x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" დორაზე ფიქრს ვერ ვიშორებ. მეჩვენება კიდეც, რომ სადღაც აქ არის და მისი ნაბიჯების ხმა ჩამესმის" - უცნობი მწერლის უცნობი ისტორია



image


გამორჩეული ხელწერის მქონე, მწერალი უსასრულობასა და მიღმიერობაში, მარტივად გადმოცემული რთული თემები, ნოსტალგია ძველი პარიზისა და პარიზელების მიმართ, ნაკლები მორალი ავტორისაგან და მეტი ძიება ადამიანის ფციქოლოგიისა, ეს არის ის შტრიხები, რომელნიც ახასიათებს ფრანგი რომანისტის ჟან პატრიკ მოდიანოს შემოქმედებას. აღნიშნული მწერალი, საფრანგეთში აღიარებულ და ერთ-ერთ საუკეთესო კლასიკოსად ითვლება, მისი სახელი მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის კი ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წლი 9 ოქტომბერს, ყველასგან მოულოდნელად, შვედეთის აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა.



გასაკვირი არ არის, რომ ქართველი მკითხველის დიდი ნაწილიც, რომელშიც აღნიშნული სტატის ავტორიც იგულისხმება, სწორედ, იმ უმრავლესობაში მოხვდა, რომელთათვისაც მოდიანოს შემოქმედება უცნობი იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქართულ ლიტერატურულ წრეებში ბუნდოვანი იყო, როგორც ავტორის, ისე მისი შემოქმედების საკითხი, რადგან ქართულ ენაზე მოდიანოს მხოლოდ ორი რომანია არსებობდა:

“დორა ბრუდერი’’ და “ უცნობი ქალები’’.



აღსანიშნავია, რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში გამოიცა მცირე ტირაჟით, ამიტომ მათი მიგნება, მხოლოდ ზოგიერთ ბიბლიოთეკაში იყო შესაძლებელი. თუმცა, დღეისათვის ვითარება ოდნავ გამოსწორდა და კიდევ სამი წიგნი ითარგმნა: “დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში“, “პაწაწინა სამკაული“ და “ჰორიზონტი“.


პირად მაგალითზე დაყრდნობით, როდესაც პატრიკ მოდიანოს სახელი პირველად გავიგე იგი ბევრს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ინტერესმა და ცნობის მოყვარეობამ თავისი გაიტანა და გადავწყვიტე მის რომელიმე რომანს გავცნობოდი. ასე აღმოვაჩინე “დორა ბრუდერი’’, თუმცა უფრო საინტერესო ის არის თუ, როგორ იპოვა ის თავად ავტორმა.


კითხვისას ირკვევა, რომ 1988 წელს მას ხელში ჩაუვარდა ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალი, რომელშიც მისი ყურადღება უცნაურმა განცხადებამ მიიქცია: პოლიცია ეძებდა 15 წლის გოგონას, დორა ბრუდერს, აღწერილი იყო მისი ვიზუალური გარეგნობა და ჩაცმულობა, ინფორმაციის შემთხვევაში უნდა დაკავშირებოდნენ ბ-ნ და ქ-ნ ბრუდერებს..


აი, სულ ეს იყო ის ცნობა, რაც მოდიანოს გააჩნდა დორას შესახებ, თუმცა იმდენად დააინტერესა პატარა, ებრაული წარმომავლობის ფრანგი გოგონას ისტორიამ, რომ გადაწყვიტა მის ნაკვალევს გაჰყოლოდა და ძირეულად გამოეკვლია მისი ცხოვრება. მოდიანომ ამ მიზნის შესრულებას დაახლოვებით 8 წელი შეალია. ამ დროის მანძილზე მან, რამდენიმე რომანი შექმნა მათ შორის “საქორწინო მოგზაურობა’’, როგორც თვითონ აღნიშნავს მისი შთგონების წყარო სწორედ დორა იყო, რომ იგი ამ გზით ცდილობდა მიახლოვებოდა მას.


