x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„მონტაჟის დროს ოქრუაშვილმა დონაძეს დაურეკა და ფირი მოსთხოვა, პროდიუსერიც შეესწრო“ - ია მეტრეველი

image


ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი იძულებული გახდა გადაცემის მსვლელობისას საზოგადოებრივ მაუწყებელში მისულიყო და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოეთხოვა.


„როცა გადაცემის ანონსში მოვისმინე, რომ საუბარი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ იქნებოდა, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი და მეთქვა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, რაც მას ეხება, “ – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„როცა დონაძე თავის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ფირს ამონტაჟებდა, იქ იყო მისი გადაცემა „პატრულის“ მთავარი პროდიუსერი, ქეთი ხოსიტაშვილი, რომელიც ფაქტს შეესწრო, თუ როგორ დაურეკა ოქრუაშვილმა დონაძეს. ქეთი ხოსიტაშვილს ესმოდა, როგორ მიმართავდა დონაძე ოქრუაშვილს – გისმენთ, ბატონო ირაკლი. საუბრის შემდეგ დონაძეს ძალიან აღელვებული სახით, შეშფოთებულს უთქვამს, ვაიმე, რაღა ვქნა, ფირს მთხოვსო. ამის შემდეგ ის გავიდა, ამოიღო როგორც ჩანს, ნამდვილი ფირი, რომელიც პირველად გადაიღეს და ოფისიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. ანუ სავარაუდოდ ოქრუაშვილთან წავიდა“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, ჩანაწერი აქვს სოსო რობაქიძეს, რადგან ქეთი ხოსიტაშვილმა ეს ყველაფერი სწორედ მას მოუყვა, ფურცელს ხელი მოაწერა და დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი მონათხრობია: „არ ვიცი, ეს რა მიზეზით მოხდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამოძიების დაწყებისას ეს ფაქტი საქმეში არ შეუტანიათ. თუმცა, მაშინ გამოძიებაზე სხვა ჯგუფი მუშაობდა, ახლა კი სულ სხვა ჯგუფი მუშაობს. კარგად მოგეხსენებათ, იქ ძველი კადრები დღესაც რჩებიან და არ გამოვრიცხავ, ჩარევა მომხდარიყო და ეს ფაქტი საქმიდან შეგნებულად ამოეღოთ.
ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო და გამოვრიცხავ, მას ეს არ სცოდნოდა. მათი ხელისუფლების მიზანი იყო, პატრულის რეპუტაცია არ შელახულიყო. ეს სააკაშვილიდან მომდინარეობდა, ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ეს მათი ნება იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ბრძანება მათგან იყო გაცემული.
მით უმეტეს, ოქრუაშვილი და დონაძე ერთსა და იმავე შენობაში ისხდნენ. დონაძის ოფისი პირველ სართულზე იყო, ოქრუაშვილი კი მეხუთე სართულზე იჯდა. ასე რომ, ყოვლად გამორიცხულია, ოქრუაშვილს ამ ფაქტის შესახებ არ სცოდნოდა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ამ საკითხის კომენტირებისას პროკურორი ამბობს, რომ შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილი ხელახლა დაიკითხოს.
„ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილი მხარეთა დასაკითხ პირთა სიაშია შეყვანილი, შესაძლოა, შემდგომ ეტაპებზე ის მოწმის სახით დაიკითხოს. ჯერჯერობით სხვა მოწმეების, კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს“ – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ განაცხადა.
რობაქიძის საქმის პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ქეთი ხოსიტაშვილი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, მაგრამ მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომლის შესახებაც ია მეტრეველმა განაცხადა.
„შესაბამისად, ალბათ კითხვა ქეთი ხოსიტაშვილს მიემართება, თუ ის ასეთ ინფორმაციას ნამდვილად ფლობს, ამის შესახებ სასამართლოს რატომ არ განუცხადა“, – განაცხადა პროკურორმა.
0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0