x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
სასჯელის მიზნები

image

სასჯელის მიზნები

აღნიშნული საკითხის გარშემო მსჯელობას განვავრცობთ სამ უმნიშვნელოვანეს სისხლისსამართლებრივ ცნებაზე აპელირებით: 1.დანაშაული 2. სასჯელი 3.სასჯელის მიზანი. შესაბამისად, საწყის ეტაპზევე უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: რა არის დანაშაული? რა არის სასჯელი და რას წარმოადგენს სასჯელის მიზანი?

- შეიძლება ითქვას, რომ დანაშაული - ეს არის სამართლის უარყოფა; სასჯელი არის ის, რამაც უნდა უარჰყოს თავად დანაშაული, ხოლო სასჯელის მიზანი მათ შორის ლოგიკური კავშირის ფორმაა. ირიბად, რომ ვთქვათ, იგი დანაშაულსა და სასჯელს შორის გადებული ბეწვის ხიდია, რომელიც ძალზედ ფრთხილად უნდა გაიაროს, როგორც სამართალშემოქმედმა, ასევე სამართალშემფარდებელმაც.

პროფესორ გიორგი ხუბუას მოსაზრების თანახმად, - სამართლის შემფარდებელი სამართლიანობის მასშტაბს პულობს კანონის ტექსტში. რამდენადმე განსხვავებულია კანონმდებლის მდგომარეობა, რომელმაც თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი ნორმა. ამავე დროს, სამართლიანობა კანონმდებელსაც ბოჭავს. კანონმდებელმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს კანონით მოსაწესრიგებელი ურთიერთობა; გაითვალისწინოს მასში მონაწილე სუბიექტთა ინტერესები და სამართლებრივი რეგულირების შესაძლო შედეგები. [1] - ე.ი. მიზანი უნდა გამომდინარეობდეს დანაშაულის სპეციფიკიდან და აფუძნებდეს მის შესაბამის სასჯელს (სასჯელის მიზანი აღიქმება, როგორც იდეა ფაქტისა, ხოლო სასჯელი, როგორც ფაქტი. იდეა კი ყოველთვის წინ უსწრებს ფაქტს). ამიტომაც, მცდარია შემდეგი მიდგომა: სასჯელი განსაზღვრავს სასჯელის მიზნებს; - პირიქით, სასჯელის მიზნები თავადვე განსაზღვრავენ მას (სასჯელის ხასიათს)!

რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს? - ეს კითხვა დიდი ხანია არ ასვენებს კაცობრიობას და ამომწურავი პასუხი დღესაც არ არსებობს. ადამიანი დროსა და სივრცეში ვითარდება, აზროვნება ეცვლება. განვითარებასთან ერთად, იგი უფრო მეტის მიღწევას ცდილობს და საკუთარი სტატუსი აღარ აკმაყოფილებს. კაცობრიობასთან ერთად იზრდება დანაშაულებრივი ფანტაზია და იცვლება მისი განხორციელების ხერხები. დანაშაულს, თითქოს, მუტაციის საოცარი უნარი გააჩნია და მის წინააღმდეგ საზოგადოება იბრძვის უხსოვარი დროიდან. დანაშაულისა და სასჯელის პრობლემა არსებობდა ძველი ცივილიზაციებიდან მოყოლებული. პირველი სისხლის სამართლის კოდექსი შეიქმნა ჯერ კიდევ შუმერების დროს. ასევე ცნობილია ჰამურაბის კოდექსი და თორმეტი ტაბულის კანონი. სასჯელზე საუბრისას საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ აღიქვამდა მას საზოგადოება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სასჯელის ცნებამ და მიზნებმა გრანდიოზული ცვლილებები განიცადა, დაწყებული ტალიონის პრინციპის არსებობის დროიდან, ვიდრე ჩვენს ეპოქამდე. თანამედროვე სისხლის სამართალი მეთვრამეტე საუკუნეში ჩაისახა, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს ერთმანეთის მსგავსი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, განსაზღვრეს დანაშაულებრივ ქმედებათა ცნება, ნიშნები, სასჯელის სახეები და მიზნები. მის უზრუნველსაყოფად შექმნეს საპოლიციო სისტემები. მანამდე თითოეული სახელმწიფო ინდივიდუალურად განსაზღვრავდა სასჯელის მიზნებს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა მეცნიერთა განსხვავებული და ზოგჯერ, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებანი. ამ თეორიებმა კაცობრიობის განვითარებისა და პრიორიტეტების შეცვლის შესაბამისად, ევოლუცია განიცადეს და დაამკვიდრეს თანამედროვე სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში განმტკიცებული სასჯელის მიზნები. სასჯელის თეორიაში სასჯელის მიზანთა საკითხი მთავარი საკამათო თემაა.[2] ამ კამათში გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, ძირითადად კი, თეორიათა ორი ჯგუფი – აბსოლუტური და შეფარდებითი. პირველი თეორიის მიმდევრები, ძირითადად კლასიკური სკოლის წარმომადგენლები, ფიქრობდნენ, რომ დელიქტი არის არა მარტო სასჯელის წანამძღვარი, არამედ საფუძველიც. სასჯელი კი წარმოადგენს უმართლობის სამართლებრივ შედეგს და მხოლოდ ასეთს. აბსოლუტური თეორია, სასჯელის მიზნის გაგების თვალსაზრისით, შეიძლება, თავის მხრივ, ორ ჯგუფად დავყოთ:

1) სასჯელმა უნდა გამოასწოროს ჩადენილი უმართლობა, განკურნოს და აღადგინოს სამართალი; 2) სასჯელი უნდა იყოს შურისძიება მომხდარი უმართლობისთვის.

შეფარდებიითი თეორიის მომხრეები სასჯელს პრაქტიკულ მიზანს უსახავდნენ და მიაჩნდათ, რომ სასჯელი უნდა იძლეოდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის სასარგებლო შედეგებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ დელიქტი არის სასჯელის მხოლოდ წანამძღვარი და არა საფუძველი. ამიტომაც სასჯელი არის არა უმართლობის შედეგი, არამედ სასჯელის საფუძვლის აღმოფხვრის საშუალება. შეფარდებითმა თეორიამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ბუნებითი სამართლის მოძღვრების პერიოდში. ამ მოძღვრების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ თუკი სახელმწიფო, როგორც ინდივიდთა გაერთიანება, წარმოიშვა საზოგადოების წევრთა მოლაპარაკების შედეგად იგივე საზოგადოების სასარგებლოდ, მაშინ სახელმწიფოს მიერ გამოცემულ ნორმებს, მათ შორის სისხლისსამართლებრივსაც, მხოლოდ ერთი გამართლება შეიძლება ჰქონდეთ – საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანა. კ. ბინდინკის თანახმად, ამ შემთხვევაში სასჯელი იქცევა საზოგადოების უსაფრთხოების ზომად (Sicherunqsstrafe).[3] ამ ორ თეორიას შორის დაუსრულებელი დავა არსებობდა. სწორედ ასეთ ჭიდილში წარმოიშვა მესამე თეორია – შემაერთებელი ანუ ეკლექტიკური, რომლის მიზანია ორი საპირისპირო ბანაკის კონცეფციათა შერიგება და შერწყმა.