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა, მწერალმა შეძლო და ნაბიჯ- ნაბიჯ შეაგროვა ცნობები გოგონას შესახებ, ჯერ დაბადების თარიღი გაიგო, შემდეგ აღმოაჩინა, რომ მშობლებმა ნაცისტებისგან დასაცავად გოგონა 1940 წელს “მარიამის წმინდა გულის ინტერნატში შეიყვანეს’’, საიდანაც 1941 წლის 14 დეკემბერს, კვირა საღამოს, დორა გაიქცია. მოდიანო ვერ ხსნის თუ რამ აიძულა მშობლები, ან რამ მიიყვანა ისინი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საკუთარი ნებით განაცხადეს პოლიციაში ქალიშვილის დაკარგვის ამბავი, რაც პრაქტიკულად პირდაპირ ნაცისტების ხელში აგდებდა გოგონას. ეს შვილდაკარგული მშობლების გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, თუ რაიმე სხვა იმალება ამ მოქმედების ქვეშ, გაურკვეველია. დორას მშობლები 1924 წელს დაქორწინდნენ პარიზში, მაშინ ერნესტი 25, ხოლო სესილი 16 წლის იყო. ორივეს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, მაგრამ ერნესტი ავსტრიაში დაიბადა, ხოლო სესილი უნგრეთში,

ისინი მუშათა კლასს მიეკუთნებოდნენ, აი, რას წერს მათ შესახებ ავტორი:

“ასეთი ადამიანები ამქვეყნად უხილავ კვალს ტოვებენ, სხვების თვალთაგან დაფარულ ცხოვრებას ეწევიან. მათ ვერაფრით გამოარჩევ იმ ქუჩებიდან ან გარეუბნის პეიზაჟებიდან, ტოპოგრაფიული სიზუსტე კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩენს რასაც, ვერასოდეს შეიტყობ მათ შესახებ. დიდი თეთრი ლაქა... შეუცნობელი და იდუმალი სამყარო’’.


მოდიანო არ ქმნის გამოგონილ ისტორიას დორას შესახებ, არამედ ცდილობს, აღადგინოს ზუსტი ფაქტები მისი ცხოვრებიდან და ამასთან ერთად უახლოვდება საკუთარ წარსულსაც, იგი მთლიანად მოცულია ომის დროინდელი პარიზით-“პარიზს არასოდეს შეუწყვეტია ჩემზე ნადირობა და დევნა’’- წერს იგი. წარმოუდგენელია მისი სიზუსტე ქალაქის აღწერისას, თითოეული ქუჩის, კაფესი და დაწესებულების სახელი, ის გრძნობს პარიზის გულისცემას და მისი გონება დაკავშირებულია მასთან


“ხვალ დეკემბრის პირველი დღეა, სიბნელე შთანთქავს წვიმიანი დღეების ერთობლიობასა და სევდას, როდესაც არც კი იცი დღე ნათელია თუ რაღაც გაურკვეველ მდგომარეობაში გაეჩხირე. მზის დაბნელებაში მოხვდი, რომელიც საღამომდე გრძელდება. საღამოს კი ქუჩის ნათურები, ვიტრინები და კაფეები გაჩახჩახდება, გრილი სიო დაუბერავს, საგნების მოხაზულობა გამკვეთრდება, გზაჯვარედინზე მანქანები შექუჩდებიან და გამვლელებიც ნაბიჯს აუჩქარებენ’’-ეს მის მიერ აღწერილი პარიზია.


მოდიანო ნაწარმოებში ისე ოსტატურად აერთებს გამოგონილ და ავტობოიგრაფიულ ცნობებს, ფანტაზიასა და რეალობას, რომ რთულია მათ შორის ზღვარის გავლება. თითქოს იგი დორაში საკუთარ თავს ხედავს. მიუხედავად სივრცე-დროული დაშორებისა, დაუშრეტელი მეამბოხური ხასიათი და სწრაფვა თავისუფლებისკენ ავტორს და პერსონაჟს ძლიერ აახლოვებს.

