x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134428
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მეხსიერება და მისი გაუმჯობესების გზები
image

მეხსიერება — ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებისნეირონების მეშვეობით ინახვას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად.

მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა.მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან გამოირჩევა თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით. მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება. რადგანაც წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავლში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.


მეხსიერება წარმოდგენილია სამი ეტაპის ანუ ფაზის სახით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურითა და კონკრეტული ამოცანით. ეს ეტაპებია: ინფორმაციის აღბეჭდვა(კოდირება), შენახვა და აღდგენა.


კოდირება – მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით . დამახსოვრება არსებითადკოდირება ანუ მიღებული შთაბეჭდილების (ინფორმაციის) გარკვეულ ფსიქიკურ ფორმაში მოქცევა და მნემურ სისტემაში შეტანაა. როცაკომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების ფსიქოლოგია.

შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა, იგივე შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა მასალასთან მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას, აქცენტების გადანაწილებას და სხვ.

აღდგენა – მეხსიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი.ადრე შეძენილი ცოდნა-ჩვევების, სხვადასხვა მასალის, საჭირო ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.არსებობს აღდგენის განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს რამეს.აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება. მეხსიერების ფსიქოლოგიაში იცნობენ ასევე აღდგენის არაცნობიერ, უნებლიე ფორმებსაც.ამ შემთხვევაში სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ ინფორმაციას.წარმოდგენის ან აზრის სპონტანურ და აკვიატებულ ამოსვლას ცნობიერებაში პერსევერაცია ეწოდება. ზოგადად, აღდგენის წარმატებულობა ორ მთავარ გარემოებაზეა დამოკიდებული: იმაზე, თუ რამდენად ღრმა და ხარისხიანია შენახული ინფრომაციის გადამუშავება და იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს თვით აღდგენა, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.

თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის.ამ სამიდან რომელიმე ფაზაზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას.


უდავოა, რომ სწავლის პროცესში დიდ როლს ასრულებს მეხსიერება. ის, როგორც სხვა შემეცნებითი პროცესები, განვითარების გარკვეულ გზას გაივლის. ოპერაციამდელ სტადიაზე მყოფი ბავშვი ახერხებს მანამდე ნანახის ცნობას, მაგრამ უჭირს რაიმეს განზრახ დამახსოვრება და შემდეგ მისი გახსენება. ამისთვის მას გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სჭირდება, რაც შედარებით უფროსი ასაკიდან ხდება შესაძლებელი. იმ მეთოდებს, რომლებიც ადამიანს მასალის დამახსოვრებასა და აღდგენაში ეხმარება, მნემონიკა ეწოდება.



გამეორება: ეს ყველაზე მარტივი სტრატეგიაა, რომელიც დასამახსოვრებელი მასალის ჩუმად ან ხმამაღლა გამეორებას მოითხოვს. მოტორული აქტივობის (მაგ., ცეკვის) შესასრულებლად კი მოძრაობები უნდა გაიმეოროთ გარკვეული თანამიმდევრობით. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეს უნარი 2 წლის ბავშვებთანაც კი შეინიშნება, ოღონდ მის გამოსამჟღავნებლად გარკვეული პირობებია საჭირო, რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით .



დაჯგუფება – იდეების, ობიექტებისა და სიტყვების ჯგუფებად გაერთიანება, რათა იოლი იყოს მათი გახსენება. მაგ., შინაური ცხოველები ან სასკოლო ნივთები. მაგრამ ამ სტრაგეგიის ეფექტიანი გამოყენება მჭიდრო კავშირშია გამოცდილებასთან. ბავშვმა ობიექტების გარკვეული ნიშნით დაჯგუფება რომ შეძლოს, მას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ობიექტებზე და გარკვეული ნიშნით მაინც ახერხებდეს კლასიფიცირებას.


დამუშავება – ორ საგანს შორის ასოციაციით ან საერთოს (მსგავსების) პოვნით შესაძლებელი ხდება ახალი ცნების დახსომება. მაგ., არსებობს მარტივი მნემოტექნიკა, რომელიც გვეხმარება ცისარტყელის ფერების დახსომებაში: “წადი, ნახე, ყარამანი მინდვრად ცოცხალ ლომებს იჭერს”. ამ სიტყვების პირველი ასოები ცისარტყელაში ფერების განლაგების თანამიმდევრობაზე მიანიშნებს. მისი ანალოგია ახალი ტერმინის მიმსგავსება ნაცნობ სიტყვასთან. მიიჩნევა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება სპონტანურად არ ხდება და მას აღნიშნული უნარის განვითარება სჭირდება.


სისტემური ძიება – როდესაც რაიმეს გახსენება გჭირდებათ, აზრობრივად უნდა გადაურბონოთ მთელ შენახულ ინფორმაციას. მიიჩნევა, რომ ამ უნარის განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში შესაძლებელია მარტივი თამაშით – რეალურ გარემოში დასახელებული ობიექტის ძიებით.


წარმოდგენა – როდესაც დასამახსოვრებელი ინფორმაცია ვერბალურად მოგეწოდებათ, მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური სახით წარმოდგენა. ეფექტი უფრო ძლიერია, როდესაც ეს წარმოდგენები ვიზუალურად უკავშირდება ერთმანეთს. სიტყვათა წყვილების, მაგ., სტაფილო-მაიმუნის, დამახსოვრება გაიოლდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ მაიმუნს სტაფილო უჭირავს.

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გავაშელი
ელენე გავაშელი
160