x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონფლიქტის მოდელები
image
ესკალაციის გააზრებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რა პროცესები მიმდინარეობს
მხარეებს შორის კონფლიქტის გაძლიერების დროს. არსებობს ესკალაციის სამი ზოგადი მოდელი3 (Pruitt & Gahagan, 1974): აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი, სპირალური მოდელი და სტრუქტურული ცვლილებების მოდელი. ეს მოდელები გვაწვდის სამი სახის განმარტებებს, თუ რა ხდება ესკალაციის დროს. სამივეს გარკვეული ღირებულება აქვს,
რადგან ზუსტად აღწერს ზოგიერთი სახის ესკალაციის დროს მიმდინარე ცვლილებებს. არ შეიძლება არც ერთი მოდელის გაუფასურება და მათგან რომელიმესთვის უპირატესობის
მინიჭება. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ კონფლიქტის აგრესიულ-თავდაცვით და სპირალურ მოდელს, ხოლო მე-6 - მე-7 თავებში გადავალთ სტრუქტურული ცვლილებების ანალიზზე, აგრეთვე შევეხებით ურთიერთობების გაუარესების თემასაც.

აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი


აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი აღწერს განსხვავებას კონფლიქტის მხარეებს
შორის. პირველი მხარე - აგრესორი - განიხილება, როგორც ისეთი, რომელიც ცდილობს, მიაღწიოს გარკვეულ ცვლილებებს და შედის კონფლიქტში მეორე მხარესთან, რომელიც ამისგან თავს იცავს. აგრესორის მიზანი შეიძლება იყოს - წაართვას რამე იმას, ვინც თავს
იცავს; ან შეცვალოს არსებული პირობები მის საზიანოდ; ან შეაცვლევინოს გამაღიზიანებელი ქცევა. ჩვეულებრივ, აგრესორი (პირველი მხარე) იწყებს მეტოქეობის მსუბუქი ტაქტიკით,
რადგან ეს ნაკლებ სარისკოა. მაგრამ, თუ ამან არ გაამართლა, მხარე გადადის უფრო მძიმე ტაქტიკაზე და აგრძელებს ესკალაციას, სანამ მიზანს არ მიაღწევს, ან სანამ ესკალაციის საფასური არ გადააჭარბებს დასახული მიზნის ღირებულებას. თავდაცვის პოზიციაში მყოფი
(მეორე მხარე) მხოლოდ პასუხობს აგრესორის გამოხტომებს, ამასთან, მისი რეაქციები მწვავდება ესკალაციის გამწვავების კვალდაკვალ. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ აგრესორი მიზანს მიაღწევს, ან უკან დაიხევს.
აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი ნათელს ხდის „ცივი ომის“ განვითარების ერთ-ერთ ფაზას. ჩვენ ვგულისხმობთ საბჭოთა კავშირის ქცევას, როდესაც ის წინ აღუდგა დასავლეთ გერმანიაში ერთიანი ვალუტის შემოღებას. საბჭოთა კავშირმა ჯერ გამოიყენა პროტესტების
მსუბუქი ტაქტიკა. როდესაც ამით ვერაფერს გახდა, ის გადავიდა უფრო მძიმე ტაქტიკაზე და დროდადრო აფერხებდა კავშირ-ურთიერთობას დასავლეთ გერმანიასა და ბერლინს
შორის. როდესაც ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო ერთიანი ვალუტა მაინც შემოიღეს, სსრკ-მ მიმართა უკიდურეს ზომას - ბერლინის სრულ ბლოკადას.
აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი მიესადაგება ესკალაციის ზოგიერთ შემთხვევას,
მაგრამ ყოველდღიურ წარმოდგენებში მას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ხშირად ეს ერთადერთი მოდელია, რომელსაც ესკალაციის ასახსნელად იყენებენ. მოდელის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ აკმაყოფილებს ბუნებრივ სურვილს, იპოვონ პრობლემის სათავე და დამნაშავეები.