მოდიანო ეპიზოდურად აღწერს სხვა, მრავალი ებრაელის ბედს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის თხრობა მოკლებულია სიტყვაკაზმულობას, ის ზუსტად ახერხებს ჩვენს წინ გააცოცხლოს ის უცხო ხალხი, თავიაანთი ცხოვრებისეული ტრაგედიებით, რომელთა სახელებიც ისტორიამ ბურუსში დატოვა.


რაც შეეხება თავად დორას, როგორც შემდგომ მწერალი არკვევს ის სახლში დააბრუნეს, მაგრამ ეს მეამბოხე და სულიერად მეტად ძლიერი გოგონა მოგვიანებით კვლავ გაიქცა სახლიდან. ავტორი წერს “ხშირად ბავშვები მშობლებზე მეტს იჩემებენ და აგრესიის წინაშე უკან არ იხევენ. მშობლები კუდში მიჩანჩალებენ და საკუთარი შვილების დაცვა არ ძალუძთ’’. დრანსის ბანაკში, სადაც შემდგომ აღმოჩნდა, მან მამა იპოვა. დორას ჰქონდა საშუალება დაეტოვებინა ბანაკი თავის თანატოლებთან ერთად, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სიმტკიცე, მამა არ მიატოვა და მასთან დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სასიკვდილო განაჩენზე აწერდა ხელს.


“ახლაც არ ვიცი, როგორ ატარებდა დღეებს, ან სად იმალებოდა. ვისთან ერთად დაეხეტებოდა პირველი გაქცევის დღეებში და მერეც, გაზაფხულზე მეორედ გაქცევისას. ეს მისი საიდუმლოა, არც ისე დიდი, მაგრამ ძვირფასი საიდუმლო, რომელსაც ვერც ჯალათები, ვერც ბრძანებები, ვერც ე.წ საოკუპაციო ხელისუფლება, ვერც ბანაკები, ვერც ისტორია, ვერც დრო-ერთი სიტყვით ყოველივე ის, რაც ადამიანს ამცირებს და ანადგურებს-მას ვერ მიიტაცებს’’- ეს რომანის უკანასკნელი სიტყვებია, რომლითაც სრულდება პატარა მეამბოხე გოგონას ხიფათითა და ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება. ეს უბრალო, მაგრამ მძიმე და ჯადოსნური სიტყვები ერთდროულად სავსეა, როგორც სიამაყითა და სიხარულით, ასევე დიდი სევდითა და მწუხარებით.


ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ავტორი დორას ისტორიას გამუდმებით უახლოვებს და ადარებს საკუთარი ცხოვრების გზას, რადგან ამ გოგონას ცხოვრებაში იგი ომის დროინდელ პარიზს ხედავს, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი შემოქმედების წყაროა, რადგან მოდიანოს, ის თავისი პიროვნების საწყისად მიაჩნია -, , დორაზე ფიქრს ვერ ვიშორებ. მეჩვენება კიდეც, რომ სადღაც აქ არის და მისი ნაბიჯების ხმა ჩამესმის. ასე მგონია ერთადერთი ვარ, ვინც მაშინდელ პარიზს დღევანდელს აკავშირებს, ვისაც იმ დროინდელი კიდევ ახსოვს რაღაც. დროდადრო მაკავშირებელი ძაფი წვრილდება, სადაცაა გაწყდება, ზოგჯერ კი დღევანდელი ქალაქის მიღმა, გუშინდელის სახე წარმოჩნდება მეყსეულად’’- იმისათვის, რომ ეს სიტყვები მთელი არსით შევიცნოთ საჭიროა გავეცნოთ მის ბოგრაფიას.


