x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შემოქმედებითი აზროვნება – კრეატულობა
image

“მაშინ როდესაც ცნება “პრობლემის გადაჭრა” რუტინულ, დამღლელ გონებრივ პროცესებთან იწვევს ასოციაციებს, ცნება “კრეატულობა” თითქოს უფრო საიდუმლოებითმოცულ და ერთგვარ ამაღლებულ განწყობას გვიქმნის.მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგია კრეატულობას პრობლემის გადაჭრის სფეროს მიაკუთვნებს და მის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს. თუმცა კრეატულობა უფრო რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია, თუნდაც იმიტომ, რომ კრეატულობის ერთი სტანდარტიზებული განსაზღვრება ჯერ კიდევ არ არსებობს და თეორიული მიდგომებიც მკვეთრად განსხვავებულია. კრეატულობას, ისევე როგორც პრობლემის გადაჭრის პროცესს, გააჩნია საწყისი მდგომარეობა, მიზანი - საბოლოო მდგომარეობა, საითკენაც ვისწრაფვით და მოქმედებები, რომლებსაც ამ მიზნამდე, ანუ პრობლემის გადაჭრამდე მივყავართ.

რა არის კრეატულობა - ერთი კონსტრუქტი, რომელიც გააერთიანებს ლეონარდო დავინჩის, ვინსენტ ვან გოგის, ისააკ ნიუტონის, ალბერტ აინშტაინის შემოქმედებას, თუ კრეატულობის იმდენივე ვიწრო განსაზ ღვრება შეიძლება არსებობდეს, რამდენი მეცნიერიც მუშაობს კრეატულობის საკითხზე. და მაინც, მიუხედავად განსაზღვრებების მრავალფეროვნებისა, ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ შემოქმედებითი აზროვნების აუცილებელი კომპონენტია სიახლე ან ორიგინალობა. მაგრამ სიახლე მაინც არ არის კრეატულობის საკმარისი ნიშანი . კითხვაზე, როგორ უნდა შევწვათ გოჭი, მე-19 საუკუნის ცნობილი ესეისტის ჩარლზ ლემბის მიხედვით, ორიგინალური პასუხი იქნებოდა, სახლში შევიტანოთ, დავდოთ და მერე სახლს ცეცხლი წავუკიდოთო. ხომ ორიგინალურია? მაგრამ რამდენად აზრიანი?! აქედან გამომდინარე, უმრავლესობა კოგნიტური ფსიქოლოგებისთვის შემოქმედებითი აზროვნების საბოლოო პროდუქტი –შედეგი, უნდა იყოს ახალი-ორიგინალური, მაღალი ხარისხის და სასარგებლო-ფასეული.

“ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში პროდუქტული აზროვნება, კრეატულობა და შემოქმედებითი აზროვნება ურთიერთშემცვლელ ცნებებად –სინონიმებად განიხილება და მათში მოიაზრება ისეთი ფენომენები, რომელთა შედეგსაც ახალი მიმართებების დამყარება, სუბიექტური გამოცდილებისთვის და ცოდნის საზოგადო დონისთვის ახალი იდეის შექმნა, ახალი ცოდნის შეძენა წარმოადგენს. მაგრამ ყოველი აზროვნების აქტი ხომ შემოქმედებითი ხასიათისაა, რადგან აზროვნების პროცესის შედეგად ჩვენ ახალ ცოდნას ვიძენთ. Nნებისმიერი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა პიროვნების გამოცდიელებას ახალი შინაარსით ამდიდრებს. შემდგომში მან იცის, მსგავს სიტუაციაში როგორ იმოქმედოს. მაშ, რაშია საქმე? რისი საზგასმა უნდათ, როდესაც ასეთ ტერმინს გვთავაზობენ ფსიქოლოგიაში? ამ ტერმინით ხაზი ესმება შემოქმედებითი პროცესის შედეგად მიღებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც სრულიად ახალია არა მხოლოდ პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისთვის, არამედ საზოგადო ცოდნის დონისთვის. შემოქმედებითი აზროვნების შედეგი უკვე ცნობილი ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება კი არ არის, არამედ ახალი ხატების, მნიშვნელობების და ამოცანის ამოხსნის წესების შექმნაა. ფსიქოლოგია ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს – როგორ იბადებიან მეცნიერული აღმოჩენები, როგორ ქმნის მხატვრულ ნაწარმოებს ხელოვანი? როგორაა შესაძლებელი ასეთი ღრმად ინდივიდუალური პროცესის ფსიქოლოგიური შესწავლა? პრინციპულად განსხვავდება თუ არა მეცნიერის და ხელოვანის შემოქმედებითი აზროვნების პროცესი და რაში მდგომარეობს ეს განსხვავება?


ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში უოლესმა შემოქმედებითი პროცესის ოთხი ეტაპი გამოჰყო და აღწერა.

ა. მოსამზადებელი ეტაპი – პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაწყვეტის გზების მოსინჯვა.

ბ. ინკუბაცია – პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დროებითი შეწყვეტა და სხვა საქმეზე გადართვა

ც. ინსაიტი (“განათება”)- პრობლემის არსში ინტუიტური წვდომა.

დ. შემოწმება – მიღებული შედეგის გამოცდა და გადაწყვეტილების-აღმოჩენის რეალიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ უოლესის ეს ეტაპები არ არის ემპირიულად დასაბუთებული, არსებობს ძალიან ბევრი დიდი მეცნიერისა და აღმომჩენის ინტროსპექციული დაკვირვებები თავის შემოქმედებაზე. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის დიდი მათემატიკოსის პუანკარეს მიერ გამოქვეყნებული მოგონებები თავისი შემოქმედებითი პროცესის შესახებ. როგორც პუანკარე აღწერს, იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თავაუღებლად მუშაობდა რაღაც ახალი თეორემის დამტკიცებაზე და პრობლემის გადაჭრის გარკვეული მონახაზიც გააკეთა (მომზადების სტადია), მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ბოლოს გადაწყვიტა წასულიყო ექსკურსიაზე და დაესვენა, სადაც ორი კვირის მანძილზე არც გახსენებია თავისი სამუშაო (ინკუბაციის ეტაპი). შემდეგ პუანკარე აღწერს ინსაიტის დრამატულ მომენტს: “ ერთ დღეს, როგორც კი ფეხი შევდგი ომნიბუსში, რათა მეზობელი ქალაქის დასათვალიერებლად წავსულიყავით, მოულოდნელად თითქოს გამინათდა გონება და მივხვდი, როგორ უნდა დამემთავრებინა ჩემი სამუშაო”. პუანკარე იმ დღესვე დაბრუნდა სახლში და მეორე დღეს ახალი თეორემა დამტკიცებული იყო.

აზროვნების Aარაცნობიერი მუშაობის ეტაპი საიდუმლოებით არის მოცული და მისი აღწერაც, ჩვეულებრივ, ძალიან ძნელია. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ინტუიციასთან გვაქვს საქმე, რადგან პრობლემის გადაწყვეტა მიიღწევა ცნობიერების პროცესის ჩართვის გარეშე. ინტუიცია განიხილება, როგორც შემოქმედებითი აზროვნების მექანიზმი. როგორი და რამდენი მითიც არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, რომ ზოგ მეცნიერს ვაშლი დაეცა თავზე, ზოგს დაესიზმრა რაღაც, რამაც ხელი შეუწყო და საფუძვლად დაედო დიდ მეცნიერულ აღმოჩენას, შემთხვევით, ცარიელ ადგილზე, დიდი ცოდნისა და დაძაბული მუაშაობის გარეშე დიდი აღმოჩენები არ ხდება. Aამ უეცარ განათებას, ინტუიტურ აღმოჩენებს წინ უსწრებს უზარმაზარი ძიებითი, დაძაბული სამუშაო, როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი. როდესაც ამის შემდეგ პიროვნება თითქოს ნეიტრალურ სიტუაციაში ხვდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პრობლემასთან და უეცარი განათება – ინსაიტი ეუფლება ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იმ მომენტში შემთხვევით, ინტუიტურად მოხდა აღმოჩენა. სინამდვილეშიკი ის სიტუაცია, მასში ჩართული ელემენტები ადამიანს საძიებელი პრობლემისადმი ხედვას უცვლის, აზროვნების სტრუქტურის გადასტრუქტურირება ხდება.


0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0