x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ცხოვრებაში კვალს ხომ მხოლოდ ის ადამიანები ტოვებენ, ვინც დინების საწინააღდმეგოდ ცურავენ

image


ვსქროლავდი და თორმეტი წლის ბავშვის ვიდეოს წავაწყდი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ციტატას კითხულობს და უარს ამბობს გაკვეთილის სწავლაზე. იმ შემთხვევაში, თუ პროტესტის გამო, სკოლაში პრობლემას წააწყდება, გადაწყვეტილი აქვს, რომ საერთოდ არ ისწავლოს. ვუსმენდი და საკუთარი თავი მახსენდებოდა, წლების წინანდელი, პროტესტანტი...
ადამიანები ხშირად უარს ამბობენ საკუთარი აზრის გამოთქმაზე, რადგან თუ გაქვს აზრი, უნდა გაგაჩნდეს პასუხისმგებლობაც, მისი დაცვის, შედეგისა და წინააღმდეგობის. ყველაზე მარტივია სიჩუმე, დინებას გაყოლა, თუმცა, ცხოვრებაში კვალს ხომ მხოლოდ ის ადამიანები ტოვებენ, ვინც დინების საწინააღდმეგოდ ცურავენ?!
გადავწყვიტე დღეს რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ვიმსჯელო.
საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი პრობლემა რომაა, ეს საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია და ალბათ, სწორედ ამ პრობლემისადმი ფარული დამოკიდებულების გამო შევიცვალე პროფესია, ქართულ ფილოლოგია ბაკალვრიატზე და განათლების ადმინისტრირება მაგისტრატურაზე. გასაუბრებაზე რომ ვიყავი, მაგისტრატურაზე მიღების მთავარი მოთხოვნაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ რომ ჩემი სკოლის ფონზე ვიმსჯელე და მიზნად დავისახე ამ პრობლემების მოგვარების მცდელობა.
ერთხელ, ლევან ბერძენიშვილის ლექციას დავესწარი და მახსოვს თქვა, რომ მშობლისთვის იმაზე დიდი საჩუქარი ვერაფერია, ვიდრე მისი შვილის სტუდენტობა და ამიტომ განათლება ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, უფრო სწორად სტუდენტად გახდომა. ეს ყველაზე პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ყველა - სტუდენტი და ცოტა განათლებული. სწორედ ამიტომ, მიჩნდება განცდა, რომ განათლების სისტემაში მიღებული ყოველგვარი ცვლილება არის არა განათლების დონის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯი, არამედ სწორედაც რომ პოპულისტური.
2013 წელს ამოქმედდა სახელმწიფოს მიერ ბაკალავრიატის სპეციალობათა დაფინანსების პროგრამა, დასახელდა პრიორიტეტული სპეციალობები, რომელიც სახელმწიფომ სუფსიდირების ღირსად მიიჩნია. შესაბამისად აღნიშნულ სპეციალობებზე გაიზარდა კონკურენცია, რაც ერთის მხრივ, დადებითი მოვლენაა. ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია - ფაკულტეტებზე, რომლებზეც წლების მანძილზე ვერ ხდებოდა გამოცხადებული ადგილების შევსება, ახლა კონკურენტუნარიანია და თავადვე დაფინანსებული სტუდენტებიც ხვდებიან. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იქნა ისეთი მიმართულებებიც, რომელზეც ჩაბარების შემთხვევაში მაინც გიწევთ ფულის გადახდა. ასეთია მაგალითად, ვეტერინარია, რომელიც უკვე წლებია უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალშია, მაგრამ თუ მასზე ჩაბარებას გადაწყვეტთ, მოგიწევთ აირჩიოთ კერძო უნივერსიტეტი, განათლების სამინისტრო კი მოგესხენებათ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას აფინანსებს. ჩდნება განცდა, რომ სახელმწიფო სწორედ ამგვარი ფაკულტეტების ხარჯზე ახერხებს უფასო სპეციალობების რაოდენობის გაორმაგებას.
მეორე და ჩემთვის ყველაზე ახლობელი შემთვევა ქართულ ფილოლოგიას შეეხება. სახელმწიფო, ერთის მხრივ, გვაძლევს სასურველ ფაკულტეტზე სწავლის შესაძლებლობას და მეორეს მხრივ, აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობა მინიმალურია. სახელმწიფო სკოლებში მოხვედრა ძალზედ რთულია, რადგან არ ხდება ჩანაცვლება და ახალი კადრების მიღება. მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდებიც უკვე დაემსგავსა ფარსს, რომლის შედეგი არაფერს ცვლის, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება და აგრძელებს სწავლებას, ახალგაზრდა კი რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს, მუდამ გამოუცდელი კადრია და შესაბამისად დაუსაქმებელი. ვფიქრობ, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ორგვარ პოპულიზმს ეწევა. ერთის მხრივ, იგებს მშობლისა და სტუდენტის გულს, ვინაიდან სწავლაში ფულს არ იხდის, მეორე შემთხვევაში არ კარგავს მასწავლებლების დიდ რაოდენობას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი საგნის გამოცდას ვერც აბარებდნენ, მაგრამ მათი სკოლიდან გაშვება დიდი პრობლემა და არჩევნებზე დაკარგული ხმაა. სახელმწიფო სექტორი ვალებულია ხმა მისცეს მთავრობაში მყოფ პარტიას, შესაბამისად მისი ხმა გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება და მეტად სანდოა ვიდრე სტუდენტის. მეორე მხრივ, სკოლიდან ასაკის გამო წამოსული ან პენსიაში გასული მასწავლებელი ვერ იღებს შესაბამის პენსიას და უკმაყოფილო ამომრჩეველად რჩება.
გამოდის სახელმწიფო გათვიცნობიერებულად ამბობს უარს იმ დაფინანსების ამოღებაზე, რასაც კარგავს ვითომდა ახალი კადრების განათლებაში.

