x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
რა ფორმით ვლინდება "ნერვული ანორექსია" ? შედეგები და რისკ-ფაქტორები

ტერმინი "ნერვული ანორექსია" პირველად გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა გალმა 1868 წელს. თუმცა ნერვული ანორექსიის მრავალი შემთხვევა ადრეც იყო დაფიქსირებული. მან ხაზი გაუსვა ამ მდგომარეობის ფსიქოლოგიურ საფუძველს, წონის აღდგენის საჭიროებასა და ოჯახის როლს. ნერვული ანორექსიის წამყვანი ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი წონა (სტანდარტულ წონაზე 15%-ით ნაკლები; სხეულის მასის ინდექსი < 17.5), განსაკუთრებული დამოკიდებულება სხეულის წონისა და ფორმის მიმართ, წონაში მატებისა და სიმსუქნის ძლიერი შიში, სიგამხდრის ძლიერი მოთხოვნილება და ამენორეა ქალებში.



image


პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, ვითარდება, მოზარდობის პერიოდში, თუმცა, ის შესაძლებელია ბავშვობაში ან უფრო გვიანდელ ასაკშიც განვითარდეს. ის ჩვეულებრივ დიეტის დაცვის მსგავსად იწყება, მაგრამ შემდგომში უმართავი ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაციენტების უმრავლესობას არ სურს, რომ წონაში მომატების მიზნით სხვისგან დახმარება მიიღოს.




სიგამხდრისკენ სწრაფვა შეიძლება რამდენიმე ფორმით გამოვლინდეს. ზოგადად, პაციენტბი ჭამენ ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ძალიან დაბალკალორიულ ზღვარს უწესებენ (ხშირად 600-სა და 1000 კკალ-ს შორის). ზოგიერთი ცდილობს წონის დაკლებას მიაღწიოს პირღებინებების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშითა და საფაღარათე საშუალებებების ბოროტად გამოყენებით. ხშირად პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო სიამოვნებას იღბენ იმით, რომ სხვისთვის "კულინარიულ შედევრებს" ქმნიან.



უკონტროლო კვება. პაციენტების ერთ ჯგუფს ახასიათებს უკონტროლო კვების განმეორებითი ეპიზოდები. ასეთი ტიპის ქცევა ინტენსიური ხდება ასაკთან ერთად და ქრონიკულ სახეს იღებს. უკონტროლო კვების ეპიზოდების დროს პაციენტი, როგორც წესი, ისეთ საკვებს იღებს, რომლისგანაც, ჩვეულებრივ, თავს იკავებს. გადაჭარბებული ჭამის შემდეგ პაციენტი შებერილობას გრძნობს და შეიძლება მან ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება. ასეთ ეპიზოდებს თან სდევს სინდისის ქენჯნა და წონაში დაკლების ინტენსიური ძალისხმევა. პაციენტის აღშფოთებას იწვევს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ურჩევს მას ჭამისგან თავი არ შეიკავოს. მას შეუძლია გადამალოს საკვები ან ჭამის დამთავრებისთანავე, სხვებისთვის შეუმჩნევლად, გამოიწვიო პირღებინება.


ამენორეა ერთ-ერთი ფიზიკური ანომალიაა, რომელიც ტრადიციულად შეტანილია დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში. ის ვლინდება ნერვული ანორექსიის ადრეულ სტადიაზე და შემთხვევათა მეხუთედში წინ უსწრებს წონის მკვეთრ კლებას; თუმცა, ანამნეზის შეკრების დროს ირკვევა, რომ პაციენტს დიეტა ადრე ჰქონდა დაწყებული. რიგ შემთხვევებში, თავიდან ყურადღებას იქცევს ამინორეა, ხოლო მოგვიანებით - კვებითი აშილობა.


სხვა სიმპტომებია დეპრესიული, შფოთვითი, ობსესური სიმპტომები, გუნება-განწყობილების ლაბილობა და სოციუმიდან გარიყვა. როგორც წესი მას თან სდევს სექსუალური ინტერესის დაქვეითებაც.


ფიზიკური შეეგები. ნერვული ანორექსიისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი სიმპტომები და ნიშნები მეორადია და შიმშილის შედეგს წარმოადგენს. მათ შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა დააზიანონ. ნერვული ანორექსიის ფიზიკური მახასიათებლები შემდეგია: სიცივის მიმართ მომატებული მგრძონებლობა; გასტროინტენსიური სიმპტომები - შეკრულობა, ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება, შებერილობა; თავბრუსხვევა და სინკოპე; ცუდი ძილი, დილით ადრე გაღვიძება; ზრდაში შეფერხება, მკერდის განვითარების შეჩერება(პრეპუბერტატის დროს); მშრალი კანი, ნაზი ღინღლი ზურგზე, წინამხრებსა და სახეზე, კანის, ფეხისა და ხელის გულების აგურისფერი შეფერილობა; ყურსუკანა და ყბისქვეშა ჯირკვლების შესიება, წინა კბილების შიდა ზედაპირის ეროზია მათთან ვისაც ხშირად აქვს პირღებინება; ცივი ხელები და ფეხები, ჰიპოთერმია; პროქსიმალური კუნთების სისუსტე და სხვა სახის კარდიოვასკულარული, გასტროინტენსიური, ჰემატოლოგიური დარღვევები.


