x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ესკალაციის დროს მიმდინარე ტრანსფორმაციები

image
ჩვეულებრივ, ტერმინი ესკალაცია ასოცირდება პირველ რიგში საერთაშორისო
ურთიერთობების სფეროსთან. შესაბამისად, ჩვენც ამ სფეროდან მოყვანილი მაგალითით - ცივი ომის განვითარებით დავიწყებთ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ესკალაცია ამ სფეროთი შემოიფარგლება და თავს არ იჩენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა დონეზე. ამიტომაც გიჩვენებთ მაგალითებს სხვადასხვა სფეროდან

ტერმინ ესკალაციას ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობა აქვს. ის
შეიძლება ნიშნავდეს, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყენებს სულ უფრო მძიმე ტაქტიკებს, ანუ სულ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს მეორე მონაწილეზე. ან ნიშნავს კონფლიქტის ინტენსივობის მომატებას მთლიანობაში. ჩვენს წიგნში ამ ტერმინს, ესკალაციას, ვიყენებთ ორივე, მაგრამ ძირითადად მეორე მნიშვნელობით. ესკალაციის დროს ხდება კონფლიქტების მზარდი ტრანსფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანსფორმაციები ორივე მხარეს იჩენს თავს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისინი კონფლიქტს მთლიანობაში აღრმავებენ, რადგან ერთი მხარის ტრანსფორმაცია სარკისებურად აისახება მეორეზე. ამ გარდაქმნების შედეგად კონფლიქტის დაძაბულობა ისე მატულობს, რომ მისი დასუსტება ზოგჯერ განსაკუთრებით ძნელია. მოცემული თავის მიზანია, გავიგოთ ტრანსფორმაციის ბუნება და ზოგიერთი პროცესი,
რომელიც ამ ტრანსფორმაციებს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ესკალაციის დროს, ხდება, სულ მცირე, ხუთი ტიპის ტრანსფორმაცია. შეიძლება თითოეულ კონფლიქტში ყოველი მათგანი არ ჩანდეს, მაგრამ ყველა ტიპურია. ეს
შემდეგი ხუთი ტიპის ტრანსფორმაციაა:
1.მსუბუქიდან - მძიმისკენ. როგორც მეოთხე თავში ვნახეთ, თუ კონფლიქტის
ერთი მხარე, რომელსაც სურს, თავისი გაიტანოს, ირჩევს მეტოქეობის სტრატეგიას, ის, როგორც წესი, დასაწყისში ცდილობს, რბილი მეთოდებით მოახდინოს ზემოქმედება მეორე მხარეზე, - იყენებს მოთაფვლას, აქოჩვრას, დამაჯერებელ არგუმენტაციას და შენიღბულ დადანაშაულებას. ხშირად ამ მსუბუქ ტაქტიკებს ჩაანაცვლებენ მათი მძიმე ნათესავები - მუქარები, ურყევი ვალდებულებები და ა.შ. მაგრამ ძალისმიერ მეთოდებს შეუძლია
საპირისპირო მხარე აფეთქებამდე მიიყვანოს. ასეთი ტიპის ტრანსფორმაციებს ჩვენ ვიხილეთ აშშ-სა და სსრკ-ს ურთიერთობებში 1948 წელს. საბჭოთა კავშირი
საპროტესტო ნოტებიდან გადავიდა ბერლინთან დამაკავშირებელი გზის პერიოდულ გადაკეტვაზე, შემდეგ კი მასთან მისასვლელი ყველა გზა დაბლოკა. აშშ და მისი მოკავშირეები ასევე შეუპოვრად გადავიდნენ თავისი ახალი მოკავშირის, დასავლეთ გერმანიის ეკონომიკის გაძლიერებიდან სამხედრო ბლოკის შექმნაზე.
2. მცირედან - უფრო დიდისკენ. კონფლიქტის ესკალაციის კვალდაკვალ
გამოვლინდება ტენდენცია დავის სულ უფრო მეტი ობიექტების გაჩენისკენ.
1 გარდა ამისა, ორივე მხარე სულ უფრო ერთვება ბრძოლაში და ახალ-ახალ რესურსებს იყენებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. ეს ორივე ტენდენცია კარგად ჩანს „ცივი ომის“ მაგალითზე. საბჭოთა კავშირის ადრინდელი ეჭვიანი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ გადაიზარდა უამრავ პროტესტში: ევროპაში კომუნისტური
პარტიის როლის შესუსტების პროგრამის წინააღმდეგ; დასავლეთ გერმანიის
აღდგენის წინააღმდეგ; ერთიანი დასავლეთგერმანული ვალუტის წინააღმდეგ, და
ბოლოს, მტრული სამხედრო ბლოკის - ნატოს შექმნის წინააღმდეგ. ხოლო
შეერთებული შტატების ხედვით, თავის მხრივ, გაჩნდა პრობლემები ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური დიქტატურის დამყარების, ბერძენი პარტიზანების მხარდაჭერისა და დასავლეთ ბერლინის ბლოკირების გამო. ორივე დაპირისპირებული მხარე სასწრაფოდ ზრდიდა რესურსებს კონფლიქტის გასაგრძელებლად და კონფლიქტიც,
ორივე მხარეს, სულ უფრო ფართოვდებოდა ეროვნული დონის აკვიატებამდე.