პატრიკ მოდიანო 1945 წლის 30 ივლისს დაიბადა. მისი მამა, ალბერტ მოდიანო ებრაული წარმოშობის იყო, რომელიც სალონიკიდან გადმოსახლდა პარიზში. დედა, ლუისა კოლპიჯი ბულგარელი მსახიობი იყო. ისინი ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდნენ პარიზში, სადაც დაიწყო მათი ფარული ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, მოდიანო თვლის, რომ არა ეს პერიოდი ომისა, რომ არა პარიზი, არ იქნებოდა არც თავად. მამამისი არ ეპუებოდა ნაცისტების აგრესიას, იგი მიწისქვეშა ორგანიზაციის წევრი იყო და ლოკალური ძალებით ებრძოდა მათ. მწერალმა ბავშვობა უნიკალურ ატმოსფეროში გაატარა. მას თავდაპირველად ბებია ზრდიდა, რის გამოც პირველად ენა ფლამანდიურად აიდგა. მას ჰყავდა ძმა რუდი, რომელიც 10 წლის ასაკში დაავადებით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა იმდენად იმოქმედა მოდიამნოზე, რომ მან 1967-დან 1982 წლამდე შექმნილი ნაწარმოებები, სწორედ ძმას მიუძღვნა. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი რომანი “Vn Pedigree’’, რომლის შესახებაც განაცხადა, რომ ვერ შეძლო მისთვის ავტობიოგრაფია დაერქვა, ამიტომ მას “მემკვიდრეობა’’ უწოდა, რადგან აქ ასახულია არა ის რაც მან გააკეთა, არამედ ის, რაც მისმა მშობლებმა გააკეთეს მისთვის. მისი შემოქმედებითი დებიუტი 1967 წელს შედგა, როდესაც გამოქვეყნდა პირველი რომანი “ვარსკვლავის ადგილი’’, რომელიც ასევე მოგვითხრობს მსოფლიო ომზე, ნაცისტების მიერ ებრაელების გენოციდზე და რაღა თქმა უნდა პარიზზე.


უცხოელი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთელი მისი შემოქმედება ერთი დიდი რომანია, რომელიც ყოველ ნაწარმოებში ხელახლა ცოცხლდება, მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ მიუხედავად ამისა, თითოეული ნოველა ინარჩუნებს საკუთარ თვითმყოფადობას და ხიბლს. ამის ნათელი მაგალითია “უცნობი ქალები’’, რომელშიც ასევე მოთხრობილია სახლიდან გაქცეული სამი მოზარდი გოგონას ისტორია, რომლებიც ცდილობდნენ ერთიანად გაეწყვიტათ კავშირი, სხვის მიერ თავს მოხვეული, უსამართლო და მონოტონური ცხოვრებასთან, რათა შეექმნათ უკეთესი მომავალი. მიუხედავად საერთო მიზანისა თითოეული გოგონას ისტორია უნიკალური და ინდივიდუალურია. განსაკუთრებულ ხიბლს კი რომანს ის სძენს, რომ მწერალს არ მიჰყავს არცერთი მათგანის ისტორია ბოლომდე, რითაც მკითხველის ფანტაზიას გზას უხსნის და საშუალებას აძლევს საკუთარი ხელით შეეხონ გმირს, რათა თავად განსაზღვრონ მათი ბედი. მოდიანო ამ ნაბიჯით თითქოს ცდილობს, რომ საკუთარი ტვირთი მკითხველს გაუზიაროს და აიძულებს განიცადონ ის ტკივილი და სიხარული, რომელსაც თავად გრძნობს შემოქმედებითი პროცესის დროს.


როდესაც აკადემიამ მოდიანოს ნობელის პრემია მიანიჭა თან ასეთი სიტყვები დაურთო, განმარტების სახით -“ფანტასტიკური კვლევისთვის მეხსიერების სფროში, რომლითაც მან წარმოაჩინა ადამიანი თავისი სრული განზომილებით და მისი სულიერი სამყაროთი, ოკუპაციის პერიოდში’’.

