x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია- მაკლეინის მიხედით
image

როდის შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვის ქცევა პრობლემურად?

ქცევა მაშინ არის პრობლემური, როდესაც ის თავად ბავშვისთვის და მისი გარემოსთვის მნიშვნელოვანი სირთულეების წარმოქმნის მიზეზი ხდება. ეს სირთულეები შეიძლება უკავშირდებოდეს შემდეგ საკითხებს:

>ქცევა ზიანის მომტანია თავად ბავშვისთვის. იგი ხელს უშლის ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესს და ნეგატიურ გავლენას ახდენს მის აკადემიურ მიღწევებზე;


>ქცევა ზიანის მომტანია სხვისთვის;

>ქცევა ზიანს აყენებს ფიზიკურ გარემოს;

>ქცევა ხელს უშლის ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს, იწვევს ბავშვის სოციალურ იზოლაციას;

>ქცევა არის სოციალური და კულტურული ნორმების შეუსაბამო.

ქცევის მახასიათებლები

ქცევას გააჩნია 3 მახასიათებელი, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი შეფასება. აღნიშნული მახასიათებლებია: სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

სიხშირის მახასიათებელი დაკავშირებულია კონკრეტული ქცევის გამოვლენის რაოდენობასთან, დროის გარკვეულ მონაკვეთსი. ანუ, სიხშირე გულისხმობს თუ რამდენჯერ ვლინდება ქცევა დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგალითად, გაკვეთილის მსვლელობისას, რამდენჯერ თქვა მოსწავლემ დავალების შესრულებაზე უარი.

ქცევის გამოვლენის სიხშირეზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს ჩარევის სტრატეგია და მისი განხორციელების შედეგად, შესაძლოა მოხდეს პრობლემური ქცევის გამოვლენის სიხშირის შემცირება და საბოლოო ჯამში- ჩაქრობა.

ინტენსივობა გულისხმობს ქცევის გამოვლენის სიძლიერეს. რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ქცევა, მით მაღალია მისი ინტენსივობის მაჩვენებელი. მაგალითად, შეწინააღმდეგება, შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად: "არ მინდა" და ხასიათდებოდეს დაბალი ინტენსივობით. იგივე ქცევა შეიძლება გამოიცსტოს უკიდურესად ინტენსიურად, მაგალითად - ძალიან ხმამაღალი ყვირილით. ინტენსივობის გაზრდა ასევე გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ქცევას ემატება ახალი ელემენტები, მაგალითად შეწინააღმდეგებას და ყვირილს თან ახლავს ტირილი, იატაკზე ფეხების ბაკუნი და ნივთების მაგიდიდან გადმოყრა.

ქცევის ინტენსივობის შეფასება შესაძლებელია დაკვირვებადი ქცევის მაქსიმალურად ობიექტური აღწერით და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს სუბიექტურობის რისკი.

ქცევის ხანგრძლივობა გულისხმობს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში, ანუ რა ხანგრძლივობით ვლინდება ქცევა. მაგალითად, რამდენი ხნის განმავლობაში ტირის და იატაკზე აბაკუნებს ფეხებს ბავშვი. ქცევის ხანგრძლივობის შეფასება შესაძლებელია წუთებისა და წამების ზუსტი დაფიქსირებით.

პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზები

პრობლემურ ქცევას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რომელთა იდენტიფიცირება ხშირ შემთხვევაში რთულია და ზოგ შემთხვევაში- შეუძლებელი. ქვემოთ მოცემულია პრობლემური ქცევის გამომწვევი შესაძლო მიზეზები, რომლებიც დაყოფილია 3 ძირითად კატეგორიად.

1.ბავშვიდან გამომდინარე, ინტერნალური მიზეზები:

> ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა;

>ემოციური და ქცევითი დარღვევები;

>დასწავლის უნარის დაქვეითება;

> ყურადღების პრობლემები და ჰიპერაქტიურობა.

2. ფიზიკური გარემო:

> შეუსაბამო სასკოლო გარემო- როდესაც კლასის მოწყობა და არსებული რესურსები არ შეესაბამება ბავშვის საჭიროებებს;

> შეუსაბამო ფიზიკური გარემო სახლში- როდესაც რესურსები არ შეესაბამება აბვშვის საჭიროებებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახის დაბალი სოციალურ- ეკონომიკური სტატუსით, ან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის არ ქონით.

3.ბავშვის უახლოესი სოციალური გარემოცვა- თანატოლები, მასწავლებლები, მშობლები, ოჯახის სხვა წევრები.

>დისფუნქციური ოჯახი და ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა;

> უხესი, სასტიკი, არათანმიმდევრული აღზრდის სტილი- როდესაც ოჯახის წევრები და მასწავლებლები განსხვავებულ მიდგომებს და სტრატეგიებს იყენებენ;

> მშობლების უთანხმოება;

> თანატოლების გავლენა;

> ძალადობა, ბულინგი;

გახსოვდეთ, რომ ზემოთ მოცემულია პრობლემური ქცევის გამომწვევი გავრცელებული მიზეზები. თუმცა, კონკრეტული ბავშვის შემთხვევაშიი, მიზეზი ზემოთ მოცემული ფაქტორებისგან განსხვავებული შეიძლება იყოს.

ქცევის მიზნები

ადამიანის მიერ ამა თუ იმ ქცევის გამოვლენას აქვს როგორც მიზეზი, ასევე აქს მიზანიც, რაც გულისხმობს იმას, თუ კონკრეტული ქცევის გამოვლენით, რიის მიღწევა სურს პიროვნებას. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქეცევის საშუალებით ხდება სასურველი მიზნის მიღწევა იზრდება ამ "წარმატებული ქცევის მრავალჯერადი გამოვლენის ალბათობა, ქცევის შენარჩუნება იგივე ან მსგავს სიტუაციებში. გამოყოფებნ ქცევის გამოვლენის ორ ძირითად მიზანს:

1.სასურველის მიღება;

2. არასასურველის არიდება;

სასურველის მიღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს საყვარელი სათამაშოს, საკვების, ნებისმიერი ნივთის მიღებასთან. საყვარელ გარემოში დარჩენის სურვილთან, სენსორულ სტიმულიაციასთან და ა.შ.

მეორე შემთხვევაში კი ქცევა, შეიძლება, წარმოადგენდეს ბავშვისთვის რაიმე არასასურველის არიდების საშუალებას, ინსტრუმენტს. არასასურველი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, მოვლენა, ან ადამიანი, რომელიც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამომწვევად აღიქმება ბავშვის მიერ.



0
508
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0