x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ბარიერი შეიძლება შეგვექმნას კომუნიკაციისას?
image

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ცდილობდით ადამიანი გენუგეშებინათ, ის კი გაგინაწყენდათ? ან, სრულიად გულწრფელად აპირებდით მეგობრის დახმარებას, ის კი თქვენს რჩევებს არ უსმენდა და ბოლოს გაღიზიანდა კიდეც?

კომუნიკაცია უცნაური და რთული რამაა. ხშირად, ჩვენ გვგონია, რომ სავსებით გასაგებად გამოვხატავთ იმას, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ ადამიანებს ჩვენი ნათქვამიდან სულ სხვა აზრი გამოაქვთ. ამის მიზეზი კომუნიკაციაში არსებული ბარიერებია, ანუ ის ხელი შემშლელი ფაქტორები, რომლებიც სრულიად კანონზომიერია და ამავე დროს, უამრავ სირთულეს გვიქმნის ურთიერთობაში.

1. მითითება, ბრძანება, მოთხოვნა- მოთხოვნას, ბრძანებას და მითითების მიცემას- "შენ უნდა..", "შენ ვალდებული ხარ.." და ა.შ. შიშის, ან აქტიური წინააღმდეგობის გამოწვევა შეუძლია. ადამიანს, შესაძლოა ჯიბრსი ჩადგომის სურვილიც კი აღეძრას. ასეთი ტიპის კომუნიკაცია პროტესტის გრძნობასა და სამაგიეროს გადახდის სურვილს ბადებს.


2. გაფრთხილება, შეხსენება, მუქარა- როდესაც ადამიანს ეუბნებით, თუ რა მოელის მას გარკვეული ქცევის ან მოქმედების შეუსრულებლობის (ან შესრულების) შემთხვევაში, ეს მასში შიშსა და მორჩილებას ბადებს, რაც სრულიად არ არის ჯანსაღი და ეფექტური ურთიერთობების საწინდარი. შესაძლოა, ადამიანს "დაპირების" (მუქარის) რეალობის შემოწმების სურვილი გაუჩნდეს, ან ამან გაღიზიანება, აღშფოთება, პროტესტი გამოიწვიოს.

3.მორალის წაკითხვა, დამოძღვრა, ნამუსზე აგდება- "შენი ბრალია, რომ...", "ეს ასე არ უნდა გექნა", ასეთი მიმართვების შედეგად, ადამიანს უხერხულობის გარდა, დანაშაულის გრძნობაც უჩნდება და მან, შესაძლოა, თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს და აგრესიაც კი გამოავლინოს- მას ხომ ფაქტიურად უპასუხისმგებლობას აბრალებენ.

4. რჩევის მიცემა, მზა გადაწყვეტილების შეთავაზება- "შენს ადგილზე იცი რას გავაკეთებდი?", "მოდი, სცადე...", "მე გასწავლი, როგორ მოიქცე.." - ასეთი წინადადებების ფარული შინაარსი გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეუძლია პრობლემების განსაზღვრა, მათი მოგვარების გზების გაანალიზება და სწორი არჩევანის გაკეთება.

5.ჭკუის სწავლება, "ლექციის წაკითხვა", ლოგიკური არგუმენტების მოშველიება- ეს არის ადამიანზე გავლენის მოხდენის მცდელობა ფაქტების, კონტრ-არგუმენტების, ლოგიკის, ინფორმაციის ან საკუთარი მოსაზრების მეშვეობით. "მე გეტყვი, რაში ცდები...", " ფაქტები მეტყველებენ, რომ..." ასეთი ტიპის გამოთქმების საპასუხოდ ადამიანმა, შესაძლოა, უბრალოდ "გამორთოს" თავისი ყურადღბა და საერთოდ აღარ მოგისმინოთ. ასეთი კომუნიკაცია თრგუნავს და საკუთარი არასრულფასოვნების განცდას აჩენს.

