x
image
მაიკო ქავთარაძე
"უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ კაცთაგანი უფლისწულია ყოველი."-ფარსმან სპარსი
ვინ იყო ყველაზე შესაბრალისი კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში?"-უსიყვარულოდ გარდაცვლილი მეფე გიორგი I? იქნებ სვეტიცხოვლის ამგები, უსამართლოდ მკლავმოჭრილი არსაკიძე? ან იქნებ ქარაფებში ჩაკარგული, ოქროსფერთმიანი, სიყვარულისათვის თავგანწირული კოლონკელიძის ასული?-შეიძლება მიკერძოებაში ჩამითვალოთ და მართალიც იქნება, მაგრამ ყველაზე საწყალობელ, ტანჯულ პიროვნებად აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, იგივე ფარსმან სპარსი მიმაჩნია, ეროვნულ ძირებს მოწყვეტილი, გაბოროტებული, რომელიც "ყველას, ყველას სძაგდა თავისი ყბადაღებული "წარმართობისა" და მუსლიმური ჩაცმულობის გამო."


image


რაღა დარჩენოდა ფარსმანს?-ყველა დადებთი, ბავშვური გრძნობა, ალბათ, მაშინ დაკარგა, როცა თავმოკვეთილ ნათესავებს ხელთ ატარებდა და ცხოვრებას-"ურწყულ უდაბნოს"-გარედან უვლიდა სამშობლოდან გაძევებული.

ფარსმანი განათლებული, გონიერი გახლდათ, მაგრამ აკლდა ის უშრეტი ენერგია, რომელიც გულისსისხლს მოითხვს იდეისათვის, ამიტომაც, მიუხედავად ნიჭისა არ იყო დიდი ხელოვანი, ამისათვის ემტერებოდა არსაკიძეს, ალბათ, ყველაზე მეტად ტკიოდა, რომ აღარ შერჩენოდა სიყვარულის ძალა, უნარი; აღარ შეეძლო ებრძოლა ბედნიერებისათვის, იდეისათვის.



image


ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია რომანში ფარსმან სპარსისა და გიორგი მეფის საუბარი. მიუხედავად ბოროტებისა, საინტერესოა, რას ფიქრობდა ფარსმანი ცხოვრებაზე, მოვიყვანოთ, რამდენიმე ციტატა მათი დიალოგიდან:

"ჩემი სიტყვები დუმილში დაიძირებიან ნელა, სავსებით ნელა ჩასწვდებიან მსმენელს და ისე გვიან ეწვეთებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გავლებული კვამლი თრიაქისა, გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდის და გვიან, გვიან მიჩვენებენ ზემოქმედებას."


"ახალი წიგნის გამო არაფერი ითქმის, სანამ ათასჯერ არ გადაწერენ მას სხვანი, არც ახლად აგებულ ტაძრის გამო ითქმის ამაზე მეტი, სანამ 1000 წლის მიწისძვრები არ გამოსცდიან ნაგებობას მისას."


"ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა, მეფე ყოველ ქვეყანაში მარტოხელაა და ერთადერთი, იგიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება მთელი.

რამდენად უფრო აღმატებულია მარტოსული, მან უფრო კარგად იცის, რომ ერთიკაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიც შლეგად ითვლება მუდამ.

მერმე მიმოიხედავს ხოლმე მარტოსული იგი და რაკი თავის მსგავსს ვერავის ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა, თავმდაბლობა."


"ნამდვილი თავმდაბლობა, არაოდეს აურიოთ მონისა და მლიქვნელის თავმდაბლობაში, არც იმ გლახაკის თავმოდრეკილობაში, სამოგვის თასმებს რომ უკოცნის პატრონს."


"უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ კაცთაგანი უფლისწულია ყოველი."


"მეფეებსა და შლეგებს ზნედა სჭირთ ხოლმე, სხვაზე უფრო აღმატებულად შერაცხავენ თავის თავს და ვინც მას გაუტოლდება თავს წააცლიან უთუოდ, ხოლო იგი, ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ იგია ქედმაღალი, მეფევ ბატონო."


"მე რომ მესსია გზაში შემეყაროს და მითხრას სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი: შენ არ ყოფილხარ-მეთქი მესსია."






0
1520
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0