x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნერვული ბულიმია
image


ტერმინი"ბულიმია" ასახავს უკონტროლო, გადაჭარბებული ჭამის ეპიზოდებს. ბულიმიის სიმპტომი ჩნდება ნერვული ანორექსიის ზოგიერთ შემთხვევაში. ნერვული ბულიმიის სინდრომი პირველად აღწერა რასელმა თავის საკმაოდ გავლენიან ნაშრომში, რომელიც ასახავდა 1972-1978 წლებში 30 პაციენტზე ჩატარებული დაკვირვების შედეგებს. თუმცა, ბულიმიის შემთხვევებში, რომელსაც რასელი შეისწავლიდა, ნერვული ანორექსიის შემთხვევებიც იყო შერეული, რის გამოც მათი აღწერა განსხვავდება იმ პათოლოოგიის აღწერისგან, რომელიც დღეს "ნერვული ბულიმიის" სახელწოდებით არის ცნობილი. მას შემდეგ რაც სინდრომი "ბულიმია" შეტანილ იქნა დაავადებათა საკლასიფიკაციო სისტემაში, ცხადი გახდა, რომ ნერვული ბულიმია საკმაოდ გავრცელებულია იმ პოპულაციაში, რომელსაც ნერვული ანორექსია არ აღენიშნება.



ნერვული ბულიმიის ძირითადი ნიშნები შემდეგია:

1.გადამეტებული ჭამის დაუძლეველი სურვილი;


2.სხეულის წონის კონტროლის მიზნით უკიდურესი საშუალებების გამოყენება;

3.სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებულ ზეღირებულოვანი იდეები.

განასხვავებენ მის 2 ფორმას:

1)"გაწმენდითი ტიპი" ხასიათდება წონის მატების თავიდან ასაცილებლად თვითგამოწვეული პირღებინებით, საფაღარათე საშუალებების გამოყენებით;

2)"არაგაწმენდითი ტიპი"- ამ დროს პიროვნება არ იყენებს "გაწმენდებს" წონაში მატების თავიდან ასაცილებლად, არამედ მიმართავს სხვა საშუალებებს, როგორებიცაა ინტენსიური ვარჯიში და შიმშილი. ნერვული ბულიმიით დაავადებულ პაციენტებს, როგორც წესი, ნორმალური წონა აქვთ.

ბულიმიით დაავადებულთ კვებაზე კონტროლი თითქმის სრულიად დაკარგული აქვთ. ბულიმიის ეპიზოდებს შეიძლება წინ უძღვოდეს სტრესი ან პაციენტის მიერვე თავსმოხვეული დიეტის დარღვევა. ეს ეპიზოდები ზოგჯერ შეიძლება დაგეგმილიც იყოს. ბულიმიის ეპიზოდის დროს პაციენტი პაციენტი დიდი რაოდენობით იღებს საკვებს, თითო კვებაზე დაახლოებით 2000 კკალ-ზე მეტი ოდენობის. გაუმაძღრობას ადგილი აქვს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიროვნება მარტო იმყოფება. ჭამის დაწყებისას ჩნდება დაძაბულობის მოხსნის განცდა, მაგრამ განტვირთვის განცდას მოჰყვება სინანული და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. პაციენტმა შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება ან მიიღოს საფაღარათე საშუალებები. დღის მანძილზე ბულიიმიისა და გაწმენდის ეპიზოდების მონაცვლეობა მრავალჯერ შეიძლება განმეორდეს.



დეპრესიული სიმპტომები უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე ნერვული ანორექსიის დროს და, სავარაუდოდ, მეორადია კვებითი აშლილობის მიმართ. პაციენტების დიდი ნაწილი აკმაყოფილებს მძიმე დეპრესიის კრიტერიუმებს. დეპრესიის სიმპტომები, როგორც წესი, იხსნება კვებითი აშლილობის გამოსწორებასთან ერთად. იშვიათად გვხვდება მძიმე და პერსისტენტული დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტები, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობას საჭიროებენ.



ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმდება

ხშირი პირღებინება იწვევს მრავალ გართულებას, კერძოდ, კალიუმის დონის დაქვეითებას, რაც საკმაოდ სერიოზული დარღვვაა და იწვევს სისუსტეს, გულის არითმიას და თირკმელების დაზიანებას. იშვიათად ჩნდება საშარდე სისტემის ინფექციები, ტეტანია და ეპილეფსიური კრუნჩხვები. კუჭის მჟავე შიგთავსისს ზემოქმედების გამო კბილებზე ჩნდება სახასიათო ღრმულები, რომლებსაც სტომატოლოგი ადვილად სცნობს.



აშლილობის განვითარება

ნერვული ბულიმია თავს იჩენს გვიანი მოზარდობის ასაკში. ის, როგორც წესი, თან ახლავს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანი წუხს საკუთარი წონისა და ფორმის გამო. პაციენტთა მეოთხედს ანამნეზში აღენიშნება ნერვული ანორექსიის ეპიზოდი. ჩვეულებრივ, დაავადების საწყისი პერიოდი ხასიათდება დიეტური შეზღუდვებით, რასაც მოგვიანებით (უფრო ხშირად 3 წლის განმავლობაში) ენაცვლება გადამეტებული ჭამის ბევრად ხშირი ეპიზოდები. გადამეტებული ჭამის გახშირებას მოჰყვება სხეულის წონის დაბრუნება ნორმალურ საზღვრებში. გარკვეულ სტადიაზე, გადამეტებული ჭამის კომპენსაციის მიზნით, იწყება პირღებინების თვითგამოწვევა და საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად ჭამაზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვება.



ეტიოლოგია


ზოგადი რისკ-ფაქტორები. ნერვული ბულიმიის განვითარება სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ეს ფაქტორებია: ოჯახურ ანამეზში მშობლების ფსიქიკური აშლილობა, განსაკუთრებით, დეპრესია და მედიკამენტებზე დამოკიდებულება; ასევე, ბავშვობისდროიდელი გამოცდილების მთელი გამა. არსებობს მოსაზრება, რომ ნერვული ბულიის ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორი სექსუალური ძალადობაა, თუმცა, ფაქტობრივი მტკიცებულებების თანახმად, ამ ფონზე ბულიმიის სიხშირე აღემატება სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობების სიხშირეს.


სპეციფიკური რისკ-ფაქტორები. ეპიდემიოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ, ნერვული ანორექსიისგან განსხვავებით, ნერვული ბულიმიის მქონე პაციენტები იმყოფებიან ისეთი ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც პიროვნებას დიეტის დაცვისაკენ უბიძგებს (სიმსუქნე ბავშვობაში, მშობლების სიმსუქნე). სრულყოფილებისკენ სწრაფვა ასევე შეიძლება ჩაითვალოს სპეციფიკურ რისკ-ფაქტორად, თუმცა, აქ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნერვული ანორექსიის შემთხვევაში.



მკურნალობა

მოცემული აშლილობის შემთხვევაში, ყველაზე უკეთ შესწავლილი ფსიქოლოგიური მკურნალობაა კოგნიტურ-ბიჰევიორლური თერაპია, რომელიც პაციენტს კვებაზე კონტროლის აღდგენაში ეხმარება. კერძოდ, მკურნალობა ფოკუსირებულია იმ ქცევებისა და აზრების შეცვლაზე, რომლებიც ხელს უწყობენ კვებითი აშლილობის შენარჩუნებას. აგრეთვე, არაერთგზისაა ნაცადი ანტიდეპრესანტების გამოყენება, რომელიც ამცირებს უკონტროლო ჭამას და აქედან გამომიდინარე, გამწმენდის გამოყენების სიხშირესაც; აუმჯობესებს პაციენტის გუნება-განწყობილებას, თუმცა, კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიასთან შედარებით, მისი ეფექტი სუსტია და შედეგიც შეიძლება მყარი არ იყოს.

0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0