რისკ-ფაქტორები:

სოციალური ფაქტორები. ის ფაქტი, რომ ნერვული ანორექსია გარკვეული სოციალური ფენის პრობლემაა, გავფიქრებინებს, რომ მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ფაქტორები. ამ ფაქტორებს შორის ცენტრალურია ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისი, რომლის თანახმად, სიგამხდრე მიმზიდველი და სასურველია. შეძლებული სოცალური ფენის შესწავლამ აჩვენა, რომ ამ ფენის მოსწავლე და სტუდენტი გოგონების უმრავლესობა დროგამოშვებით დიეტას იცავს. თუ არ გავითვალისწინეთ ერთჯერად რისკ-ფაქტორებს, პირები, რომლებსაც უვითარდებათ ნერვული ანორექსია, არ განიცდიან სხვა რისკფაქტორების მნიშვნელოვან ზემოქმედებას. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ინდივიდის რეაქცია დიეტაზე და არა თავისთავად დიეტის დაცვა.

ინდივიდულური ფსიქოლოგიური მიზეზები. ბრუჩი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა ნერვული ანორექსიის ფსიქოლოგიური წინაპირობები. მისი აზრით, ნერვული ანორექსიის მქონე პაციენტები ჩართულნი არიან საკუთარ თავთან უმოწყალო ბრძოლაში თვიტკონტროლის, იდენტობის განცდისა და ეფექტურობის მიღწევის მიზნით. მათი ძალისხმევის საბოლოო მიზანია გახდომა. ამ მოსაზრებას ადასტურებს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები, რომელთა მიხედვით, მოცემული აშლილობის განვითარების მექანიზმში დაბალი თვითშეფასება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სავარაუდა, რომ ეს პრემორბიდულია პიროვნული თავისებურებები განსაკუთრებით ართულებს ახალგაზრდის მორგებას მოზარდობის ხანის მოთხოვნებთან. აშლილობის დებიუტის პერიოდი გვაფიქრებინებს, რომ პიროვენების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები მართლაც მნიშვნელობის მქონე, რაც დაადასტურა ეპიდემიოლოგიურ დონეზე გაკეთებულმა შემთხვევათა-კონტროლის გამოკვლევებმა.

შიდა ოჯახური მიზეზები. ნერვული ანორექსიით დაავადებული პაციენტების ოჯახში საკმაოდ ხშირია გართულებული ურთიერთობები, რაც ავტორების ნაწილს აფიქრებინებს, რომ ამ ტიპის პრობლემები გარკვეულ როლს თამაშობს დაავადების განივითარების მექანიზმში. ზოგი ავტორი თვლის რომ დაავადების განვითარების საფუძველი შესაძლოა ოჯახური ურთიერთოებების სპეციფიკური მოდელი წარმოადგენდეს. ასეთი მოდელი გულისხმობს გადაჭარბებულ მფარველობას, სიხისტესა და კონფლიქტების მოგვარების უუნარობას. ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ნერვული ანორექსიით ოჯახის წევრების დაავადება ემსახურეება ოჯახური უთანხმოების მოწესრიგებას. ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ პირები, რომელთაც უვითარდებათ ნერვული ანორექსია, ბავშვობაში იზრდებოდნენ კონფლიქტურ ოჯახურ გარემოში (ცუდი ურთიერთობები მშობლებთან; მშობლის ფსიქიკური აშლილობები, კერძოდ, დეპრესია). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რისკ-ფაქტორები არ არის სპეციფიკური ნერვული ანორექსიისთვის, რადგან ამ ფონზე იმავე სიხშირით, გვხვდება სხვა ფსიქიკური აშლილობებიც, მაგალითად გუნება-განწყობილების აშლილობები. როგორც ჩანს, ნერვული ანორექსიის განვითარების წინაპირობაა ამ ზოგადი რისკ-ფაქტროების ურთიერთქმედება ინდივიდის ისეთ კონკრეტულ შინაგან ფაქტორებთან, როგორებიცაა სრულყოფილებისკენ სწრაფვა და დაბალი თვითშეფასება.

0
160
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0