x
მეტი
  • 20.08.2018
  • სტატია:79616
  • ვიდეო:332324
  • სურათი:436886
" გახსოვდეს, რომ მე მუდამ მეყვარები" - ნაპოლეონისა და ჟოზეფინას სიყვარულის სევდიანი ისტორია

1821 წლის 5 მაისს წმინდა ელენეს კუნძულზე სიკვდილს ებრძოდა საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი. ნაპოლეონის ადიუტანტი, გრაფი მონტოლონი, რომელიც ბონაპარტს მუდამ თან ახლდა გადასახლებაში, იხსენებდა, რომ უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც სიკვდილის წინ წარმოთქვა ყველაზე ცნობილმა კორსიკელმა, იყო: " საფრანგეთი, არმია, ჟოზეფინა"...



image



ისინი ამ ქვეყნიდან თითქმის ერთი ასაკისანი წავიდნენ: ნაპოლეონი 51, ხოლო ჟოზეფინა-50 წლისა, თუმცა ერთსა და იმავე დღეს სიკვდილი მათ არ ეწერათ: მაშინ, როცა ნაპოლეონისათვის უკანასკნელმა ზარმა დარეკა, ჟოზეფინა უკვე კარგა ხნის წასული იყო საუკუნო სასუფეველში.

მარი როჟ ჟოზეფა ტაშე დე ლა პაჟერი, ან უბრალოდ ჟოზეფინა, როგორც მას მთელი მსოფლიო იცნობს, დაიბადა კარიბის ზღვაში მდებარე არტინიკის კუნძულზე ფრანგი პლანტატორის ოჯახში. ლეგენდის თანახმად, რომელსაც თავად ჟოზეფინა უყვებოდა ყველას, ბავშვობაში მას ერთმა მოხუცმა ბოშამ უმკითხავა და უთხრა, რომ ის გახდებოდა ''უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დედოფალი".


16 წლის ასაკში ჟოზეფინა ცოლად გაჰყვა ვიკონტ ალექსანდრ დე ბოგარნეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟოზეფინა მისთვის სათადარიგო საცოლეს წარმოადგენდა. მამას სურდა, გავლენიანი და შეძლებული ბოგარნესათვის ჟოზეფინას უფროსი და კეტრინი მიეთხოვებინა, თუმდა არ დასცალდა: გოგონა 16 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამიტომ ვიკონტის ცოლობა ჟოზეფინას ''ხვდა წილად''.

ეს ქორწინება ჟოზეფინას მამას აწყობდა, რადგან ბოლო ხანებში მისი ფინანსური საქმეები ცუდად მიდიოდა, თუმცა ახალდაქორწინებულებს შორის დიდი სიყვარული არასდროს ყოფილა: ვიკონტი ბოგარნე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში და ოჯახური სიწმინდის დაცვას არასოდეს თვლიდა თავის მოვალეობად.


1785 წელს მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ; ჟოზეფინას ყოფილი ქმრისგან ორი ბავშვი, ქმრის გავლენიანი გვარი და არც თუ ისე ცუდი ფინანსური კაპიტალი დარჩა, რომელსაც ქალმა საკმაოდ მალე მოუღო ბოლო.



image


ტემპერამენტიანი ჟოზეფინა ქმართან დაშორების შემდეგ ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს. მალე მან ახალი მფარველი იპოვა ვიკონტ ბარასის სახით. საყვარელმა ქალს პარიზში ბინა უქირავა და ყველა მის ხარჯს ფარავდა, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჟოზეფინა ნაპოლეონს არ შეხვდა.


წყვილი ერთმანეთს 1795 წელს შეხვდა. 32 წლის ჟოზეფინამ უახლოესი მეგობრის ტერეზა ტალიენის სალონში 26 წლის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტე გაიცნო. იმ დროისათვის მომავალი იმპერატორი ჯერ მხოლოდ რევოლუციური არმიის ერთ-ერთი ნიჭიერი და პერსპექტიული ოფიცერი იყო, რომელიც ჭკვიანურად ახშობდა როიალისტების აჯანყებებს.


გენერალი ბონაპარტე მოხიბლული დარჩა მშვენიერი ჟოზეფინათი და მხურვალედ შეუყვარდა ის. ქალს ახალი კავალერი მომხიბვლელი და სანდომიანი ეჩვენა, თუმცა წინა საყვარლებისაგან განსხვავებით, ნაპოლეონს არ ძალუძდა ქალის ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება.

