x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გერნიკა“- 1937 წელი, ნახატით ნათქვამი პროტესტი ომს

1937წლის 27 აპრილს -„თაიმსმა“ ასეთი ცნობა გაავრცელა - „გუშინ საღამოს, საჰაერო თავდასხმის დროს, სრულიად განადგურდა ქალაქი გერნიკა. დაბომბვა 45 წუთი გრძელდებოდა. ავიაციამ 500 კგ-მდე ბომბები ჩამოყარა, არტილერია კი, უმოწყალოდ უსწორდებოდა სახლებიდან გამოქცეულ მოსახლეობას. ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული.“ სწორედ, „თაიმსის“ ეს სტატია გახდა პიკასოსთვის ინსპირაცია შეექმნა მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი „გერნიკა“.

მეორე მსოფლიო ომი იყო გლობალური მასშტაბის კონფლიკტი და ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება კაცობრიობის ისტორიაში. ამან უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი მსოფლიოს ფორმირებაზე და მათ განვითარებაზე. ამ ომმა ასახვა ჰპოვა ასევე ხელოვნებაში, სადაც ნათლად გადმოიცა მისი სისასტიკე და დაუნდობლობა. შეიქმნა უამრავი ნამუშევარი ამ თემატიკაზე, რამაც პოპულარობაც მოიპოვა ხალხში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული იყო ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს - „გერნიკა“.

უნდა აღინიშნოს, რომ 30-იანი წლების II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის ნამუშევრებში პროტესტის სახე მიიღო. II მსოფლიო ომის წლებში (1939-45) პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. იგი თითქოს მუდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს და იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ 1950 წელს იგი აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში.

სწორედ, ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი მისი „გერნიკა“, რომელიც ერთგვარი გამოძახილი იყო სისხლისღვრის, ნგრევის და ომის წინააღმდეგ.

1930-იანი წლების ესპანეთი ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე იდგა. მალევე, სამოქალაქო ომი გაჩაღდა ნაციონალისტებსა და რესპუბლიკელებს შორის, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა და გაანადგურა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. მოსახლეობა გაიყო ორ ნაწილად და ემტერებოდა ერთმენთს. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომში უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტები, რომელთაც მხარს გერმანელი ნაციონალისტები უჭერდნენ თავს დაესხნენ მემარცხენე რესპულიკელების მთავრობას. პიკასოს, სწორედ, იმ მსხვერპლისა და ნრგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს გენერალ ფრანკოს მოკავშირე ფაშისტური გერმანიის ავიაციის, ნაცისტთა მიერ რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ბასკური ქალაქის, გერნიკას დაბომბვას მოყვა. ამის შედეგად, ათასობით ადამიანი შენობების ნანგრევებში ჩაიმარხა.

რეპუბლიკელთა მთვრობამ პიკასოს პარიზის დიდი გამოფენისთვის ტილოს დახატვა სთხოვა. თავდაპირველად პიკასომ არ იცოდა რა დაეხატა, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომმა პიკასოს სული აუფორიაქა და დაბომბვიდან დაახლოებით ერთ თვეში „გერნიკა“ უკვე მზად იყო პავილიონში გამოსაფენად. ნამუშევარმა პარიზში არაერთგვარვანი შეფასება მიიღო, ვინაიდან ბევრს გაუჭირდა მისი აღქმა და გაგება, ამიტომ ძნელად გასაგებად თვლიდნენ, რადგან კუბიზმის ამ პერიოდში ახლად ჩამოყალიბებული მიდმდინარეობა იყო მხატვორბაში და ბევრი ჯერ კიდევ ვერ იგებდა, ვერ ითავისებდა მის დანიშნულებას. „გერნიკაც“, სწორედ კუბიზმის სტილშია შესრულებული, ამიტომ მეტად რთული ამოსაცნობია მისი შინაარსი და გასაკვირი სულაც არაა, თუ პირველივე ნახვისას ადვილად გასაგები არ არის რა ხდება ტილოზე. თუმცა, პირველივე ჯერზე ადვილია იმ განწყობილების მიხვედრა რა მუხტითაცაა ნამუშევარი შექმნილი. რეპუბლიკელთა თაოსნობით, სურათმა მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, რათა ამ განსაცვიფრებელი, ბარბაროსული ფაქტის მიმართ საზოგადოების პროტესტი უფრო გაემძაფრებინა. ამ ნახატმა უამრავი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იგი გახდა დაუსრულებელი კამათებისა და დისკუსიების ობიექტი. დაობდნენ მის შინაარსსზე, გამოხატულების სტილზე, იმაზე თუ ვინ რას ხედავდა ნამუშევარში.

