x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შავი ქვრივები: 4 ქალის შემზარავი ისტორია
შავი ქვრივი-ობობას სახეობაა, რომლის მდედრობითი წარმომადგენელი შეჯვარების შემდეგ მამრ ობობას ჭამს. ხალხში კი შავ ქვრივებს იმ ქალებს უწოდებენ, რომელთა ქმრებიც ქორწილიდან მალევე იხოცებოდნენ. ზოგჯერ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევების ჯაჭვი იყო, ზოგჯერ კი საქმე კარგად დაგეგმილ მკვლელობასთან გვქონდა.

image

ვერა რენცი

image


ვერა 1903 წელს დაიბადა, უნგრული წარმოშობის, მაღალი წრის ოჯახში, მაგრამ ვერც სიმდიდრემ და ვერ კეთილშობილურმა წარმომავლობამ მასზე დადებითად ვერ იმოქმედა.სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ვერა სრულიად უმართავი ბავშვი იყო და 15 წლისა სახლიდანაც კი გაიქცა მეგობრებთან ერთად.სამეგობროდაც მხოლოდ მამაკაცებს ირჩევდა, თანაც მასზე უფროსებს და ცოლადაც ასაკით მასზე ბევრად უფროს მამაკაცს გაჰყვა. ვერას ქმარი ბუქარესტელი მდიდარი საქმოსანი გახლდათ, რომლისგანაც ქალს ვაჟი შეეძინა. ბავშვის გაჩენიდან ძალიან მალე ევამ ქმარზე ეჭვიანობა დაიწყო, თვლიდა, რომ ის ღალატობდა და შური იძია. მეუღლეს ჭიქაში დარიშხანი ჩაუყარა, მისი ცხედარი თავიდან მოიშორა, ახლობლებს კი გამოუცხადა, რომ ქმარმა მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა.ერთი წლის შემდეგ ვერამ ხმა გაავრცელა, თითქოს ამბავი მიუტანეს, რომ მისი ქმარი ავტოკატასტროფაში დაღუპულა. მალე ვერა მეორედ გათხოვდა.მისი მეორე ქმარი ამჯერად ვერას შესაფერისი იყო ასაკით, მაგრამ წყვილის ურთიერთობა მაინც ვერ შედგა, ვერა გაუთავებლად ეჭვიანობდა და მეუღლეები ხშირად კამათობდნენ. მალე მეორე ქმარიც გაქრა. როგორც ვერამ განაცხადა, ქმარმა უღალატა და სხვა ქალთან წავიდა. ერთი წლის შემდეგ კი ყველას უყვებოდა, რომ წერილი მიიღო მეორე მოღალატე ქმრისგან, რომელშიც ის თითქოს წერდა, რომ სამუდამოდ ტოვებდა და მასთან აღარ დაბრუნდებოდა. სინამდვილეში, “მოღალატე ქმრის" ნეშტი ღვინის სარდაფში განისვენებდა. ვერა აღარ გათხოვილა, მაგრამ მამაკაცებთან ურთიერთობაზე უარი არ უთქვამს, მათ შორის ცოლიან მამაკაცებთან კავშირზეც. ყველა მისი საყვარელი კი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ზოგი რამდენიმე თვის, ზოგი კი რამდენიმე დღის შემდეგ. როგორც ამბობენ, ვერას დანაშაულებების ჯაჭვი მისი ერთერთი მსხვერპლის ცოლმა შეაჩერა, რომელიც მოღალატე ქმარს უთვალთვალებდა და იცოდა, რომ ის ვერა რენცის სახლში დადიოდა. მას შემდეგ კი, რაც მისი ქმარი დაიკარგა და აღარ გამოჩენილა, ქალმა განგაში ატეხა და პოლიციას დაუკავშირდა. პოლიციამ ვერას სახლი გაჩხრიკა და სარდაფში 32 კუბოს მიაგნო. ვერამ მკვლელობები აღიარა და განაცხადა, რომ ყველა მამაკაცი დარიშხანით მოწამლა, რადგან ისინი მისი ერთგულები არ იყვნენ. მისივე თქმით, ძალიან მოსწონდა სარდაფში დროის გატარება ყოფილ თაყვანისმცემლებთან. ასევე აღიარა ქმრების მკვლელობები და ისიც გამოირკვა, რომ როცა მასთან სტუმრად მისულმა მისმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა სარდაფში კუბოები, ვერამ არც საკუთარი შვილი დაინდო და ისიც მოწამლა.