მაგრამ ნაპოლეონს სულაც არ სურდა ჟოზეფინას საყვარლობა, მან ხელი და გული შესთავაზა ქალს და ცოლობა თხოვა, თან დაპირდა, რომ მის შვილებს მამობას გაუწევდა. ჟოზეფინამ ვერ გაუძლო ნაპოლეონის ჯიქურ შემოტევებს და დათანმდა. წყვილი 1796 წლის 9 მარტს დაქორწინდა.



image



გარდა გრძნობებისა, ამ ქორწინებაში ანგარიშიანობას დიდი ადგილი ეჭირა. ჟოზეფინას შემთხვევაში, რაც არ უნდა გავლენიანი და შეძლებული საყვარელი ჰყოლოდა ქალს, მას მაინც ირიბად უყურებდნენ და ვერასოდეს იქნებოდა საზოგადოებაში მიღებული ისე, როგორც დაქორწინებული ქალი. ამიტომ ჟოზეფინას ეს ქორწინება გზას უხსნიდა მაღალი საზოგადოებისკენ.


რაც შეხება ბონაპარტს, ქორწინება მას აძლევდა შესაძლებლობას ცოლის მეშვეობით დაელაგებინა ურთიერთობები საფრანგეთის წარჩინებულ ელიტასთან, რომლებიც ნაპოლეონს სერიოზულად არ აღიქვამდნენ; გარდა ამისა, მამაკაცს მცდარი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ქალი დიდ ქონებას ფლობდა, თუმცა ქორწინების შემდეგ მან ნახა, რომ ჟოზეფინა სულაც არ იყო მდიდარი და ის მხოლოდ საყვარლების ფულებს ხარჯავდა.

ჟოზეფინამ თითზე მოირგო ულამაზესი ბეჭედი წარწერით: „ეს იღბალია“. რეგისტრაციის აქტში ჩაწერეს, რომ საქმრო 28 წლის იყო, ხოლო საცოლე - 29-ის. სინამდვილეში, ამ დროს ნაპოლეონი 26 წლისა გახლდათ, ხოლო ჟოზეფინა - 32-ის. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პერსპექტიული გენერალი საფრანგეთის იმპერატორი და ევროპაში ძალაუფლების განმსაზღვრელი გახდებოდა.



image



ქორწილიდან ორ დღის შემდეგ ნაპოლეონი იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა, რათა ჩაებარებინა საფრანგეთის ჯარების ხელმძღვანელობა იტალიაში. ადგილზე ჩასული გენერალი ცოლს სიყვარულითა და გრძნობებით სავსე წერილებს უგზავნიდა და თხოვდა, მასთან ჩასულიყო: "შენი უბედურება ისაა, რომ მე ისეთივე საზომით მზომავ, როგორც სხვა მამაკაცებს; მაგრამ იცოდე, რომ ჩემ გულს ასეთი რამ არასოდეს განუცდია", - წერდა ის ჟოზეფინას. ქალი ქმრის ვნებიან წერილებს ორსიტყვიანი ცივი ბარათებით პასუხობდა და იტალიაში წასვლას სულაც არ აპირებდა. მისი წარმოდგენა ქორწინებაზე ჩამოყალიბებული იყო პირველ ქმართან - ბოგარნეთან ურთიერთობით: ვიკონტი თავს არასოდეს იზღუდავდა სასიყვარულო თავგადასავლებში, თუმცა ცოლსაც ანალოგიურ თავისუფლებას ანიჭებდა. ჟოზეფინა ფიქრობდა, რომ ბონაპარტესთანაც იგივე განმეორდებოდა...

მაგრამ ნაპოელონს სურდა ქალისათვის ერთადერთი ყოფილიყო და არც კი დაუშვებდა, რომ ცოლი ვინმესთვის გაეყო. 1796 წლის ივნისში ჟოზეფინა იძულებული გახდა, ქმრის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და მასთან ჩასულიყო იტალიაში. ქალს თან გაჰყვა იპოლიტ შარლი, რომელიც გენერალ ლეკლერკის ადიუტანტი და ჟოზეფინას ახალი საყვარელი გახლდათ.


იტალიაში ყოფნის დროს ნაპოლეონი ვერაფერს ვერ ამჩნევდა, ის ქალის სიყვარულით იყო დაბრმავებული, მაგრამ პარიზში დაბრუნების შემდეგ მან შეიტყო ცოლის სასიყვარულო თავგადასავლების და ფინანსური მაქინაციების შესახებ. მეუღლეებს შორის სკანდალმა იფეთქა.

ჟოზეფინა არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუითაც. მან მოახერხა ქმრის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბოროტი ადამიანების მონაჭორი იყო და ის სრულიად უმწიკვლოა ქმრის წინაშე.

1798 წლის გაზაფხულზე ნაპოლეონს სასწრაფოდ მოუწია ეგვიპტეში წასვლა არმიასთან ერთად. მარტო დარჩენილმა ჟოზეფინამ ისევ ძველებური ცხოვრება გააგრძელა. როცა ამის შესახებ ნაპოლეონს შეატყობინეს, მან მტკიცედ გადაწყვიტა პარიზში ჩასვლისთანავე ცოლს გაყროდა.