6.კრიტიკა, განსჯა, შეწინააღმდეგება- ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მისი შეფასება, კრიტიკა ან საქციელის განსჯა ხდება. "გამოუსწორებელი ზარმაცი ხარ", "შენ საერთოდ ვერ ხვდები.."- ასეთი გამოთქმები ნიშნავს, რომ ადამიანი არაკომპეტენტური ან სულელია. ბევრს უბრალოდ ეშინია ამგვარი კომუნიკაციის და გაურბის მას.

image

7.შექება, დათანხმება, პირფერობა- დადებითი შეფასება "შენ ძალიან მაგარი ხარ!", "მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში შეუდარებელი ხარ"- ადამიანის მიმართ მაღალი მოლოდინების არსებობას გულისხმობა და თითქოს მის შექება/წახალისებას ემსახურება, მაგრამ ამის ნაცვლად ადამიანს შფოთვა შეიძლება გაუჩნდეს, თუ გრძნობს, რომ არ შეესაბამება გამოთქმულ აღფრთოვანებას.

8. შერცხვენა, მასხრად აგდება- ურთიერთობაში დასაფიქრებელია ადამიანთან შეხუმრების, მისი მასხრად აგდების ან შერცხვენის მცდელობა. "შე მტირალა..", "კაი, მორჩი ახლა ზლუქუნს!" ასეთი მიმართვა ატყობინებს ადმაიანს, რომ ის სრულიად უსარგებლოა, იგნორირებულია, და არ იმსახურებს ელემენტარულ პატივისცემას.

9.ინტერპრეტირება, ანალიზი, დიაგნოზის დასმა- თუ ურთიერთობისას ჩვენ ვუხსნით ადამიანს მის მოტივებს, ვუანალიზებთ ქცევას ან საუბარს, ვატყობინებთ, რომ "შენი პრობლემა სრულიად ნათელია", "შენი სუსტი მხარე იმაშია, რომ..."- ასეთი კომუნიკაცია უნაყოფოა, გამაწბილებელი. პიროვნება, ფაქტიურად, ბლოკირებულია, მის მიმართ ინტერესი მცირეა, რადგან ის უკვე "გაშიფრულია", მისი გრძნობები გაშიშვლებულია.

10.დარწმუნება, სიმპათიისა და მხარდაჭერის გამოხატვა, დანუგეშება- მცდელობა გამოუკეტო ადმიანს განწობილება, ესაუბრო მისი ემოციებისაგან დაცლის მიზნით ზოგჯერ სრულდება მისი გრძნობების სიძლიერის უარყოფით. "ნუ დარდობ", "ცოტა ხანში უკეთ იქნები", "გამხიარულდი", - ამით ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მისი სრულიად არ ესმით.

11.კითხვების დასმა, დაკითხვა- ზოგჯერ იმის ნაცვლად, რომ ყური დაგვიგდოს, მოსაუბრე ცდილობს ჩვენგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, თითქოს ჩვენი პრობლემის მოგვარების მიზნით. ის არკვევს მიზეზებს, მოტივებს, ეძიება სიტუაციის დეტალებში. როგორც წესი, ადამიანები გაურბიან ასეთ კითხვებს.

12. ყურადღების გადატანა, პრობლემის შემსუბუქება- არის სიტუაციები, როდესაც ვცდილობთ, რომ ადამიანის პრობლემას მოვაშოროთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ. "მოდი რა, უფრო სასიამოვნო რამეზე ვისაუბროთ..", "ქვეყანა ამით არ დაინგრევა..."- მსგავსი რეპლიკებით თქვენ ალბათ ალალად ცდილობთ შეუმსუბუქოთ ადამიანს მდგომარეობა, სთავაზობთ თავი აარიდოს სირთულეებს და მარტივად შეხედოს ვითარებას, მაგრამ მან შესაძლოა აღიქვას ეს ყველაფერი, როგორც მისი პრობლემის უკუგდება, უგულებელყოფა და სირთულეების დროს საკუთარ თავში ჩაიკეტოს.







0
69
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0