x
სიცოცხლისადმი მოწიწების პრინციპი და ვაჟა-ფშაველა

image

საკითხი გარემოს დაცვის შესახებ აქტუალური ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გახდა, როცა გარემოზე და საერთოდ ბუნებაზე მრეწველობისა და ტექნიკის განვითარების უარყოფითი ზემოქმედების გამო, როგორც მეცნიერი ისე პრაქტიკოსი ეკოლოგები, ხმამაღლა ალაპარაკდნენ გარემოს დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გვერდით ეთიკური მოთხოვნების ამოქმედების აუცილებლობის შესახებ.

ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური ეთიკის წარმოშობასა და მისი ძირითადი პრინციპების დადგენას.

საყოველთაო აღიარებით ეკოლოგიური ეთიკის ძირითად პრინციპად მიჩნეულია ალბერტ შვაიცერის „სიცოცხლისადმი მოწიწების“ პრინციპი.

image

მოწიწების პრინციპის გამოყენება ბუნების მიმართ სრულიად მართებულია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ ბუნების ეთიკის შესახებ ვილაპარაკოთ.

საქმე ის არის, რომ ბუნების ეთიკა არ ნიშნავს ბუნების მხოლოდ დაცვას, ის ამავე დროს ბუნების გამოყენებასაც გულისხმობს. არსებითად, მხოლოდ ბუნების გამოყენების დროს დგება მისი დაცვის საკითხი. სიცოცხლის წინაშე მოწიწების პრინციპი სრულიად გარკვევით მოითხოვს ცოცხალი ბუნების დაცვას, მაგრამ აქ პრინციპის დაცვა აწყდება მისი დარღვევის გარდაუვალობას. ეს კარგად იგრძნო ალბერტ შვაიცერმა და მოწიწების ეთიკას მოთხოვა გაეცა პასუხი კითხვაზე ადამიანისა და ბუნების ქმნილებათა ურთიერთობის შესახებ.

შვაიცერი წერს: იქ, სადაც რომელიმე სიცოცხლეს ვაყენებთ ზიანს, შეგნება უნდა მქონდეს რამდენად არის ეს აუცილებელი. „ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი, -თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, -გარდა იმისა, რაც გარდაუვალია“.

ა. შვაიცერს მოჰყავს მაგალითი: გლეხი, რომელიც მინდორში ათასობით ყვავილს მოცელავს თავისი ძროხის საკვებად, სიცოცხლის წინაშე დანაშაულს მაშინ ჩაიდენს, როცა გზის პირზე ამოსულ ყვავილს გართობის მიზნით მოჭრის.

image

აღსანიშნავია, რომ შვაიცერის მიერ სიცოცხლის წინაშე მოწიწების პრინციპის ჩამოყალიბებამდე, ცოტა ხნით ადრე დიდი ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა წერს პოემა „გველის მჭამელს“, სადაც ბუნების ეთიკის ცენტრალური პრობლემატიკა მხატვრული საშუალებებით აქვს წარმოდგენილი.

თუ შვაიცერს მოწიწების ეთიკისათვის, პირველ რიგში, ცოცხალი ბუნება აინტერესებს, ვაჟა-ფშაველასთვის მთელი ბუნება ძვირფასია, იგი სიცოცხლით სავსეა, ხოლო ბუნების დაცვა იმ ადამიანს შეუძლია, რომელმაც მისი ენა იცის. სწორედ ასეთია ვაჟას მინდია.

მინდიას პრობლემა ვაჟას შემოქმედებაში ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის, უფრო სწორედ, ერთიანობის ცენტრალური თემაა. მინდიას ახასიათებს მოწიწება ბუნების საგნების და არსებების მიმართ, საერთოდ ბუნების ქმნილებათა წინაშე.

ამრიგად, მოწიწება დამახასიათებელია, როგორც ვაჟასთვის ისე შვაიცერისთვის, მაგრამ თუ შვაიცერისთვის ყვავილის მოთიბვა საქონლის საკვებისთვის ნებადართულია, ხოლო გართობის მიზნით მოწყვეტა დანაშაული, ვაჟასთან სულ სხვა სურათი გვაქვს. ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა ვაჟასთან გააზრებულია არა „სუბიექტ-ობიექტის“ ურთიერთობა, არამედ როგორც პარტნიორობა, თანამშრომლობა. ადამიანისა და ბუნების ეს თანამშრომლობა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც მინდიას ბუნების ენა ესმის. სწორედ ბუნების ენის ცოდნა არის ბუნების ქმნილებათა წინაშე მოწიწების საფუძველი.

ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ვაჟას მინდიას ესმის ბუნების ენა, პროზის ენაზე ეს ნიშნავს, რომ მინდია ადექვატურად განიცდის იმას, რასაც ბუნების ქმნილებები განიცდიან. პრაქტიკულად ეს ნიშნავს ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ ურთიერთობას.

image

ამრიგად, ადამიანი არის ბუნებრივი არსება, რომელიც ამ ფუნდამენტურ გარკვეულობას ვერსად გაექცევა და როგორ სოციალურ თუ კულტურული განვითარების დონეზეც არ უნდა ავიდეს, ბუნება ყოველთვის დარჩება ადამიანის საიმედო სახლად, ხოლო უმთავრეს მოვალეობად - ბუნების დაცვა.

0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0