მსჯელობის ამ ნაწილში დაწვრილებით განვიხილოთ სამართლიანობის აღდგენის მიზნის რაობა და არსი;

უდაოა, რომ დანაშაული იწვევს არამარტო მატერიალურ, არამედ მორალურ-პოლიტიკურ ზიანსაც. შესაბისად, დღის წესრიგში დგება სამართლიანობის აღდგენა, როგორც მატერიალური, ისე მორალურ-პოლიტიკური ასპექტით (აქ უნდა ვიგულისხმოთ პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა და არა სრულად იდენტური, რადგან შეუძლებელია თავდაპირველი სიტუაციის ზუსტი მატერიალური და მორალური რეპროდუქცია). სამართლიანობის აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა სამართლიანი სასჯელის შეფარდება. შეიძლება ასეც ითქვას: სამართლიანობის აღდგენა იწყება სამართლიანი სასჯელის შეფარდებით. თავის მხრივ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება უნდა მოხდეს ა) დამნაშავის პიროვნების ბ) დანაშაულის სიმძიმის გ) დაზარალებულისა და საზოგადოების, ინტერესთა გათვალისწინებით.

სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და ტალიონის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე, საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას[4]. მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი უნდა გაკეთდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპზე (სამართალშემფარდებლის მხრიდან).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება სამართლიანობის აღდგენის პირველწყაროა. კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. ე.ი. მასობრივად უნდა გაჩნდეს არათუ უსამართლობის, არამედ სამართლიანობის განცდა, რაც სამართლისადმი ნდობით განსჭვალვას განაპირობებს. ამგვარად, აღდგება კანონის (სამართლის) შელახული ავტორიტეტიც. - ამ პოლიტიკურ შედეგს საფუძვლად უდევს მორალური მხარე; ჩვენ ვახსენეთ სამართლიანობის განცდა, შესა ბამისად საქმე გვაქვს ზნეობასთან, როგორც, თავისი ბუნებით, წმინდა სოციალურ კატეგორიასთან. ნებისმიერი ადამიანის ზნეობა, სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ გამოცხადებული პოზიტიური კანონმდებლობისგან დამოუკიდებლად, თვითონვე განსჯის თუ რა არის სამართლიანი და რა არა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზნეობრივი თუ მორალური შეფასების დროს ნებისმიერი ადამიანი თავისუფლდება ვიწრო იურიდიული ჩარჩოებისგან. მაშასადამე, სამართალსა და მორალს შორის ურთიერთბალანსი ყოველთვის არ და ვერ დამყარდება.

ჩნდება შემდეგი კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ დანიშნული სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზანს ემსახურებოდეს? - დიახ. ამ პასუხის დასასაბუთებლად, არგუმენტის სახით, მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი; გერმა - ნულ იურიდიულ ლიტერატურაში არის საუბარი ნაციონალ-სოციალისტების დასჯის შესახებ. მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულთა ასაკის თუ სხვა გარემოების გამო, პრაქტიკულად არ არსებობდა მათი მხრიდან მსგავსი დანაშაულების განმეორებით ჩადენის საფრთხე. მაშასადამე, აქ, სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზნით იქნა გამოყე ნებული. აღნიშნული, შეიძლება ერთგვარ გამონაკლისადაც მივიჩნიოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, უპირატესობა პრევენციულ მიზნებს ენიჭებათ, თუ არ ჩავთვლით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები. ამ სახელმწიფოთა კანონმდებლობის თანახმად, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირების მიმართ არ გამოიყენება პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი. ასეთი სამართლებრივი რეგულირების პირობებში, ისევ და ისევ, წინა პლანზეა წამოწეულისამაგიეროსმიზღვისიდეა.

უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე, რეალურად, არის ადამიანის ღირსების შემლახველი (რაც მითითებულია გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც). რაღა თქმა უნდა, მსჯავრდებული სულიერად დაეცემა, თუ მას მოუსპეს თავისუფლების დაბრუნების ყველანაირი იმედი. სასჯელისგან (ისევე, როგორც პასუხისმგებლობისგან) გათავისუფლების ინსტიტუტს ცნობს ქართული სისხლის სამართალიც. იგივე შეიძლება ითქვას ამნისტიასა და შეწყალებაზეც. თითოეული მათგანი არის გულმოწყალების, ჰუმანურობის, აქტი, რადგან ამით ადამიანს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, რომ თავად გაიაზროს და მოინანიოს წარსულის შეცდომები, აღიდგინოს თავისუფლება და კვლავ იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

ზოგიერთი ავტორი უარჰყოფს სამართლიანობის აღდგენას, როგორც სასჯელის მიზანს. მაგ: ს. პოლუბინსკაია სასჯელს მხოლოდ პრევენციულ მიზანს უსახავს და მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენის მიზანის კანონში დაფიქსირება, რადგან შეუძლებელია ამ მიზნის მიღწევის ხარისხის გაზომვა.[5]

ვ. დუიუნოვის აზრით, აღნიშნული მიზნის (ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე) კანონმდებლობაში საჯაროდ გამოცხადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ სამაგიეროს მიზღვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი მიზნის, ოფიციალურ აღიარებას. ავტორი არ ეთანხმება არც ტერმინ „სამართლიანობის აღდგენას“. ის ფიქრობს, რომ „დანაშაულის წინ“ არსებული ყველა ურთიერთობა არ შეიძლება იქნას დახასიათებული, როგორც სამართლიანი და, აქედან გამომდინარე, ისინი არ ექვემდებარება აღდგენას. მაგ: ქმარი სისტემატურად „ატერორებს” ოჯახს და ამის გამო ცოლი კლავს მას. შეიძლება თუ არა მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენის წინ წარმოიქმნება მივიჩნიოთ სამართლიანად? რომელი სამართლიანობა უნდა აღადგინოს ამ შემთხვევაში სასჯელმა?[6] გვეკითხება ავტორი და იქვე გვთავაზობს რომ „სამართლიანობის აღდგენა“ შეიცვალოს „სამართლიანობის დამტკიცებით“ ან „მოქალაქეთა სამართლიანობის გრძნობის დაკმაყოფილებით“.[7]

სასჯელის მეორე მიზანი დანაშაულის თავიდან აცილებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელი ზემოქმედებს როგორც მსჯავრდებულზე, ასევე სხვა პირებზეც, შესაბამისად, იგი განსაზღვრული ხარისხით ახორციელებს როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენციის მიზანს.

