x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433823
საქართველო და დამნაშავე არასრულწლოვნები

საქართველო და დამნაშავე არასრულწლოვნები

დამნაშავე არასრულწოვანი

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული რთული ფენომენია და დიდ პრობლებას წარმოადგენს ახლა უკვე საქართველოსთვისაც. მას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს და შესაბამისად აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ჯერ უნდა დადგინდეს ყველა ის მიზეზი, რის გამოც არასრულწლოვანი სჩადის დანაშაულს და ამ მიზეზებთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ პრობლემის მოგვარება. ამ მიზეზებთან ბრძოლის მეტი ეფექტიანობისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ამ ბრძოლაში ჩართული უნდა იყოს, როგორც სამთავრობო, არასამთავრობო სექტორი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულს ძირითადად ქურდობა წარმოადგენს. პირველ რიგში ჩამოვთვალოთ რამდენიმე ის მიზეზი, რაც იწვევს არასრულწლოვნის მიერ ქურდობის ჩადენას. ესენია:

  • მძიმე სოციალური მდგომარეობა;
  • ცუდი განათლება და დაბალი ცნობიერება;
  • მშობლებისა და აღმზრდელების მხრიდან ნაკლები ყურადღება;
  • მშობლებისა, აღმზრდელების ან უფროსი მეგობრების დავალება;
  • ქურდული ტრადიციებისაკენ სწრაფვა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად.

პირველი კატეგორიის არასრულწლოვანი დანაშაულს სჩადის იმიტომ, რომ არ იცის, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია და ისჯება კანონით. მაგალითად მას მოეწონა რომელიმე ნივთი ან პროდუქტი და მოიპარა, მიუხედავად იმისა, რომ თხოვნის შემთხვევაში მშობლები უყიდდნენ. მან იცის, რომ ეს ცუდი საქციელია და ეშინია მხოლოდ იმის, რომ არ დაინახოს მან, ვისაც ჰპარავს და არ გაიგონ მისმა მშობლებმა, რადგან იცის, რომ ამ საქციელს გამო ეჩხუბებიან და დასჯიან, თუმცა ჩხუბის დროს თავს იმით გაიმართლებს, რომ მას განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია და რადგან დიდი სუპერმარკეტიდან ერთი ცალი შოკოლადი მოიპარა და მის მიერ ჩადენილი ქმედება უმნიშვნელოა. თუმცა ის მისი ასაკიდან გამომდინარე ვერ ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს ან არ იცის, რომ ამ საქციელის ჩადენისთვის შეიძლება კანონის წინაშეც მოუწიოს პასუხისგება. ასეთი ბავშვებისთვის საქართველოში არსებული განრიდება-მედიაციის პროგრამა იდეალურია და შედეგიც მოაქვს. თუ მას აუხსნის და დააჯერებს შესაბამისი პირი, რომ მან სუპერმარკეტს კი არ მოპარა, არამედ მოლარეს ან კონსულტანტს, რომელსაც პროდუქტის დანაკლისს ისედაც ძალიან დაბალი ხელფასიდან დაუქვითავენ და თუ მისნაირად ყველა მოპარავს, თვის ბოლოს ის ხელფასს ვერ აიღებს, არასრულწლოვანი მიხვდება თავისი საქციელის სიმძიმეს, გაიაზრებს იმას, რომ ქურდობა უფრო ცუდი საქციელია ვიდრე ეგონა, რომ ქურდობა ასევე დანაშაულია და მისი ჩადენისთვის არამარტო მშობლები ეჩხუბებიან, არამედ კანონიც დასჯის. ის შეურიგდება დაზარალებულს და ძირითად შემთხვევაში ცხოვრებას გააგრძელებს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ არასრულწლოვანს მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე ყველა პირი სიყვარულით ეპყრობა, მათში მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ იწვევს ბრაზს და უარყოფით დამოკიდებულებას და ყველა დიდი მონდომებით ასწავლის, არიგებს და მიუთითებს სწორი საქციელისკენ.