პიკასო გერნიკის დაბომბვას ისტორიული სიზუსტით არ გადმოგვცემს. მხატვარი გვიჩვენებს - ტკივილს, უიმედობას, ტრაგედიას, განსაცდელს, შიშს და ომის დაუნდობლობას. იგი გამოხატავს იმ საშინელებასა და სისასტიკეს, რაც ყველას სირცხვილია. პიკასოს ინტერპრეტულობით გერნიკის დაბომბვა საუკუნის მოვლენად იქცა, რადგანაც კარგად გადმოსცა ტანჯვის დაუსრულებლობა და უნივერსალიზმი. ამით, კი ტილოს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა.

ამ ნამუშევარმა, უნდა აღინიშნოს რომ, ახლებურად დაგვანახა XIX ს-ში პოპულარული ბატალური სცენები. ნახატში მაყურებელი ვერ ხედავს გმირებს, რადგან აქ მხოლოდ მსხვერპლია. არ ჩანს პეიზაჟი ან ბუნება, თუმცა ადვილი შესამჩნევია გაპარტახებული ქუჩები. არ არიან მებრძოლები და ჯარისკაცები, მაგრამ ნათელია ძალადობა, უიმედობა, ტანჯვა. „გერნიკაზე“ არ გვხვდება ბომბები, მაგარამ გვხვდება მისი შედეგი, დაბომბის შედეგად მიღებული ქაოსი და უბედურება. თვალის ერთი შევლებითაც კი, მუქი ფერები და ყოველ ფიგურაში გამოხატული სევდა ადამიანში აღვიძებს შიშის განცდას ომის გამო და ჩნდება ძალადობისადმი პროტესტის შეგრძნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნახატი მთლიანად ალეგორიაა, რომელიც წინასწარ აღწერს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას.

„გერნიკა“ გაჟღენთილია სიმბოლოებით და მის იდეას არაჩვეულებრივად გამოხატავს, სწორედ, სიმბოლოებით დატვირთული ფიგურები, რომელთა გაშიფვრაც სირთულეს წარმოადგენდა, რადგან პიკასოს არ სურდა, რომ მათი მნიშვნელობა აშკარა ან სწორხაზოვანი ყოფილიყო და არც მათი ახსნა უყვარდა. თუმცა, ეს კი განაცხადა: „ცხენი ადამიანებს ნიშნავს, ხარი კი-სისასტიკესა და სიბნელეს.“

ნახატში, მარცხნივ ვხედავთ უზარმაზარ და მძლავრ ხარს, რომელიც უყურებს როგორ დასტირის გაუბედურებული დედა დაღუპულ შვილს. მიწაზე გდია მკვდარი ჯარისკაცი, იქვე კი ტკივილით გადარეული ცხენი მოჩანს, რომელსაც შუბი აქვს მოხვედრილი. სახეები დამახინჯებულია და მათზე დიდი ტკივილია ასახული. სინათლის მკვეთრი მონაცვლეობით ბომბების აფეთქებაზე მიგვითითებს.

იგი ძირითადად სამხედრო სურათია, რომელიც გვთავაზობს ვიზუალურ აღქმას ომის დამანგრეველი და ქაოტური გავლენისა ადამიანებზე, უდანაშაულო მაცხოვრებლებზე. ადამიანები და ცხოველები თანაბარ წერტილში არიან, რითიც მხატვარი გამოხატავს არამარტო სისასტიკესა და ადამიანებების არაჰუმანურობას ომის დროს, გამოხატავს ასევე, ცხოველების რეაქციას, რომ ყველა ცოცხალი არსება იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი, იზიარებს შიშსა და სიკვდილს.