ზოგად ანუ გენერალურ პრევენციაზე იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება. ერთ ერთი შეხედულებით სასჯელის ზოგადპრევენციული მიზანი ხორციელდება “დაე, სხვებს ეშინოდეთ“ პრინციპით. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმად სასჯელის პრევენციული ზემოქმედება არ შეიძლება დავიყვანოთ დაუმორჩილებელი პირების მიმართ დამაშინებელ ზემოქმედებაზე. დანაშაულის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოების წევრთა აღზრდა მათში პოზიტიური მორალის, რწმენისა და შეხედულებების გამომუშავების მიმართულებით.ამას მოწმობს ნორვეგიელი კრიმინილასიტის ანდენესის მოსაზრებაც:

ნორვეგიელი კრიმინალისტი ი. ანდენესი თავის ნაშრომში თანმიმდევრულად იხილავს სასჯელის ზოგადპრევენციული გავლენის საკითხს. მისი აზრით, „სასჯელი ზოგადგამაფრთხილებელი მოქმედების სამ სახეს ფლობს: მას შეუძლია ჰქონდეს დაშინების ეფექტი, შეუძლია გააძლიეროს მორალური აკრძალვები (მორალური ეფექტი) და შეუძლია ჩვეულებრივი კანონმორჩილი ქცევის სტიმულირება[8]. როგორც ვხედავთ, ი.ანდენესი ცდილობს სისხლისსამართლებრივი სასჯელის როლი უფრო ფართო, სოციალურ კონტექსტში წარმოადგინოს, რაც უდავოდ ყურადღების ღირსია.

ე. შმიდჰოიზერის აზრით, სასჯელის ზოგადპრევენციული მიზანშეწონილობა (generalprhventive Zweckhaftigkeit) ეფუძნება სასჯელის სამ ფუნქციას: სამართლის დამტკიცება (Rechsbewhhrung) ზოგადი დაშინება (Allgemeine abschreckunგ) და აკრძალვა (Tabuiserung) ავტორის თანახმად Rechsbewhhrung -ის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი სასჯელი, რომელიც სამართლიანად რეაგირებს ამორალურ და დასჯად ქცევებზე, ამტკიცებს საზოგადოებაში აღიარებულ თანაცხოვრების ნორმათა მოქმედებას და ამით საზოგადოების მართლშეგნებას. allgemeine Abschreckung ანუ ზოგადი დაშინება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დასჯა, თავისი სისხლისსამართლებრივი იძულების სფეროში, მომავალში ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელით იმუქრება. Tabuisierung – ის ფუნქცია კი სასჯელის მუქარით სხვადასხვა ქმედებების აკრძალვასთან არის დაკავშირებული[9].

სასჯელის ზოგადი პრევენციის მიზანს ეხებოდა, ცნობილი კრიმინალისტი ჩ. ბეკარიაც, რომელიც წერდა: დანაშაულის შემაკავებელი, შემაჩერებელი ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი საშუალება მდგომარეობს არა სასჯელის სისასტიკეში, არამედ მის გარდუვალობაში“[10]. როგორც ვხედავთ, იტალიელი სწავლული იურისტი სასჯელის ზოგადპრევენციულ ზემოქმედებას მის სისასტიკეში კი არ ეძებდა, არამედ გარდუვალობაში.

ამ ავტორთა შეხედულებების ანალიზიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზოგადი პრევენციის მიზანი სასჯელით დაშინების გარდა ფლობს უდიდეს მორალურ ეფექტს და ის მიღწეულია მაშინ, როცა არაკანონმორჩილი მოქალაქეები აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ყოველ ჩადენილ დანაშაულს გარდაუვლად მოჰყვება სასჯელი და ამის შედეგად შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზეა ორიენტირებული.[11]

სასჯელის გენერალური პრევენციის თეორიის ადრესატია მთელი საზოგადოება. აქ გამოიყოფა ნეგატიური და პოზიტიური ასპექტები.[12]

სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენცია ზემოქმედებას ახდენს საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელზე (არა მარტო პოტენციურ დამნაშავეებზე), ხოლო ნეგატიური გენერალური პრევენცია - მხოლოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილ ადამიანებზე.[13]

პოტენციური დამნაშავეები შეიძლება ვუწოდოთ საზოგადოების მერყევ ელემენტებს, რომელთაც მხოლოდ სასჯელის შიში აკავებთ. რომ არა სასჯელის მუქარა, ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს (დიდი ალბათობით). ამ შემთხვევაში, სასჯელი მნიშ - ვნელოვან შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს.

საბედნიეროდ, არსებობს საზოგადოების მეორე კატეგორიაც: - კანონმორჩილი ადამიანების ჯგუფი, -ამ ჯგუფს აყალიბებენ ის პიროვნებები, რომლებიც არიან ბუნებით კანონმორჩილნი და მუდამ პატივისცემის გრძნობით განსჭვავლულნი მოქმედი სამართლისადმი. ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულების მქონე სუბიექტები არ საჭიროებენ დაშინებას. მაშასადამე, პოზიტიური გენერალური პრევენცია (რომელიც დაშინების მექანიზმს გვთავაზობს, როგორც პოტენციური დამნაშავეების, ისე კანონმორჩილი ადამიანების მიმართ), ცალმხრივად უფუნქციოა, ვინაიდან, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დაშინება ვერ იქნება მიზანშეწონილი, ქმედითი და ეფექტური საშუალება კანონმორჩილ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. უბრალოდ, არ არსებობს აღნიშნული მეთოდის გამოყენების არანაირი ლეგიტიმური საფუძველი. თეორიულადაც კი, ისინი სასჯელის მუქარით არ შეშინდებიან. სასჯელი მათ არ აშინებთ, არამედ მათ მიერ აღიქმება, როგორც სოციალური მშვიდობის გარანტი (რომელიც იმსახურებს სათანადოდ დაფასებას). მსგავსი დამოკიდებულების გამოჩენა განპირობებულია მათი მსოფლმხედველობით, პიროვნული თვალსაწიერით, მართლშეგნებით, მოქალაქეობრივი ვალდებულების სწორად შემეცნებით!..