ესკალაციის ბევრი შემთხვევა არ ჯდება აგრესიულ-თავდაცვითი მოდელის
ფარგლებში „ცივი ომის“ დროს, იმ უფრო ფართო ესკალაციის ჩათვლით, რომელიც დასავლეთ გერმანიაში ერთიანი ვალუტის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს მოიცავდა.საქმე ისაა, რომ აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი გულისხმობს ცალმხრივ მიზეზობრივ თანმიმდევრობას, სადაც ის, ვინც თავს იცავს, მხოლოდ რეაგირებს აგრესორის ქცევაზე, მაგრამ ესკალაცია უფრო ხშირად წრიული პროცესია - ერთი მხარე რეაგირებს მეორის მოქმედებაზე, და პირიქით. ასეთი პროცესის ასახსნელად გვჭირდება განსხვავებული
მოდელი - კონფლიქტის სპირალური მოდელი.


კონფლიქტის სპირალური მოდელი



კონფლიქტის ესკალაციის სპირალური მოდელის თანახმად6
, ითვლება, რომ ესკალაციის ჩაკეტილი წრე - ქმედებების და უკუქმედებების შედეგია. პირველი
მხარის შემტევი ტაქტიკები აძლიერებს ასეთივე შეტევით ქცევას მეორე მხრიდან, რაც იწვევს პირველის მეტოქეობის პროვოცირებას, რითაც წრე იკვრება და იწყება ესკალაციის ახალი აღმასვლა. მსუბუქ ტაქტიკას ცვლის მძიმე, რადგან ყოველი ახალი რეაქცია უფრო მწვავე და ძლიერია, ვიდრე მისი გამომწვევი ქცევა. კონფლიქტის სპირალური მოდელი გვეხმარება გავიგოთ „ცივი ომის“
პერიოდის ვრცელი ესკალაცია, როგორც ჩაკეტილი წრე. სსრკ-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში, საბერძნეთსა და თურქეთში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და მათმა მოკავშირეებმა დაიწყეს დასავლეთ გერმანიის აღდგენა.
საბჭოთა კავშირმა ამას უპასუხა ბერლინის ბლოკადით. ამ ნაბიჯს მოჰყვა ნატოს შექმნა, შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და მათ მოკავშირეებმა დაიწყეს დასავლეთ გერმანიის გადაიარაღება და ა. შ.
გარდა იმისა, რომ ეს მოდელი ხსნის, თუ რატომ ხდება ჯერ მსუბუქი, ხოლო შემდეგ სულ უფრო მძიმე ტაქტიკების გამოყენება, ის იმის გარკვევაშიც გვეხმარება, თუ რატომ ხდება კონფლიქტის დროს „მცირიდან - დიდისკენ“ ტიპის ტრანსფორმაციები: სადავო საკითხების
რაოდენობა იზრდება და მხარეები სულ უფრო ერთვებიან ახალ საკითხებში. საკითხების მომრავლება იმით აიხსნება, რომ ყოველი საპასუხო ან თავდაცვითი მოქმედება აჩენს ახალს სამიზნეს, ამიტომ თითოეული მხარე მოწინააღმდეგის ცოდვების ნუსხას სულ უფრო ავსებს და ყოველი ახალი უსიამოვნება აძლიერებს კრიზისის განცდას. ამასთან დაკავშირებით
გავიხსენოთ ბენისა და მამის ჩხუბი კონფლიქტის სპირალური მოდელი არა მარტო ხსნის, თუ როგორ ვითარდება
ესკალაცია, არამედ გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ ინარჩუნებს ესკალაცია მიღწეულ დონეს - ფაქტია, რომ კონფლიქტის პროცესში ისევ და ისევ იყენებენ უკვე ნაცად მძიმე
ტაქტიკებს. ავიღოთ მაგალითისთვის ჩვეულებრივი ჩხუბი. თუ მე დაგარტყით, თქვენ ალბათ დამარტყამთ, რისთვისაც ისევ დაგარტყამთ და ა. შ. თავდაპირველად დარტყმები სულ უფრო