ვერას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.ის ციხეში გარდაიცვალა.


ბელ სორენსენ ჰანნესი

image

ზოგიერთი ცნობის მიხედვით ამ ქალმა იმ ქვეყნად გაისტუმრა 25-დან 40-მდე ადამიანი, მათ შორის თავისი ქმრები და შვილები.

ბრუნჰილდა, იგივე ბელი, ნორვეგიაში დაიბადა.8 შვილიან ოჯახში ის ყველაზე ნაბოლარა იყო, მაგრამ ძლიერი და ჯანმრთელი გოგონა დადგა. თვითმხილველთა თქმით მისი სიმაღლე 183 სმ. ხოლო წონა 90 კგ-მდე იყო. ბრუნჰილდა ფერმებში მუშაობდა და 3 წელიწადში ფული დააგროვა აშშ-ში გასამგზავრებლად.

ოკეანისგადაღმა მან სახელი შეიცვალა და მოსამსახურედ მოეწყო.1884 წელს ბელი ჩიკაგოელ მედს სორენსენს გაჰყვა ცოლად. წყვილმა საკონდიტრო მაღაზია გახსნა, რომელიც მალე დაიწვა. დაზღვევის ფულით კი ბელმა და მისმა ქმარმა სახლი შეიძინეს. ბელს 4 ბავშვი ეყოლა:კეროლაინი, აქსელი, მირთლი და ლუსი. კეროლაინი და აქსელი პატარაობისას გარდაიცვალნენ, თითქოსდა კოლიტით, რომლის სიმპტომებიც არაფრით განსხვავდებოდა მოწამვლის ნიშნებისგან. ბავშვების სიცოცხლე დაზღვეული იყო და მათი გარდაცვალების შემდეგ სადაზღვევო კომპანიისგან ბრუნჰილდამ და მისმა ქმარმა ფული მიიღეს. ამ ამბიდან მალევე ბელმა ქმარიც საიქიოს გაისტუმრა, თავად კი ფერმა შეიძინა და სწორედ იქ ეპატიჟებოდა მამაკაცებს, რომელთაც გაზეთში მოთავსებული საქორწილო განცხადებებით იტყუებდა: შეძლებული ქვრივი უზრუნველყოფულ ცხოვრებას ჰპირდებოდა თავის მომავალ მეუღლეს. მაგრამ ბელის ქმარი არავინ გამხდარა. დაწყევლილი ფერმიდან არც ერთი მამაკაცი აღარ დაბრუნებულა ცოცხალი. რა დაემართათ ბელის დანარჩენ შვილებს-უცნობია.

უცნობია თავად ბელის შემდგომი ბედიც. რაღაც მომენტში ის საერთოდ გაქრა. პოლიციამ კი მის ფერმასთან ახლოს თავმოკვეთილი და დამწვარი ცხედარი აღმოაჩინა. იყო თუ არა ეს ბელის ცხედარი-დღესაც არაა დამტკიცებული, ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ბელმა პოლიციისგან და სასჯელისგან თავის ასარიდებლად საკუთარი სიკვდილის ინსცენირება გაითამაშა.


მერი ენ კოტონი

image

ამბობენ, რომ მერი ენ კოტონის ჯალათმა განზრახ გაუგრძელა ტანჯვა ქალს, როცა ყულფი შეგნებულად არასწორად დაამაგრა. თუ ეს მართლა მოხდა, ალბათ ჯალათს ვერ გავამტყუნებთ, მერი ენ კოტონმა 20-მდე ადამიანი მოკლა, მათ შორის საკუთარი შვილები, ქმრები და საყვარელი.

მერი ენს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამამისი რელიგიური ფანატიკოსი იყო და შვილებს ხშირად სჯიდა სასტიკი მეთოდებით. მისი სიკვდილის შემდეგ მერი ენის დედა მეორედ გათხოვდა, მაგრამ გოგონა მამინაცვალს ვერ შეეწყო და ნებისმიერ საშუალებას ეძებდა სახლიდან წასასვლელად.