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოზიტიური გენერალური პრევენციის პრაქტიკული ხასიათი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მის კონცეფციაში ხელოვნურად არის მოტივირებული არარსებული საფრთხის თავიდან არიდება. გადაჭარბებულია დაცვის საჭიროების იდეა, რაც მას ობიექტურ საყრდენს აცლის.

ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიას უკავშირდება ფოიერბახის ფსიქოლოგიური იძულების თეორია. ანსელმ ფოიერბახის ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, კანონდარღვევის საფუძველში დევს მგრძნობელობა, სასურველი შესაძლებლობების ამოქმედება, დანაშაულებრივი აქტით მიზნის დაკმაყოფილების მოლოდინი. დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ დასახული მიზანი ვერ განხორციელდება სასჯელის გამო. ამისათვის უნდა არსებობდეს მუქარის შემცველი კანონი და მისი გარდუვალად განხორციელების რეალური მექანიზმი. სასჯელში გამოხატული მუქარა წარმოადგენს პოტენციურ დამნაშავეთა ფსიქოლოგიურ იძულებას. მაშასადამე ფიზიკურმა ზემოქმედებამ შეიძლება აიძულოს დამნაშავე, უარი თქვას უკანონო აქტის ჩადენაზე, ან აღმოფხვრას უკვე მიყენებული ზიანი. თუმცა შესაძლოა ყველაზე სასტიკი სასჯელის მუქარამაც კი ვერ შეაჩეროს კანონდამრღვევი. ცნობილია ქურდის სიკვდილით დასჯის მაცქერალ ბრბოში ქურდობის ჩადენის ფაქტებიც. ყველაზე სასტიკი დაშინების დროსაც კი დამნაშავეს რჩება სასჯელისაგან თავის დაღწევის იმედი. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრივი ქმედების დასჯის მუქარამ შეიძლება სხვადასხვაგვარი ზემოქმედება მოახდინოს სხვადასხვა ადამიანზე.

აღსანიშნავია, რომ ჰეგელი აკრიტიკებდა ფოიერბახის ამ თეორიას და ამბობდა: ეს იგივეა, რაც ძაღლის დასაშინებლად ჯოხი გამოვიყენოთ.[14]

გერმანელი პროფესორი მაიერის თანახმად, ნეგატიური გენერალური პრევენცია ხორციელდება: 1) სასჯელის მუქარით 2) სასჯელის შეფარდებით 3) სასჯელის აღს - რულებით .

ხაზი უნდა გავუსვათ ნეგატიური გენერალური პრევენციისადმი არსებული კრიტიკის საფუძვლებსაც; - კრიტიკოსთა შეფასებით, ამ შემთხვევაში, ადამიანი განიხილება, როგორც მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება. დასჯილი დამნაშავე არის სხვების დაშინების საშუალება (არადა, ადამიანი თავადვე უნდა იყოს თვითმიზანი)! შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება საზოგადოების ინტერესებს. თუმცაღა ამგვარი (საზოგადოებრივი) ინტერესების დაცვა ხორციელდება ერთგვარი “სახელმწიფო ტერორის“ საფუძველზე, კერძოდ დაშინების მკაცრი მექანიზმის ფუნქციონირების შედეგად. სწორედ ეს გახლავთ ნეგატიური ზოგადი პრევენციის მთავარი ნაკლი.

ზემოხსენებულის მიუხედავად, ვთვლი, რომ სასჯელის მუქარას მნიშვნელოვანი პრევენციული დატვირთვა აქვს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს რუსი მეცნიერი მ. შარგოროდსკი. იგი სვამს ასეთ კითხვას: გაიზრდება თუ არა დანაშაულის ჩადენის რაოდენობა, თუ გაუქმებული იქნება სისხლის სამართლის ნორმები? - და თვითონვე ჰპასუხობს - ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში იმატებს დანაშაულებრივი შემთხვევების რიცხვი, ვინაიდან, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილ პირებს, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მუქარა ჰბოჭავთ.(ე.ი.განუზომლად დიდია კანონით დაშინების ფუნქცია)[15]

მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სანქციის სახით ფორმულირებულ სასჯელს უდაოდ აქვს მუქარის შემცველი შინაარსი. კანონს, რაღა თქმა უნდა, აქვს დაშინების ფუნქცია (ისევე როგორც სასჯელის შეფარდებასა და სასჯელის აღსრულებას). ის ნამდვილად ასრულებს საზოგადოების მერყევი ელემენტების შემაკავებელი ბარიერის როლს! - ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: 1977 წლის 13 ივლისს, ნიუ-იორკში, მაღალი ძაბვის მავთულზე მეხის დაცემის შედეგად, ქალაქის ელექტროდენით მომარაგება შეწყდა 25 საათის განმავლობაში. ამ ფაქტმა (სახელმწიფო სტრუქტურის დროებითმა შეფერხებამ) გამოიწვია ანონიმური დამნაშავეობის ათჯერადი ზრდა, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულებისა, როგორი - ცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა. ამერიკა, იმდენად არ შეაძრწუნა ელექტროდენის მიწოდების შეწყვეტამ, რამდენადაც იმან, რომ ამით ისარგებლა ათასობით ადამიანმა და შექმნა კანონდარღვევათა მთელი კასკადი. - ხალხი ამტვრევდა კარებს, ფანჯრებს და გაჰქონდათ ყველაფერი რისი გატანაც კი შეიძლებოდა.

წარმოგიდგენთ ოფიციალურ მონაცემებს, რათა ზემოხსენებული შემთხვევის არსი და გლობალური მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახდეს;

  • ქალაქში 1077 ზარი იყო რეგისტრირებული
  • გაიძარცვა 1500-ზე მეტი მაღაზია.
  • მოროდიორობით დაკავდა 100 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დაიღუპა 100-მდე მეხანძრე.
  • მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ყველა პოლიციელს დაევალა შვებულებიდან დაბრუნება.
  • პოლიციამ ჯამში 3800 ადამიანი დააპატიმრა (სამართალდამცავები ვერ აუდიოდნენ სამუშაოს, ციხეები გადატვირთული იყო).
  • საერთო ქონებრივმა ზარალმა 1 მილიარდს გადააჭარბა.