ეგვიპტიდან დაბრუნებულ ბონაპარტეს ცოლი სახლში არ დახვდა. ჭკვიანმა ჟოზეფინამ იყნოსა, რომ საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა და ერთგული ცოლის იმიჯის შესანარჩუნებლად ქმართან გაემგზავრა ეგვიპტეში. ისინი გზაში აცდნენ ერთმანეთს. სახლში დაბრუნებულ ჟოზეფინას თავისი ნივთები წინკარში გამოყრილი, ხოლო ქმარი საძინებელ ოთახში ჩაკეტილი დაუხვდა.

დაკეტილი ოთახის კართან დაჩოქილმა ჟოზეფინამ ტირილსა და მუდარაში გაატარა ღამე. ის ქვითინებდა და ქმარს მიტევებას თხოვდა. ჟოზეფინას გარდა არავინ იცის, ყალბი იყო თუ არა მისი ცრემლები. შესაძლებელია, ქმარი მას მართლაც უყვარდა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ქალს არ უნდოდა დაკარგვა მეუღლისა, რომლის კარიერაც საოცარი სისწრაფით მიიწევდა მაღლა.

ასე იყო თუ ისე, ნაპოლეონმა ისევ აპატია ცოლს და შესაბამისად დიდძალი ვალებიც გაუსტუმრა.



image



სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტი პირველი კონსული და შესაბამისად, საფრანგეთის ფაქტიური მმართველი გახდა. ახლა ჟოზეფინას უკვე ქვეყნის პირველი ლედის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც არამარტო ღირსეული ცოლი უნდა ყოფილიყო, არამედ უნდა შეძლებოდა, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაც. მისი იარაღი გახდა ხმაურიანი დღესასწაულები და მიღებები, რომელსაც ქალი მალმეზანის სასახლეში აწყობდა. ჟოზეფინამ თავის ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი- საფრანგეთის არისტოკრატიამ უბრალო კორსიკელი ქვეყნის ახალ ლიდერად აღიარა. 1804 წელს ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა და ჟოზეფინას თავზე დედოფლის გვირგვინი დაადგა. ასე რომ, მოხუცი ბოშას წინასწარმეტყველება ახდა.



image



პოლიტიკური ძლიერების ზრდასთან ერთად, ნაპოლეონის ცხოვრებაში ქალების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.
1800 და 1810 წლებს შორის ბონაპარტი თავისი დიდების, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ზენიტში იმყოფებოდა. ის არ ეძებდა ქალებს. ქალები თავად ეძებდნენ მასთან სიახლოვეს. ამასთანავე, ბონაპარტი ახერხებდა, რომ ერთი წუთითაც არ მოსწყვეტოდა სახელმწიფო საქმეებს. ჟოზეფინას მორიგი ეჭვიანობის სცენის შემდეგ იმპერატორმა განაცხადა, რომ ჟოზეფინასთან მისი ქორწინება დასრულებული იყო, თუმცა ქალის ცრემლებსა და პატიების მუდარებს ისევ ვერ გაუძლო.


ამ პერიოდში იმპერატორის ფავორიტმა ქალმა ელეონორა ლე პლენმა მისგან ბიჭუნა გააჩინა, რომელსაც ლეონი დაარქვეს. ბავშვს მამისგან უზარმაზარი მემკვიდრეობა ერგო. ნაპოლეონს მისი კანონიერ შვილად აღიარებაც კი სურდა, მაგრამ ვერ შეძლო.


იმპერატორის ცხოვრებაში კაშკაშა ვარსკვლავად იქცა მდიდარი პოლონელი არისტოკრატის ცოლი მარია ვალევსკაია. ქერათმიანი, მომხიბვლელი მარია გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში დაიბადა. 16 წლის იყო, როცა ცოლად 68 წლის გრაფს გაჰყვა. თავიდან ახალგაზრდა მზეთუნახავი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა ბონაპარტის შეტევას, მაგრამ გავლენიანი პოლონელები, რომლებიც ქვეყნის გადარჩენის შანსს მხოლოდ ამ კავშირში ხედავდნენ, დანებებას ურჩევდნენ. იმპერატორმა მხოლოდ მაშინ შეძლო ვალევსკაიას წინააღმდეგობის დაძლევა, როცა მიანიშნა, რომ კეთილგანწყობის სანაცვლოდ, პოლონეთს დამოუკიდებლობას უბოძებდა. მაშინ ქალი ვერ წარმოიდგენდა, რომ იმპერატორით მოიხიბლებოდა და თავდავიწყებამდე შეუყვარდებოდა. მალე პოლიტიკურმა მოტივებმა მეორე პლანზე გადაიწია, მაგრამ მემკვიდრეზე მეოცნებე იმპერატორმა ჟოზეფინასთან გაცილების შემდეგ ვალევსკაიასადა ავსტრიის მეფის ასულს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. იმედგაცრუებული და დამწუხრებული მარია ვალევსკაია მეუღლის მამულში დაბრუნდა.