გასაოცარი იყო პატრიკ მოდიანოს სიტყვა, რომელიც მან დაჯილდოვების შემდეგ წარმოთქვა და რომელითაც იგი საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას უზიარებს მსმენელს. ის მწერალს მხატვართან აიგივებს, რომელიც ფრესკას ქმნის ჭერზე, ხარაჩოზე მდგარი დეტალებზე მუშაობს და იმდენად ახლოსაა, რომ ვერ ხედავს თავის მთლიან ნამუშევარს. საოცრად აღწერს თავად წერის პროცესს. მისი თქმით, წერის დასაწყისში არ გტოვებს გრძნობა, რომ არასწორ გზას ადგახარ, რაც უკან დაბრუნების სურვილს აღგიძრავს, ეს გავს მანქანის მართვას ღამით, ზამთარში, , ნულოვანი ხედვის პირობებში, მაგრამ შენ არ უნდა დაიხიო უკან. როდესაც გზა უფრო სტაბილური გახდება და ნისლი დამთავრდება და წიგნის დასასრულს უახლოვდები, თითქოს გრძნობ, რომ იგი იწყებს რღვევას და იწყებ თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვას. როგორც კი შენ წერ ბოლო აბზაცს წიგნს უჩნდება მტრული დამოკიდებულება, რათა თქვენგან, რაც შეიძლება მალე გაინთავისუფლოს თავი. ის გტოვებს შენ და ძლივსღა ასწრებ, რომ დაწერო უკანასკნელი სიტყვა. ეს დასასრულია. ეს შენ სიხარულს განიჭებს, მაგრამ მიუხედავად ამისა შენსა და წიგნს შორის ჩნდება ერთგვარი იმედგაცრუების გრძნობა, რადგან ასე სწრაფად დასრულდა ყველაფერი. სწორედ უკმაყოფილება და დაუმთავრებლობის გრძნობა გაიძულებს დაწერო შემდეგი წიგნი, რათა აღადგინო ბალანსი რეალობასა და გამოგონილ სამყაროს შორის. მოდიანო აღწერს წიგნისა და მკითხველის მაგიურ ურთიერთობასაც, რომელსაც ბნელ ოთახში ფოტოს ნელ-ნელა გამჟღავნებას ადარებს. ასევე იგი პარალელს ავლებს მწერალსა და მუსიკოს შორის და ამბობს რომ, მწერალს ისევე როგორც მუსიკოს სურს შეაღწიოს ყველა ადამიანის ბუნებაში, რომ მისი ნაწერი შეიცავდეს იმ მელოდიას, რომელიც გადადის ერთი წიგნიდან მეორეზე, მაგრამ მწერლისთვის ეს მიუღწევლად ჩანს და გული სტკივა, რომ ვერ შეძლო ზუსტი და სუფთა ნოტების პოვნა.


გასაოცარია სიტყვის უკანასკნელი მონაკვეთიც - “დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ოცნება, რომ მეტად აღარ ვყოფილიყავი მწერალი და მომეპოვებინა თავისუფლება. სამწუხაროდ მე არ ვარ თავისუფალი, მე კვლავ შეპყრობილი ვარ შთაბეჭდილებებითა და შთაგონებებით, რომლებიც არასოდეს დასრულდება, რადგან არ იცი საით მიდიხარ, არამედ იცი მხოლოდ ის, რომ უნდა წახვიდე’’.



პატრიკ მოდიანო ლაქების, ჩრდილების, გამქრალი სამყაროს მწერალია. ის ვინც წარსულს ყოველ წიგნში თავიდან იგონებს და ერთ გრძელ ამბავს ჰყვება. მანიაკალური გატაცება დეტალებით, წიგნიდან წიგნში გადამავალი ამბები: მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა, ომის შემდგომი პარიზი, დაკარგვა და ძიება. გარდასული ჟამის მოვლენების გამოხმობა, გაცოცხლება, საკუთარი იდენტობის ძიება და მასთან დაკავშირებული ბავშვობის ხანის ნოსტალგია, ყოველივე ეს მისი შემოქმედების ლაიტმოტივია, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს კლასიკური ფრანგული ლიტერარურის ტრადიციების ერთგულ მწერალს, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში მიენიჭა “გონკურისა’’ და “საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია’’.


მის შემოქმედებას ხშირად აფასებენ, როგორც “პოეტური მოგონებების აღმძვრელ პროზას’’, ხელოვნების მეხსიერებად, რომელშიც მან აღწერა ყველაზე მივიწყებული ადამიანების ბედი და ცხოვრება ოკუპირებულ სამყაროში.




14.02.2018
ავტორი: მაია ჩოხელი

0
30
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩოხელი
მაია ჩოხელი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0