აღნიშნული მაგალითი ცხადჰყოფს და ადასტურებს სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის კარდინალურ მნიშვნელობას, მისი განხორციელების საჭიროებასა და აუცილებლობას.

დანაშაულის თავიდან აცილების მიზნის ფართო კონცეფციაში მოქცეულია (გარდა ზოგადი პრევენციისა) დანაშაულის სპეციალური პრევენციის თეორიაც. სპეციალური პრევენცია მიმართულია უშუალოდ მსჯავრდებულისკენ და ესწრაფვის მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის გამორიცხვას. გენერალური პრევენციისგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება კანონის გამოქვეყნების მომენტიდან, სპეციალური პრევენცია სასჯელის დანიშვნის მომენტიდან იღებს სათავეს.

ერთმანეთისგან განარჩევენ პოზიტიურ და ნეგატიურ სპეციალურ პრევენციას. ეს უკანასკნელი პრაქტიკაში რეალიზდება იმგვარი სასჯელების სახით, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევისათვის შეუსაბამო პირობებს ქმნიან, ანუ ადგილი აქვს მათ არაეფექტურობას. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სასჯელები მეტნაკლებად არავალიდურ სანქციებად გვევლინებიან. მაგ: სასამართლოს მიერ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, როცა მსჯავრდებული ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას ან პროფესიას (სამუშაოს) დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად. აგრეთვე მსჯავრდებულის ხანგრძლივი იზოლაციის ფაქტი (მაგ: უვადო თავისუფლების აღკვეთის დროს). აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამგვარი მკაცრი სასჯელის შეფარდებსა და აღსრულებას (მკაცრი კანონით დაშინებას და დაშინების გაძლიერებას), ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ რეზულტატამდე მივყავართ. - არსებობს შანსი იმისა, რომ მსჯავრდებულმა, არამართლზომიერი გზებით თავი დააღწიოს ფიზიკურ იზოლაციას, რის შემდეგაც, მან, როგორც “გაბოროტებულმა პიროვნებამ“ (ვინაიდან მეტწილად სწორედ მსგავსი შინაგანი განწყობა უდევს საფუძვლად ციხიდან გაქცევის ფაქტებს), შესაძლოა ხელი მიჰყოს სასტიკი დანაშაულების ჩადენას. თუმცა, ეს ყოველივე დამოკიდებულია არამარტო სასჯელის ზომასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემურ მდგომარეობაზე, არამედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი თავად დამნაშავის პიროვნება და სასჯელის სუბიექტური აღქმა გახლავთ (რაც მისი ინდივიდუალური ბუნებიდან მომდინარეობს).

სპეციალური პრევენციული მიზნის ეფექტურობა ხშირად გამხდარა ემპირიული კვლევის საგანი. კვლევებმა უჩვენა, რომ რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო ძნელია დამნაშავეებში კანონის პატივისცემის გრძნობის აღძვრა. ამასთანავე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელების დანიშვნა, არათუ ამცირებს, არამედ ზრდის რეციდივის მაჩვენებელს. მაშასადამე, ძალზედ რთულია დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება, იმდენად რამდენადაც იგი არ არის ტენდენციური ხასიათის.

ზემოხსენებულს მოწმობს რუსი მეცნიერის, ვ. ზუბკოვას შეხედულებაც: „პრაქტიკულად ძნელია აღმოაჩინო, აქვს თუ არა მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენის სურვილი, რადგან მომავალზე ადამიანის შეხედულებების შესახებ მსჯელობა, მისი გარეგნული ქცევით, შეუძლებელია.[16] ავტორი, ამ მხრივ, მართებულად მსჯელობს, რადგან სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიერ შეიძლება სრულად იქნას აღქმული იმ სამართლებრივი შეზღუდვების სირთულე, რომელიც მას სასჯელიდან გამომდინარე ეკისრება და უსიტყვოდ ემორჩილებოდეს ამ შეზღუდვებს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მას თან სდევდეს აზრი გათავისუფლების შემდეგ, ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელსაც ვერავინ ვერ აღმოაჩენს, თუ ის მსჯავრდებულმა გარეგნულად არ გამოამჟღავნა. ამ შემთხვევაში კერძო პრევენციის მიზნის მიღწევის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება.[17]

ნეგატიური სპეციალური პრევენციის ასპექტში უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავისათვის მკაცრი სასჯელების შეფარდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი გახლავთ მისი კავშირი დიდ ფინანსურ დახარჯებთან. სასჯელის ეკონომიის პრინციპის თანახმად, მკაცრი სასჯელები “ძვირადღირებულია“. ამიტომაც, მკაცრი სასჯელი რაც შეიძლება იშვიათად უნდა იქნეს შეფარდებული. ლოგიკურად, სასჯელმა უნდა შეაჩეროს (დააბრკოლოს) ზიანის მომტანი ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რომლის თავიდან არიდებასაც ისახავს მიზნად. აგრეთვე, ეკონომიის პრინციპის თანახმად, მკაცრი სასჯელები ხშირად დამნაშავის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის მავნეა, ხოლო მისი გამოყენების შედეგი (სარგებელი) საკმაოდ საეჭვო. თუმცა, იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც: ავტორთა ნაწილი თვლის, რომ სასჯელის გამკაცრება რიგ შემთხვევაში, იწვევს მძიმე დანაშაულის ჩადენის რიცხვის შემცირებას და ამიტომ ეფექტიანი და მიზანშეწონილია.

მე, პირადად, ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ მკაცრი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ კი შედარებით ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა.

სასჯელის საზღვრების თაობაზე, აგრეთვე, საინტერესო მსჯელობას გვთავობს ნორვეგიელი პროფესორი, ნილს კრისტი. იგი, როგორც მორალისტი, მხარს უჭერს ტკივილის (რომელიც გაიგივებულია სასჯელთან) შემცირებას. კრისტის კონცეფცია ემყარება რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპს (ფუნდამენტურ წესს):

  • ეჭვის არსებობისას ნუ მიაყენებ ტკივილს!
  • მიაყენე, რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი!
  • ეძიეთ სასჯელის ალტერნატივები და არა მხოლოდ ალტერნატიული სას - ჯელები, რადგან რეაგირება ყოველთვის არ არის აუცილებელი.[18]

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური სპეციალური პრევენცია თავის თავში გულისხმობს დამნაშავის შეშინებას, კერძოდ, - სასჯელის რეალური აღსრულება დამნაშავეში ქმნის შიშს იმისა, რომ მის მიერ ამ ქმედების გამეორებას მოჰყვება მისი დასჯა, უცილოდ და გარდუვალად. ამ მხრივ, ნეგატიური სპეციალური პრევენცია ემთხვევა ნეგატიური გენერალური პრევენციის იდეურ და მეთოდოლგიურ საწყისებს (მათ შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა).

