x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართველი კონკია უპრინცოდ

image სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავტობიოგრაფიულ პოსტს, სადაც გოგონა საკუთარი ცხოვრების რამდენიმე მოგონებას იხსენებს. ამასთან კომენტარებიდან ვხვდებით რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მისი არც თუ ნათელი მოგონებების დიდი ნაწილი მალე საჯარო გახდება საზოგადოებისთვის.
''ერთ ჩვეულებრივ დილას მამლის ყივილს დავასწარი და გარიჟრაჟამდე დავიბადე. (მგონი ეს იყო ერთადერთი დილა როცა ასე ადრე გავიღვიძე) ჯერ კიდევ არ მქონდა თვალები ბოლომდე გახელილი რომ მოვასწარი და გარშემომყოფებს იმედი გავუცრუე. დღემდე ხშირად ხუმრობენ თუ როგორ შერჩა ბიჭის მომლოდინე ოჯახს პატარა შავი გოგონა ხელში. მაგრამ როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყსი იყო. ხშირად როდესაც გარშემომყოფები საკუთარ ბავშობაზე ყვებიან, მეც მაგრად, მაგრად ვხუჭავ თვალებს და მთელი ძალით ვცდილობ გონების დაძაბვას. ეგებ ერთი რამ მაინც გამახსენდეს საიმისო მოსაყოლად რომ ღირდეს და ღიმილს გვრიდეს, მე თუ არა გარშემომყოფთ მაინც. ბევრჯერ მიცდია წარსულში დაბრუნება, გახსენება იმ პერიოდისა როცა პირველად წავედი ბაღში ან დაწყებითი კლასის ალბომისთვის ფოტო გადამიღეს... რაც უფრო ღრმად ვიხედები წარსულში უფრო ბნელი მოგონებები მეხვევა გარს. მთელი ცხოვრება მეშინოდა რომ საკუთარ წასრულზე მოლაპარაკე გარშემომყოფებიდან რომელიმე იმისთვისაც მოცლიდა ჩემთვის ეთხოვა წარსულის გახსენება. ვხედავდი როგორ ვპატარავდებოდი ხოლმე შიშით და ყველა შემთხვევას ვიყინებდი ამ თემის თავიდან ასაცილებლად. არ ვიცი რატომ მაგრამ გადავწყვიტე საკუთარ შიშებსა და კომპლექსებს თვალი გავუსწორო და რამდენიმე მოგონება მოგიყვეთ წარსულიდან.
მახსოვს ბავშობაში საღამო არ მიყვარდა, რადგან როგორც წესი ამას დაძინება მოყვებოდა ხოლმე, მე კი მეშინოდა ძილის. ცუდი სიზმრების გამო კი არა, საკუთარი საწოლი მაშინებდა. ორი პატარა ნესტიანი ბნელი ოთახი გვქონდა, უფრო მეტად პადვალს გავდა ვიდრე სახლს. ჩემი საწოლი ერთ კუთხეში იდგა, ხშირად წვიმდა ხოლმე ჩემს ლოგინზე, ამის გამო კედლიდან ბათქაშიც ხშირად ცვიოდა... მაგრამ წვიმა და არაპროგნოზირებადი კედელი ვერ მაშინებდა იმდენად, რამდენადაც ის რაც დილაობით მხვდებოდა კედლებზე. ფერადი დაკლაკნილი ზოლები დილაობით მამცნობდნენ რომ ღამე მხოლოდ სიზმრები კი არა ლოკოკინებიც ხშრად მსტუმრობდნენ ხოლმე. ჩემი ლოგინის ბოლოს მაგიდა იდგა. ხშირად უცნაური ხმები მაღვიძებდა ხოლმე, ვახელდი თვალებს და ვხედავდი როგორ უტიფრად მიყურებდა თაგუნა საწოლის კუთხიდან. არ ვიცი მე უფრო მეშინოდა მისი თუ მას ჩემი. მახსოვს დედამ ხაფანგი რომ დაუგო უცნაური გრძნობა დამეუფლა, თავს არ ვუტყდებოდი მაგრამ მეშინოდა ცოტა. დილით ადრე გავიღვიძე და ვნახე ჩემი ღამის დარაჯი მახეში გაბმულიყო. ალბათ უცნაურია მაგრამ ლოგინიდან გამოვძვერი, ძალიან, ძალიან ფრთხილად ხაფანგი გავხსენი და გავუშვი თაგუნა. სამწუხაროდ ჩემმა გმირობამ შედეგი ვერ გამოიღო, საბრალო მაინც დაიღუპა კედელზე გაკრულ ხის ფიცარში ვიპოვეთ მისი ცხედარი, მას შემდეგ რაც არც თუ ისე საამური სუნი უკვე ძალიან შემაწუხებელი გახდა. დედას გამოვუტყდი რომ დაჭრილი თავის კედელში გაჭედვაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და ბევრი საყვედურის მოსმენაც მომიწია.
მახსოვს ერთ საღამოს ქუჩაში ვიყავი, დიდი ჟრიამული გვქონდა უბნის ბავშვებს. შემდეგ დაქანცულები განათების განგმირულ და აწ უკვე ძრის წამოწოლილ ბოძზე წამოვსკუპდით. ათასობით სისულელეზე დაიწყებს თანატოლებმა ლაპარაკი და უცებ მესმის ორი ჯადოსნური სიტყვა ''დუშ გელი''. აქ თითქოს გული გამიჩერდა, ჩემმა ტვინმა ქურაზე შემოდგმული ჩაიდანივით დაიწყო ხმაური. ვფიქრობდი რა უნდა იყოს ეს რაღაც ახალი ორი სიტყვა, რაც აქამდე არამც თუ მენახა გაგონილიც არ მქონდა. და სწორედ ამ დღეს პირველად გამიჩნდა შიში რომ მეგობრები ჩემთვის ამდენად უცხო თემაზე დიალოგში ჩემ ჩართვას მოინდომებდნენ.
მე ჩემი წარსულის აღარ მეშინია, არც ვამაყობ მისით და არც სირცხვილის გრძნობა მაწუხებს. ვეცადე და თითქმის დავიჯერე რომ ეს უბრალოდ მომხდარი ფაქტების დიდი ყუთია, გონების სხვენში ძალიან ღრმად ჩამარხული.''

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:natiachachi
natiachachi
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0