3. კერძოდან - ზოგადისკენ. კონფლიქტის ესკალაციის დროს არსებობს
ტენდენცია, რომ უთანხმოების კერძო მომენტებმა ადგილი დაუთმონ უფრო ფართო პლანის უთანხმოებებს, რასაც მოსდევს ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭება მხარეთა შორის. პატარა, კონკრეტულ პრობლემებს ჩაენაცვლება გრანდიოზული, ყოვლისმომცველი თემები და მოწინააღმდეგის მიმართ ზოგადი მიუღებლობა.
ყველა ეს ცვლილება მკაფიოდ შეინიშნებოდა შეერთებული შტატების
დამოკიდებულებაში სსრკ-ს მიმართ „ცივი ომის“ განმავლობაში. შეშფოთება
ცალკეული ინციდენტების გამო, რასაც ვაკვირდებოდით 1945-1946 წელს, სწრაფად გადაიზარდა საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის, როგორც ასეთის, სრულ მიუღებლობაში. საბჭოთა კავშირს უყურებდნენ როგორც ჰიტლერული გერმანიის რეინკარნაციას, მიიჩნევდნენ მას ვერაგ „ბოროტების იმპერიად“, რომელიც მსოფლიო
ბატონობისკენ მიისწრაფვის. ასეთი შეხედულებები უბიძგებდა შეერთებულ შტატებს უკიდურესი ნაბიჯების - მაკკარტიზმის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცნობის
მრავალწლიანი უარყოფის, ვიეტნამის ომში მონაწილეობისკენ. ურთიერთობა
შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ისე გაუარესდა, რომ დროდადრო
ამ ქვეყნებს შორის კონტაქტი პრაქტიკულად წყდებოდა.
4. შედეგის მიღწევდან - გამარჯვებამდე - სხვისთვის ზიანის მიყენებამდე.
კონფლიქტის ადრეულ სტადიებზე, როგორც წესი, პირველი მხარე უბრალოდ
ცდილობს, რაც შეიძლება უკეთეს შედეგებს მიაღწიოს საკუთარი ინტერესებიდან
გამომდინარე და სრულიად არ ადარდებს, თუ რა დღეშია მეორე მხარე. ამ პოზიციას
დოიჩი (Deutsch, 1958) ახასიათებს როგორც „ინიდივიდუალისტურ ორიენტაციას“ –
ანუ ინტერესს მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, რასაც არ უკავშირებენ მეორე
მხარის ბედს. თუმცა, ესკალაციის კვალადაკვალ, პირველი მხარის მარტივი ინტერესი,
რომ მიზანს მიაღწიოს, იცვლება კონკურენციის სურვილით. ახლა საკუთარი
წარმატება ნიშნავს მეორე მხარისთვის გადასწრებას (Glasl, 1982). ბოლოს
ესკალაციასთან ერთად ხარჯებიც მატულობს, და მიზანი ისევ იცვლება. ახლა
მიზანია, დააზიანონ მეორე მხარე - თუ პირველ მხარეს ეს ძვირი დაუჯდა,

1 მაკივენმა და მილბერნმა (McEven& Milburn, 1993) გამოიყენეს ტერმინი მეტა კონფლიქტი ისეთი
სიტუაციის აღწერისთვის, სადაც დავის დასაწყისში არსებულ საკითხებს, ბევრად აღემატება ახალი,
კონფლიქტის შედეგად აღმოცენებული საკითხები.
მეორემ მასზე მეტად უნდა იზარალოს. პირველის მხრიდან დაღვრილი სისხლის
ყოველი წვეთის სანაცვლოდ, მეორემ უფრო მეტი სისიხლი უნდა დაღვაროს. ასეთია
მეტოქეობის მაგალითი მის უკიდურეს გამოვლინებეში.
ამგვარ ტრანსფორმაციებს შეიძლება დავაკვირდეთ ამერიკა-საბჭოთა კავშირის
ურთიერთობებში 1945 წლის შემდეგ. ცალკეული პოლიტიკური დებულებების
გადასინჯვის თავდაპირველი სურვილი გადაიზარდა უდიდესი მასშტაბის
მეტოქეობაში, რომლის დროსაც თითოეული მხარე დაჟინებით ცდილობდა მეორე
მხარის გეგმების სრულ ჩაშლას, დედამიწის ნებისმიერ წეტილში. შეერთებულ
შტატებში ამ მეტოქეობის მნიშვნელობა აისახა ფართოდ გავრცელებულ
შეხედულებში, რომ ჩინეთი „სამუდამოდ დაიკარგა“ 1949 წლის რევოლუციის
შედეგად. ორივე მხარეს, ბევრი ფიქრობდა, რომ პრობლემის ერთადერთი ლოგიკური
გადაწყვეტილება იყო მეორე მხარის დასუსტება ან, ზოგიერთის აზრით, უფრო
მეტიც - მისი განადგურება.