განვიხილოთ კერძო პრევენციის მეორე ასპექტი - პოზიტიური სპეციალური პრევენცია, რომლის ფარგლებშიც, სასჯელი დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანს ემსახურება. დამნაშავის რესოციალიზაცია გულისხმობს საზოგადოებაში მის სრულუფლებიან წევრად დაბრუნებას, აღდგენას, პიროვნულ რეინტეგრაციას!..

რესოციალიზაციის აუცილებლობა დგას იმ პირების მიმართ, რომელთაც წარსულში განიცადეს დესოციალიზაცია, ანუ, უკვე გავიდნენ სოციალიზაციის პროცესიდან. თავად სოციალიზაცია - ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების აღქმისა და მასთან შეგუების თანდათანობითი პროცესი, რომელიც დაბადების შემდგომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ადამიანები სწორედ იმიტომ სჩადიან, დანაშაულს, რომ ისინი საზოგადოებაში ვერ მკვიდრდებიან. შოხი მიუთითებს: ბევრ დამნაშავეს ეს პროცესი არ აქვს ან მხოლოდ მიზერულად აქვს გავლილი.

მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხს ეხება პატიმრობის კოდექსის 116-ე მუხლი, რომლის თანახმად:

  • მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
  • მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:

ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;

გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;

დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;

ე) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

  • მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
  • მსჯავრდებულის რესოციალიზაციას დეპარტამენტი და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.

პროფესორი მორის შალიკაშვილი ასე განმარტავს რესოციალიზაციის ცნებას: რესოციალიზაცია არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპით მოცული მსჯავრდებულის უფლება, ხელახლა დაბრუნდეს საზოგადოებაში, მსჯავრდებულის შანსი განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სოციალიზაციის პროცესში და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას საკმარისი პროგრამები და ინიციატივები დამნაშავის გამოსასწორებლად, რათა დაცულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი.[19]

რესოციალიზაციის პროცესი შეიძლება დავყოთ ორ ეტაპად: 1) რესოციალიზა ცია სასჯელის მოხდის პროცესში 2) რესოციალიზაცია სასჯელის მოხდის შემდეგ.

სახელმწიფომ ციხის პირობებში მსჯავრდებულს უნდა შეუქმნას ყველა პირობა, რათა იგი საზოგადოებას დაუბრუნდეს პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქე.[20] აქვე უნდა გამოვყოთ პაემნის უფლება, რომელიც განიხილება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად, იმდენად რამდენადაც იგი მსჯავრდებულს აძლევს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას (შესაძლებლობას იმისა, რომ მათთან პირადი კონტაქტი იქონიოს). აგრეთვე, სასჯელის მოხდის პროცესში, გასათვალისწინებელია ჰიგიენური პირობები, ტანსაცმელი, კვება, თავისუფალი დრო, სამუშაო, ჯანმრთელობაზე ზრუნვა... - ეს ყოველივე სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი შესაბამისი სტრუქტურების მიერ!

- რაც შეეხება სასჯელის მოხდის შემდგომ რესოციალიზაციის განხორციელებას - შეიძლება ითქვას, რომ მეორე ეტაპი იწყება სწორედ სასჯელისგან გათავისუფლების პირველსავე დღეს. გერმანული სისხლის სამართლის ლიტერატურაში მითითებულია, რომ გათავისუფლების შემდეგ პირველი დღე ყველაზე კრიტიკულია რეციდივის თვალსაზრისით. ამ მომენტიდან, ყოფილი მსჯავრდებული დგება უამრავი პრობლემის წინაშე, მათ შორის ყველაზე მწვავეა ფინანსური პრობლემები (დასაქმების საკითხი). თუ იგი აღნიშნულ საკითხებს ვერ გადაჭრის, წარმოიშობა დიდი რისკი და ალბათობა მის მიერ დანაშაულის კვლავ ჩადენისა. ამიტომაც, აუცილებელია სასჯელმოხდილი პირის მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა.

პროფესორი გ. ტყეშელიაძე მიუთითებს, რომ მთავარია პირი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდეს კრიმინოგენური თვისებებისგან იმდენად, რომ მან მომავალში აღარ დაუშვას დანაშაულის რეციდივი. დამატებით იმის მოთხოვნა, რომ იგი ზნეობრივად ისეთ პიროვნებად იქცეს, რომ საერთოდ არ დაუშვას მორალური ნორმების დარღვევა, არარეალურია.[21] ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს, როგორც პროტაგორე იტყოდა, “მრუდე ხის გასწორებასთან“. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ დამნაშავის გამოსწორება შეუძლებელია, მაშინ აუცილებელი ხდება დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლაცია (მხოლოდ ამ შემთხვევაში).

გამოდის, რომ სასჯელის ნეგატიურ კერძო პრევენციას, ერთგვარად, სუბსიდიური ხასიათი აქვს რესოციალიზაციის მიზანთან მიმართებით. ეს ფაქტი ხაზს უსვამს რესოციალიზაციის იდეის განხორციელების პრიმატს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა ადამიანი სისხლის სამართლებრივი დაცვის უპირველეს ობიექტად გამოაცხადა. სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სისტემაში ღირებულებათა ამგვარი გადანაწილება უეჭველად პასუხობს არამარტო ჰუმანიზმის იდეას, არამედ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც ამკვიდრებს ადამიანისადმი პატივისცემით დამოკიდებულებას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულთა თავიდან აცილებას.

ჰუმანიზმი ნიშნავს ადამიანის სიყვარულს, მისი პიროვნებისადმი პატივისცემას, მისივე ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა-გათვალისწინებას. რეალურ სამყაროში ადამიანზე უფრო მაღალი ღირებულება არ არსებობს. ამიტომაა აუცილებელ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის, როგორც უმაღლესი ღირებულების, გათვალისწინება საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ადამიანის პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება არა მარტო თეორიული იდეაა, არამედ იგი უაღრესად პრაქტიკულ შედეგებთანაა დაკავშირებული. (თ. დოსტოევსკის სიტყვებით: ადამიანურ მოპყრობას შეუძლია შემოაბრუნოს ღვთის პირიდან გადავარდნილიც კი.)

