x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ემპათიური მოსმენა


image
მოდით დაფიქრდით, რატომ უყვებით საკუთარი პრობლემების შესახებ სხვებს? შეიძლება იმიტომ, რომ თქვენ გსურთ რჩევის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეთ ასეთ რთულ სიტუაციაში? ან შეიძლება გსურთ სხვებისგან შეფასების მიღება-მოიქეცით თუ არა სწორად? ან იქნებ იმის მოსმენის სურვილი გაქვთ, თუ როგორ მოქცეულა თქვენი თანამოსაუბრე ანალოგიურ სიტუაციაში? ალბათ, ეს ასე არ არის. ყოველი ადამიანისათვის ასეთ სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია- სურვილი, რომ გაუგონ მას, გაიზიარონ მისი გრძნობები, განცდები. ამბობენ კიდეც, რომ გაზიარებული მწუხარება ორჯერ მცირდება, ხოლო გაზიარებული სიხარული კი ორჯერ იზრდება. უმთავრესი, როგორც ჩანს, არის თანამოსაუბრის გრძნობების გაგება და მათი თანაგანცდა. სწორედ ამაში მდგომარეობს ისეთი კარგი მოსმენის საიდუმლო, რომელიც ადამიანს შემსუბუქების განცდას უღვიძებს და როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს ეს, მას საკუთარი თავის გაგებისკენაც უხსნის გზებს.
ამრიგად, ჩვენს სიტუაციებში უფრო მნიშვნელოვანია საუბრის ემოციური შეფერილობა. საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ პიროვნებაზე საუბარი ისეთი მნიშვნელოვანია მოზარდისთვის და საუბრის საგანი ისეთი ბუნდოვანია მათთვის, რომ თქვენთვის უმთავრესია არა მის მიერ მოწოდებული `ობიექტური ინფორმაცია~, არამედ ის გრძნობები, რომლებსაც ის განიცდის ამის გამო. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია არა მისი სიტყვების, არამედ მისი ემოციური მდგომარეობის გაგება. სწორედ ამიტომ მოზარდებთან მომუშავე ნებისმიერი პედაგოგი აუცილებლად უნდა ფლობდეს ემპათიური მოსმენის უნარ-ჩვევებს. იმ მოსმენის უნარს, როცა მსმენელს(მასწავლებელს) შეუძლია იმ გრძნობების განცდა, რომლებსაც მოზარდი განიცდის. ის სარკის მსგავსად ირეკლავს მათ იმისათვის, რომ მოზარდმა უკეთ გაიგოს საკუთარი თავი და მიიღოს ის საკუთარ წინააღმდეგობრივ გრძნობებთან ერთად.
დააკვირდით იმ ადამიანებს, რომლებიც საუკეთესო მოსაუბრეებად არიან აღიარებულნი. ადამიანები, მათ წინაშე საკუთარ პრობლემებზე საუბრით, დიდ ნდობას უცხადებენ მათ და ისწრაფვიან სიხარულიც გაიზიარონ მათთან ერთად. ეს ადამიანები არ იძლევიან რჩევებს, არ ავლენენ თანამოსაუბრის შეფასების ტენდენციას, არ ახდენენ მორალიზებას. ისინი იქცევიან როგორც ემოციური რეზონატორები ან როგორც სარკეები. ქვემოთ მოყვანილია ერთ-ერთი ასეთი ნიჭიერი ადამიანის აღწერა: `ის იყო ერთ-ერთი ისეთ ადამიანებთაგანი, რომელთაც იციან და უყვართ მოსმენა. ის იზიდავდა ადამიანებს მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, გამოვლენილი ინტერესის ძალითა და სერიოზულობით. მას არასოდეს გასჩენია თავში აზრი, ჭკუა ესწავლებინა თანამოსაუბრესთვის, ან მამობრივი მფარველობა გამოეჩინა და თხოვნის გარეშე მიეცა მათთვის რჩევები. ის უსმენდა აბსოლუტური ყურადღებით და რეაგირებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იცოდა, რომ ისინი ნამდვილად ელოდნენ და სურდათ მისგან ეს. მისი რეაქცია იყო ძალიან გულწრფელი და არც ერთი ყალბი ნოტა არ ერია მასში(ნ. ბერბეროვი `რკინის ქალი~)
მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას?
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

საუბარი მიმდინარეობს ხასიათის დიაგნოსტირების ტესტის ჩატარების შემდეგ. მოზარდი იღებს ხელში `წერილს~, რომელშიც აღწერილია მისი ქარაქტეროლოგიური თავისებურებები.
მოზარდი: -ამ `წერილში~ არც ერთი სიტყვა არ არის მართალი!
მასწავლებელი: - შენ განაწყენებული ხარ?
