x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულის წარსული
წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული, როგორც აღვნიშნეთ ერთიანდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომელიც შუა საუკუნეებში ისტორიულ თორის ხეობას წარმოადგენდა. წაღვერს, ვახუშტისთან ეწოდება - წაღველი, წაღვერი ვახუშტის დროს პატარა დასახლება უნდა ყოფილიყო, რაზეც რუკის ლეგენდა

გვამცნობს. დროთა განმავლობაში გაიზარდა წაღვერის ტერიტორია და მოსახლეობის რიცხვმაც იმატა, 1926 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. როგორც ვახუშტი ბატონიშვილის რუკიდან ჩანს, დაბა წაღვერსა და სოფელ დაბას შორის უნდა ყოფილიყო სოფელი თედიაანთ უბანი, რომელიც დროთა განმავლობაში წაღვერს შეუერთდა.

დაბა წაღვერის ადმინსტრაციული ერთეული, 2014 წლამდე იწოდებოდა, როგორც წაღვერის საკრებულო.

დაბა წაღვერი, რომელიც საკმაოდ ცნობილი კურორტია, მდებარეობს მდ.გუჯარულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 1020-1050 მეტრზე, ხოლო მის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან, მზეთამზე ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ტიმოთესუბანი 1050 მეტრზე და დაბა ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. ეს სოფლები ტურისტულ ზონად აქცია გეოგრაფიულმა მდებარეობამ და კლიმატმა, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ტურიზმის დაქვეითება. წაღვერს გარშემო აკრავს დიდი მთები. დაბა წაღვერში არის მინერალური წყლები, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ.


აღნიშნული ტერიტორია დასახლებული უნდა ყოფილიყო ძველთადანვე, რასაც არქეოლოგიური მასალები და ისტორიული ძეგლები მოწმობს.

ვახუშტი ბატონიშვილს თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსი საქართველოსი“ შეტანილი აქვს ინფორმაცია წაღვრისა და მასთან მდებარე სოფლების შესახებ, ვახუშტის ბატონიშვილის რუკებზე დატანილია აღნიშნული ტერიტორიები: წაღვერი, ტიმოთესუბნი, დაბა და მზეთამზე, შემდეგი სახელწოდებებით - წაღველი, კიმოთესმანი, დაბა და ზეამზია. ამ ტერიტორიებს შორის არის მოცემული სხვა დასახლებებიც, რომლებიც დღეს აღარ გვაქვს. დაბა წაღვერსა და სოფელ დაბას შორის მოცემულია სოფელი თედიაანთუბანი, რომელიც, როგორც ავღნიშნე წაღვერს შეუერთდა. ვახუშტის რუკაზე დღევანდლი მზეთამზეს ტერიტორიაზე გვაქვს სამი ზეამზია. ვახუშტის რუკაზე ასევე მოცემულია ტიმოთესუბნის მონასტერი და უზნარიანის ციხე.

წაღვერთან, მდინარე გუჯარულას ნაპირზე, კლდის თავზე აღმართულია უზნარიანის ციხე. ციხეს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრისთვის დამახასითებელი ნიშნები გააჩნია. იგი, სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ისტორიკოს დევი ბერძენიშვილის აზრით, აზნარიანის ციხის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, “აქ, მცირე გარნიზონიც საიმედოდ დაიცავდა მნიშვნელოვან გზჯვარედინს“ (გუჯარეთი 1987:50). სერგი მაკალთია წერს: “ისტორიულ წარსულში თორის უმთავრესი დანიშნულება იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვა მტრის შემოსევებისგან, მტერი შეეკავებინა და არ გადმოეშვა შუა ქართლში, საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში. ამის გამო თორელების პირად ვაჟკაცობასთან საჭირო იყო ამ სანაპირო მხარის თავდაცვითი ნაგებობებით, - ციხე-კოშკებით გამაგრება, რომელთა ნაშთებს დღემდე მრავლად მოუღწევია. მათი შესწავლა და განლაგება ნათელ სურათს იძლევა მათს სტრატეგიულ დანიშნულებაზე“ (მაკალათია 1957:6).

უზნარიანის ციხის შესახებ მონაცემებს ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილთან “კიმოთესმანს ქვეით არს ციხე, თორისწყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი“ (ბატონიშვილი 1955:381, 13).

1911 წელს გაითხარა უზნარიანის ციხის ტერიტორია, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სპილენძ-ბრინჯაოს ხანის სამაროვანი.

უზნარიანის ციხის ზედა მხარეს მდებარეობს სოფელი მზეთამზე, მზეთამზეს გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს და იყოფა ორ ნაწილად. ზემო და ქვემო მზეთამზე XVIII საუკუნის დასასრულს ძველი ნასოფლარზე აღორძინდა. შუა საუკუნეებში, მტრის მუდმივი შემოსევების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა გაწყდა და აქ ქართლიდან და იმერეთიდან (ნადაბური, ამაშუკეთი) წამოსული მოსახლეობა დასახლდა, ეთნოლოგიური თვალსაზრისით, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები თითოეულმა მოსახლემ თავისი მხრიდან წამოიღო. ამიტომ, არ გვაქვს გამორჩეული კუთხური ტრადიციები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ისტორიულ თორის ხეობაში.

ბოლო პერიოდშია აშენებული - 1901 წელს მზეთამზის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია.

