x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბიბლიის უძველესი ხელნაწერები

image

მსოფლიოში სამი მონოთეისტური რელიგია არსებობს: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. მათგან ისლამი აღიარებს წმინდა წიგნს - ყურანს, ხოლო იუდაიზმი და ქრის­ტიანობა - ბიბლიას.


სიტყვა ბიბლია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წიგნებს, გრა­გნილებს. ებრაელები მას თანახს უწოდებენ, რომელიც სამ ნაწილად იყოფა: თორა (მოსეს ხუთწიგნეული), ნეებიმ (წინასწარმეტყველები), ქეთუბიმ (წერილები). თანახი დაიწერა ებრაულ ენაზე ებრაელებისთვის და მხოლოდ ძვ.წ. III ს-ში ითარგმნა ბერძნულად ალექსანდრიაში ებრაული ელინიზირებული თემისთვის, რომელსაც “სეპტუაგინ­ტა“ ეწოდა.


ბიბლია 66 წიგნისგან შედგება. მათ შორის ძველი აღთქმის 39 წიგნია, ხოლო ახალი აღთქმისა - 27. სამწუხაროდ, ჩვენთვის არაა ცნობილი, თუ ვის მიერ გაერთიანდა ისი­ნი ერთ წიგნად. ძველი აღთქმის 39 წიგნი შექმნილია სხვადასხვა ავტორის მიერ სხვა­დასხვა დროს, რომლებიც ერთმანეთისგან სტილის მიხედვით განსხვავდება. ისინი შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  • თორა - მოსეს ხუთწიგნეული (დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული), რომელიც აწესრიგებს რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს. მოგვითხრობს სამყაროსა და ადამიანის გაჩენის შესახებ, ებრაელთა თავგადასავალზე.
  • წინასწარმეტყველნი (ნებიიმ) - ღვთისგან გამოგზავნილი ადამიანები, რომლე­ბიც ხსნიდნენ მომხდარ მოვლენებს, ამხელდნენ არსებულ ბოროტებას და მოუთხრობდნენ ხალხს ღვთის ნება-სურვილის, მომავალი სასჯელის შესა­ხებ.
  • წერილნი (ქეთუბიმ) - შედის ფსალმუნნი, რომელიც დავით მეფეს ეკუთვნის; სოლომონ მეფის იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე, დანიელი, იერე­მიას გოდე­ბა, იობი, რუთი, ეზრა და ნეემია, პირველი და მეორე ნეშტთა და ესთერი.

ძველი აღთქმის უძველესი მონუსკრიპტები მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. მათი გაქრობის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ომები, (განსაკუთრებით ებრაელთა პირველი და მეორე ტაძრების დანგრევა) გადასახლებები და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფები.



თანამედროვე სამყაროში აღმოჩენილ ბიბლიურ ხელნაწერებს შორის მნიშვნელო­ვანია კაიროს არქივი (Cairo Genizah) და ყუმრანის, იგივე მკვდარი ზღვის გრაგ­ნილები. კაიროს არქივი შეიცავს 300000-მდე ებრაულ მონუსკრიპტს, რომლებიც აღმოაჩინეს ეგვიპტეში, ძველი კაიროს მიდამოებში, ბენ ეზრას სინაგოგაში. თავდა­პირველად ბენ ეზრას სინაგოგა და მისი მიდამოები მოინახულა მოგზაურმა იაკობ სა­ფირმა, რომელმაც იქ ვერ აღმოაჩინა რაიმე ღირებული. თუმცა, მოგვიანებით, 1896 წელს შოტლანდიელი მეცნიერები, აგნეს სმიტ ლევისი და მარგარეტ დუნლოპ გიბსონი (რომლებსაც ხშირად ვესტმისტერის დებსაც უწოდებენ), ეგვიპტის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ მივიდნენ თავიანთ მეგობარ რაბინთან, სოლომონ შეჩტერთან, რომელსაც აჩვენეს კაიროდან ჩამოტანილი ფრაგმენტები. შეჩტერი თავიდანვე მიხვდა, თუ რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანი იყო ეს ხელნაწერები მეცნიერებისთვის, ბიბლიის შესწავლისთვის. ამიტომ, მალე ის თავად გაემგზავრა ეგვიპტეში და დაიწყო მონუსკრიპტების ძირფესვიანი კვლევა. დღესდღეობით, კაიროს არქივის ხელნაწერები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას : ებრაულ თეოლოგიურ სემინარიაში, მანჩესტერის, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.


ებრაისტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ყურმრანის, იგივე მკვდარი ზღვის გრაგნილების შესწავლას, რომლებიც აღმოაჩინეს რამდენიმე ეტაპად, 1946-1947, 1956 და 2017 წლებში, იუდას უდაბნოში, ყუმრანის 12 გამოქვაბულში. 972 ტექსტი, რომელ­თაგან უმეტესობა ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი, სერიოზულ თავსატეხს ქმნის. მკვდარი ზღვის გრაგნილები ანტიკური ხელნაწერების უძველესი და ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც თანამედროვე ეპოქაში აღმოუჩენიათ.


მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენა პატარა, ერთი შეხედვით უბრალო ისტორიასთანაა დაკავშირებული, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ებრაისტიკის კვლევის გზები. 1947 წელს, როცა ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, იუდეის უდაბნოში ბედუინ ბიჭს თხა ერთ-ერთ გამოქვაბულში დაეკარგა. ბიჭმა ქვა ისროლა, რათა ის შეეშინებინა და გარეთ გამოეყვანა, თუმცა იქიდან მტვრევის ხმა მოესმა. ბიჭუნამ თავის ბიძაშვილ მუჰამად ედ-დიბთან ერთად გამოქვაბული დაათვალიერა, მათ თხისა და განძის ნაცვლად დამსხვრეული ჭურჭელი დახვდათ, რომლებშიც ტილოში გახვეული გრაგნილები ინახებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მუჰამადმა გრაგნილები ბეთლემელ მეწაღეს მიჰყიდა, დაახლოებით 30 დოლარის ექვივალენტში. დღეს კი მეცნიერებამ უკვე იცის, რომ მათი ღირებულება რელიგიური და ისტორიული კუთხით შეუფასებელია.


დღესდღეობით მკვდარი ზღვის გრაგნილები ისრაელის მუზეუმში ინახება. გრაგნილების უმეტესობა მოიცავს ძველი აღთქმის ყველა წიგნს (გარდა ესთერის წიგნისა), მათ შორისაა დაბადების წიგნის 20, გამოსვლის 17 და ფსალმუნების 37 ასლი. ამასთანავე, მკვლევარები წააწყდნენ უცნობ ფსალმუნებს, მისტიკურ, აპოკალიფსურ ხელნაწერებს. ისინი შესრულებულია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე. გრაგნილებზე შესრულებული ტექსტების ენობრივი მასალა ასახავს ახ.წ II საუკუნის 30-იანი წლების ებრაულ მეტყველებას, რომელიც ებრაელთა სწავლულ წრეებში იყო დაცული. გარდა გრაგნილებისა, რომლებისთვისაც ტყავი და პაპირუსი გამოიყენებოდა, გვხვდება ოსტრაკა და გრაფიტი. ხელნაწერებს შორის დიდ ყურადღებას იმსახურებს არაბიბლიური თხზულებები, ვინაიდან წარმოდგენილია განსხვავებული ენობრივი მასალა.


მკვლევარებს გრაგნილების დალაგების, გააერთია­ნებისა და შესწავლისთვის 40 წელი დასჭირდათ. სწავლულები იკვლევდნენ 1000-მდე ტექსტს, რომლებიც 15 000 ნაწი-ლად იყო დანაწევრებული. ამასთანავე, ზოგიერთ გრაგნილს ნაწილები აკლია, ზოგი კი ერთიდაიგივეა, რაც საქმეს ართულებს. განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო მუშაობა თითოეულ ფრაგმენტთან, ვინაიდან ყოველი შეხებისას იზრდება მისი დაქუცმაცების შანსი. თუმცა, არსებობს გამოსავალი – გრაგნილების კვლევა შეხების გარეშე. ლოს-ანჯელესში მცხოვრები დოქტორი ბრიუს ცუკერმანი იყენებს ციფრულ ტექნოლოგიას და ინფრაწითელი სხივების საშუალებით კითხულობს იმ ასოებს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალი ვერ ამჩნევს. სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამით ცუკერმანი ფრაგმენტებს აერთიანებს და საერთო სურათს ქმნის. კოლეგებთან ერთად მან შექმნა მკვდარი ზღვის ხელნაწერების მთლიანი ბაზა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია 25 ქვეყნის მეცნიერთათვის. შესაბამისად, გამოაშკარავდა სიტყვები და ფრაზები, რომელთაგან ზოგი ნაცნობია ებრაელებისთვის, ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის: „თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.”



