x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლორდ გორდონ ბაირონის და ქართველი გოგონას ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია
image




ინგლისელი მწერლის, ბაირონის ცხოვრებას და შემოქმედებაც
გამორჩეულია თავისი განსხვავებული და საინტერესო აქცენტებით. მისი შემოქმედების ყველა ციკლს აქვს თავისი ისტორია, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე მკვლევართათვის უცნობი იყო " თირზა"-ს სახელწოდებით დაწერილი ლექსების ისტორია და ადრესატი.

მხოლოდ და მხოლოდ 1995 წელს, ბაირონის ქართველმა მკვლევარმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა, ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში, მიაკვლია უცნობი ავტორის მიერ, 1825 წლით დათარიღებულ ბაირონის ბიოგრაფიას, რომლის მესამე ტომში, 11 გვერდზე აღწერილია საოცარი ამბავი პოეტისა და ქართველი გოგონას ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ბაირონი მოიხსენიებდა "თირზად ".

ამბავი ძალიან სამწუხარო და სევდიანია : 1809-1810 წლებში, ტროას ალექსანდრიაში მოგზაურობის დროს ბაირონი შესწრებია ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას.მისი ყურადღება მიუქცევია ერთი გოგონას სასოწარკვეთილ გოდებას, რომელიც სრულიად ბავშვი, 13 წლის ყოფილა. პოეტი მას გამოელაპარაკა და გაიგო რომ გოგონა, თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელიც თამაშის დროს ქურთებს გაუტაცნიათ და რამდენჯერმე გაუყიდიათ. ბაირონი შეძრა გოგონას ამბავმა, ვაჭრებისთვის 800 პიასტა გადაუხდია და გოგონა დაუხსნია ტყვეობიდან.22 წლის ლორდი სათუთად ზრუნავდა მასზე და ცდილობდა საქართველოში, თბილისში დაებრუნებინა. ამ მიზნით გოგონა ჩააბარა ვინმე ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს, რომელსაც დიდი თანხა გადაუხადა. მეტი უსაფრთხოებისათვის გოგონას ბიჭურად ჩააცვა, თან ძვირფასეულობაც მისცა რომ საჭიროების დროს გამოეყენებინა. სამწუხაროდ, ფლეტჩერი გაიძვერა და მატყუარა აღმოჩნდა. გოგონას სილამაზით მოხიბლულმა ის გააუპატიურა, თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც წაართვა. ფლეტჩერი იყო კიდეც თბილისში, მაგრამ გოგონა ისე ჰყავდა ჩაკეტილი, რომ უბედურმა ბავშვა ვერც კი გაიგო, როგორ გაიარა მშობლიურ ქალაქში.


როგორც ჩანს, ბაირონი ბოლომდე არ ენდობოდა ფლეტჩერს, ამიტომ მოიკითხა გოგონას ამბავი. ფაშას დახმარებით მიაკვლია ირლანდიელ ვაჭარს და გოგონა ხელმეორედ დაიხსნა მისგან.უცნობი ბიოგრაფი წერს, რომ რთულია გადმოსცე ის გიჟური სიხარული, რომელიც განიცადა გოგონამ ლორდის დანახვაზე.

ამჯერად ბაირონმა ქართველი გოგონა შვედ ელჩს მიაბარა კონსტანტინეპოლში, რომელსაც ის საქართველოში მომავალი ქარავანისთვის უნდა გამოეყოლებინა. ელჩი სათუთად ზრუნავდა მასზე, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დასცალდა. ამდენი უბედურებით დაუძლურებული გოგონას ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. ის კუნძულ კრეტაზე გადაუყვანიათ, რომ იქნებ იქაურ ჰავას გამოეკეთებინა, მაგრამ აღარაფერი ეშველა. გოგონა გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს, ადგილობრივ ბერძენთა სასაფლაოზე.

ბაირონი შეძრა გოგონას გარდაცვალებამ, მას მიუძღვნა ლექსების ციკლი "თირზა ", რომლიც საოცრად სევდიანი და სასოწარკვეთილი მოტივებითაა შექმნილი. ცნობილია რომ, თირზას საფლავზე ბაირონის დაკვეთით ქვის ძეგლიც დადგეს, რომელზე ამოტვიფრეს მისი სახელი, გვარი და თავს გადახდენილი ამბავიც. როგორც ქ-ნი ინესა მერაბიშვილი იხსენებს, მან რამდენიმე წერილი გაგზავნა საბერძნეთში და მოიკითხა არსებობდა თუ არა ბიოგრაფიაში მოხსენიებული საფლავი. უთხრეს რომ მითითებულ ადგილზე ერთ დროს მართლაც არსებობდა ადგილობრივ ბერძენთა სასაფლაო, რომელიც ქალაქის განაშენიანებას შეეწირა და დღეს იქ შენობებია. ბაირონის შვილიშვილის, ლორდ ლავრეისის ნაამბობით, პოეტი ინახავდა ქალის ქერა თმას, რომელიც უჩვენებია მეუღლისათვის და უთქვამს რომ ის ეკუთვნოდა თირზას. თავად ბაირონი არასოდეს ახსენებდა ქალის ნამდვილ სახელსა და გვარს, მაგრამ არსებობს ქერა, ცისფერთვალა კაროლინა ლემის პორტრეტი, რომელსაც, როგორც ცნობილია,
ლორდი ადარებდა თირზას.

ამბავი მართლაც სამწუხაროა. აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ ლექს " თირზას "შესახებ დაწერილი ლექსების ციკლიდან:



ალალი იყოს ზრუნვა შენი უფაქიზესი,

რაც მიმატოვე დამაობლა თვით სიყვარულმა,

შენი ხატება კვლავ იქნება სევდის მიზეზი,

რომ უშენობა დაიტოროს ცრემლმა ფარულმა.

თუმც ნათქვამია, დრო განკურნავს ყველა იარას,

გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს,

და თუ იმედი სულ დაიმსხვრა და დაინაცრა,

მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ.



ფიქრია გოშაძე


0
319
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრიაგ.
ფიქრიაგ.
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0