x
ქართულის რვეულები - უცნობი ისტორიები წარსულიდან
image



თანამედროვე ქართული ლიტერატურა ხშირად რჩება ჩვენი საზოგადოების ინტერესის მიღმა და ვერ იღებს ისეთ ყურადღებასა და აღიარებას, როგორსაც იმსახურებს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან გვყავს ბევრი ისეთი ავტორი, რომლებიც ღირებულ ლიტერატურას ქმნიან, მათ შორის ერთ-ერთია აკა მორჩილაძეც.


ცოტა ხნის წინ გავეცანი მის მეტად საინტერესო ნაწარმოებს „ქართულის რვეულებს“, რომელიც 2014 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. წიგნს ავტორის მეტად საინტერესო წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული: „ერთი ხნის წინათ ბევრს ვკითხულობდი ასი წლის წინანდელი ქართველების მოგონებებსა და ჩანაწერებს. იმ წაკითხულიდან რაც დამელექა თავში, იმის ერთი ნაწილი ასეთი გამოდგა.

ეგებ ამ ნაწერში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება. მეტი არაფერი“. წიგნი 16 თავისაგან შედგება და გვაცნობს მე-19 საუკუნეში მომხდარ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენას.



ავტორი არ მიმართავს მრავალფეროვან ხერხებს, არ ცდილობს თხრობას მხატვრულობა შესძინოს და ამით მკითხველის ყური დაატკბოს, მას სურს იმ ისტორიებზე მოგვიყვეს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მის ცნობიერებაზე და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, როგორც ქართველთა, ისე სხვა ერების წარმომადგენელთა ცხოვრებაზე.


წიგნის სრული სახელწოდებაა: „ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები“ და მასში მართლაც რომ სურათები ცოცხლდებიან. ავტორი აქ დასახელებული პიროვნებების შესახებ საინტერესო ამბებს მოგვითხრობს და არა მხოლოდ მათ ბიოგრაფიებს, არამედ მთლიანად იმ მოღვაწეობაზე, რაც მათ გასწიეს. ამ ადამიანების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ კონკრეტულად ეს ისტორიები ბევრისათვის უცნობია. აკა მორჩილაძე მოგვითხრობს ნამდვილი ქართველი თავადების, ბატონყმობის უარყოფითი მხარეებისა და ფირალად გავარდნილი გლეხების, მათ შორის არსენა ოძელაშვილის შესახებ.


ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ასეთ შეფასებას აძლევს: „თხუთმეტი წლის განმავლობაში ის იყო თბილისის ყველაზე ხალისიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი დარდი და სევდა და რომელსაც ეკუთვნოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მიიღო“.



ა.მორჩილაძე დიდ დროს უთმობს მე-19 საუკუნის ისეთი დიდი მოვლენების შესახებ საუბარს, როგორებიცაა: ქართული თეატრი, ოპერა, ჟურნალ-გაზეთები, ბატონყმობის გაუქმება. აკა მორჩილაძეს საინტერესოდ მიუჩნევია ილიას ყოველდღიური ცხოვრება და სწორედ მის შესახებ გვიყვება, კარგსაც ამბობს და ცუდსაც თუმცა, როგორც ჩანს, ილიას ცუდი მოპყრობა გლეხების მიმართ სარწმუნოდ არ მიაჩნია. გვიხასიათებს აკაკისა და ილიას მეგობრობას, მოგვითხრობს იაკობ გოგებაშვილზე, ივანე მაჩაბელზე, ვაჟა-ფშაველასა და მის ძმებზე. მისი ყურადღების საგნად ქცეულა მაჩაბლის ავადმყოფობისა და იდუმალებით მოცული გაუჩინარების ამბავი. აკა მორჩილაძე თბილისურ ამბებს გვიყვება, მათ შორის ერთი უბნის, ნახალოვკის დაბადების შესახებ.



ერთი თავი - „გრძელი სურათი რევოლუციისა“ ეთმობა უმძიმეს წლებს ჩვენი ქვეყნისა: ხელისუფლების, რევოლუციონერების, ხალხის გადაბირებისა და ციხიდან დახსნის ხერხებს. გვესაუბრება სიღარიბესა და სიმარტოვეში გარდაცვლილი უდიდესი ნიჭის მქონე მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ, რომლის საფლავიც დაკარგულია, რადგან საერთო სასაფლაოზე დაასაფლავეს. ბოლო თავი მეოცე საუკუნის დასაწყისში განვითარებულ უმძიმეს მოვლენებზე მოგვითხრობს.


1918 წელს გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს კი რუსები შემოვიდნენ თბილისში. მთავრობამ ბათუმს მიაშურა და გემებით დატოვა საქართველო სახაზინო ოქროსა და ეროვნულ განძთან ერთად. ესაა ამბავი გაურკვევლობაში დარჩენილი და ღვთის ანაბარა მიტოვებული გვარდიელებისა, კოჯორთან უმოწყალოდ ჩახოცილი იუნკერებისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დამარცხებული, მაგრამ უდრეკი მებრძოლებისა. ისტორია დაცემული თბილისისა და გასაბჭოებული საქართველოს შესახებ. ჩემს მიერ აღწერილი სურათები მხოლოდ რამდენიმე წვეთია იმ ზღვასთან შედარებით, რასაც ეს წიგნი წარმოადგენს, ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ „ქართულის რვეულები“ და უშუალოდ გაეცნოთ საუკუნის წინანდელ მომხდარ იმ მოვლენებსა და ისტორიებს, რომლებმაც მეტწილად განსაზღვრეს და საფუძველი ჩაუყარეს აწმყოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.




17.02.2018
ავტორი: ფიქრია ორბელაძე

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ორბელაძე ფიქრია
ორბელაძე ფიქრია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0