ჰუმანიზმის პრინციპი მოქმედებს არა მარტო სისხლის სამართალში, ან სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებისა და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიებზე, არამედ სასჯელის აღსრულების პრაქტიკაშიც. თუ სასჯელის აღსრულებაში დაშვებულ იქნა ჰუმანიზმის საწინააღმდეგო აქციები, ეს მსჯავრდებულთა გამოსწორების ნაცვლად, პირიქით, მათ გაბოროტებას გამოიწვევს.[22]

ზემოხსნებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითვქას, რომ ქართული სისხლის სამართალიც ადამიანს განიხილავს, როგორც უზენაეს ფასეულობას (ადამიანი - თავად არის მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება). შესაბამისად, კანონმდებლობაც ორიენტირებული უნდა იყოს პიროვნების ფუნდამენტურ ინტერესთა რეალიზებაზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა იგულისხმება ძირითად მოთხოვნილებებში (ფუნდამენტურ ინტერესებში)? ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი, აბრამ მასლოუ გვთავაზობს მოთხოვნილებათა იერარქიულ დიაგრამას (ე.წ. მასლოუს პირამიდას:

  • ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები – საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები აზრს კარგავს, ვინაიდან ირღვევა ადამიანის ორგანიზმის რეგულაცია.
  • უსაფრთხოების მოთხოვნილებები – მტრისგან, სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან დაცვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ფსიქიკის რეგულაცია.
  • სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებები – სიყვარული, მეგობრობა, ყურადღება, ზრუნვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა პიროვნების სოციალური საქმიანობის რეგულაცია.
  • პატივისცემის მოთხოვნილებები – აღიარება, მიღწევები, სტატუსი, პრესტიჟი. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ქცევის რეგულაცია, იგი აღარ წარმოადგენს ფასეულობას სხვებისთვის, ანუ საზოგადოების სრულფასოვან წევრს.
  • თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები – საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რისი პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია.

თუ ამ საფეხურთაგან რომელიმე დარღვეულია, მაშინ ადამიანი ვერ იქნება თვითრეალიზებული. და თუ ყველა პირობა დაცულია, ადამიანი აღწევს ზენიტს, მაქსიმალურად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს და არის თვითრეალიზებული.

კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კოდექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივი დაცვის უპირველესი ობიექტი არის ადამიანი. ხოლო ადამიანის უმთავრესი ბუნებითი მოთხოვნილება (რისკენაცაა იგი მიდრეკილი) თვითრეალიზაციაა, მაშასადამე, ადამიანზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებაც სწორედ მისი ამ “დაუოკებელი სურვილის“ დაკმაყოფილება გახლავთ (თვითგამოხატვისთვის პირობების შექმნა). ამიტომაც, კანონმდებლობამ, უპირველესად, უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მოთხოვნილების დაცვის სტანდარტები (მისი სათანადოდ რეალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული).

აქედან გამომდინარე, სასჯელის ესა თუ ის მიზანიც, თავის თავში უნდა მოიცავდეს პიროვნების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას და არ უნდა გამორიცხავდეს მას! რომელიმე სასჯელის პრიმატის აღიარებაც სწორედ თვითრეალიზაციის იდეასთან (ისე როგორც მის რეალურ პირობებთან) თავსებადობის ხარისზეა დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა განვსაზღვროთ, სასჯელის რომელი კონკრეტული მიზნის განხორციელება უზრუნველყოფს ზემოხსენებულ უზენაეს მოთხოვნილებას საუკეთესოდ. აღნიშნულის გამოსარკვევად კანონზომიერად განვიხილავთ რიგ საკითხებს;

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება შეუძლებელია სოციალური გარემოსგან იზოლირებით (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური იზოლირება, შესაძლებელია პირი დაბრუნდეს საზოგადოების რიგებში, მხოლოდ ფორმალურად, შინაგანად კი გრძნობდეს საზოგადოების მხრიდან გაუცხოებას), მისგან მოწყვეტით. უდაოა, რომ რესოციალიზაციის პირობებს მიღმა დარჩენილი სუბიექტი თავს ვერასდროს იგრძნობს სოციუმის სრულფასოვან წევრად, ამიტომაც, ვერ განხორციელდება “გამოსწორების აქტი“. თვითრეალიზაციის საშუეალება დამნაშავეს მხოლოდ რესოციალიზაციის შედეგად მიეცემა. ე.ი. რესოციალიზაცია მისთვის თვითგამოვლენის გარანტს წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში: თვითრეალიზაცია = რესოციალიზაცია

ამავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს ე. წ. დამნაშავეობის ბიოკრიმინოლოგიური თეორია, რომელიც ადამიანში „დანაშაულის გენის“ არსებობასაც კი აღიარებს. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს თანდაყოლილ და გამოუსწორებელ დამნაშავეებთან, რომელთა რესოციალიზაცია, ანუ მათი საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებულ თანაცხოვრების წესებისადმი შეგუება მეტად საეჭვოა. აგრეთვე, იურიდიულ ლიტერატურაში არის საუბარი ე.წ. ლუმპერნპროლეტარიატის წარმომადგენლებზე, რომელთათვისაც სასჯელიც კი აღარ არსებობს. ასეთი ადამიანების კონტროლი შეუძლებელია მაგ., სამუშაოს დაკარგვის მუქარით, რამეთუ მათ უბრალოდ არ აქვთ სამუშაო. მათ ვერავინ დაემუქრება ოჯახთან დაშორებით, ვინაიდან არ ჰყავთ ოჯახები. ისინი თანახმანი არიან იცხოვრონ აბსოლუტურ მინიმუმზე. როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის ადამიანების კონტროლი? - ამაზე პასუხი, მათ შორის, სასჯელის ნეგატიური სპეციალური პრევენციის თეორიასაც არ აქვს. შესაბიმისად, სასჯელის სპეციალური პრევენციის ფარგლებშიც, რჩება არაერთი გადაუჭრელი პრობლემა.