მიუხედავად იმისა, რომ პიკასოს არ მოსწონდა მისი ხელოვნების „მნიშვნელობის“ განხილვა, რთულია უარყო „გერნიკაში“ ეროვნული სიმბოლიზმი. მაშინ, როცა არაოფიციალური სიმბოლო პიკასოს სამშობლოსი (ხარი), ყველაზე სიცოცხლით სავსე ფიგურაა ნახატში. ხარი თვითონ ესპანეთის სიმბოლოა, იგი ჯერ კიდევ „ფეხზეა“ ასეთი სასტიკი შემოტევის შემდეგაც კი. თუმცა, საერთო ფონი ნაკლებად ოპტიმისტური და დამაიმედებელია. სურათს, ასევე, ამძიმებს ნათურის ინტერპრეტაცია, რომელიც ხშირად ღმერთთან ასოცირდება. გარკვეულ წილად გამოხატავს უფლისადმი რწმენას და იმედს, რომელიც ამ მომხდარი ტრაგედიისა და სამყაროში არსებული სისასტიკის ფონზე თითქოს უკვე ნაკლებად აქვს ადამიანს შემორჩენილი.

„მთელი ჩემი ცხოვრება როგორც მხატვარი არაფერს არ ვაკეთებდი, გარდა ბრძოლის გაგრძელებისა ხელოვნების სიკვდილის წინააღმდეგ. ნახატში, რომელსაც მე ვხატავ, რომელსაც მე გერნიკას ვუწოდებ, მე გამოვხატავ ზიზღს სამხედრო კასტის მიმართ, რომელმაც მოიცვა მთელი ესპანეთი ტანჯვასა და სიკვდილის ოკეანეში“- ამბობდა მხატვარი.

„გერნიკასთან“ დაკავშირებული ფაქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, ჰიტლერელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს, ერთხელ, პიკასოს ატელიეში, სადაც ხშირად მიდიოდნენ გერმანელი ოფიცრები და მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის ასლს, რაზეც ასახული იყო ფაშისტების მიერ გერნიკას განადგურება, გესტაპოს აგენტი ესტუმრა. მან ჩანთიდან ამოიღო სურათი და ჰკითხა: -ეს თქვენი ნამოღვაწარია? რაზედაც პიკასომ მიუგო: -არა, თქვენი. აქ აისახა მისი შინაგანი პროტესტი და დამოკიდებულება.

პიკასო ვერ მოესწრო თავისი ნახატის ესპანეთში ჩატანას, რადგან მას სურდა და ანდერძადაც დაიბარა, რომ სურათი ესპანეთში მხოლოდ დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ჩაეტანათ, რამაც დიდი ხნით გადაიწია, ვინაიდან რესპუბლიკელები დამარცხდნენ ესპანეთში და დიქტატურა დამყარდა. მანამდე კი, ნახატი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. პაბლო პიკასო 1973 წელს გარდაიცვალა საფრანგეთში. დიქტატორული რეჟიმის დაემხობის შემდეგ, 1981 წელს "გერნიკა" ესპანეთში ჩაიტანეს. ამჟამად ტილო მადრიდში, დედოფალ სოფიას სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ამრიგად, გერნიკა ყველა დროის ყველაზე ცნობილი ნახატია მსოფლიოში, რომელიც მიმართულია ომის წინააღმდეგ და ნათლად აჩვენებს კაცობრიობას მის საშინელ შედეგებს და უზარმაზარ ზიანს, რისი მოტანაც მას შეუძლია.

image
პაბლო პიკასო ფიქრობდა, რომ ხელოვნებას მოვლენებზე რეალური ზემოქმედება შეეძლო. 1945 წელს მან განაცხადა: „სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი, რომელიც მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება“.

0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ჭირაქაძე
ელენე ჭირაქაძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0