5. მცირერიცხოვნიდან - მრავლისკენ. კონფლიქტი, რომელშიც დასაწყისში
მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, ხშირად, წარუმატებელი ბრძოლის
გამო, რაოდენობრივად მატულობს და კოლექტიურ ქმედებებში გადაიზრდება. თუ
მეორე მხარე არ თანხმდება პირველის წინადადებას, პირველი კი სასურველ შედეგს
ვერ აღწევს ვერც მუქარით, ვერც დაპირებით და ვერც სხვა რაიმე მოქმედებებით,
მაშინ პირველი მხარის ინტერესებშია, გაზარდოს თავისი რიგები. რასაც მხარე მარტო
ვერ აღწევს, შესაძლოა, მოახერხოს მომხრეების მხარდაჭერითა და ძალებით. ამ
ყველაფრის მაგალითია „ცივი ომის“ მსვლელობაში ორი ძლიერი სამხედრო კავშირის
შექმნა - ნატოს და მასთან დაპირისპირებული ვარშავის პაქტის
ქვეყნებისა აღმოსავლეთ ევროპაში.
ესკალაცია ოჯახურ ცხოვრებაში
ჩვენ მიერ აღწერილი ტრანსფორმაციები დამახასიათებელია არა მარტო
საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. მათ ხშირად ვაკვირდებით ყოველდღიურ
ცხოვრებაშიც. განვიხილოთ ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობები მაგალითი (Peterson,
1983), ცოლის სიტყვებით:
„ჩვენ მივდიოდით ჩემი მშობლების მოსანახულებლად. მანამდე დიდხანს
ვემზადებოდით და ძალიან დავიღალეთ. მე საჭესთან ვიჯექი, პოლი კი უკან იჯდა და
კითხულობდა. მივდიოდით მთავარი მაგისტრალით, მე მინდოდა გადასწრება და ვთხოვე
მას, გაწეულიყო: მის გამო ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა უკან. მან მირჩია გვერდით სარკეში
გამეხედა ან თავი შემებრუნებინა უკანა ფანჯრისკენ. მე კი შეჩვეული ვარ უკანა ხედის
სარკეში გახედვას და არ ვაპირებ ჩვევების შეცვლას იმის გამო, რომ მას განძრევა ეზარება.
ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე: „ესე იგი, არ გაიწევი? გამჭვირვალე ხარ?“ მან არაფერი მიპასუხა,
მხოლოდ გაბრაზებით შემომხედა. მე კიდევ ორჯერ ვთხოვე გაწეულიყო. მაშინ ის აფეთქდა
და მოთხოვა, რომ საჭესთან ადგილი დამეთმო. თან მითხრა, რომ ახლა მაჩვენებდა, თუ რა
კარგად შეუძლია ყოველგვარი სარკეების გარეშე მართვა. და კიდევ ათასი სისაძაგლე
მომაძახა“(გვ. 360).
ამ კონფლიქტის ესკალაცია რამდენიმე წუთში დასრულდა: ცოლმა უსაყვედურა
ქმარს, რომ მან ჭიქა წყალში ქარიშხალი მოაწყო და მანაც ბოდიში მოიხადა. ამრიგად,
კონფლიქტი იყო ხანმოკლე და არასერიოზული. მაგრამ ზემოთ აღწერილიდან ჩვენ მასში
შეგვძლია დავინახოთ სამი ტიპის ტრანსფორმაცია. კონფლიქტი ვითარდებოდა მსუბუქი
ქცევიდან მძიმისკენ, რადგან ცოლი მეუღლეს სულ უფრო მკაცრად მიმართავდა, ის კი ჯერ
თვალებს აბრიალებდა, შემდეგ აშკარად გაჯავრდა და ბოლოს შეურაცხყოფაზეც გადავიდა.
აქ იყო ცვლილებები მცირედან უფრო დიდისკენ - ცოლი ისე ხშირად აწუხებდა ქმარს
თხოვნით, გაწეულიყო, რომ ბოლოს და ბოლოს ის წყობიდან გამოვიდა და მათ კინკლაობა
დაიწყეს. ამ მოკლე ესკალაციაში ჩვენ ვხედავთშედეგის მიღწევის სურვილიდან - ზიანის მიყენებამდე ტრანსფორმაციასაც. ქმარი დასაწყისში უბრალოდ უარს ამბობს, რომ
გაწეულიყო, შემდეგ კი იქამდე მივიდა, რომ ცოლი გაამწარა. ჩვენ არ ვიცით, რას
გულისხმობდა ცოლი „სისაძაგლეებში“, რომელიც მას ქმარმა უთხრა, მაგრამ, თუ ის ავითარებდა ცოლის მიერ მანქანის ტარების თემას, ამ შემთხვევაში გვექნებოდა კერძოდან ზოგადისკენ მიმდინარე ტრანსფორმაციაც.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0