არის შემთხვევები, როდესაც დამნაშავეთა მიმართ ( სპეციფიკური ჯგუფის, - არასრულწლოვნების მიმართაც) გამოიყენება საკანონმდებლო დონეზე დადგენილ სასჯელის მიზნებთან შეუსაბამო სადამსჯელო ღონისძიებები. ამას გარდა, მე ვფიქრობ, რომ საპროცესო შეთანხმების გამოყენებაც დაუშვებელია არასრულწლოვნებთან მიმართებით, იმდენად რამდენადაც არასრულწლოვნების მიმართ სასჯელი უნდა ემსახურებოდეს აღმზრდელობით ფუნქციას (გამომდინარე მათი ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებიდან), საპროცესო შეთანხმება კი, რე- ალურად, არ არის ამ მიზნისკენ ორიენტირებული. საპროცესო შეთანხმება გულისხმობს ერთგვარ “ვაჭრობას“ სასჯელზე, კონკრეტულად, ვაჭრობას ბრალდების შემსუბუქებაზე ან მოხსნაზე. არადა, სასჯელი არ შეიძლება ვაჭრობის საგანი იყოს. ამაზე მიუთითებს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. მართალია, გერმანიაში გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ სრულწლოვნების და არა არასრულწლოვნების მიმართ.

ჩვენ მიერ განხილული ასპექტები და მოყვანილი არგუმენტები ცხადჰყოფენ სასჯელის მიზნების პრაქტიკულ მნიშვნელობას. აუცილებელია თითოეული ამ მიზნის დეტალური ანალიზი, რათა მივიღოთ ობიექტური და სამართლებრივად დაბალანსებული რეალობა, რეალობა, რომელიც იქნება, თავისი ხასიათით, სტაბილური და ნაკლები საფრთხის შემცველი საზოგადოების ყველა წევრისთვის.

საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ თავად სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრდეს სოციალური დაცვის პრინციპები.

მ. ანსელის ახალი სოციალური დაცვა ფორმულირდება შემდეგ პრინციპებში:

1) საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან და არა დამნაშავისგან;

2) დამნაშავის საშიშროების განეიტრალება და არა დასჯა;

3) პასუხისმგებლობის გრძნობა არამხოლოდ ინდივიდისა საზოგადოების წინაშე, არამედ საზოგადოებისა ინდივიდის მიმართ;

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი უმთავრესი რამ: ნებისმიერი დამნაშავე არის საზოგადოების წევრი (დამნაშავის პიროვნება მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ დაიყვანება)[23], მას აქვს დაბადებითი უფლებები და მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებასა და სახელმწიფოსაც ეკისრება. ყოველი ადამიანი არ არის დაბადებით დამნაშავე, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა გარემოებანი უბიძგებს დანაშაულისაკენ. შესაძლოა, იგი გარკვეულმა ზემოქმედებამ შემოაბრუნოს მისთვის და საზოგადოებისათვის სასარგებლო ცხოვრებისაკენ. ამისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსეული არსებობისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო დამნაშავისთვის განახორციელოს გარკვეული პროგრამა, რომელიც მის რეინტეგრაციას ხელს შეუწყობს. საზოგადოება კი უნდა იყოს შემწყნარებელი.

ამგვარად, სისხლისსამართლებრივი სასჯელის მიზნები, რომლებიც სისხლისამართლის კანონში ამომწურავად არის ფორმულირებული, არ შეიძლება ერთმანეთისაგან მოწყვეტით განიხილებოდეს, რადგან ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არის. თეორიულ ან პრაქტიკულ სიბრტყეზე, მათი ინდივიდუალური განხილვა-გაანალიზება სასჯელს, როგორც უკიდურეს სისხლისსამართლებრივ ღონისძებას, თავის აზრს უკარგავს. სასჯელი თავის ფუნქციას ამომწურავად მხოლოდ სამივე მიზნის მიღწევის შემდეგ ასრულებს.[24]

[1] გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მეორე გამოცემა, გამომცემლობა “მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 87.

[2] მაიზერ ჩანქსელიანი, სტატია სასჯელის მიზნები სასჯელის ევოლუციის თეორიაში, გრიგორ რობაქი- ძის სახელობის უნივერსიტეტი, გვ. 2-3.

[3] К. Биндинг. Противоречия в теориях наказания в сб. Цели наказания СПБ. 1914. с. 404.

[4] საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალი, მართლმსაჯულება და კანონი, 2004, გვ.22

[5] С. Полубинская. Цели уголовного наказания М. 1980. с. 23

[6] В. К. Дуюнов. Механизм уголовно-правового воздействия теоретические основы и практика реализации. дисс. докт. Юрид. Наук. Тольяти 2001 с. 162

[7] იქვე გვ. 182-183.

[8] Н. Анденес. Наказание и предупреждение преступлении М. 1979 с. 149

[9] E. Schmiedhдuser. Strafrecht. Allgemeiner Teil. Tьbingen 1984 s 18-19.

[10] Ч. Бакериа. О преступлениях и наказаниях, 308-309. 1877

[11] მირიან ქათამაძე, სასჯელის მიზნები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ალმანახი 2004 №19 სისხლის სამართალი (III)

[12] მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, დანაშაულის მოძღვრება, თბილისი, 2011, გვ. 44.

[13] ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბილისი, 2016, გამომცემლობა “მერიდიანი“, გვ. 85.

[14] იქვე, გვ. 98.

[15] М. Шаргородский. Наказание его цели и эффективность. 1973. с. 32

[16] В. Зубкова. Уголовное наказание и его социальная роль: теория и практика М. 2002. ст. 86.

[17] მირიან ქათამაძე, სასჯელის მიზნები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ალმანახი 2004 №19 სისხლის სამართალი (III)

[18] ნ. კრისტი, ტკივილის საზღვრები, სასჯელის როლი სასჯელაღსრულების პოლიტიკაში, პირველი ქართული გამოცემა, ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია, 2017, გვ. 19.

[19] მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, მ. ხასია, სასჯელაღსრულების სამართალი, თბილისი 2014, გვ. 81.

[20] ი. შვაბე, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თბილისი 2011, გვ. 315

[21] გ. ტყეშელიაძე, სასჯელის მიზნების საკანონმდებლო განსაზღვრების შესახებ, სერგო ჯორბენაძე - 70, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1996, გვ. 409.

[22] გ. ნაჭყებია, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა “ივერიონი“, თბილისი, 2015, გვ. 104-109

[23] გ.ნაჭყებია, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, 2015, თავი მეოთხე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, გვ.100

[24] მირიან ქათამაძე, სასჯელის მიზნები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ალმანახი 2004 №19 სისხლის სამართალი (III)

0
502
შეფასება არ არის
ავტორი:თეიმურაზ მალანია
თეიმურაზ მალანია
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0