20 წლის მერი მეშახტე უილიამ მოუბრეიზე გათხოვდა და იმ მხარიდან გაემგზავრა. ამ ქორწინებიდან მერის 5 ბავშვი შეეძინა, თუმცა მათგან 4 ჩვილობაშივე გარდაიცვალა. გარდაიცვალა უილიამიც, რომელმაც სამსახურში ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელებამდე სახლში მკურნალობდა, მაგრამ ნაწლავური ტრაქტის მოშლა განუვითარდა და შედეგად გარდაიცვალა კიდეც. აღებული დაზღვევის ფულით მერი ენმა ახალი კაბა იყიდა, ერთადერთი, ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი იზაბელი ბებიასთან გაგზავნა, თვითონ კი საავადმყოფოში მოეწყო ახალ სამსახურში, სადაც დარიშხანის შენახვა-დაცვაზე აგებდა პასუხს.

მალე მერი ენმა რომანი გააჩაღა პაციენტთან, ინჟინერ ჯორჯ უორდთან. ეს ურთიერთობა ქორწილით დასრულდა, თუმცა მერი რატომღაც არ ჩქარობდა ქალიშვილის თავისთან გადაყვანას, მით უმეტეს, რომ მალე მისი მეუღლე ისევ ავად გახდა. ექიმმა, რომელიც ჯორჯს მკურნალობდა, საავადმყოფოს დასდო ბრალი პაციენტის არასწორ მკურნალობაში, ამ ვერსიას აქტიურად უჭერდა მხარს მერი ენიც. მალე ჯორჯ უორდი გარდაიცვალა და მერიც სხვა ქალაქში გადავიდა.

მისი ახალი ქმარი ჯეიმს რობინსონი- ქვრივი იყო. ის დამხმარე ქალს ეძებდა, რომელიც მის ბავშვებს და საოჯახო საქმეებს მიხედავდა. მერი ენმა წარმატებით გაიარა მასთან გასაუბრება და ახალი სამუშაოც მიიღო. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რობინსონის ერთერთი ბავშვი ავად გახდა და ცოტა ხანში ნაწლავური ტრაქტის მოშლით გარდაიცვალა. მერი ენმა შესანიშნავად მოახერხა მგლოვიარე მამის ნუგეშისცემა და მალევე დაფეხმძიმდა კიდეც მისგან. გარკვეული დროის შემდეგ მერი ენს აცნობეს, რომ დედამისი ავად გახდა და მერი მის მოსავლელად და ამავე დროს ქალიშვილის, იზაბელის მოსანახულებლად გაემგზავრა. იმ დროს, როცა მერი დანიშნულების ადგილას ჩავიდა, დედამისი უკვე უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ რატომღაც უეცრად მისი მდგომარეობა გაუარესდა და ისიც საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებით გარდაიცვალა. მერი ენმა იზაბელი რობინსონის სახლში წაიყვანა, სადაც ის დანარჩენ 3 ბავშვთან ერთად ავად გახდა. პატარები ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მხოლოდ მერი ენის და რობინსონის საერთო შვილი გადარჩა ცოცხალი.

თავად ჯეიმსი კი სიკვდილისგან შემთხვევითობამ იხსნა: აღმოჩნდა, რომ მერი ენი ქმრის უკითხავად ვალებს იღებდა. ამის შეტყობისთანავე, გაცოფებულმა რობინსონმა მერი სახლიდან გააგდო. მერიმ ბავშვი წაიყვანა და წავიდა, თუმცა ჩვილი მალე ნაცნობებს დაუტოვა, მათ კი ბავშვი მამასთან დააბრუნეს.

თავად მერიმ მალე გააბა ახალი რომანი ასევე ქვრივ ფედერიკ კოტონთან და მალე დაფეხმძიმდა კიდეც მისგან. ფედერიკმა მერის ცოლობა სთხოვა და ისიც დათანხმდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ რობინსონი იყო.ერთი წლის შემდეგ ფედერიკიც იგივე გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა. მერი ენი კი მისი სახლის მფლობელი და ორი გერი ვაჟის მეურვე გახდა.

მერი ენმა სახლში მიიყვანა საყვარელი და მასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ მეზობლად მცხოვრებ ხნიერ და მდიდარ მოხელეს მომვლელი ესაჭიროებოდა. მერიმაც არ დააყოვნა, ჩვეული გეგმით იმოქმედა და მალე დაფეხმძიმდა კიდეც ამ მდიდარი მოხელისგან, მაგრამ აქ მის გეგმებს უკვე ბავშვები უშლიდნენ ხელს, მერის დიდხანს არ უყოყმანია და საკუთარი შვილი და ერთი გერი მოწამლა. იმქვეყნად გაისტუმრა საყვარელიც.ცოცხალი მხოლოდ 7 წლის ჩარლ კოტონი გადარჩა, რადგან მერის საწამლავი აღარ ჰქონდა და თავისი მომავალი მსხვერპლი, პატარა ჩარლზი გაგზავნა დარიშხანის შესაძენად, ბავშვს კი, რათქმაუნდა, დარიშხანი არ მიჰყიდეს. მერიმ დახმარება მეზობელს სთხოვა და ისიც არ დაზარებია, ასე რომ ჩარლზსაც ძმების ბედი ეწია.