image



1809 წელს ნაპოლეონი საბლლოოდ გაეყარა ჟოზეფინას, მიხვდა რა, რომ ის სასურველ მემკვიდრეს ვერასოდეს გაუჩენდა. აღმოჩნდა, რომ ქალისადმი სიყვარული არ იყო უფრო ძლიერი, ვიდრე მისი ამბიციები: ნაპოლეონს სურდა შეექნა ახალი, ძლიერი მმართველი იმპერია და ამის განსახორციელებლად მემკვიდრე ჭირდებოდა. ბონაპარტემ ქალს დედოფლის ტიტული, ელისეს სასახლე, ნავარიის და მალმეზონის სასახლეები დაუტოვა. ქალმა არ იცოდა, რა იყო გაჭირვება და სიკვდილამდე მდიდრულად და უზრუნველად ცხოვრობდა. ნაპოლეონთან გაყრის შემდეგ მიღებული ნერვიული შერყევის გადატანის შემდეგ ჟოზეფინა ბედს შეურიგდა და მშვიდი, წყნარი ცხოვრება გააგრძელა.

ნაპოლეონი ავსტრიელ პრინცესა მარი-ლუიზაზე დაქორწინდა, რომელმაც 1811 წელს მას დიდ ხნის ნანატრი მემკვიდრე გაუჩინა.




image



ჟოზეფინასა და ნაპოლეონის ქორწინება როგორი უცნაურიც იყო, ასეთივე გასაოცარი იყო მათი ურთიერთობა განქორწინების შემდეგ: ყოფილმა მეუღლეებმა ერთმანეთის მიმართ თბილი, მოსიყვარულე გრძნობები შეინარჩუნეს და ეს გრძნობები უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრული. მათი მიმოწერა-ესაა მიმოწერა ორ შეყვარებულს ან ორ მეუღლეს შორის, რომლებიც ბედისწერამ დააშორა ერთმანეთს.


1814 წლის 6 აპრილს ნაპოლეონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ყველასაგან მიტოვებულმა ბონაპარტმა სიცოცხლესთან ანგარიშის გასწორება სცადა, მაგრამ ბედმა აქაც უმტყუნა-საწამლავი, რომელიც მან დალია, ვადაგასული აღმოჩნდა და არ იმოქმედა. 1814 წლის 16 აპრილს მან უკანასკნელი წერილი დაუწერა ჟოზეფინას: "მე საშინელი დაცემა განვიცადე. მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ჟოზეფინა. არასოდეს დაივიწყო ის, ვინც შენ არასოდეს დაგივიწყებს. მე თქვენ არასოდეს არ დაგივიწყებთ".

1814 წლის მაისში ჟოზეფინა ძლიერი გაციების გამო ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფობა ელვის სისწრაფით პროგრესირებდა და ქალი 29 მაისს გარდაიცვალა.



image



ჟოზეფინას სიკვდილიდან რამდენიმე ხნის შედეგ ნაპოლეონმა მიიღო თავგანწირული მცდელობა ხელისუფლებაში დაბრუნებისა, რომელიც ისტორიაში შევა " 100 დღის " სახელწოდებით. ამას მოჰყვა კიდევ ერთი დაცემა, გადასახლება და ბოლოს სიკვდილი ატლანტიკის უდაბურ კუნძულზე, რომელიც გადასახლებული იმპერატორის უკანასკნელი ნავსაყუდელი აღმოჩნდა...


ნაპოლეონი 51 წლის ასაკში, 1821 წლის მაისში გარდაიცვალა.

5
301
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
16 თებერვალი, 12:00
არც არაფერი :/ სამწუხაროდ
15 თებერვალი, 23:53
ეგ ნათელია, ლელ..მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია?:(
15 თებერვალი, 13:25
ძაან ნერვების მომშლელია. :(((( გემოვნების ნაკლებობა იგრძნობა
15 თებერვალი, 12:50
რას ვიზამთ, ლეეელ..აქ ხომ არც ეროტიკაა და არც ჰოროსკოპი :)
სიყვარულიც აღარ აინტერესებს ხალხს, ისე გაცივდნენ :(
15 თებერვალი, 10:58
როგორ შეიძლება, ამ სტატიას 20 ნახვა ჰქონდეს :@ :@
0 1 5