x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარხვის საიდუმლოებანი
მარხვა - ესაა სამადლობელი მსხვერპლი, რომელსაც შევწირავთ უფალს მისი გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელმაც ჩვენ, მოკვდავნი გვიხსნა.


image

მარხვა კაცობრიობის დაარსებასთან ერთად გაჩნდა. პირველი მცნება, რომელიც უფალმა ადამს დაუწესა, იყო "ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ". (დაბ. 2, 17) მაგრამ ევამ ეს მცნება დაარღვია და ამით ადამიანები დავსნეულდით, სენისგან კი მარხვით უნდა განვიკურნოთ.


მარხვა განსხვავებული იყო ძველ დროში. მაშინ მარხვისთვის გამოიყოფოდა ერთი დღე და ამ დღის განმავლობაში მორწმუნე საერთოდ არ იღებდა საკვებს. ძველ აღქმაში გვხვდება სამდღიანი, შვიდდღიანი და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ორმოცდღიანი მარხვები. ძირითადი მიზეზი მარხვისათვის იყო ახლობლის გარდაცვალება, განსაცდელის ჟამს უფლისგან ხსნის მოლოდინი ან დიდი განსაცდელი.



image


„ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მათ. 17:21) - ბრძანებს მაცხოვარი და ეშმაკისგან თავის დახსნის ერთადერთ გზად მარხვას ასახელებს.


მაცხოვარი, ასევე, მოგვიწოდებს, რომ ვიმარხულოთ არა სხვის დასანახად, არამედ საკუთარი სულის განკურნებისათვის: - ''და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვით თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა სენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.(მათ. 6:16-18)


image


"მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51, 2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით - სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვიტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14, 23). განა ჩვენში შემომავალ მეუფეს კარი უნდა დავუხშოთ სიმთვრალით? სიმთვრალე სული წმიდას ისევე განდევნის, როგორც კვამლი ფუტკრებს." - წმინდა ბასილი დიდი მარხვის შესახებ.


"მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს - ესაა ლოცვა. სიკვდილის ჟამი იქნება თუ რაიმე სხვა განსაცდელისა, მარხვითა და ლოცვით ყველაფერი ნადგურდება; მარხვით ძრწიან და ილტვიან ბოროტნი სულნი, იმუსრება დემონური ძალების მეუფება; მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით. მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა; მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე; მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა - ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან. თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა, არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით. მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა." - წმინდა იოანე ოქროპირი







0
132
5-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0