სასტიკი ხდება - მიმდინარეობს ესკალაცია, მაგრამ ვინაიდან ადამიანის ფიზიკური
შესაძლებლობები შეზღუდულია, დარტყმების ძალა თანდათან ზღვარს აღწევს, რის შემდეგ
ძალის მატება შეუძლებელია. ყოველი ჩვენგანი რეაგირებს პროვოკაციაზე მისთვის
დამახასიათებელი ინტენსივობით. კონფლიქტის სპირალი აგრძელებს ზრდას, მაგრამ ახლა
მას არ მოსდევს ესკალაცია, ის ინარჩუნებს უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობას ერთ
დონეზე. აგრესიულ-თავდაცვით მოდელში მოვლენათა თანმიმდევრობა ცალმხრივი ხასიათისაა: აგრესორი მოქმედებს (პირველი მხარე), და ვინც
თავს იცავს - (მეორე მხარე) რეაგირებს. კონფლიქტის სპირალურ მოდელში მოვლენათა
მიზეზობრიობა ორმხრივია: ერთი მხარე რეაგირებს მეორის ქმედებებზე და პირიქით.
კონფლიქტური სპირალის მოდელი რამდენადმე გამარტივებულია, იმ გაგებით,
რომ გამოხატავს თითოეული მხარის ქმედებას, როგორც რეაქციას მხოლოდ წინა
მოქმედებაზე. მაგრამ რეალურ პირობებში ყოველი ქმედება არის მხარის „წინა ქმედებებით
დაგროვილი შთაბეჭდილების შედეგი“ (White, 1984), თუმცა, ახლო წარსულში მომხდარი
ქმედებები ჩვეულებრივ, უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ადრინდელი.
კონფლიქტის ესკალაციის სპირალური მოდელი, არამც და არამც არ უნდა
განიხილებოდეს, როგორც გაუმჯობესებული აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი, ან როგორც
მისი ჩანაცვლება. ეს უკანასკნელი მოდელი გამოგვადგება, როდესაც ერთი მხარე ისახავს
მიზანს, რომელიც იწვევს მეორის პროტესტს და მიდის მიზნისკენ მეორე მხარეზე ზეწოლის
გაძლიერებით. ხშირად კონფლიქტის ესკალაცია სწორედ ასეთ ხასიათს ატარებს. მაგრამ,
როგორც წესი, აგრესიულ-თავდაცვითი მოდელის კონფლიქტები უფრო მასშტაბური
კონფლიქტური სპირალების ესკალაციის შემადგენელი ნაწილებია, რაც უკვე ვნახეთ
საბჭოთა კავშირის ქმედებების მაგალითზე დასავლეთ გერმანიაში ვალუტის შემოღებასთან
დაკავშირებით. მსგავს შემთხვევებში აგრესორისთვის აღმძვრელი, ნაწილობრივ მაინც, არის
რეაქცია მომგერიებლის მიერ წარსულში ჩადენილ რომელიმე ქმედებაზე.
7
ამის მაგალითი შეიძლება იყოს ნაცისტური გერმანიის მცდელობა, დაეპყრო ევროპა -
მის მიერ 1940-იან წლებში დაწყებული სამხედრო მოქმედებები ყველა თვალსაზრისით
შეესაბამებოდა „აგრესიის“ განმარტებას. თუმცა, ნაწილობრივ, გერმანიის შეტევა იყო რეაქცია
იმ დამცირებაზე, რომელიც მან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განიცადა - რეპარაციებზე,
რომელიც უნდა გადაეხადა და ამით გამოწვეულ ინფლაციაზე. ამრიგად, მეორე მსოფლიო
ომი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგრესიულ-თავდაცვითი მოდელი, რომელიც პირველ
მსოფლიო ომამდე დაწყებული დიდი კონფლიქტური სპირალის ნაწილია.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0