მოზარდი: - დიახ, დამიწერეს, რომ ხშირად მეცვლება გუნება-განწყობა, რომ არ ვარ სტაბილური...
მასწავლებელი: -და შენ ეს არ მოგეწონა...
მოზარდი: - რა თქმა უნდა, ატანა არ მაქვს არასტაბილური ადამიანების, ყოველთვის ვცდილობ ვიყო თავდაჭერილი, შეუღწეველი.
მასწავლებელი: - და შენ გაღიაზიანებს, რომ თავად არ აღმოჩნდი ასეთი...
მოზარდი: - დიახ...(პაუზა) რა თქმა უნდა, ზოგჯერ ხდება ხოლმე ისეც, რომ რაღაც გაუგებრობა მემართება და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევი, ვარ გაღიზიანებული, უხეში..
მასწავლებელი: - და ეს საკუთარ თავში დიდად არ მოგწონს...
მოზარდი: - დიახ, ასეა...
მოზარდი: - უცნაურია, ამ დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ მე მიყვარს თავგადასავლები, მივდივარ რისკზე... მე ამას საკუთარ თავში ვერ ვამჩნევდი.
მასწავლებელი: - შენთვის სასიამოვნოა ამის მოსმენა?
მოზარდი: - ნუ დიახ, მე მსურდა რომ ვყოფილიყავი მამაცი, რისკიანი, მაგრამ მეგონა, რომ ამ თვისებებს არ ვფლობდი.
მასწავლებელი: - ახლა კი ამაყობ ამით არა?
მოზარდი: - რა თქმა უნდა, სასიამოვნო გაიგო ინფორმაცია ისეთი თვისების ფლობის შესახებ, რომელიც გსურს რომ გქონდეს, მაგრამ იმედი არ გაქვს ამის.
მოზარდი: - აი, კიდევ ახალი ამბავი. აღმოჩნდა, რომ მე ყველაფერში პირველობა მსურს. აი, სისულელე!
მასწავლებელი: - შენ გაკვირვებს დიაგნოსტიკის შედეგები?
მოზარდი: - დიახ, მე არ ველოდი საკუთარი თავისგან ამას. მე არ ვთვლი საკუთარ თავს მეტიჩრად.
მასწავლებელი: - და შენ გაწუხებს, (ნერვებს გიშლის) რომ ზოგჯერ იქცევი ისე, როგორც პატივმოყვარე ადამიანი...
მოზარდი: არა, გეთაყვა. უბრალოდ უცნაურია, მე არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე.
მასწავლებელი: - და ახლა საგონებელში ხარ, არ იცი რა დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო ამის მიმართ..
მოზარდი: - ზუსტად ასეა.. მე საერთოდ არ მიყვარს მეტიჩრობა, და აქ კი თვითონ..(პაუზა) ნუ საერთოდ საინტერესოა...

შეიძლება ზემოთ აღწერილ ყველა სიტუაციაში მასწავლებლის რეაქცია მოგეჩვენოთ უჩვეულოდ და არაბუნებრივადაც კი. გაცილებით ტიპიურია და მარტივია თქვა:
`მეთოდიკა აქ არაფერ შუაშია. შენ თავად ხარ დამნაშავე, რომ ასეთი შედეგები მიიღე. ეს ხომ შენი ხასიათია.~
`ეს ნიშნავს, რომ ასეც არის სინამდვილეში, ცოტაა კი რაც არ გაქვს შენიშნული საკუთარ თავში~.
`რა თქმაა: `სისულელეა!~ აკონტროლე საკუთარი თავი~
ან სხვა რამ მსგავსი.
თუმცა ამ პასუხების სისწორის და სამართლიანობის მოჩვენებითი განცდის მიუხედავად, ყოველ მათგანს გააჩნია შემდეგი ნაკლი: ტოვებს მოზარდს მარტოდ-მარტოდ საკუთარ განცდებთან. მოზარდი განაწყენებული იყო, გამოხატავდა აღშფოთებას. ის აუცილებლად ელოდა გამოხმაურებას, მხარდაჭერას და ამის ნაცვლად გადაეყრებოდა გაგების სრულ არ არსებობს და განსჯასაც კი. მას სურდა საკუთარი შეფიქრიანებული მდგომარეობის გაზიარება, საუბარი საკუთარ მღელვარებაზე, გაოცებაზე და ყველაფერ ამის ნაცვლად ის მიიღებდა მხოლოდ მორალურ მითითებას, კრიტიკულ შენიშვნას. ემპათიური მოსმენის დროს გაჟღერებული პასუხები კი აჩვენებს მას, რომ მასწავლებელი იგებს მის გრძნობებს, მზადაა მის განსახილველად. ეს ახდენს მოსაუბრეზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას - ის ან ავლენს საუბრის გაგრძელების სურვილს, სურვილს თქვას საკუთარი თავის შესახებ უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა რამ(`მე მსურდა, რომ ვყოფილიყავი მამაცი, მაგრამ არ მეგონა რომ ეს გამომივიდოდა~) ან უეცრად საკუთარ თავში ისეთ ახალ თვისებას აღმოაჩენს ხოლმე, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნვედა.(`მე საერთოდ არ მიყვარს მეტიჩრობა, აქ კი თვითონ...~) ნებისმიერ შემთხვევაში მოზარდს უქრება ან უკიდურეს შემთხვევაში ძლიერ უსუსტდება ნეგატიური განცდები, უჩნდება შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ხოლო მასწავლებელს უჩნდება საბაბი, რომ, როგორც მოზარდის პრობლემების, ისე ამ მოზარდის მიმართ საკუთარი პრობლემების შესახებაც გახსნილი საუბარი მოისმინოს.