ექიმები, რომლებმაც მანამდე ჩარლზი გასინჯეს, განცვიფრებულნი იყვნენ. მერის მეზობლები კი შოკში იყვნენ იმ ფაქტის გამო, რომ მერი მორგში კი არ წასულა გერის ცხედრის საპატრონოდ, არამედ სადაზღვევო კომპანიაში გაეშურა ფულის მისაღებად. ადგილობრივმა გაზეთებმა ამ საქმის შესწავლა დაიწყეს და მერი ენიც გასაქცევად მოემზადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ერთერთმა ექიმმა ჩარლზის ქსოვილებს ექსპერტიზა ჩაუტარა და დარიშხანის კვალს მიაგნო. პოლიციამ მერი ენი დააპატიმრა. გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მტკიცებულებები ამოღებულ იქნა.

მერი ენ კოტონს სიკვდილი მიუსაჯეს.1873 წლის 24 მარტს ის ეშაფოტზე ავიდა და ჯალათის მიერ არასწორად გაკეთებული ყულფის გამო მისმა სასიკვდილო აგონიამ 3 წუთს გასტანა.



ლიდია შერმანი

image

ლიდია შერმანმა, ანუ როგორც მას უწოდებდნენ “კონექტიკუტელმა ბორჯიამ" 18 წელი იცხოვრა ქმართან ერთად, შემდეგ კი მოწამლა.

ლიდია 16 წლის იყო როცა მომავალი მეუღლე, ქვრივი ედუარდ სტარკი გაიცნო და მალე ცოლად გაჰყვა. ედუარდი პოლიციელი გახლდათ.18 წლის შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს და დეპრესიაში ჩავარდა, რითაც ძალიან აღიზიანებდა თავის ახალგაზრდა ცოლს. ლიდიამ პრობლემა დარიშხანით მოაგვარა. მან ქმარი მოწამლა, მაგრამ როცა გააცნობიერა, რომ ბავშვების გაზრდას მარტო ვერ შეძლებდა, მან არც შვილები დაინდო. 6 წლის მარტა ენი, 4 წლის ედუარდი და ჩვილი უილიამი ლიდიამ ერთ დღეს მოწამლა. უფროსები-ჯორჯი და ენი ლიზა კი ავადმყოფობისას დახოცა, რომ მათ სიკვდილს ეჭვი არ გამოეწვია. ყველაზე უფროსი ქალიშვილი ამ ამბებიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა.

თავად ლიდია მნედ მოეწყო მდიდარ ფერმერ დენის ჰარლბორტთან და მის ცოლობასაც გამოკრა ხელი. დენისი ცოლის მოყვანიდან მალე გარდაიცვალა და მეუღლეს სოლიდური ქონება დაუტოვა.

უცნობია ამის შემდეგ რატომ დასჭირდა ლიდიას ახალი სამსახურის ძებნა. ალბათ მისი მიზანი გათხოვება და მეტი ქონების ხელში ჩაგდება იყო. ლიდია ძიძად მოეწყო ჰორაციო შერმანთან, რომელიც მარტო ზრდიდა ქალიშვილს. ლიდიამ აქაც მოახერხა შერმანის ცოლობისთვის მიეღწია. ჰორაციო შერმანი სმის მოყვარული კაცი გახლდათ, რაც ლიდიას ძალძე აღიზიანებდა და არ მოსწონდა, ამიტომ გადაწყვიტა პატარა გერი მოეწამლა, რომ ქმარი გონზე მოსულიყო და სმას შეშვებოდა. მისმა გეგმამ არ გაამართლა. შვილის სიკვდილით დამწუხრებულმა შერმანმა უფრო მოუმატა დალევას და ლიდიამ ისიც თავიდან მოიშორა, მოწამლა.

ლიდია მალე დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ის ციხეში გარდაიცვალა.


1
64
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
64
  
2018, 13 თებერვალი, 19:57
ეს ქალები ერთმა დედამ ხომ არ შვა?((
0 1 1