x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ეკვივალენტური ანდაზები ქართულ და თურქულ ენებში

image

ანდაზა კულტურის განუყოფელი ნაწილია.მასში ასახულია გარემომცველი სამყაროს აღქმა-ათვისების პროცესში ხალხის მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.ანდაზები ირეკლავს კაცობრიობის ემოციურ დამოკიდებულებას იმ გეოგრაფიული სივრცის, კულტურისა და დროისადმი, რომელშიც ის ცხოვრობს.თითოეული ანდაზა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ამა თუ იმ ერის კულტურული ღირებულებების შესახებ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ენებში აზრობრივად მსგავს ან სრულიად იდენტურ ანდაზებს ვხვდებით.ქართული და თურქული ერთმანეთის არამონათესავე ენებია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ქართული და თურქული წარმოშობის ხალხთა შორის მჭიდრო ისტორიული, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირი, ცხადია, ენაზეც აისახა.აღნიშნულ ენებში უხვად ვხვდებით ეკვივალენტურ ანდაზებს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შესაძლოა მსგავსი ანდაზების წარმოშობა ცხოვრებისეული მოვლენების მსგავსებას გამოეწვია.ქართულ და თურქულ ენებში შეიძლება გამოვყოთ ეკვივალენტურ ანდაზათა სამი ძირითადი ტიპი:

1) ფორმალური სტრუქტურით იდენტური ანდაზები, რომლებიც ფორმითაც და შინაარსითაც ემთხვევა ერთმანეთს და წარმოადგენს სინონიმურ სახეებს:

vakit nakittir - დრო ფულია

İti an çomağı eline al - ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში მოიმარჯვეო

Ne ekersen onu biçersin - რასაც დასთეს, იმას მოიმკი

Para dediğin el kiri -ფული ხელის ჭუჭყია

Birlikten kuvvet doğar - ძალა ერთობაშია

Dilin kemiği yok - ენას ძვალი არ აქვსო

Sabreden kazanır - ვინც მოითმენს, ის მოიგებს

İyi dost kara günde belli olur - მეგობარი ჭირში იცნობაო

El eli yıkar, iki el de yüzü - ხელი ხელს ბანს და ორივენი კი პირსაო

Beleş atın dişine bakılmaz - ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო

2) ანდაზები, რომლებიც სემანტიკურად მსგავსია, მაგრამ შეცვლილია სიტყვა ან სხვა კომპონენტები:

İki ölç, bir biç ( "ორჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი")- ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი

Bir insanın adı çıkacağına canı çıksın (" ადამიანის სახელის გატეხვას, სიკვდილი სჯობია")- სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო

İyi evlat babayı vezir, kötü evlat rezil eder ("კარგი შვილი მამას ასახელებს, ცუდი შვილი კი შეარცხვენს" - კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო, ავი შვილი დედის გულის დარდიაო

Bugünkü tavuk yarınki kazdan iyidir ("დღევანდელი ქათამი სჯობია ხვალინდელ ბატს") -დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამსო

3) ანდაზები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მთლიანი ლექსიკური შედგენილობით, მაგრამ აზრობრივად ეკვივალენტურნი არიან:

Yalnız taş, duvar olmaz ("ერთი ქვისგან კედელი არ შენდება") - ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო

Körle yatan şaşı kalkar ("ის, ვინც ბრმასთან ერთად დაწვება, ელამი გაიღვიძებს") -ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო

Tencere yuvarlanmış kapağını bulmuş ("ქვაბი დაგორებულა და სარქველი უპოვია") - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა

Anasına bak kızını al, kenarına bak bezini al (" დედას შეხედე და ქალიშვილი ისე შეარჩიე, ნაწიბურს შეხედე და ქსოვილი ისე იყიდე") - დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე

Doğmadık çocuğa kaftan biçilmez ("ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის მოსასხამი არ იკერება") - ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო

Bir elin nesi var, iki elin sesi var ("ხმას ორი ხელი გამოსცემს, ერთი ვერა") -ძალა ერთობაშია

Dost acı söyler (''მეგობარი მწარეს ამბობს") -მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო

Üzüm Üzüme Baka Baka Kararır ("ყურძენი ერთმანეთის ყურებით შავდება") - ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნესაო

მოცემული ეკვივალენტური ანდაზები ნათლად ასახავს ხალხთა შორის მჭიდრო პოლიტიკური თუ კულტურული ურთიერთობების გავლენას ენაზე.რაც შეეხება ლექსიკურ განსხვავებებს, რომლებსაც აზრობრივად მსგავს ანდაზებში ვხვდებით, განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ თითოეული ერი სამყაროს თავისი მშობლიური ენის მეშვეობით აღიქვამს.ამიტომ სხვადასხვა ენაზე
ჩამოყალიბებული აზრები ვერ იქნება სრულიად იდენტური.

0
248
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაპანაძე
სოფო კაპანაძე
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0