ემპათიური მოსმენის წესები
* აუცილებელია განეწყო მოსმენისთვის: დროებით დაივიწყო საკუთარი პრობლემები, გაინთავისუფლო სული საკუთარი განცდებისგან და შეეცადო მოიცილო თავიდან ამ მოსწავლის მიმართ არსებული მზა განწყობები თუ ცრურწმენები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ იგრძნოთ ის, რასაც თქვენი თანამოსაუბრე გრძნობს, `დაინახოთ~ მისი ემოციები
* პარტნიორის სიტყვებზე თქვენი რეაქციით თქვენ ზუსტად უნდა ასახოთ მისი გამონათქვამების უკან მდგარი განცდები, გრძნობები, ემოციები, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ისე, რომ თანამოსაუბრეს აჩვენოთ, რომ მისი გრძნობები არა მხოლოდ სწორადაა გაგებული, არამედ მიღებულიცაა თქვენს მიერ.
* აუცილებელია დაიჭიროთ პაუზები. მოზარდზე თქვენი პასუხის შემდეგ აუცილებელია, რომ დადუმდეთ. გახსოვდეთ, რომ ეს დრო მას ეკუთვნის, არ დაავიწყოთ მას სასაუბრო თემა დამატებითი გასარკვევი ფრაზებით, დაზუსტებებით. პაუზა აუცილებელია ადამიანისთვის იმისათვის, რომ გაერკვეს საკუთარ განცდებში.
* აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ემპათიური მოსმენა არ გულისხმობს თანამოსაუბრისგან დაფარულ, მისი ქცევის საიდუმლო მოტივების ინტერპრეტაციებს. საჭიროა მხოლოდ პარტნიორის გრძნობების ასახვა და ამ დროს არ ხდება ამ გრძნობების აღმოცენების მიზეზის ახსნა-განმარტება თანამოსაუბრისთვის. შემდეგი სახის შენიშვნები: `ეს შენ იმიტომ დაგემართა, რომ შენ უბრალოდ შურიანობ შენს მეგობრებზე~, ან `სინამდვილეში შენ გსურს, რომ ყველა შენ გაქცევდეს ყურადღებას~. ასეთ რეპლიკებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ რაიმე დადებითი რეაქცია და პირიქითაც კი ისინი მხოლოდ დაცვის მექანიზმების აქტუალიზაციას ახდენენ, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ საუბრის დასაწყისში ვიყენებთ.(როცა ჯერ არ არის შექმნილი სანდომიანი ატმოსფერო)
* იმ შემთხვევებში როცა მოზარდი აგზნებულია, გადაჭარბებული ემოციებით `პირის დაუკეტავად~ საუბრობს ან მისთვის უბრალოდ დამახასიათებელია საუბრის ასეთი მანერა და თქვენი საუბარი უკვე საკმარისად სანდო ხასიათისაა, საერთოდ არ არის საჭირო ვუპასუხოთ გაშლილი ფრაზებით თანამოსაუბრეს. საჭიროა მხოლოდ მოზარდს მხარი დავუჭიროთ შორისდებულების, მოკლე ფრაზების გამოყენებით: `ჰო~ `უჰმ~, თავის დაქნევა ან მისი ბოლო სიტყვების გამეორება(`ექო-რეაქციები~)
*ემპათიური მოსმენის მეთოდის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მოზარდს სურს საკუთარი განცდების გაზიარება. იმ შემთხვევაში თუ ის სვამს ჩვეულებრივ შეკითხვებს, მაგალითად, `თქვენ არ იცით რას ნიშნავს ეს ან ეს?~ ან უბრალოდ არ სურს თქვენთან საუბარი, ემპათიური მოსმენის გამოყენება შეუძლებელია.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0