x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"სიოსეფოლი"-წარმოშობით ქართველი სარდლის კავშირი სამშობლოსთან
image

საქართველოს ისტორიას სამწუხაროდ, ხშირად ახსოვს ტრაგიკული მომენტები-ტყვედ გაყიდული ქართველები, რომელთაგანაც არც თუ ისე მცირე ნაწილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ბედმა საცხოვრებლად განუსაზღვრა გატაცების შემდეგ.

დღეს მინდა გავიხსენო ერთი მათგანი : ალავერდი ხან უნდილაძე, შაჰ-აბას პირველის კარზე მოღვაწე სარდალი, ირანის კარის პირველი ყულარაღასი, შაჰის სამხედრო რეფორმების ერთერთი აქტიური გამტარებელი.


image





გადმოცემით ცნობილია, რომ ის ბავშვობაში გაიტაცეს ყიზილბაშებმა. ირანის სამეფო კარზე თავისი გამბედაობითა და გონიერებით სწრაფად დაწინაურდა და მოიპოვა საკმაოდ დიდი გავლენა მიმდინარე მოვლენებზე. იყო ფარსის ბეგლარბეგი( პროვინციის მმართველი), რომელიც განაგებდა ამ რეგიონის სამხედრო და სამოქალაქო საქმეებს.

ალავერდი ხან უნდილაძე ჩვენთვის საინტერესოა კიდევ სხვა თვალსაზრისით : ისპაჰანში, მდინარე ზაიენდერუდზე მისი ბრძანებით ააშენეს ხიდი, რომელიც შედგება 33 თაღისგან. ხიდის სახელიც ამას აღნიშნავს –სიოსეფოლ, 33 თაღიანი ხიდი. ესაა არაჩვეულებრივი არქიტექტურის, ძალიან დახვეწილი ნაგებობა. ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ 33 თაღით მან მინიშნება გააკეთა ქართულ ანბანთან.


პირადად მოვისმინე ისპაჰანში ერთი ადგილობრივი ფერეიდნელი ქართველის ნათქვამი– ამ ხიდის ყველა თაღის ძირზე, რომელსაც წყალი ფარავს, ქართული ანბანის ასოებია ამოტვიფრულიო.


ამის დანამდვილებით თქმა, ცხადია, რთულია. შეიძლება ეს სიტყვები სამშობლოს საუკუნეების წინ მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველების საქართველოსადმი სიყვარულის და ნოსტალგიის გამოხატულებად მივიღოთ, მაგრამ ირანში, შენი ტრაგიკული ბედის მქონე ტანამემამულის არაჩვეულებრივი ქმნილების ხილვა ამაღელვებელიცაა, საამაყოც და სიამოვნებით ისმენ მასთან დაკავშირებულ ნამდვილ და გამოგონილ ამბებსაც.


სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს ერთ ფაქტს: თითქმის ყველა დანამდვილებით აღნიშნავს, რომ ხიდის არქიტექტურა კავშირშია ქართულ ანბანთან, თუმცა იმ დროს, როცა ალავერდი ხან უნდილაძე მოღვაწეობდა, ქართული ანბანი შედგებოდა არა 33, არამედ 38 ასო -ბგერისგან(როგორც ცნობილია, ანბანი გაამარტივა ილია ჭავჭავაძემ, ამოიღო 5 რთული ბგერა და ამის შემდეგ დარჩა 33), ამ გაუგებრობამ წარმოშვა უკვე სხვა ვერსიაც: ალავერდი ხან უნდილაძემ 33 ბურჯით ხაზი გაუსვა ქრისტეს ამ ქვეყნად ცხოვრების წლებს. ყველა ვარიანტში, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ისპაჰანში ამ ხიდის არსებობა.

რაც შეეხება თავად ალავერდი ხანის ბედს, იგი გარდაცვალების შემდეგ შაჰ-აბასის ბრძანებით დაკრძალულია მეშჰედში. ერთ-ერთი ვერსიით, სარდალი მოკლეს თავად ეჭვიანი შაჰის ბრძანებით, რადგან ფაქტობრივად, თავისი გავლენით უტოლდებოდა შაჰის გავლენას.



ფიქრია გოშაძე




0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ფიქრიაგ.
ფიქრიაგ.
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0