მეორე კატეგორიის არასრუწლოვანი დანაშაულს სჩადის მიუხედავად იმისა, რომ იცის ეს ცუდი საქციელია და დასჯადია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. პირველი კატეგორიის არასრულწლოვნისგან განსხვავებით მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოწვეულია მისი მძიმე სოციალური მდგომარეობით. ქურდობის ჩადენამდე მან არაერთხელ სთხოვა მშობლებს ამა თუ იმ ნივთის ყიდვა, თუმცა მათგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ამის საშუალება არ აქვთ. მას ძალიან უნდა რომელიმე ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშო ან მისთვის სასურველი სხვა რაიმე ნივთი და ვინაიდან ამ მოთხოვნილებას მშობელი ვერ უკმაყოფილებს გადაწყვეტილი აქვს თავად მოიპოვოს. ის აცნობიერებს, ქმედების გამჟღავნების შემთხვევაში, მშობლებიც ეჩხუბებიან და კანონიც დასჯის, მაგრამ მას იმდენად სურს ესა თუ ის ნივთი, რომ რისკავს ქურდობის ჩადენას, იმ იმედით, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. გამჟღავნების შემთხვევაში კი ისიც გაიმართლებს, თავს იმით, რომ მას სციოდა და არ ჰქონდა ტანსაცმელი, შიოდა და არ ჰქონდა საჭმელი და ამიტომ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. ასეთი არასრულწლოვანი მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე პირებში სიბრალურს იწვევს, თანაგრძნობით ეპყრობიან მას და არც მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ იწვევს ბრაზს და უარყოფით დამოკიდებულებას. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ განრიდება-მედიაციის პროგრამა ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რასაც პირველ შემთხვევაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და შესაძლო შედეგები თუ მოშივდა და თუ შესცივდა კვლავ გაიმეორებს დანაშაულს. ამიტომ საჭიროა მისთვის და მისი ოჯახისთვის შესაბამისი სოციალური პირობის შექმნა. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბავშვთა სახლებში.

ყველაზე რთული მესამე კატეგორიის არასრულწლოვნები არიან. ისინი არიან სოციალურად გაჭირვებული ოჯახებში ან ბავშვთა სახლებში გაზრდილი მეორე კატეგორიის არასრულწლოვნები, რომელთაც სახელმწიფომ ერთხელ აპატია დანაშაული და განარიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა აღარ იზრუნა მის შემდგომ განვითარებაზე და არ მიაქცია სათანადო ყურადღება მას და მის მძიმე სოციალურ მდგომარეობას, რის გამოც მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული ან დანაშაულები. მიეჩვია ასეთ ცხოვრებას და ეს მისი ცხოვრების წესი გახდა. როდესაც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა მოუწია ხშირ შემთხვევაში არ დასაჯეს არასაკმარისი მტკიცებულების გამო, და იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც დასაჯეს სასჯელი შემოიფარგლა პირობითი მსჯავრით. საბოლოოდ მის გონებაში ჩამოყალიბდა დაუსჯელობის სინდრომი, მან ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, თუმცა პასუხი აგო ერთზე და თან პირობითი მსჯავრით. სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობისას მან შეიტყო სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შესახებ. აწონდაწონა რისკები და მიხვდა, რომ უღირს ასე ცხოვრების გაგრძელება და ასეც მოიქცა. ის ნელნელა დაშორდა მშობლებს და აღმზრდელებს, რომლებიც მის სურვილებს ვერ აკმაყოფილებენ, დაანება სკოლას თავი, რადგან დარწმუნდა რომ განათლება არაა საჭირო ფულის საშოვნელად. გახდა დაუმორჩილებელი, დაიწყო „ქუჩური ცხოვრება“ და ისწავლა ქუჩის კანონები. მან თავის ძველ და ახლად გაცნობილ მეგობრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება. ასევე მის მეგობარ 14 წლამდე ბავშვებს ასწავლა, რომ ისინი არ დაისჯებიან, რაც არ უნდა გააკეთონ და დაიყოლია დანაშაულის ჩადენისკენ. შესაბამისად მივიღეთ დაუსჯელობის სინდრომით განმსჭვალული არასრულწლოვანთა ჯგუფები, რომელთაც შეუძლიათ ღამეში ჩაიდინონ რამდენიმე დანაშაული და მოიპარონ დიდი ოდენობით თანხა და ნივთები. ისინი ძირითადად იპარავენ ფულს ან ადვილად გასაყიდ ნივთებს, მაგალითად მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვ. ისინი ტეხავენ მაღაზიებს, სწრაფი კვების ობიექტებს და მსგავს კომერციულ დაწესებულებებს, რომელთა სალაროშიც ეგულებათ ფული.

