x
"ჩვენი ენა ქართული"

14/02/2018

image
დღესდღეობით, ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასაუბრო მეტყველებაში არაქართული სიტყვები გამოიყენება. გარემოსა და კულტურის ცვლილება ენის ცვლილებასაც იწვევს. თაობათა კულტურული გაუცხოებაც სწორედ, პირველ რიგში, ენობრივად ვლინდება. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უამრავი ნეოლოგიზმი შემოდის ენაში და იკიდებს ფეხს. თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის სიტყვა ჩვენი მშობლებისა თუ უფროსი მეგობრებისთვის უცხო ყოფილა და, პირიქით, უამრავი ბარბარიზმი ჩვენთვისაა გაუგებარი. ქართული ენის მდგომარეობა სავალალო იყო რუსული მმართველობის პირობებში. იმ პერიოდში ქართული "ძაღლის ენად" ითვლებოდა, მოსახლეობამ არ იცოდა წერა-კითხვაც კი.



"თერგდალეულების" მოღვაწეობის შედეგად, შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენს ენას. ბუნებრივია, არც ქართველ მწერლებს გამორჩენიათ ენის პრობლემის დაფიქსირება.



ქართულ ლიტერატურაში თითოეულ ნაწარმოებს თავისი დატვირთვა აქვს. სხვადასხვა ლიტერატურული მიმართულების წარმომადგენელი ავტორი ინდივიდუალიზმისა და ეპოქის მოთხოვნის შესაბამისად, ქმნის ნაწარმოებს, რომელიც არამარტო ანარეკლია კონკრეტული ეპოქისა, არამედ გარკვეული დროის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ასეთია, მაგალითად, გიორგი ერისთავის "გაყრა".აღნიშნულ ნაწარმოებში ვხვდებით მეტყველების განსაკუთრებულ ფორმას- გაყრის გმირები სულ ცოტა, სამგვარი ენით მეტყველებენ და ეს ხელს უშლის მათ ურთიერთობას. მათ მეტყველებაში ქართული ქართულს არ ჰგავს, რუსული-რუსულს და სომხური-სომხურს.



განსაკუთრებით გამოირჩევა რუსეთიდან დაბრუნებული ივანესა და მიკირტუმ გასპარიჩის დიალოგები:



ივანე-ია რაზდელიუ პოლე ნა სემ.
მიკირტუმ-მაგითი ფული ვერ გასცემ.
ივანე-აქ მომივა მე კაპუსტა.
მიკირტუმ-ა ვ კარმანე ბუდიტ პუსტა.
ივანე-ტუტ მალაია სადი წავა.
მიკირტუმ-ჯიბითგან ფულები გავა.
ივანე-აქ ბესეტკა გაკეთდება.
მიკირტუმ-უფულოთ კი არ იქნება.
ივანე-ეს ლაბირინტათ უცხოა.
მიკირტუმ-კიდევ გითხრამ გიჟ ვრაცუა!
როგორც ვხედავთ, ავტორმა მრავალგვარი ქართული გამოიყენა პერსონაჟის პორტრეტისა და ხასიათის შესაქმნელად, თუმცა მასაც არ მოსწონს ქართული ენის ასეთი დანაგვიანება უცხო ელემენტებით, რომლებიც არღვევენ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ წონასწორობას ეროვნული ენისა.


ჩემი აზრით, ეს თვითონ მიკირტუმის მიერ კომედიის დასასრულს გამოთქმულ ფრაზაშიც ნათლად ჩანს:



"ჩვენც ვეცადნეთ და განვდევნოთ, რაცა არის ჩვენში ცუდი."
დღეს თვალშისაცემი და გულსატკენია ქუჩებში გაჩენილი აბრები, სადაც ქართული წარწერების ნაცვლად, უცხოური გვეცემა ხოლმე თვალში, მაშინ, როცა ამ სიტყვების მშვენიერი შესატყვისობები ქართულ ენაშიც მოგვეპოვება.
თუმცა, აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნელ-ნელა პურიზმი მოსახლეობაში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მაგალითად, ბევრმა იცის, რომ "შტეფცელს" დენცქვიტა ჰქვია, "მეტროს" ქვეგრიალა და ა.შ.
რაც შეეხება ენის მნიშვნელობას, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო წარსული მემკვიდრეობიდან რამდენიმე მაგალითის მოყვანა.



იაკობ გოგებაშვილი წერდა:"დედა-ენა სულია სკოლისა. თვით ღატაკი სკოლა მძლავრია, როცა მას ხალხში ფესვები აქვს გადგმული დედა ენის შუამავლობით; თვით უმდიდრესი, ყოველი მხრით შემკული სკოლა უძლურია, როცა ამ ნიადაგს მოკლებულია." (ი.გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, 1940, გვ.70 )



ქართულმა ენამ მრავალ განსაცდელს გაუძლო. ყველა ცდილობდა მის მოსპობასა და გადაგვარებას. როგორც უკვე ვთქვით, იყო დრო, როცა ერცხვინებოდათ და შინ თუ გარეთ რუსულ ენაზე მეტყველებდნენ. ყველა რუსული ენისკენ ისწრაფვოდა და მშობლიურ ენას ბარბარიზმებით
ანაგვიანებდა. სწორედ ამას საყვედურობს "მამებს" ილია თავის "პასუხის პასუხში": "ის არ ხართ თქვენა, რომ ღვიძლი ენა ბრძანებით დასთმეთ აღმოსაკვეთად?! შიშით არც კარში და აღარც სახლში მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად." სწორედ ილია შთაგვაგონებდა, რომ "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა წინაპართაგან: ენა, მამული, სარწმუნოება" ქართველს ენის გადაგვარება ერის დაცემასთან ჰქონდა გაიგივებული: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს" (გრ.ორბელიანი)


ისე ნუ გამიგებთ, თითქოს რომელიმე ენის შესწავლის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, რაც მეტი ენა იცის კაცმა, უფრო უკეთესია, მაგრამ, ჩემი გულისტკივილი ჩვენი ენის, ჩვენი ქართულის „დანაგვიანებით“ არის გამოწვეული და არ მეგულება არც ერთი სიტყვა, რომელსაც ერთი კი არა, არამედ მრავალი სინონიმური შესატყვისი არ მოეპოვებოდეს ქართულ ენაზე.
და ბოლოს, ჩემთვის მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფრაზით მინდა დავასრულო სტატია:"ომის დღეებში სოხუმი ქართულ ენაზე მეტყველებდა... ომის ყველაზე დიდი პოზიტივიც ეს იყო!" (2004 წლის 14 სექტემბერი, გაზეთი "კვირის პალიტრა" )

0
594
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბედიანაშვილი
მარიამ ბედიანაშვილი
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0