ზოგადად, საკუთარი პროფესიით დასაქმება აუხდენელ ოცნებას გავს ჩვენს რეალობაში, რადგან ჩვენი ცხოვრება ემსგავსება თავის გადარჩენისადმი ბრძოლას. თავის გადარჩენისთვის კი პირველივე შესაძლებლობას ხავსივით ვეჭიდებით და დაუსრულებელ უფასო სტაჟირებებს, როგორც ხვალინდელ ქათამს, ვარჩევთ დღევანდელ კვერცხს.
ბევრი ასეთი ბავშვი უნდა არსებობდეს, დაუმორჩიელებლი, ვისაც წინააღმდეგობა აძლიერებს და საკუთარ იდეოლოგიას უვითარებს, ვინც მზადაა თქვას სიმართლე და არ დაემორჩილოს გავრცელებულ დოგმებს.
ვინმეს მართლაც რო ეცალოს განათლების სისტემისთვის, ის მაინც ეცოდინებოდა რა უნდა ასაწვლონ ბავშვებს ან თუ მაინცდამაინც, ნარკომანიაზე, როგორც პრობლემაზე მსჯელობისთვის სვამენ მსგავსი ტიპის მოთხრობას სასწავლო პროგრამაში, უნდა იმსჯელონ, აუხსნან, განიხილონ, დაანახონ როგორც პრობლემა და არა როგორც “თრობის" პროცესი.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ასწავლონ აზროვნება, საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და გამოხატვის გზები განუმარტონ, ასწავლონ სკოლაში გრამატიკა, მართლწერა და არ გააძლიერონ რეპეტიტორების ინსტიტუტი, რის გამოც ხშირად მასწავლებლებს ეზარებათ გაკვეთილზე საგნის ახსნა, ვინაიდან თბილ სახლში და რამდენიმე საათში ახსნილ საგანში მეტ ანაზღაურებას იღებენ.
დასასრულს, პოლონური "სოლიდარნოსტის" ერთ-ერთი ლიდერის, ჟურნალისტისა და მწერლის ადამ მიხნიკის სიტყვებს შემოგთავაზებთ, რომელმაც პირველ კურსზე ყოფნის დროს ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა - ჟურნალისტი არ უნდა ეცადოს შეცვალოს მსოფლიო, თუ გინდა შეცვალო სამყარო, გახდი დედა, პოლიტიკოსი ან მასწავლებელი.


0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიაკო პეტრიაშვილი
ლიაკო პეტრიაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0