმა ეშმაკობამ გაჭრა: კომისიამ მოითხოვა ბირთვული აფეთქების კადრის ამოღება ფილმიდან, სამაგიეროდ კინოს დანარჩენი ნაწილისათვის მათ ხელი არ უხლიათ. ასე გადაარჩინა გაიდაიმ ფილმი მკაცრ ცენზურას.






4. მეოთხე ადგილზეა ფილმი "კავკასიის ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავდაგადასავალი", ლეონიდ გაიდაის მიერ 1969 წელს გადაღებული კომედია.



image



მიუხედავად იმისა, რომ სასინჯ ჩვენებას სახკინოს დამამტკიცებელი კომისიის წინაშე დიდი მოწონება ხვდა წილად, კომისია მაინც ვერ ბედავდა ფილმის გაქირავებაში ჩაშვებას, ამოჭრილი იქნა უამრავი კადრი ცენზურის მიერ. ფილმის ბედი გაურკვეველი იყო მანამ, სანამ ბრეჟნევმა არ ნახა ის და რეჟისორს მადლობა არ გადაუხადა კარგი კომედიის გადაღებისათვის. სწორედ ამან გადაწყვიტა ფილმის ბედი. 1967 წელს ის 76, 6 მილიონმა მაყურებელმა ნახა.






5. მეხუთე ადგილზეა იგორ ტუტიშკინის მუსიკალური კომედია "ქორწილი მალინოვკაში".


image



1967 წელს ამ ფილმმა 74, 6 მილიონი ნახვა დააგროვა. ფილმის ძირითადი ნაწილი მართლაც სოფელ მალინოვკაში იქნა გადაღებული და მის მასიურ სცენებში ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობდა.







6. მეექვსე ადგილზეა ალექსანდრე მიტის ფილმი-კატასტროფა "ეკიპაჟი".1980 წელს გამოსულმა ამ ფილმმა 71, 1 მილიონი მაყურებელი მიიზიდა.



image



ფილმი უნიკალურია იმით, რომ ის შედგება აბსოლუტურად განსხვავებული ორი სერიისაგან: პირველი სერია საყოფაცხოვრებო მელოდრამაა, მეორე სერია კი ფილმი-კატასტროფა. ჰეილის რომანის "აეროპორტის" და მისი ჰოლივუდური ეკრანიზაციის შემდეგ ავიაკატასტროფების თემა ძალზე პოპულარული გახდა კინოს სამყაროში, რადგან ჰოლივუდის ფილმები საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, ვაკუუმის შესავსებად გადაიღეს ფილმი "ეკიპაჟი".






7. მეშვიდე ადგილზეა შესანიშნავი კომედია "ოპერაცია ი ანუ შურიკის სხვა თავგადასავლები", გადაღებული 1965 წელს. ფილმმა 69, 6 მილიონი მაყურებელი დააგროვა.



image



რეჟისორი დიდხანს ეძებდა შურიკის როლის შემსრულებელს, უამრავი მსახიობი გაისინჯა ამ როლზე, მაგრამ ის უკმაყოფილო იყო მათით. ერთხელ მან ახალგაზრდა მსახიობის ალექსანდრე დემიანენკოს სურათი შემთხვევით ნახა და მიხვდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა. ფილმმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ის საბჭოთა მაყურებლის ერთ-ერთი უსაყვარლესი კომედია გახდა.






8. მერვე ფილმი ამ რეიტინგში "ფარი და მახვილია"- მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ოთხსერიანი ფილმი, რომელიც 1968 წელს გადაიღო რეჟისორმა ვლადიმერ ბასოვმა. კინოლენტა 68, 3 მილიონმა მაყურებელმა ნახა.



image





9. მეცხრე ადგილი ამ სიაში უჭირავს ფილმს "მოუხელთებელების ახალი თავგადასავალი", რომელიც 1968 წელს გადაიღო რეჟისორმა კეოსაიანმა. ის 66, 2 მილიონმა მაყურებელმა ნახა.



image



მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "მოუხელთებელი შურისმაძიებლები", გადაღებული რომან "წითელი ეშმაკუნების" მიხედვით, უამრავი თხოვნა შევიდა სახკინოს სახელზე, მაყურებელი ითხოვდა ფილმის გაგრძელებას. "მოუხელთებლების ახალმა თავგადასავალმა" დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელს შორის და მან რეიტინგით გადაუსწრო დილოგიის წინა ნაწილს.







10. ამ სიაში რიგით მეათე ადგილზეა "იღბლიანი ჯენტლმენები", 1971 წელს ალექსანდრე სერის მიერ გადაღებული ფილმი. 1972 წლის კინოგაქირავების ლიდერი, რომელიც 65 მილიონამდე მაყურებელმა ნახა.



image



ფილმის რეჟისორი თავად იმყოფებოდა ციხეში და დამნაშავეების ჟარგონი მშვენივრად იცოდა. ფილმის ერთ-ერთმა სცენარისტმა გიორგი დანელიამ გადაწყვიტა ციხიდან ახლახან გათავისუფლებულ კოლეგას დახმარებოდა. მან დაწერა მისთვის სცენარი და მისდა გასაკვირად, თანხმობა მიიღო სახკინოს მესვეურებისაგან. დანელიას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ფილმისათვის მსახიობთა შერჩევაში და უამრავი საინტერესო სცენის გადაღებაში, თუმცა ის თავის თავს მხოლოდ ფილმის მხატვრულ ხელმძღვანელს უწოდებდა.

მილიცია ფილმის ჩვენებას გაგებით მოეკიდა, ხოლო თავად შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ ხარხარებდა მისი ნახვის დროს. მიუხედავად ამისა, ფილმში გამოყენებული ციხის ჟარგონის გამო სახკინოს ცენზურა თავს იკავებდა მისი გაქირავებაში გაშვებისაგან, სანამ ფილმი თავად ბრეჟნევმა არ ნახა. ამბობენ, რომ მან ბევრი იცინა და ბოლოს აღნიშნა, რომ აქ გაჟღერებული ქურდული ტერმინები პატარა ბიჭებმაც კი კარგად იცოდნენ. ასე რომ, მან მწვანე შუქი აუნთო ამ გენიალურ ფილმს.


0
175
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0