x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
მე არ მესმის ამ სამყაროსი !!!
მინდა მოგითხროთ ერთი სულისშემძვრელი ისტორია, რომელსაც ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი. რა თქმა უნდა, ასეთი ამბები ჩვენ სასტიკ და პრობლემებით აღსავსე ყოველდღიურობაში იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ ცრემლების გარეშე მაინც ვერ შევძელი ამ ამბის წაკითხვა.




image




აი რას გვიამბობს ავტორი:

"მოხდა ისე, რომ საჭიროების გამო სამედიცინო კომისიამ მომთხოვა ცნობა ამეღო ტუბდისპანსერში, რომელიც ქალაქიდან მოშორებით, ტყიან ადგილას მდებარეობდა. აქ განთავსებული იყო როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვთა განყოფილებები. და აი, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ვდგევართ ამ პირქუში, ნაცრისფერი შენობის წინ. გარეთ მზეა, ყვავილები ყვავიან, ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებენ, ფანჯრებთან მომდგარი პატარები კი სევდიანი, ტკივილნარევი ცრემლიანი თვალებით იყურებიან გარეთ.


ჩემი სავსებით ბუნებრივი კითხვის:''როგორ ცხოვრობენ აქ ეს ბავშვები?" პასუხად მეგობარს ხელები აუკანკალდა და სახე შეეცვალა. ჩანდა, რაღაც სამწუხარო ისტორია გაახსენდა. აი ეს სულისშემძვრელი ისტორიაც, რომლის სიმართლეში ეჭვი წამითაც კი არ შემპარვია:

ერთხელ ჩვენ ბავშვთა ტუბერკულიოზის განყოფილებას ვესტუმრეთ. ჩვენ პერიოდულად ვაკეთებდით ამას, თან პატარებისათვის ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეულები, წიგნები, ხილი და კანფეტები მიგვქონდა ხოლმე. მოკლედ, ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ ამ საბრალო პატარებს თავი გარიყულად და მიტოვებულად არ ეგრძნოთ.

და აი, მე დავინახე პატარა, გამხდარი, სევდით სავსე თვალებიანი გოგონა, რომელიც ინვალიდის ეტლში იჯდა. ის ტვინის ტუბერკულოზით იყო ავად. როცა ექიმს ვკითხე მის შესახებ, ამიხსნა, რომ გოგონას სულ 1-2 თვის სიცოცხლე დარჩენოდა. პატარას სანახავად არავინ არ მოდიოდა: მამა ციხეში იჯდა, დედა კი ნარკომანი ჰყავდა. გოგონა მუდამ მოწყენილი იყო და მას არავინ არ ეთამაშებოდა.

იმავე საღამოს მე და ჩემმა მეგობარმა უზარმაზარი პლუშის დათუნია ვიყიდეთ და მეორე დილას გოგონას საზეიმოდ გადავეცით იმ პირობით, რომ ის არასოდეს აღარ იქნებოდა მოწყენილი. პატარა სიხარულისაგან ატირდა: მას არავინ ეთამაშებოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, არავინ არ ნახულობდა, არავის არასოდეს არაფერი არ უჩუქნია და უცებ უზარმაზარი, ულამაზესი ფუმფულა დათუნია მხოლოდ მისი საკუთრება გახდა. უნდა გენახათ მისი გაბრწყინებული თვალები, ამ წუთებში მასზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ არ იყო.

მეორე დილით კვლავ შევიარე გოგონას სანახავად, მინდოდა მენახა, ასრულებდა თუ არა ის პირობას, რომ არასოდეს აღარ მოიწყენდა და რას ვხედავ: პატარა ზის ინვალიდის სავარძელში თვალცრემლიანი და დათუნიას კვალიც კი არსად ჩანს.

როგორც გამოირკვა, სათამაშო მას სანიტარმა წაართვა. მე წავედი, რათა მენახა ეს უსულგულო არსება. ჩემს კითხვაზე, თუ სად გაქრა დათუნია, ის რაღაც ბოდვას მოყვა, რომ როგორც ჩანს, სათამაშო უხარისხო იყო, ის მალევე დაიშალა და რომ მან ის ნაგავში ჩააგდო. როცა რისხვისაგან ანთებულმა წავათრიე ის ნაგვისაკენ, რათა ეჩვენებინა, თუ სად გადააგდო სათამაშო, მხოლოდ მაშინ გამოტყდა, რომ დათვი თავის შვილებს წაუღო სახლში. გესმით? საბრალო, მიტოვებულ, მომაკვდავ პატარა გოგონას წაართვა ერთადერთი სიხარული და სახლში წაიღო!!!!

რაც მოხდა ამის შემდეგ, დაწვრილებით აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ სანიტარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გოგონას, რა თქმა უნდა, ახალი სათამაშო დათვი ვუყიდე, მაგრამ საბრალო პატარა მეორე დღესვე გარდაიცვალა. როგორც ჩანს, გადატანილმა სტრესმა დააჩქარა მისი სიკვდილი.

აი რა არის ჩემთვის გაუგებარი: თუ შენ, რომელიც თავს ადამიანს უწოდებ, მიდიხარ სამუშოდ ტუბდისპანსერის ბავშვთა განყოფილებაში სანიტრად, სადაც ბავშვების უმეტესობა უარყოფილი, მიტოვებული ან ობოლია; მიდიხარ ბავშვებთან, რომლებსაც არა ჰყავთ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, აკლიათ სიყვარული, ზრუნვა, საჩუქრები და ალერსი; ბავშვებთან, რომელთა უმეტესობას არა აქვს მომავალი, რომელთაც სიცოცხლის კვირეები და თვეები დარჩენიათ; მიდიხარ და მომაკვდავ პატარა გოგონას ართმევ უკანასკნელ სიხარულს, ღიმილს და ბედნიერებას, როგორ შეგიძლია ღამით მშვიდად დაიძინო? როგორ უწოდებ შენს თავს ადამიანს?!"



P.S. დიდხანს ვეძებდი რაიმე არგუმენტს, რომ ამ საძაგელი ქმნილების საქციელი რითიმე მაინც გამემართლებინა, მაგრამ ვერ ვიპოვე.

როგორც ჩანს, მე არ მესმის ამ სამყაროსი!!!!!

2
141
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
141
  
2018, 21 თებერვალი, 22:53
ბავშვები ნამდვილად არ უნდა მიდიოდნენ ნაადრევად ამქვეყნიდან.. ორიოდე დღის წინ ჩემთან შავებში ჩაცმული ცოლ-ქმარი მოვიდა, ორმოცისთვს გვინდა ნამცხვრებიო. ლამის დავმუნჯდი, როცა ცრემლებმომსკდარებმა მითხრეს, 9 წლის შვილი გარდაგვეცვალაო :( რა უსამართლოა ეს ქვეყანა...
2018, 21 თებერვალი, 11:15
უსამართლო სამყარო... გული არ უნდა გქონდეს, თორემ აუცილბლად გაგაბოროტებს "ადმიანს" :( ბავშვებს არაფერი არ უნდა ემართებოდეთ!
0 1 2