ასეთი კატეგორიის არასრულწლოვანს ნაქურდალი ფული თითქმის არასდროს მიაქვს სახლში და ფულს ხარჯავს თავისი სურვილების დაკმაყოფილებაში. ხშირ შემთხვევაში ის ნაქურდალ ფულს აგროვებს და გზავნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისთვის ნაცნობ ან გაგებულ რომელიმე კრიმინალურ ავტორიტეტებთან და დარწმუნებულია წინასწარ იმაში, რომ როდესაც თავადაც მოხვდება ციხეში იქ მათი მფარველობა ელის. თავადაც მიდრეკილია ქურდული ტრადიციებისაკენ და სხეულზე იხატავს ე.წ. ქურდულ გამოსახულებებს.

ასეთი არასრულწლოვნები მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სუბიექტებში არ იწვევს ლოიალურ დამოკიდებულებას და ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ მისი შეჩერების და გამოსწორების ერთადერთი გზა თავისუფლებას აღკვეთაა. თუმცა ეს რა თქმა უნდა მცდარი შეხედულება. სახელმწიფოს, რომელიც ასე მარტივად წყვეტს აღნიშნულ საკითხს, არ უნდა ჰქონდეს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნის ამბიცია. არასრულწლოვანს, რომელიც გარდატეხის და ჩამოყალიბების ასაკშია თავისუფლების აღკვეთით უფრო მეტად გავართულებთ მის მდგომარეობას. ამასთანავე არასრულწლოვნის თავისუფლების აღკვეთა მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან, რომლის უზრუნველყოფის ვალდებულება საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით აქვს აღებული.

ასეთი არასრულწლოვნისთვის მხოლოდ იმის ახსნა, რომ მან ცუდი საქციელი ჩაიდინა, დააზარალა ძალიან ბევრი ადამიანი და რომ უნდა შეწყვიტოს ასეთი ქმედება, არაფრის მომცემია. მას ასევე აღარ სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სოციალური დახმარება, რადგან ქურდობით გაცილებით მეტს შოულობს. ამ შემთხვევაში პრობლება უნდა ვეძებოთ მის მენტალიტეტში და ნათლად დავანახოთ მის მიერ არჩეული ცხოვრების უარყოფითი მხარეები. ვინაიდან ასეთი არასრულწლოვნის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს მიუძღვის ყველაზე დიდი ბრალი, მანვე უნდა შეიმუშაოს მზრუნველობითი და დაცვითი პროგრამები, რის ფარგლებშიც ბავშვები უნდა დავაბრუნოთ ოჯახებში და ბავშთა სახლებში, ვაკონტროლოთ მათი შემდგომი ქცევები, შევუზღუდოთ იმ პირებთან ურთიერთობა, რომლებიც მათზე ახდენენ ცუდ გავლენას, დავაბრუნოთ სკოლებში, მივცეთ განათლება და ჩავრთოთ სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. მათ უნდა გავუჩინოთ ახალი ინტერესი, რომელიც დაავიწყებს მის წარსულ საქმიანობას. ისინი უნდა დავასწროთ სავალდებულო ტრენინგებს, რომლებიც არ იქნება ერთჯერადი და გაგრძელდება მისი სრულწლოვანების მიღწევამდე. მათ გამოსწორებაში უნდა ჩავრთოთ საეკლესიო პირებიც.

სწავლებები უნდა ჩაუტარდეს ასევე აღნიშნული ბავშვების მშობლებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, რათა მათთან ურთიერთბისას არ დაუშვან შეცდომები და ეფექტური გახდეს ის ღონისძიებები, რაშიც არასრულწლოვანი იღებს მონაწილეობას.

1
48
3-ს მოსწონს
ავტორი:დიახ დიახ დიახ
დიახ დიახ დიახ
48
  
18 თებერვალი, 20:57
ძალიან დიდი მადლობა სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის!
0 1 1