მკვლევართათვის საინტერესო გახდა, თუ ვინ შეადგინა ეს ხელნაწერები, ამიტომ გადაწყვიტეს ტერიტორიისა და გამოქვაბულების შესწავლა, რის შედეგადაც გამოთქვეს ვარაუდი გარკვეული დასახლების არსებობის შესახებ. ფიქრობენ, რომ ყუმრანის დასახლება იყო სამონასტრო ტიპის კომპლექსი, რომელიც გაჭირვებაში მყოფ ებრაელებს უნდა აეგოთ. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ გრაგნილთა ავტორებმა უდაბნოს რომის მიერ იუდეის სამეფოსა და იერუსალიმის ტაძრის დაპყრობის გამო გამო შეაფარეს შეაფარეს თავი. მათი აზრით, ეს ადამიანები რო­მაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის მიერ აღწერილი მისტიკოსთა ჯგუფის “ესეების“ წევრნი არიან. ესეები იყვნენ განდეგილი ებრაელი ბერები, რომლებიც ძვ.წ I - ახ.წ პირველ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ფლავიუსის მიხედვით, ესეებს არ შეეძლოთ ეყურებინათ, თუ როგორ ირყვნებოდა იერუ­სალიმის წმინდა ტაძარი და თავი შეაფარეს იუდეის უდაბნოებს, სადაც ამ­ჟამად ყუმრანია.


ყუმრანის მიდამოების კომუნალური სტრუქტურის გამო მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ყუმრანი სპეციალურად გრაგნილების შესაქმნელად აიგო. დასახლებაში დერეფნები სხვადასხვა ოთახებს უკავშირდებოდა, რომელთაგან ერთ-ერთში, “გრაგნილების ოთახში“ ხელნაწერები ინახებოდა. არქეოლოგებმა ასევე აღ­მოაჩი­ნეს 10 აუზი, რომლებიც შესაძლოა რიტუალური აბაზანებისთვის გამოიყენე­ბოდა. გარდა ამისა, აქ იყო მთავარი კომუნალური ოთახი, სადაც წევრები სადილობ­დნენ. ნაგებობა აშენდა ქვისა და აგურისგან და გარს კედელი ერტყა. ერთ-ერთი ოთახი, რომელიც ცენტრში მდება­რეობს, შეიცავს ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ გრაგნილები ყუმრანში შეიქ­მნა. მას სკრიპტორიუმი, იგივე “საწერი ოთახი“ ეწოდა. აქ მეცნიერებმა გრძელი და ვიწ­რო მაგიდების, სკამებისა და სამელნეების ნარჩენები იპოვეს.


ბიბლიის ტექსტის შედარებით გვიანდელი მონუსკრიპტებია:

  • სინაის კოდექსი - ბერძნული ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, რომელიც შედგება არასრული ძველი აღთქმისა და სრული ახალი აღთქმისგან. იგი აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა, კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა 1844 წელს სინაის მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში. კოდექსი თარიღდება IV საუკუნით და შეიცავს ადრექრისტიანული პერიოდის ორი ავტორის ხელნაწერებს: “ბარაბას წერილს“ და ერმას “მწყემსს“. ხელნაწერები ინახება სინაიზე, სანკტ-პეტერბურგში, ლონდონსა და ლაიფციგში.
  • ვატიკანის კოდექსი - ბერძნული ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, რომელიც შედგება არასრული ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისგან. კოდექსი თარიღდება IV საუკუნის შუა ხანებით. მისი სახელი მომდინარეობს ვატიკანის ბიბლიოთეკიდან, სადაც ის მე-15 საუკუნიდან ინახება.
  • ალექსანდრიული კოდექსი - თარიღდება V საუკუნით. მისი სახელი მომდი­ნარეობს ალექსანდრიიდან, სადაც ის წლების განმავლობაში ინახებოდა, სანამ მართლმადიდებელმა პატრიარქმა, კირილ ლუკარისმა კონსტანტინო­პოლში არ გადაიტანა.


ზემოთ ჩამოთვლილ ხელნაწერებს შორის ყუმრანის (მკვდარი ზღვის) გრაგნილებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვა ისმის - ფრაგმენტთა შეერთებამ და შესწავლამ შესაძლოა ახალი საიდუმლოებები და თავსატეხები გამოააშკა­რავოს.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • გ. ლორთქიფანიძე, მ. მშვილდაძე - „ბიბლიური არქეოლოგია“, თბილისი, 2012
  • National Geographic ფილმი – The Dead Sea Scrolls
  • კონსტანტინე წერეთელი - „ბიბლიის ებრაული“, თბილისი, 2001
  • ზ. კიკნაძე- “საუბრები ბიბლიაზე“, თბილისი, 1989

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა მიხანაშვილი
ნანა მიხანაშვილი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0