ქვემო მზეთამზეში არის, ძველი ნაეკლესიარი, რომელსაც - ღვთიშობელს უწოდებენ, იგი, საკმაოდ ძველი პერიოდისა უნდა იყოს. ერთი პერიოდი დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა. სოფელ მზეთამზეში, ძალიან ბევრი რამ შესწავლასა და გამოკვლევას საჭიროებს, ძველი პერიოდის საკმაოდ ბევრი ისტორიული ძეგლია შემოჩენილი, რომელთა ნაწილი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია განთავსებული.

“აღსანიშნავია, რომ 1940 წელს საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტმა (წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ) სოფელ მზეთამზეში გაგზავნა ექსპედიცია ექიმ მ. ი. ნოდიასა და ჰიდრომეტეოროლოგ გ. ი. ჭირაქაძის მონაწილეობით.

“დოცენტ ჭირაქაძის მონაცემებით, სოფელ მზეთამზეს აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთ - დასავლეთით მდებარე გახსნილი მხარეები ქმნიან მზის ნათების შესანიშნავ პირობებს“ (ლაზარიდი-ციციშვილი 1955:68).

შუა საუკუნეებში მნიშვნელობვანი საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო ტიმოთესუბანი, სადაც XII-XIII საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი - ტიმოთესუბნის მონასტერი მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: "სადგერის ზეით მოერთვის თორის წყალს სამხრიდამ ბაკულიანის წყალი, გამომდინარე ბაკულიანის მთისავე. აქა, თორის-წყლის აღმოსავლით, არს კიმოთისმანს, მონასტერი გუმბათოვანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს, ზის წინამძღვარი". (ბატონიშვილი 1955:381) ისტორიკოსთა ვარაუდით იგი შალვა ახალციხელის მიერ უნდა იყოს აგებული, რისი ვარაუდის საფუძველსაც იქვე მდგარი წმინდა ბარბარეს სახელობის, მცირე, ერთნავიანი ეკლესიის დასავლეთ კედელზე მოთავსებული დაქარაგმებული ასომთვრული წარწერა იძლევა - “ქ ~ ე ა~დე სოლ შ ~ ლა ე ~ ე, ეს ქარაგმა შემდეგანაირად იკითხება ნიკო ბერძენიშვილის აზრით “ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავი“ (ბერძენიშვილი 1964:232) ამ წარწერას ნიკო ბრძენიშვილი ავითარებს და წერს რომ აქ მოხსენიებულია, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომლის საგვარეულო მონასტერიც უნდა ყოფილიყო ტიმოთესუბანი “ეს მონასტერი შალვა თორელის აგებულია და შესაძლოა მისივე განსასვენებელიც იყოს“ (ბერძენიშვილი 1964:234. ), ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ მონასტერს XII საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ფორმები აქვს, ასევე მოხატულობა, რომელიც XII-XIII საუკუნით თარიღდება, სწორედ ეს პერიოდი იყო თორელთა ზეობის ხანა საქართველოს ისტორიაში. “ტიმოთესუბნის მონასტერს არსებობა არ შეუწყვეტია, თუმცა კი მისი მნიშვნელობა თანდათან კლებულობდა. მონასტერს თავისი მეურნეობა ქონდა, რაზეც მიუთითებს სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, რომელთა შორის ერთი ზეთსახდელიც უნდა ყოფილყო, რადგან აქვეა გელაზის ქვები“ (გუჯარეთი 1987:48).

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ დაბაში არის ერთერთი მნიშვნელოვანი ისტორული ძეგლი წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც აგებული უნდა იყოს გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს - 1333 წელს, რასაც მოწმობს ეკლესიის შესასვლელის თავზე, დასავლეთით ასომთავრული წარწერა “ინდიკტიონისა მეფეთა მეფისა გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტესა სიტყÂასა ღმრთისა Ãორცთშესხმისა მიზეზო, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ-მეფისა გიორგისსა მე მათმან მოლარეთუხუცესმას... ქრონიკონსა კა“, როგორც აკადემიკოს მარი ბროსეს მიერ იქნა წაკითხული, ეკლესია აუშენებია გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, რომლის სახელიც არ ვიცით.

ეკლესიასთან ახლოს არის ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ბერებისთვის სენაკებად უნდა ყოფილიყვნენ სავარაუდოდ გამოყენებული, რადგან გამოქვაბულებში აღინიშნება ცხოვრების კვალი, აღმოჩენილია ქვევრი.

ამრიგად, წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული და მასში გაერთიანებული სოფლები, საკმაოდ საინტერესო არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებით ხასიათდებიან, რომელთა ნაწილი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია განთავსებული. ზოგადად, ისტორიული თორის ხეობა საინტერესო ისტორიის მატარებელია თავისი ეთნიკური და მიგრაციული პროცესებით.უზნარიანის ციხე (წაღვერი)უზნარიანის ციხე (წაღვერი)

1
109
3-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
109
  
2018, 7 თებერვალი, 20:01
ქეთი არაჩვეულებრივი გოგო ხარ, სასიამოვნოდ გვამოგზაურე და გაგვახსენე ბორჯომის ერთერთი ულამაზესი ადგილის ისტორია. განაგრძე... "წერო" გინდა წერო?უნდა წერო" წარმატებები საყვარელო
0 1 1